ვანო ზარდიაშვილი ეკა გიგაურს მიმართავს: მეგობარ ნიკა გვარამიასთან ერთად საზოგადოებას უთხრას, რომ თქვეს ტყუილი
„ეთიკურ კაპიტან გიგაურს ლანძღვა-გინებაზე გადმოსვლის ნაცვლად ურჩევნია, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე გასცეს პასუხი ან აღიაროს რომ მანიპულაციებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას”, – ამ სიტყვებით პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვანო ზარდიაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის კომენტარს, რომელიც მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ვანო ზარდიაშვილი ეკა გიგაურს ურჩევს, რომ მან ნიკა გვარამიასთან ერთად სიმართლე თქვას. „ეთიკურ კაპიტან გიგაურს ლანძღვა-გინებაზე გადმოსვლის ნაცვლად ურჩევნია, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე გასცეს პასუხი ან აღიაროს რომ მანიპულაციებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას: რომელი დეპუტატი ეწევა დღეს სადეპუტატო საქმიანობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას?! თუ ამაზე პასუხი არ აქვს, კეთილი ინებოს და უფრო კვალიფიციურად, სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და როდესაც იძულებული იქნება სიმართლე თქვას, თავის მეგობარ ნიკა გვარამიასთან ერთად უთხრას საზოგადოებას, რომ თქვეს ტყუილი და მაშინ დეპუტატებიც ობიექტურად მიიღებენ მოცემულობას, რომ ისინი 10, 15 და 20 წლის წინანდელ, შეჩერებულ ფირმებში ფიქსირდებიან.
წარმოიდგინეთ რას ეუბნებიან ისინი საზოგადოებას, – რომ კობა ნაყოფიას შეხება არ აქვს ბიზნესთან და მამუკა მდინარაძე დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას?! ეს იმის ბრალია, რომ ეს ვითომ დამოუკიდებელი ხალხი ბოლო დროს გადასულია სამზარეულოს დონის ჭორაობაზე და ამით შეურაცხყოფენ საზოგადოებას. მე მინახავს მისი მხრიდან როგორც ტყუილის ტირაჟირება, ასევე არაკომპეტენტურობა და მან ეს იცის.
ეთიკურ არასამთავრობოს ევალება საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება და ეკრძალებათ ეპიზოდური, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული ინფორმაციის გახმოვანება. ეს, წესით, მან უნდა იცოდე და თუ არ იცის ესეც არ გამიკვირდება”, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ურჩევს, დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობებთან დაკავშირებით, რეესტრის მონაცემებს ჩახედოს. “ვურჩევდი მას, რომ შეხედოს საჯარო რეესტრის მონაცემებს, სხვა კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ეთიკა კიდევ ამ ადამიანს არ მოეკითხება”, – განაცხადა გიგაურმა.