პატრიარქის ძმისშვილი დააშანტაჟეს?! – რატომ დაუწვეს ავტომობილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს?

პატრიარქის ძმისშვილი დააშანტაჟეს?! – რატომ დაუწვეს ავტომობილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს? – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
მამალაძე, ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და მათ ორაზროვანს უწოდებს.
ირაკლი მამალაძე მეუფე დიმიტრის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე საუბრობს.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მეუფე დიმიტრი იყო გიორგი მამალაძის სულიერი მოძღვარი და მისი ყველაზე ნდობით აღჭურვილი სასულიერო პირი. ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი ეს ორაზროვანი განცხადებები, რადგან, ერთი მხრივ ამბობდა, რომ დეკანოზმა უნდა მოინანიოს, მეორე მხრივ კი გამორიცხავდა როგორც შორენა თეთრუაშვილის, ისე კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაციას.
მეტიც, მან საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ციანიდის არსებობა, თუმცა მოდით, დააკვირდით, რა უძღოდა წინ ამ პრესკონფერენციას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პრესკონფერენციამდე ორი დღით ადრე გაუთქმელობის პირობის მიუხედავად, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა „რუსთავი 2“-ს გადასცეს ფარული ჩანაწერები.
ის, რაც პროკურატურას თავის დროზე არ გაუსაჯაროებია. ეს რომ ადვოკატებმა გადასცეს „კურიერს“, ამაში ორი აზრი არ არსებობს, რადგან ამ ჩანაწერებზე ხელი მიუწვდება მხოლოდ მათ და პროკურატურას. გამოძიების ინტერესებში რომ არ შედიოდა ჩანაწერების გასაჯაროება, ამაზე, მგონი, ვთანხმდებით. შესაბამისად, უტყუარია, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ეს ჩანაწერები მოხვდა ადვოკატებისგან, უშუალოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფთან, ანუ გიორგი მამალაძესთან შეთანხმებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დაშანტაჟების მცდელობა“, -აცხადებს ირაკლი მამალაძე.
მისი თქმით, ამ რეპორტაჟში საინტერესო არაფერი თქმულა, გარდა იმისა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო სწორედ მეუფე დიმიტრიზე.
„თუ დააკვირდებით, დიდი ზარ-ზეიმით დაანონსებულ ამ რეპორტაჟში საინტერესო არაფერი თქმულა, გარდა იმისა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო სწორედ მეუფე დიმიტრიზე. მათ ამ რეპორტაჟით გაუგზავნეს ე.წ. მესიჯი დიმიტრი შიოლაშვილს. „ვისი დავალებით მიემგზავრებოდა და ვინ ელოდებოდა მამა გიორგის ბერლინში“, – ასეთი იყო ამ რეპორტაჟის სულისკვეთება. შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო მეუფე დიმიტრი, რომელიც ბერლინიდან ინტერესდებოდა, როდის ჩავიდოდა იქ დეკანოზი.
ანუ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს პირდაპირ მიანიშნეს და დააშანტაჟეს, რომ, თუ ის გარკვეულწილად მხარს არ დაუჭერდა გიორგი მამალაძეს, მასზე დაიდებოდა სხვა მასალებიც. როგორც ჩანს, მეუფე დიმიტრი ამ შანტაჟს წამოეგო. პრესკონფერენციაზე ის საკმაოდ დაბნეული იყო და აკეთებდა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. ცდილობდა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, თუმცა მიზანი მიღწეულია – მან ეჭვქვეშ დააყენა, რომ საერთოდ ვინმეს მკვლელობა იგეგმებოდა და სასამართლოს განაჩენსაც, შესაბამისად უნდობლობა გამოუცხადა. სწორედ ამაზე იყო გათვლილი ადვოკატების მიერ „რუსთავი 2“-თვის მიწოდებული ჩანაწერები.
კიდევ ვიმეორებ, რომ საპატრიარქოში გზა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე დიმიტრიმ გაუკვალა, მას ახლო კავშირი ჰქონდა სოსო ოხანაშვილთან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ერთგვარი მუქარა და შანტაჟი უშუალოდ გიორგი მამალაძის ინიციატივით, რადგან მისი ნებართვის გარეშე ადვოკატები ამ ჩანაწერებს ვერ გაასაჯაროებდნენ. თუ მეუფე არ გააკეთებდა მხარდამჭერ განცხადებას, მას გაცილებით მძიმე ფაქტებს დაუდებდნენ.
საგულისხმოა ისიც, რომ დეკანოზის ძმა ახლაც კატეგორიულად მოითხოვს მიტროპოლიტთან შეხვედრას, თუმცა ჟურნალისტის კითხვას, რა აქვს სათქმელი მეუფე დიმიტრისთვის, თორნიკე მამალაძემ თავი აარიდა და თქვა, რომ საჯაროდ ამაზე არ ილაპარაკებს.
საინტერესოა, რატომ სურს კონსპირაციული საუბარი დეკანოზის ძმას მეუფე დიმიტრისთან? ზუსტად ვიცი, რომ ბერლინიდან მეუფე დიმიტრის ნამდვილად ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი მამალაძესთან. მეტიც, ყველა ის თემა, რასაც მე მაძლევდა, როგორც ჟურნალისტს, უშუალოდ მეუფესთან იყო შეთანხმებული. ჩემი თანდასწრებით არაერთხელ დაურეკავს მასთან და გადაუგზავნია კიდეც სტატიები. ერთ-ერთი ასეთი საგაზეთო სტატია სასწრაფოდ ჩაუტანა მეუფე დიმიტრის ყაზბეგში, სადაც იმ პერიოდში ისვენებდა მეუფე“,- აცხადებს ირაკლი მამალაძე.
მამალაძე არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-თვის ჩანაწერების გადაცემა, სწორედ პეტრე ცაავასთან ყოფილიყო შეთანხმებული.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ „რუსთავი 2“-თვის ჩანაწერების გადაცემა, რომელიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, მეუფე დიმიტრის დაშანტაჟებას ისახავდა მიზნად, სწორედ პეტრე ცაავასთან ყოფილიყო შეთანხმებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გიორგი მამალაძეს მეუფე პეტრემ აუყვანა ადვოკატი, მიხეილ რამიშვილის სახით, და ცხადია, ადვოკატი გაუთქმელობის პირობას მეუფის ხელდასხმის გარეშე არ დაარღვევდა, არ ვიცი, კონკრეტულად რას აფრთხილებდა დონეცკის მოსახლეობას მეუფე პეტრე, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ დეკანოზს უკრაინაში ავტომობილი დაუწვეს. ამას წინ უძღოდა საკმაოდ დიდი სკანდალი. პირადული თემაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა მისგანვე ვიცი, რომ მას საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებდა მრევლი“, – აცხადებს მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები