ილია მეორის შემდეგ ეკლესია სინოდალურ მმართველობაზე გადავა?!

ვინ აიღებს ხელში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მართვის სადავეებს ილია მეორის შემდეგ? ეს კითხვა განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ. მით უფრო იმ ფონზე, რომ საზოგადოების ნაწილი ამ სკანდალური საქმის უკან სწორედ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის ნიშნებს ხედავს. ვინ დაიდგამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სკუფიას? ცნობილია, რომ წმინდა სინოდში პატრიარქის ტახტზე ასვლის ამბიცია არაერთ მღვდელმთავარს აქვს, თუმცა თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მოვლენები შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად განვითარდეს და ილია II-ის შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში სინოდალური მმართველობა დამყარდეს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ დღეს ეპისკოპატი საკმაოდ ეკლექტურად გამოიყურება და ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთმანეთთან უკვე ღიად დაპირისპირებულმა ჯგუფებმა ერთ კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმება მოახერხონ. ის, რომ სინოდალური მმართველობის იდეას მღვდელმთავრებს შორის ნამდვილად ჰყავს მხარდამჭერები, ამას ჯერ კიდევ 2004 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე დაწერილი წერილიც მოწმობს, რომელიც პრესაში ამ დრომდე არ გაჟღერებულა, თუმცა სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამ წერილის შინაარსზე გვესაუბრა. წერილს ხელს აწერს სამი ეპისკოპოსი, ესენი არიან: მეუფე აბრაამი (გარმელია), მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მეუფე ზენონი (იარაჯული), თუმცა სანამ ამ წერილის შესახებ ვისაუბრებთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ერთი უცნაური ფრაზა, რომელიც მან 2017 წლის თებერვალში ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვისას გააჟღერა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენ ვის განიხილავთ მომავალ პატრიარქად? მეუფე პეტრემ უპასუხა:
„რაც სასულიერო პირი ვარ,  ჩემი მღვდლობიდან ვამბობ და იცის ჩემმა ყველა ახლობელმა, რომ პატრიარქი არის ბოლო პატრიარქი საქართველოსი“.

მაშინ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ამ ფრაზას განსაკუთრებული ყურადღება არ მიუპყრია, არადა საინტერესოა, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე „ბოლო პატრიარქში“ – აპოკალიფსს? როგორც წესი, სასულიერო პირები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. ბოლო ჟამის ზუსტ თარიღს თვით წმინდა მამების წერილებშიც კი ვერსად ამოიკითხავთ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, მეუფე პეტრეს „ბოლო პატრიარქში“ ქვეყნიერების დასასრული ეგულისხმა. საეკლესიო წრეებში ამბობენ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი უკვე დიდი ხანია ლობირებს საეკლესიო რეფორმას, რომლის თანახმადაც უნდა შესუსტდეს პატრიარქის უფლებამოსილება სინოდის წევრების უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე, რაც ილია მეორის შემდეგ თავისთავად გამოიწვევს ეკლესიაში სინოდალური მმართველობის დამყარებას, სადაც პატრიარქი იქნება მხოლოდ ნომინალური ფიგურა და რეალური ძალაუფლება მღვდელმთავრების ხელში გადავა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა.

როგორც ჩანს, ეს იდეა ეპისკოპატში დიდი ხანია არსებობს, რასაც მოწმობს ჯერ კიდევ 2004 წელს სამი ეპისკოპოსის მიერ დაწერილი წერილი. მაშინ წერილი განიხილეს წმინდა სინოდის სხდომაზეც, შეიქმნა სპეციალური კომისიასაც, რომელსაც მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის დასკვნით, ზემოხსენებული სამი მღვდელმთავრის ინიციატივა ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, საკითხი დაიბლოკა. აი, რა წერია 2004 წლის 14 დეკემბრით დათარიღებულ წმინდა სინოდის სხდომის ოქმში:

„წმიდა სინოდმა მოისმინა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოს გრიგოლისა და დმანისის ეპისკოპოს ზენონის მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ვინაიდან აღნიშნულ მიმართვას არ იცნობდა მღვდელმთავართა უმრავლესობა, მისი განხილვა გადაწყდა შემდგომ სინოდზე“.
სინოდის შემდგომი სხდომა 2005 წლის 27 ივნისს გაიმართა, რომლის ოქმშიც ვკითხულობთ.

„სამი მღვდელმთავრის: მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია), მთავარეპისკოპოს გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) და ეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) მიერ  კათოლიკოს-პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილის გამო შეიქმნა კომისია მთავარეპისკოპოს თეოდორეს (ჭუაძე), მთავარეპისკოპოს საბას (გიგიბერია) და ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) შემადგენლობით“.
თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მღვდელმთავრების ამ მიმართვას აკადემიურსა და კვალიფიციურს უწოდებს. მისი თქმით, ეს წერილი სინოდის წევრებს გუნდურ აზროვნებაზე გადაწყობის სურვილმა დააწერინა, თუმცა ტიგინაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სინოდალური მმართველობის იდეა და ილია მეორის უფლებამოსილების შეზღუდვა „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსული ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებში ყოფილიყო. ამ ეჭვს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ წერილის ავტორები, გარდა მეუფე ზენონისა, მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერები გახდნენ.

გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი:
– წერილი იყო ძალიან საინტერესო, აკადემიური და კვალიფიციური, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ავტორები აცნობიერებდნენ იმ დროისთვის არსებულ გამოწვევებს, წინააღმდეგობებსა და დაბრკოლებებს, რომლისთვისაც ეკლესიას, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს თვალი უნდა გაესწორებინა. საბოლოო ჯამში, პროექტი დაიბლოკა, რადგან ეკლესიაში დამკვიდრებულ რეჟიმს არ აწყობდა ინოვაციური იდეების განხორციელება, რომელიც მოდერნიზაციასა და პროგრესს მოუტანდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და შესაბამისად, მრევლს. მათ საჭიროდ მიიჩნიეს, რომ არ უნდა შეცვლილიყო ტრენდი, იდეოლოგიური ვექტორი და პოლიტიკური პლატფორმა. მიიჩნიეს, რომ არ შეკვეცილიყო აბსოლუტური ერთმმართველის იდეა კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში, რამეთუ საპატრიარქოს მენეჯმენტისთვის აუცილებელი იყო, რომ ის ყოფილიყო შეუვალი, ერთპიროვნული მმართველი და უზენაესი მწყემსმთავარი. ეს დე ფაქტოდ, თორემ დე იურედ ითვლება, რომ პატრიარქი თანასწორთა შორის უპირატესია მხოლოდ პატივით, სხვა მხრივ, ისეთივე ნომინალური ეპისკოპოსია, როგორიც სინოდის სხვა წევრები.
ჩემი აზრით, გუნდურ და კრებსით აზროვნებაზე გადაწყობის სურვილმა დააწერინა ეს წერილი ამ სამ ეპისკოპოსს, რომლებიც სადღეისოდაც უდავოდ ავტორიტეტული სასულიერო პირები არიან.
საბოლოო ჯამში, ცნობილი „ტრიუმვირატის“ ხსენებული ინიციატივა დაიბლოკა იმ მოტივით, რომ ეს არ იყო სრულყოფილი, თანადროული, რენტაბელური და საჭიროებდა დახვეწას. შეიქმნა კომისიაც, რომელმაც ამ საკითხზე იმსჯელა და ჩათვალეს, რომ ეს არის არარელევანტური, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 2004-05 წლებში არსებობდა.

გულისხმობდა თუ არა ეს პროექტი ეკლესიის შიგნით ლიბერალური ფრთის გაძლიერებას?

– ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, იმ გაგებით, რომ ინიციატორი ეპისკოპოსები გარკვეულწილად ასოცირდებოდნენ პროდასავლური ხედვისა და ლიბერალური ღირებულებების ჯგუფთან. მათ არ ჰქონდათ ფანატიკური და ულტრაკონსერვატიული შეხედულებები, რომელიც ამჟამადაც გაბატონებულია საქართველოს ეკლესიაში. სამწუხაროდ, დღესაც უფრო მეტად დაფასებული და მოწინავე რიგებში არიან სწორედ ფუნდამენტალისტი და ექსტრემისტი მღვდელმთავრები.

შემთხვევითია, რომ ეს ინიციატივა სწორედვარდების რევოლუციისთანავეგაჟღერდა?.. იდგა თუ არა ამ ინიციატივის უკან სააკაშვილის ხელისუფლება ?

– ცხადია, რთულია, დაბეჯითებით იმის თქმა, ჰქონდა თუ არა ამ ინიციატივას ახლად მოსული ხელისუფლების მხარდაჭერა, ან იყო თუ არა რაიმე კონფიდენციალური თუ კონსპირაციული მოლაპარაკებები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შემდგომში, ამ წერილის ავტორები, გარდა მეუფე ზენონისა, გახდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ დაახლოებული პირები და მათი აქტიური მხარდამჭერებიც. ეს ის პერიოდია, როდესაც მთლიანად სახელმწიფო ვექტორი იცვლებოდა და ბუნებრივია, ხელისუფალთა საზომით ამ ცვლილებებისთვის ფეხი უნდა აეწყო ეკლესიასაც, ანუ რუსული ორბიტიდან გადასულიყო დასავლურ მოდელზე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ ინიციატივის უკან პოლიტიკური ინტერესებიც მდგარიყო.

დღეს კვლავ არიან სინოდში ამ იდეის მხარდამჭერი მღვდელმთავრები? ისევ აქტუალურია ეს საკითხი?

– დღევანდელ ეპისკოპატთან დაკავშირებით მაქვს აბსოლუტური სკეპტიციზმი და უნდობლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვერ ვხედავ მათში ქრისტოცენტრულ აზროვნებას და იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომელიც თითოეულ მღვდელმთავარს ავალდებულებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ზნეობრივად, ისე სულიერად და ინტელექტუალურად. დღეს წმინდა სინოდში კვალიფიკაციის, კომპეტენციის, ერუდიციული სიმწიფისა და მორალური წონასწორობის მწვავე დეფიციტია. შესაბამისად, საკმაოდ უიმედოდ მეჩვენება ის აზრი, რომ მათ რაიმე სასიკეთო გარდაქმნის სულისკვეთება ამოძრავებდეთ, ან საკუთარი ხედვების ჯანსაღ მეტამორფოზაზე ფიქრობდნენ. შესაძლოა, ეს იდეა კვლავ აქტუალური იყოს ცალკეული პიროვნებების დონეზე, ვგულისხმობ 4-5 მღვდელმთავარს, მაგრამ ეპისკოპატის დღევანდელი მდგომარეობა არის სირაქლემას პოზაში ყოფნა, რომელიც ქვიშაში თავჩარგული ვერ აცნობიერებს თანამედროვე მოთხოვნებს და მთლიანად ამოვარდნილია დღევანდელი ყოფიერების კონტექსტიდან.

საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ციანიდის საქმის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეკლესია გადასულიყო სინოდალურ მმართველობაზე, რამდენად საფუძვლიანია?
– ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. მე არ ვიცი, რა გარემოებები არსებობდა ციანიდის საქმეში, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ წმინდა სინოდში არ გვყავს გამოკვეთილი და ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც შეიძლება განგვეხილა ილია მეორის მემკვიდრედ. შესაბამისად, მოქმედ პატრიარქს დღეს ალტერნატივა და ღირსეული მემკვიდრე გაცხადებულად არ ჰყავს. შესაძლოა, ეკლესიამ ილია მეორის შემდეგ ვერც კი აირჩიოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, იმდენად დაპირისპირებული, ეკლექტური და დაქსაქსულია დღეს ეპისკოპატი. ყოველივე ეს აჩენს მოლოდინს, რომ ჩამოყალიბდეს საკათალიკოსო საბჭოს ფორმატი, სადაც მხოლოდ ნომინალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს, რეალური ძალაუფლება კი სინოდმა აიღოს ხელში, ანუ ეს ნიშნავს სინოდალურ მმართველობაზე გადასვლას. პრობლემა ის არის, რომ სახალხო ფიგურების, უბრალო, კეთილშობილი და მლოცველი ეპისკოპოსების დეფიციტი გვაქვს. სამაგიეროდ, გვყავს სადუკევლური ტიპის უსიყვარულო, მატერიალისტი და ეგოისტი მღვდელმთავრები, რომლებსაც არაფერი ეტყობათ ჯვარცმის ტკივილის, აღდგომის სიხარულისა და მარადისობაზე ფიქრის. ფაქტია, რომ საპატრიარქოს შეგირდები საზოგადოების გაბრუება-ანესთეზიას, ამდენი სიცრუითა და სიყალბით ვეღარ მოახერხებენ.
„პრაიმტაიმი“ ამ საკითხზე, ასევე, ესაუბრა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში. მისი თქმით, ეკლესიაში სინოდალური მმართველობის დამყარებით დაინტერესებული იყო წინა ხელისუფლება. კაკაბაძე ამბობს, რომ ციანიდის საქმის მთავარი მიზანიც ის იყო, რომ საპატრიარქოში ძალაუფლება ლიბერალურ დაჯგუფებას აიღო ელში. 
„ამ იდეას განიხილავდა გიგა ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი შემადგენლობა. ისინი განიხილავდნენ ამას ეკლესიის დანგრევისა და დასუსტების მიზნით. ზუსტად ამ პროექტის განხორციელებას გეგმავდნენ ახლაც. საბედნიეროდ, ეს სპეცოპერაცია ჩავარდა და საზოგადოებამ, მგონი, ყველაფერი კარგად დაინახა. ეს იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მიერ, მაგალითად, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და ე.წ. ლიბერალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ამ პროექტის მიზანი გახლდათ ის, რომ საბოლოოდ ეკლესიაში მიგვეღო ლიბერალური სინოდალური მმართველობა. სწორედ ეს ფრთა უნდა გაძლიერებულიყო საპატრიარქოში. დიახ, წარსულშიც, იყო პერიოდი, როდესაც სინოდალურ მმართველობას ჰქონდა სახელისუფლებო მხარდაჭერა. დღეს ეს თემა აღარ არის მხარდაჭერილი და ის სასულიერო პირები, ვინც ეს თემა წამოჭრეს, უკვე ჩუმად არიან. თავისთავად ის, რომ სინოდში ასეთი ძალები არიან, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნანა კაკაბაძე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მღვდელმთავრების წერილი სინოდალურ მმართველობას არ შეეხებოდა. კაკაბაძეს ამის თქმის საფუძველს წერილზე მეუფე ზენონის ხელმოწერა აძლევს, რომელიც, მისი თქმით, პატრიარქის უფლებამოსილების შეზღუდვას ხელს არასდროს მოაწერდა.
მეუფე ზენონი, ერისკაცობაში იმედა იარაჯული, დმანისის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსია. მისი სასულიერო მოღვაწეობა 1993 წლიდან იწყება. 2003 წლის 30 აგვისტოს კი ეპისკოპოსად პირადად ილია მეორემ აკურთხა. დმანისის ეპარქიაში მის სახელს არაერთი ეკლესიის, მათ შორის ისტორიული ძეგლის აღდგენა უკავშირდება. წერილის სხვა ხელმომწერებისგან განსხვავებით, ის პოლიტიკური აქტივობით არასდროს გამოირჩეოდა.
წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავთ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. ის 1995 წლიდან 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს ამაღლდა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. მას ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მოიაზრებდნენ. არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა მისი საპროტესტო განცხადებები რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიმართ.
დაბოლოს… სინოდალური მმართველობის მხარდამჭერად მოიაზრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი. ეპისკოპოსად 1996 წელს აკურთხეს.
„მე მესმის, რაოდენ მძიმეა საეპისკოპოსო ჯვარი, რომ ეს არის არა მხოლოდ პატივი, არამედ დიდი სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება და მაინც ვდგავარ აქ მორჩილებით, რადგან მწამს, რომ უფლის გარეშე ყოველივე შეუძლებელ არს, უფლის დახმარებით კი შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, წარმოუდგენელი კი – ადვილად წარმოსადგენი“, – ბრძანა მეუფე გრიგოლმა ეპისკოპოსად კურთხევისას.
მას შემდეგ ის არაერთხელ გაეხვია სკანდალში, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების გამო. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან ფოთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია ქადაგებისას ღიად გააკრიტიკა ერთ-ერთი მღვდელმსახურის მიერ ოფისის კურთხევის გამო. მეუფე გრიგოლი არ მალავდა თავის სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
კვლავაც აქტუალურია თუ არა სინოდალური მმართველობის იდეა? თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება რთულად წარმოსადგენია, თუმცა, როგორც მეუფე გრიგოლი იტყოდა, „წარმოუდგენელიც კი ადვილად წარმოსადგენი ხდება“.

 წყარო: „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები