შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე დათო ნიკოლეიშვილმა ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენელმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნიკალურ კონცეფციას წარმოადგენს. ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა. მასში 8 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს. ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; იმ დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ასევე, მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრში გაერთიანებული უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.