საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზს შეხვდა.
საქართველოსა და ესპანეთის შს მინისტრებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ესპანეთის შს სამინისტროებს გაფორმებული აქვთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერ მუშაობას და საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ ოპერაციებს.
მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის FIEP-ში (ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანება) გაწევრიანების და ამ მიმართულებით ესპანეთის სამოქალაქო გვარდიასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გიორგი მღებრიშვილმა და ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზმა ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხიც განიხილეს, რაც საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დამატებითი ფორმალობების გარეშე ისარგებლონ თავიანთი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების მიერ გაცემული მართვის მოწმობებით მეორე მხარის ტერიტორიაზე.
შეხვედრის დასასრულს, ესპანეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მადრიდში მიიწვია და მისგან თბილისში საპასუხო მიწვევა მიიღო.