„ევროპელები არ არიან მიჩვეულები, რომ მათი მერი ბიუჯეტიდან ფულს იპარავდეს“
ევროპელებს აქვთ კითხვები, რადგან ისინი არ არიან მიჩვეულები, რომ მათი დედაქალაქის მერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონის მითვისება-მოპარვაში იყოს ბრალდებული და, ბუნებრივია, უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ ასეთი რამ ჩვენთან ხდება,- ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, თუკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს კითხვები აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი მზად არის, მათ პირადად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია.
„რაც შეეხება ევროსაბჭოს დელეგაციის განცხადებას, მე არ მიმაჩნია, რომ ეს რაიმე განსაკუთრებული ან მძაფრი შეფასება იყო, ეს ევროპელებს აქვთ კითხვები. ისინი არ არიან მიჩვეულები, რომ მათი დედაქალაქის მერი იყოს ბრალდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონის მითვისება-მოპარვაში და, ბუნებრივია, უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენთან. ეს შეშფოთებაც სწორედ ამით არის განპირობებული. ამიტომ მეტი ახსნა სჭირდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განმარტებით, არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება დამოუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის გადაწყვეტილებაა და ყველა მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მთავრობის წარმომადგენლები არიან ისინი თუ ოპოზიციის, მას უნდა დაემორჩილონ. ღარიბაშვილმა აქვე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
„ მერის გადაყენების გადაწყვეტილება ეს იყო დამოუკიდებელი სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ამაში მთავრობის როლი აბსოლუტურად ნულის ტოლფასია. დღეს პირველად ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც მეტნაკლებად, ბოლომდე თავისუფალია. მე ვიცი, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში აქტიური ჩარევის და ზეწოლის განხორციელების მცდელობებიც იყო, მაგრამ ჩვენი მთავრობის მხრიდან არასოდეს დაფიქსირებულა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა. როდესაც ყოფილი მერი გამობრძანდა სასამართლოს დარბაზიდან, მან და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს განცხადებები, რომ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ისინი ამას სიამაყით ამბობდნენ, ანუ ისინი იმ მომენტისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილნი იყვნენ. მაგრამ როდესაც მოგვიანებით მოსამართლემ აბსოლუტურად კანონიერად გაავრცელა საკუთარი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე მიუღებელი გახდა მათთვის. აქ იკვეთება მათი ორმაგი სტანდარტები, ერთ დღეს მოსწონთ მოსამართლის გადაწყვეტილება, მეორე დღეს არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენ მათ მოწონებაზე ვერ ვიქნებით. როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, ვერ ვიცხოვრებთ ჩვენი სურვილების მიხედვით. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას. მე ბევრჯერ არ ვიყავი კმაყოფილი, როცა შს მინისტრი ვიყავი, მით უმეტეს, საქმე გვქონდა კრიმინალთან, ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როცა არაერთმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. საუბარი იყო ვიღაც ყაჩაღებზე, ქურდებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს ქალაქ თბილისის მერზე, რომელსაც ბრალი ედება 50 მილიონის მითვისება – გაფლანგვაში.
ასე რომ, მე ამაში ვერავითარ უცნაურობას ვერ ვხედავ. თუ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს კვლავ რჩებათ კითხვები, მე პირადად მზად ვარ, მათ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდო. მსგავსი ფაქტი სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, მაგალითად -კანადაში, სადაც ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა არჩეულ მერს უფლებამოსილება შეუწყვიტეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს იმაზე, რომ არჩეულ მერს ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება.