ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის მერთან – დავით ნარმანია 13 ივნისის ტრაგედიისა და დედაქალაქში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს

21 გარდაცვლილი და 2 უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანი, 1000-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქე, დახოცილი ცხოველები, განადგურებული სახლები და ინფრასტრუქტურა – ეს 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული სტიქიის სავალალო შედეგების არასრული ჩამონათვალია.
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა 13-14 ივნისის სტიქიიდან ორი წლის თავზე, რა ღონისძიებები ჩატარდა სტიქიის პრევენციის მიმართულებით, აუნაზღაურდათ თუ არა სრულად ზიანი მოქალაქეებს? ამ საკითხებზე „კვირასთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საუბრობს.
დავით ნარმანია, რომელიც, დიდი ალბათობით, თბილისის მერობის კანდიდატი აღარ იქნება, „კვირასთან“ ვრცელ ინტერვიუში მერის პოსტზე ყოფნისას გაწეულ სამწლიან საქმიანობასაც აფასებს. ინტერვიუდან შეიტყობთ, მოასწრო თუ არა მილიონი ხის დარგვა მერმა, რა შეასრულა და რა ვერა წინასაარჩევნო დაპირებებიდან, რას თვლის დედაქალაქის უმთავრეს პრობლემებად და იზიარებდა თუ არა ის ოპოზიციის კრიტიკას.
-2015 წლის 13-14 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წელი შესრულდა, რისი თქმა შეგიძლიათ სტიქიიდან ორი წლის თავზე, რამდენად გეგმიურად და ეფექტურად განხორციელდა ის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიც სტიქიის შემდეგ დაიგეგმა?

– 13-14 ივნისის სტიქიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მდინარე ვერეს ხეობა და შესაბამისად, ხეობის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის განლაგება და ა.შ.სტიქიის შემდეგ, პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დატბორვის ზონა გაგვეთავისუფლებინა მოსახლეობისგან. ასევე, განხორციელდა სახლების დემონტაჟი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ ტერიტორიაზე აღარ განხორციელდეს მშენებლობები. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ დავიწყეთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდა, რის შემდეგაც აღდგა გზის ის დაზიანებული მონაკვეთები, რომლებიც წყლის ძლიერმა ტალღებმა დააზიანა, – ეს არის თამარაშვილი – გმირთა მოედნის დამაკავშირებელი მონაკვეთი, იქ გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი სახიდე გადასასვლელი, ეს ტერიტორია გათავისუფლდა იმ გვირაბებისგან, რომელთა სივიწროვემაც გამოიწვია წყლის დაგუბება და შესაბამისად, ამ გვირაბის დაზიანება. ასევე, კეთილმოეწყო სვანიძის ქუჩა, აღდგენილია ახალდაბის გზა, რომელიც სტიქიის დროს დაზიანდა. მათ შორის, გზის საფარი დაიგო იმ მონაკვეთებზე, სადაც მანამდე გზა პრაქტიკულად არ არსებობდა. ჩვენ ასევე, მოვამზადეთ “მზიურის” კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მშენებლობის პროექტშიც, ასევე, გვეხმარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მათ ეს პროექტი უკვე გადავეცით და უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ ტენდერს, რათა გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყოს სამუშაოები. ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს წყნეთის ჩამოწყვეტილი გზის აღდგენის სამუშაოებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი და საინჟინრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ცოტა ხნის წინ, ადგილზე გავეცანით სამუშაოების მიმდინარეობას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა.

 -13-14 ივნისის მოვლენების   ტრაგიკული შედეგებიდან გამომდინარე, ძლიერი წვიმის შემდეგ,  დედაქალაქის მოსახლეობაში კვლავ რჩება  იმის შიში, რომ შესაძლოა, კიდევ განმეორდეს მსგავსი დამანგრეველი სტიქია.  იქნებ გვითხრათ, რამდენად საფუძვლიანია ეს შიში და რა გაკეთდა ამ ორი წლის მანძილზე მსგავსი საფრთხეების პრევენციისთვის?

– გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, გაკეთდა ადრეული შეტყობინების სისტემა. გარემოს დაცვის სამინისტრო  მუდმივ  რეჟიმში იღებს ინფორმაციას მდინარის დონის ცვალებადობასთან დაკავშირებით და როდესაც გარკვეულ ნიშნულს აღემატება წყლის დონე, ასეთ შემთხვევაში, ისინი აფრთხილებენ  როგორც  შესაბამის მუნიციპალურ  სამსახურებს, ასევე, სამაშველო სამსახურს. გაკეთდა ცხაურის პროექტიც, რომელმაც ნაშალის წამოღების შემთხვევაში,  ეს ნაშალი უნდა შეაკავოს მდინარე ვერეს ხეობაში. აღნიშნული ცხაურების მშენებლობის პროექტი  ამჟამადაც მიმდინარეობს, რაშიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვეხმარება.
გარდა ამისა, თბილისის მერიამ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დამცავი ბალიშებისგან გაკეთდა კედელი, რათა მომავალში,  წყლის  მოვარდნის შემთხვევაში, ტერიტორია არ დაიტბოროს. ინტერვიუს დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ სტიქიიდან მალევე, განხორციელდა სახლების დემონტაჟი და  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ ტერიტორიაზე  აღარ განხორციელდეს მშენებლობები. ჩვენი არქიტექტურის სამსახურს იმ ტერიტორიაზე მშენებლობის არცერთი   ნებართვა არ გაუცია, რადგან  იქ ის სახლები რომ არ მდგარიყო,  ცხადია, მსხვერპლი იქნებოდა მინიმალური. ამიტომაც ასეთ ტერიტორიებზე თავის დროზე, მშენებლობის ნებართვა, რა თქმა, უნდა არ უნდა გაცემულიყო.

–  ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ  შესაბამისი სამსახურების მუშაობას, რამდენად დროული და ქმედითი  იყო მათი მხრიდან  რეაგირება და  შესაძლებელი იყო თუ არა მსხვერპლის ნაწილის მაინც თავიდან აცილება?

– ისეთი მასშტაბის წყალდიდობა, როგორიც 2 წლის წინ მოხდა,  გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა თბილისში. ის, რომ ჩვენს  სამსახურებს,   მათ შორის სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო სამსახურებს, მსგავსი სტიქიების პირობებში მუშაობის პრაქტიკული მაგალითი უახლოეს წარსულში  არ ჰქონიათ,  ეს არ ნიშნავს, რომ მათ არაეფექტურად იმუშავეს, პირიქით, მათ ძალიან ოპერატიულად იმუშავეს,  ძალიან კარგად მუშაობდა როგორც სამაშველო სამსახური, ასევე, საპატრულო პოლიცია, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, მობილიზაცია მოხდა ძალიან სწრაფად და პირადად ვიყავი  მომსწრე, თუ  როგორ მოიმატა წყლის დონემ დაახლოებით ნახევარ საათში 2-3 მეტრით. ამ ფონზე, უფრო ქმედითი შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მით უმეტეს, ღამის საათებში, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი, მოხდა თუ არა მათი სრულად დაკმაყოფილება შესაბამისი კომპენსაციებით? როგორც ვიცი, დაზარალებულების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, შეთავაზებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით

– ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური წესი, რათა მოგვეხდინა მოქალაქეებისთვის ზარალის ანაზღაურება.  დაზარალებულების ორ კატეგორიად დაყოფაც სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა. პირველ კატეგორიაში მოხვდა  ის სახლები, რომლებიც სრულად ან ისე დაინგრა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. ეს ქონება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან შეფასდა და  ასეთი სახლების მეპატრონეებს თავიანთი ქონების ადეკვატური კომპენსაციები გადაეცათ. მეორე კატეგორიას მიკუთვნებული დაზარალებულებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები დატბორვის ზონაში არ იყო და ამავდროულად, ექვემდებარებოდა რემონტს,  სარემონტო თანხები გაიცა. ყველა მათგანს პრაქტიკულად, დასრულებული აქვს რემონტი და დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, არის რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც საკუთრებაში არ ჰქონდათ ნაკვეთები და მხოლოდ ფაქტიური მფლობელები იყვნენ ტერიტორიისა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ გარკვეული ოდენობის თანხა შევთავაზეთ,  თუმცა მათი ნაწილი უფრო მეტ ფულად დახმარებას ითხოვდა, რაზეც უარის მიიღეს. ამის შემდეგ, მიმართეს სასამართლოს. ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ შესაბამისად მოვიქცეთ, თუმცა მანამდე თბილისის მერია ყველა ასეთ ოჯახს უხდის ბინის ქირას.

რა ოდენობისაა ზიანირომელიც ქალაქს ორი წლის წინანდელი სტიქიის შედეგად მიადგა?

– მთლიანად, როგორც მოსახლეობის უზრუნველყოფის, ასევე,  დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ნაწილში, მინიმუმ 100 მილიონი ლარის ზიანია მიღებული, თანხის ნაწილი ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებიდან დაიფარა, ნაწილი მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, ნაწილზე ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერაა, რომელიც კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ხმარდება.

-13-14 სექტემბრის სტიქიის შედეგად, მზიურის მსგავსად, დაიტბორა  ზოოპარკის ტერიტორიაც, სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი, რა ეტაპზეა  ახალი ზოოპარკის მშენებლობა?

– ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს ეტაპობრივად, გასულ წელს რამდენიმე ვოლიერი აშენდა, წელს გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით,  დათვების ვოლიერი იქნა აშენებული,  საკმაოდ ინვესტიციატევადი პროექტია, ამიტომ  ეტაპობრივად, არსებული რესურსებიდან გამომდინარე მიმდინარეობს გადატანა.

 – რა ეტაპზეა დედაქალაქის გენერალური გეგმაზე მუშაობა, როგორ ფიქრობთრამდენად ეფექტური სახელმძღვანელო  იქნება  ეს დოკუმენტი დედაქალაქის შემდგომი განვითარებისთვის?

– დედაქალაქის გენერალური გეგმის მომზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ეს არის   ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც  ადგილობრივი, ასევე, უცხოელი სპეციალისტების ფართო ჩართულობით მუშავდებოდა. ეს დოკუმენტი გვთავაზობს ქალაქში ზონირებებს, აქ იქნება ის ტერიტორიები გამოყოფილი, რომლებიც  სამომავლო პერსპექტივაში უნდა განვითარდეს, იქნება გარკვეული შეზღუდვები იმ ქუჩებზე, სადაც ისედაც მაღალი სიმჭიდროვეა და შეუძლებელია კიდევ მჭიდროდ განვითარდეს. იქნება 40-ზე მეტი სხვადასხვა სახის რუკა, რომელზეც დეტალურად იქნება დატანილი სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმები, საბოლოოდ, ძალიან სერიოზულ დოკუმენტს ვიღებთ, რომელიც ქალაქის სწორი განვითარების მნიშვნელოვანი კონსტიტუცია იქნება.
ჩვენ, ზაფხულის განმავლობაში, ვგეგმავთ საჯარო განხილვების ჩატარებას, განხილვები ჩატარდება ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არქიტექტორთა ასოციაციაში, ასევე, ვგეგმავთ გენერალური გეგმის საჯარო განხილვას მეცნიერებათა აკადემიაშიც, რათა დაინტერესებულმა  მხარეებმა მაქსიმალურად წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, შენიშვნები, მოსაზრებები, დაიხვეწება დოკუმენტი და საბოლოო ვერსიის  საკრებულოში შეტანას სექტემბრისთვის ვვარაუდობთ, რათა საკრებულომ  განიხილოს ის და შესაბამისად, დაამტკიცოს.

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა შემოვლითი რკინიგზის იდეას, ხომ არ იქნება ეს საკითხი ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების პროცესში?

– გენერალური გეგმის ჯგუფი გვთავაზობს, რომ გათავისუფლდეს რკინიგზით დაკავებული ტერიტორია, ის 70 ჰექტარი, რომელიც ძირითადად, განთავსებულია რკინიგზის გვერდზე ე.წ.  ჩიხების და რკინიგზასთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტების სახით.  მსგავსი გამოცდილება  გერმანელ პარტნიორებთან ერთად ვნახეთ შტუდგარდში, სადაც მასშტაბური პროექტი განხორციელდა, ასევე, შესაბამისი მაგალითები ვნახეთ ფრანკფურტში. ამ პრაქტიკის თანახმად, რკინიგზის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება ქალაქის  ტერიტორიაზე ძირითადად, მგზავრთა გადაყვანისთვის, ხოლო ტვირთების გადატანა ქალაქიდან გადის. შესაბამისად, რკინიგზის  ჩიხებით დაკავებული ტერიტორია თავისუფლდება და  ქალაქს ეთმობა  შესაბამისი სწორი განვითარებისთვის. ამიტომ ძალიან საინტერესო რეკომენდაციაა შემოთავაზებული.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ ტენიკურ-ეკონიმიკური კვლევის შემდეგ, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ და თბილისის მერია ერთობლივად დაუკვეთავენ. მანამდე, შესაძლებელია, ეტაპობრივად გამოთავისუფლდეს ჩიხებით დაკავებული სხვადასხვა ტერიტორიები  და გაკეთდეს ამ ტერიტორიების განაშენიანების ერთიანი გენერალური გეგმა.

შესაძლებელია თუ არა მდინარე მტკვრის რეკრეაციული ფუნქციით გამოყენება, მისი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და რა იგეგმება მდინარის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოების შემდგომ?

 – მტკვრის გამოყენება უფრო მეტი რეკრეაციული დატვირთვით არის ძალიან მნიშვნელოვანი, არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს  პრაქტიკაში. ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა  ადგილზე გვაჩვენეს თუ როგორ განახორციელეს მიუნხენის ტერიტორიაზე მსგავსი პროექტი. გენერალური გეგმის ჯგუფის მხრიდან წარმოდგენილია აბანოთუბნის ერთი ნაწილის გახსნის იდეა, რათა მოქალაქეებს სანაპიროსთან უფრო ახლოს მისვლა შეეძლოთ. მორე მხრივ, საუბარია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, რომელიც  სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. შემოთავაზებულია მდინარის ნაპირის ისეთნაირად გაკეთება, რომ იქ,  მოქალაქეების განტვირთვის მიზნით, საინტერესო სივრცე მოეწყოს. მდინარე მტკვარი საბჭოთა კავშირის არსებობის შემდეგ არ გაწმენდილა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტი სხვადასხვა ნარჩენებისგან გაგვესუფთავებინა. ეს ნარჩენები ეკოლოგიურად გარკვეული საფრთხის შემცველი იყო, ამიტომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. მინდა  ვისარგებლო შემთხვევით და შესაბამის უწყებებს მადლობა გადავუხადო ამ სამუშაოებში ჩართვისთვის.

რა შედეგი მოგცათ Man–ის ახალი ავტობუსების ექსპლოატაციაში გაშვებამ, განიხილება თუ არა შემდგომ ეტაპზე, მცირე გაბარიტის ავტობუსების შემოყვანა და ძირითადად, რა მარშრუტებზე იმოძრავებენ ისინი? და აქვე მინდა გკითხოთ,  რა ეტაპზეა ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა?

–  ახალი ევროპული სტანდარტების მქონე MAN-ის მარკის  ბოლო მოდელის ავტობუსების ჩამოყვანა –  ეს  არის  ჩვენი ერთ-ერთი საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. პროექტის ფარგლებში,  თბილისში ჩამოვიყვანეთ 143 ერთეული 12 მეტრის სიგრძის MAN-ის მარკის  ბოლო მოდელის ავტობუსი,  ეს ავტობუსები არის ძალიან კომფორტული,  გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოიხმარს გაზს და არა ტრადიციულ საწვავს. შესაბამისად, გარემოზე  ზემოქმედება ძალიან მინიმალურია.  ამ ავტობუსებიდან 41 ერთეულამდე უკვე სხვადასხვა მარშრუტებზე მოძრაობს,  ხოლო დანარჩენი ავტობუსები გაეშვება უახლოეს მომავალში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გადახდის სისტემების მონტაჟი.  2 კვირაში, დასრულდება  ახალი ავტობუსების ბაზის მშენებლობა, რომელიც დიდი დიღმის ტერიტორიაზეა, სწორედ ამ ბაზაზე განთავსდებიან ახალი ავტობუსები. როგორც ვთქვი, 41 ავტობუსი უკვე ემსახურება ქალაქს და დანარჩენი ავტობუსები 2-3 კვირაში გავლენ შესაბამის ხაზებზე. ამით დასრულდება  თბილისის ავტობუსების პროექტის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს 12-მეტრიანი შორ დისტანციაზე მავალი გრძელი ავტობუსებით მომსახურებას, თუმცა ამით ჩვენ სამუშაოები არ უნდა დავამთავროთ, ვინაიდან არსებობს მოთხოვნა შედარებით მცირეგაბარიტიანი ავტობუსების ჩანაცვლებაზეც, შემდეგ უკვე დაიწყება მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, უნდა ვიმუშაოთ მცირეგაბარიტიანი ავტობუსების ჩამოყვანაზე, რომლებიც იმოძრავებენ ქალაქის ვიწრო ქუჩებში, სადაც დიდ ავტობუსებს არ შეუძლიათ შესვლა.

–  გარევაჭრობის აკრძალვას რაც შეეხება, რამდენად უმტკივნეულო აღმოჩნდა ეს პროცესი გარემოვაჭრეებისთვის ? ასევე,  როგორც ვიცით, მერია გარევაჭრობის ახალი წესის შექმნაზე მუშაობს. ვადებზე რომ ვისაუბროთ, როდის წარედგინება  თქვენ მიერ შემუშავებული რეგულაციები საკრებულოს?

– მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად ითხოვდა, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილები გაგვეთავისუფლებინა  გარევაჭრობისგან, რადგან რიგ ადგილებში გადაადგილება პრაქტიკულად  შეუძლებელი იყო, ასევე, ადგილი ჰქონდა სურსათის  უვნებლობის წესების დარღვევას. მე  პირადად მივიღე ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება,  რომ  ეს ადგილები გაგვეთავისუფლებინა. გვესმის, რომ იმ  ადამიანებს,  რომლებიც ვაჭრობენ, არ ულხინთ, ამიტომ წინასწარ მოვეთათბირეთ ბაზრობების ადმინისტრაციებს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაჭრობის გადასახდელისგან გაგვეთავისუფლებინა ეს მოქალაქეები.
ამავდროულად, ჩვენ მოვამზადეთ გარევაჭრობის ახალი წესი, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში, წარედგინება დედაქალაქის საკრებულოს, სადაც იქნება  გარევაჭრობასთან დაკავშირებული ძირითადი ჩარჩო რეგულაციები, წესები, ფორმები  შესაბამისი  შეთანხმების ინსტრუმენტები ქალაქის ადმინისტრაციასთან  და დროა, რომ ქალაქი, ერთხელ და სამუდამოდ, გადავიდეს  გარევაჭრობის ცივილურ წესზე. გარეთ უნდა გაიყიდოს მხოლოდ ისეთი საქონელი, რომელიც არ ფუჭდება, მაგალითად პრესა, წიგნები, სუვენირები  და ა.შ. ამ ეტაპისთვის, ვიდრე ახალ წესს არ მივიღებთ, პრესას არ შევეხეთ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოებისთვის, მათთვის ვამზადებთ სპეციალურ სტელაჟებს, არქიტექტურის სამსახურს დავავალეთ ამის მომზადება. გვინდა, რომ  პრესის გავრცელებაც მოწესრიგებული სტელაჟებიდან განხორციელდეს.

მერის პოზიციაზე სამწლიანი მუშაობის შემდეგ, ალბათ, კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუ  რა პრობლემები აწუხებს დედაქალაქს?

– დედაქალაქის მოსახლეობას აქვს  ორი მთავარი პრობლემა: ერთი – ეს არის ავარიული საბინაო ფონდი, ვინაიდან წლების განმავლობაში, ზიანდებოდა ქალაქის ინფრასტრუქტურა ,იყო მიწისძვრაც, თუმცა მოსახლეობას  არ ჰქონდა შესაბამისი თანხები, რათა  დაზიანებული სახლების აღდგენა  საკუთარი სახსრებით მოეხდინათ, ამიტომ ბევრი ავარიული სახლია დედაქალაქში. ჩვენ, არსებული რესურსებით, მაქსიმალურად ვცდილობდით აღდგენას, თუმცა მასშტაბები ძალიან დიდია.
გასულ წელს, 140 – ზე მეტი რავალსართულიანი  საცხოვრებელი კორპუსი  გამაგრდა და გრძელდება სამუშაოები. თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით, 45 -ზე მეტი  ისტორიული სახლი და სხვა ნაგებობა გავამაგრეთ, თუმცა ამ თვალსაზრისით, პრობლემები რჩება.

მეორე – ეს არის გადაადგილებასთან და საცობებთან დაკავშირებული პრობლემები. საცობების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის შემდეგი: ბოლო წლების განმავლობაში. ავტომობილების მუდმივად მზარდი რიცხვი დედაქალაქში.  თუ 2010 წლისთვის საშუალოდ 200 ათასი მანქანა გადაადგილდებოდა თბილისში, დღეს ეს მონაცემი გაორმაგებულია. თბილისი არ არის ფართოდ გაშლილი ქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაც ბუნებრივია, იწვევს ქალაქში საცობებს.

– თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ  საცობების მართვის გეგმაში მრავალსართულიანი ავტოსადგომების შექმნა პრიორიტეტულია,  თუმცა  ამ დრომდე ცნობილი არ  არის  კონკრეტული ლოკაციები,  ამ მხრივ თუ არის  რაიმე სიახლე?

– მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობასთან დაკავშირებით, დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევა, ქალაქის მასშტაბით, შეირჩა ათი ადგილი, მათ შორის, არის ისეთი ადგილები, რომლებიც ძალიან დატვირთულია და პარკირებაზე მოთხოვნა მაღალია, მაგალითად, დინამოს  სტადიონის, ფილარმონიის, თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიები. ჩვენი სამსახურები მუშაობენ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მომზადებაზე. ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე  აქტიურ ფაზაში გადავა პროცედურები.

 – მერიისა დასითი პარკის“  ურთიერთობას რაც შეეხება, ხომ არ  იგეგმება მოლაპარაკებების განახლება? ამბობდით, რომ  თქვენმა  წინამორბედებმა ხელისუფლებამ  „სითი პარკსკაბალური ხელშეკრულება დაუდო. ამ დროის მანძილზე, თუ მოხდა რაიმე სახის  კონსენსუსამდე მისვლა?

– ჩვენსა და  „სითი პარკს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ვინაიდან მათი მხრიდან არ გადმოიდგა არცერთი ნაბიჯი ჩვენკენ, შესაბამისად არც ჩვენ არ გადავდგით არცერთი ნაბიჯი მათკენ, დღემდე ვრჩებით უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებად. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, მოგვეწესრიგებინა ის ქაოსი, რაც არსებობს და იგივე ავტომანქანების „გატაცების“  ფაქტები, რომლებსაც ხშირად აქვს ადგილი, შეგვეცვალა ადგილზე დაჯარიმებით, შეგვეცვალა ბიუჯეტებს შორის თანხების განაწილების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ბიუჯეტი მიიღებდა მეტ თანხებს და ამ თანხებს მოვახმარდით ახალი ავტოსადგომების მშენებლობას. გვქონდა საკმაოდ რაციონალური წინადადებები, თუმცა, ვინაიდან საქმე გვაქვს წინა ხელისუფლების დროს კორუფციული გარიგებით დადებულ კაბალურ ხელშეკრულებასთან, ამ ხელშეკრულების ცვლილება ვერ მოხერხდა.

– თუ ასეთ ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე, რატომ არ გაწყვიტა მერიამ კონტრაქტისითი პარკთან“?  საკრებულოს ოპოზიცია აცხადებდა, რომ  მერიას შეეძლო იმ  25 მილიონი ლარის მოძიება, რომელიც ამ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში უნდა გადაეხადა  „სითი პარკისთვის“.

– იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ „სითი პარკთან“ გავწყვეტთ ხელშეკრულებას, ქალაქის ბიუჯეტიდან მინიმუმ, 25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს კომპანიისთვის,  ამიტომ ასეთი მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხა გამოგვეყო და ისედაც ყაჩაღი კომპანიისთვის კიდევ დამატებითი თანხა მიგვეცა. რას უნდა მოვაკლო მე ქალაქის ბიუჯეტში 25 მილიონი ლარი, რომ გადავუხადო „სითი პარკს“? სოციალურად დაუცველებს მოვაკლო, საბავშო  ბაღებს, გამწვანებას, ინფრასტრუქტურას თუ რას მოვაკლო?  მე ეს კითხვა დავსვი თბილისის საკრებულოში და კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე

თქვენი ერთერთი  ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირება უკავშირდებოდა მილიონი ხის დარგვას, რამდენი ხე დაირგო ამ სამი წლის  განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით?

– ამ ეტაპისთვის, ჩვენ ქალაქის ტერიტორიასა და მის შემოგარენში დარგული გვაქვს 700 ათასამდე  ხე. მათ შორის, არის ხეები, რომლებიც  კომპაქტურად არის დარგული სხვადასხვა სკვერებში, პარკებში, ვთქვათ,  თამარაშვილი-გმირთა მოედნის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. მახათას მთაზე 12 ათს ძირზე მეტი ზეთის ხილი დავრგეთ, მსხმოიარე ზეთის ხილია, რომელიც მომდევნო წლიდან ნაყოფს მოგცემს. ძალიან მასშტაბური გამწვანების სამუშაოები განვახორციელეთ ასევე  დენდროლგიური პარკის ტერიტორიაზე, გავაკეთეთ რამდენიმე  მივიწყებული  სკვერი და პარკი, სადაც დამატებით შევიტანეთ ხე-მცენარეები. წელს, შემოდგომაზე, ასევე  მასშტაბური  გამწვანების ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ჩემი საარჩევნო ვადის ამოწურვამდე ერთ მილიონ ხეს, რომელსაც მე დავპირდი ჩემს თანამოქალაქეებს.

კიდევ რისი გაკეთება მოასწარით თქვენი წინასაარჩევნო პროგრამიდან ამ დროის მანძილზე და რისი ვერა?  

– მე, ამ სამი წლის განმავლობაში, სამუშაო მაგიდაზე მედო ჩემი საარჩევნო პროგრამა, რომელსაც ეტაპობრივად მივყვებოდი  ამ პერიოდში, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, ეს არის: ახალი ავტობუსების პროექტი, მიმდინარეობს მეტროს მოდერნიზაცია, გავაკეთეთ გენერალური გეგმა, ათზე მეტი საბავშვო ბაღია  აშენებულია, დაიგო ახალი  გზები –  როგორიც არის შინდისი-კრწანისი, სამებისა და მახათას  დამაკავშირებელი გზა, პუშკინის ქუჩაზე აღდგა ორმხრივი მოძრაობა, გავაკეთეთ მიუსაფართა თავშესაფარი, რაგბის ახალი ბაზა მუხიანში, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა,  აღდგენილია ხუთი ავარიული ხიდი, ზაჰესის ტერიტორიაზე ახალი ხიდი აშენდა, გავაკეთეთ განახლებული აღმაშენებლის გამზირი… ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ.
ერთადერთი, რის მშენებლობაც ვერ დავიწყეთ, ეს არის  ახალგაზრდული ცენტრი, თუმცა პროექტი მზად არის და მშენებლობის დაწყების შეფერხება ფინანსების სიმწირეს უკავშირდება. ასევე, ჩემი დაპირება იყო საცურაო აუზების მშენებლობა – ერთი აუზი აშენდა ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთზე ახლა ვაძლევთ ტერიტორიას ინვესტორს. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ცოტათი გული მწყდება, თუმცა როდესაც ჩავაბარებ ჩვენს მოქალაქეებს ჩემი სამი წლის ანგარიშს, ისინი ნახავენ, რომ დაპირებების უმრავლესობა შესრულებულია.

თუმცა თქვენი ოპონენტები ხშირად გაკრიტიკებენ, საუბრობენ კორუფციაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და ასე შემდეგ, რამდენად  უსმენდით  და ითვალისწინებდით ამ სამი წლის განმავლობაში ოპონენტების კრიტიკას?

– ბოლო სამი წლის განმავლობაში, ოპოზიციის კრიტიკა იყო ძალიან მწვავე, თუმცა ძირითადად უსაფუძვლო. იყო საფუძვლიანი კრიტიკაც და ამ კრიტიკაზე ყოველთვის იყო ადეკვატური რეაქცია,  შენიშვნებს მხედველობაში ვიღებდით და ხარვეზებს ვასწორებდით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მე მოსახლეობისგან ვიღებდი კრიტიკულ მოსაზრებებს და ამ მოსაზრებებზე უფრო იყო ჩემი გადაწყვეტილებები დაფუძნებული, ვიდრე პოლიტიკური ამბიციების მქონე  და მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაზე ორიენტირებული ოპოზიციის ბრალდებებზე, პრაქტიკულად, აღარ ვუსმენდი ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ცალკეულ განაყოფებს, რომლებსაც არც მორალური უფლება ჰქონდათ, ეკრიტიკებინათ სხვა, იმიტომ, რომ თავიანთი მმართველობის პერიოდი დანაშაულებებით არის სავსე და მათ კრიტიკის რეალური საფუძველიც არ ჰქონდათ, თუმცა მათი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ დილით ადრე გამოედგათ ტრიბუნა, გაეკეთებინათ განცხადებები და მერე ჩვენ გვემართლებინა თავი, თუმცა ჩვენ ავირჩიეთ სხვა სტრატეგია – ეს სტრატეგია იყო მათ ცალკეულ პოლიტიკურ განცხადებებზე წაყრუების და საქმის კეთების  სტრატეგია, რომელმაც ვფიქრობ, გაამართლა. ჩვენ რომ  მათი ტრიბუნების ყოველდღიური გამოდგმისთვს გვედევნებინა თვალი და გვეპასუხა, ამ სამი წლის განმავლობაში, რეალურად ქალაქისთვის იმ  სასიკეთო   საქმეებს  ვერ გავაკეთებდით, რომლის შედეგებიც  დარჩება ჩვენს ქალაქს, ჩვენს მოქალაქეებს, ოპოზიციის ხმა კი რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“…

როდესაც თქვენი კანდიდატურა  დასახელდა მერის პოსტზე, გააქტიურდა  დისკუსია იმაზე, უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი. თქვენი საქმიანობის განხორციელებისას, იმ ფაქტორმა, რომ არ ხართ თბილისელი, შეგიშალათ თუ არა ხელი რაიმე კუთხით

– დიახ, მართლაც იყო მცდელობები, რომ   ამით გარკვეული ჩრდილი მოეყენებინათ ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის და წარმოეჩინათ, რომ ეს იქნებოდა ხელისშემშლელი ფაქტორი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ქალაქის მართვისას, ამ გარემოებას არსებითად ხელი  არ შეუშლია ჩემთვის.

თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაახლოებით 4 თვე დარჩარას ურჩევდით  დედაქალაქის მოსახლეობას რითი იხელმძღვანელონ  დედაქალაქის მერის არჩევისას?

– მათ აუცილებლად უნდა დაუჭირონ მხარი  იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელმა გუნდმაც 2012 წლის შემოდგომიდან სწორ რელსებზე დააყენა ქვეყნის განვითარება, რადგან ქვეყანა აცდენილი იყო განვითარების რელსებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, კვლავაც ჩვენი გუნდის წარმომადგენელს დაუჭირონ მხარი თვითმმართველობის არჩევენბზე.

– იყავით თუ არა ჩართული თქვენი გუნდის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში? არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე  გახდება. როგორ ფიქრობთ, გამარჯვების შემთხვევში, რამდენად ეფექტურად გაართმევს ის თავს დედაქალაქში  არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს?

– კახა კალაძე არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, როგორც პოლიტიკური, ისე მმართველობითი კუთხით, შესაბამისად, მისთვის მერობა დაუძლეველი გამოწვევა არ იქნება  და ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალკვალიფიციურად გაართმევს თავს ამ  ვალდებულებებს. მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, ვინაიდან მე მახსოვს მისი ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები, ასე, რომ მას ექნება როგორც კოლეგიალური, ისე მეგობრული გვერდში დგომა ჩემგან. კონსულტაციების პროცესში მეც ვიყავი ჩართული, როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი, თუმცა როგორც იცით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო და მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

 – და ბოლოს, სად და რა პოზიციაზე ვიხილავთ დავით ნარმანიას მას შემდეგ,  რაც ის დედაქალაქის მერი აღარ იქნება?

– ჩემთან დაკავშირებით, დაწყებულია კონსულტაციები, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ეს არ იქნება ჩემი პროფესიისგან და სპეციალობისგან შორს მდგარი პოზიცია. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც, რასაკვირველია, კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

მარიამ ზედგინიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები