შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“, 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, 1 კილო და 540,25 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“; 887,74 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. ,,ბიო“.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით).