“ფილიპ მორის საქართველოს” “პირველის” მწარმოებელი კომპანიის სასარგებლოდ 92 მილიონის გადახდა დაეკისრა – რას ითხოვდა მოსარჩელე მხარე
კომპანიამ „თბილისის თამბაქო“, რომლის ბრენდიც სიგარეტი „პირველია“, „ ფილიპ მორის საქართველოს“ სასამართლო დავა მოუგო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ფილიპ მორის საქართველოს“ „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ 92 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. რას და რატომ ედავებოდა „ თბილისის თამბაქო“ „ ფილიპ მორის საქართველოს“ – ამის შესახებ „კვირას“, ექსკლუზიურად, „თბილისის თამბაქოს“ გენერალური დირექტორი ზვიად მუკბანიანი ესაუბრა.
როგორც მუკბანიანი აცხადებს, „ფილიპ მორისი“ წლების განმავლობაში, უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და სიგარეტის გარკვეული ბრენდებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასში ყიდის. მუკბანიანის ფიქრობს, რომ კომპანიის მიზანი ადგილობრივი მწარმოებლების გაკოტრება და ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებაა. „თბილისის თამბაქოს“ გენერალური დირექტორის თქმით, „ფილიპ მორისის“ უკანონო ქმედების შედეგად, „თბილისის თამბაქოს“ სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგა და მისი კომპანია იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა.
„უკვე მრავალი წელია, „ფილიპ მორისი“ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ახორციელებს საქმიანობას და თამბაქოს თვითღირებულებაზე უფრო იაფად ყიდის. ამ ყველაფრის შედეგად, მათ ძალიან დიდი სეგმენტი დაიპყრეს, ჩვენ კი – როგორც სიგარეტის ადგილობრივმა მწარმოებელმა, დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ. ამიტომ იძულებულები გავხდით, სასამართლოსთვის სამოქალაქო სარჩელით მიგვემართა. სარჩელში მოვითხოვდით, სასამართლოს დაედგინა ფაქტი, რომ „ფილიპ მორისი“ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდდა სიგარეტს და ამით ჩვენი კომპანია სერიოზულად ზარალდებოდა, ასევე ვითხოვდით, კომპანიას ჩვენთვის აენაზღაურებინა ის ფინანსური ზარალი, რაც მათი სქემის გამო მოგვადგა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ სერიოზული ფინანსურ ზარალი მივიღეთ. სასამართლო განხილვებს ესწრებოდნენ „ფილიპ მორისის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს, რომელიც ჩვენს ბრალდებებს გააბათილებდა. საქალაქო სასამართლომ გამოიტანა სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება და „ფილიპ მორისს“ ჩვენს სასარგებლოდ 92 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა“, -განუცხადა „კვირას“ ზვიად მუკბანიანმა. „კვირას“ კითხვაზე – სად ჩანს „ფილიპ მორისის“ სარგებელი, თუ აღნიშნული კომპანია სიგარეტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის, ზვიად მუკბანიანი განმარტავს, რომ „ფილიპ მორისი“ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად დაბალი საფასო სეგმენტის ბრენდების რეალიზაციას ახორციელებს, ხოლო მაღალი სეგმენტის სიგარეტს ძვირად ყიდის, რითიც ხარჯებს აკომპენსირებს. მისი თქმით, შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც დაბალი საფასო სეგმენტის ბრენდებს ყიდიან, ვერ უწევენ კონკურენციას „ფილიპ მორისის“ მიერ დადებულ ფასებს.
„მათი ტაქტიკა დაახლოებით ასეთია: უხეშად რომ ვთქვათ, მაგალითად, ერთი კოლოფი სიგარეტის შესყიდვა უჯდებთ ერთი ლარი, ამ სიგარეტს ყიდიან 80 თეთრად, სამაგიეროდ, ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „პარლამენტი“ , „მარლბორო”, ყიდიან ძვირად და ამით აკომპენსირებენ ხარჯებს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ გააკოტრონ ადგილობრივი მწარმოებლები და ბაზრიდან გაგვიყვანონ, მაშინ როცა ჩვენ დასაქმებული გვყავს მოსახლეობა, საქართველოს ბიუჯეტში შეგვაქვს მილიონობით ლარი… ჩვენ თუ გავკოტრდებით და „ფილიპ მორისი“ უკონკურენტოდ აღმოჩნდება ბაზარზე, მერე დაბალი სეგმენტის სიგარეტსაც გააძვირებენ – ეს არის მათი მიზანი“, – აცხადებს „თბილისის თამბაქოს“ გენერალური დირექტორი.
მისივე თქმით, კომპანია „ფილიპ მორისი“ კვლავ აგრძელებს არაკეთილსინდისიერ ბიზნესპრაქტიკას, რის გამოც „თბილისის თამბაქოს“ კვლავ ადგება ზარალი. ზვიად მუკბანიანი არ გამორიცხავს, რომ მისმა კომპანიამ სასამართლოს თანხების ოდენობის გადახედვის თაობაზე მიმართოს.
„ჩვენ სარჩელი 8 თვის წინ შევიტანეთ და იმ სარჩელში ზარალის ის ოდენობა იყო მითითებული, რაც იმ მოცემულობით გვქონდა, ცხადია, ზარალის ოდენობა მას შემდეგ კვლავ გაიზარდა, ამიტომ არ გამოვრიცხავთ, ამ თანხის გადახედვის მოთხოვნით მივმართოთ სასამართლოს”, -განუცხადა “კვირა” ზვიად მუკბანიანმა.
აღსანიშნავია, რომ არაკეთილსინდისიერ ბიზნესპრაქტიკის გამო,”ფილიპ მორისი” სხვა ქვეყნებშიც არაერთხელ დაუჯარიმებიათ.