შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება სოციალური კამპანიის – „ძალა ნდობას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შს სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ახორციელებს.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, არის გზავნილი ძალადობის მსხვერპლებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომ ნდობით და ურთიერთდახმარებით შეგვიძლია ძალადობასთან გამკლავება და სიმშვიდის მოპოვება“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრის მოადგილემ.
პრეზენტაციის დასასრულს შალვა ხუციშვილმა პოლიციელები, რომლებსაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
პროექტის – „ძალა ნდობას“ მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.