„ბახის მუსიკა ახლოს არის სახარებასთან. როცა ბახს ვუკრავ, ვგრძნობ გალობის ხმებს“…
მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან დაჰყვა. მუსიკალურ ოჯახურ გარემოში გაიზარდა. პირველ მუსიკალურ, შემდეგ „ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედშიც“ სწავლობდა… ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. ამჟამად ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრანტია. ორი წელი სასულიერო სემინარიაშიც სწავლობდა. წარმატებულ სწავლასთან და სოლო კონცერტებთან ერთად, მრავალი საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორიც არის. ამბობს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სხვას ანიჭებ ბედნიერებას… – ნინო სამნიაშვილის პერსონა.
– ბავშვობა საკმაოდ კარგად მახსოვს, 3 წლიდან დაკვრა დავიწყე, აბსოლუტური სმენა აღმომაჩნდა, მუსიკალურ გარემოცვაში გავიზარდე, დედა პიანისტია და სახლში მოწაფეები ჰყავდა, მამა გიტარაზე უკრავს, მოყვარულია. მახსოვს სმენით აწყობილი ბახის კონცერტი და შემდეგ სოლო კონცერტი დიდ სცენაზე. – ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებად დარჩა მეხსიერებაში.
– მუსიკის სიყვარული როდის დაიწყო…
– მუსიკის სიყვარული, ვიტყოდი, რომ დედის მუცლიდან დამყვა, დედა სულ უკრავდა… ხშირად გვასმენინებდა კლასიკურ მუსიკას ფირფიტებზე, რომელსაც სულგანაბულნი ვუსმენდით. შემდეგ, როცა მოწაფეები მოდიოდნენ, ვსხდებოდით მისაღებ ოთახში და ვისმენდით სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებს. არ დამავიწყდება, ერთხელ ჩემმა 5 წლის ძმამ დედიკოს მოწაფეს შენიშვნა მისცა არასწორი ნოტის აღების დროს. ჩვენი დღე მუსიკით იწყებოდა და მუსიკითვე მთავრდებოდა.
– როდის გადაწყვიტე კონსერვატორიაში ჩაბარება?
-კონსერვატორიაში ჩაბარება თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, თუმცა წინ დიდი შრომა მელოდა. ბევრი სირთულე გამოვიარე. ჩემთვის არ არსებობდა სკოლა, საათობით ვიჯექი და ვმეცადინეობდი პედაგოგთან და დედასთან ერთად, ვსწავლობდი ზესტაფონის მე-7 საშუალო სკოლაში და პარალელურად – პირველ სამუსიკო სკოლაში. მეცხრე კლასიდან გადავედით თბილისში და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში“ განვაგრძე სწავლა. პარალელურად ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. შემდეგ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. ეს იყო ოცნება. რომელიც ბავშვობიდან მიზნად დავისახე. ეს იყო უფლის წყალობა!
– ყველაზე ღირსსახსოვარი დღე მუსიკალური შემოქმედებიდან…
– ვერ გამოვყოფ დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია მუსიკალური შემოქმედებიდან, ყველა განსაკუთრებულია ჩემთვის, ყველა ძვირფასია, რაც მუსიკასთან მაკავშირებს. ერთ უბრალო, მაგრამ დიდებულ საღამოს გავიხსენებ – სტუმრად უწმინდესთან, როდესაც შევასრულე საკუთარი კომპოზიცია „პატრიარქის ცხოვრება”. ამის შემდეგ დღემდე მისი კურთხევით ვხვდები მის უწმინდესობას და მასთან ურთიერთობის დიდი ბედნიერება მაქვს… მუსიკამ დამაკავშირა და დამაახლოვა ჩვენს საოცრად თბილ პატრიარქთან. ვმადლობ უფალს.
– ერთხელ ფეისბუქზე თომას მანის სიტყვები დაწერეთ: „სიყვარული და მუსიკა – ორივე მოკლე დრო და მარადისობაა“…
– სიყვარული და მუსიკა, როგორი მშვიდიც არ უნდა იყოს, სულის ფორიაქს მაინც იწვევს და ეს სულის ქაოსი საკმაოდ სასიამოვნოა…
– მაინც, რითი ჰგავს ერთმანეთს მუსიკა და ლოცვა?
– წმინდა წერილი სავსეა მუსიკით, ბოლო ფსალმუნი მეტყველებს მუსიკის უდიდეს ძალაზე, რადგან მისი დანიშნულება ღვთის დიდებაა. ვფიქრობ, მუსიკა – ღვთის შეცნობის ერთ-ერთი გზაა, აქედანაა ის წესრიგი, რომელიც ნებისმიერ მნიშვნელოვან მუსიკალურ ნაწარმოებში ვლინდება მუსიკალური ანალიზის მეშვეობით. იცით, მუსიკა ღვთის დიდებას და სულიერ განახლებას ემსახურება.
– მუსიკა ღვთის შეცნობის ერთ–ერთი გზააო… მაგრამ არის სხვა მუსიკაც, როცა ადამიანი მადლს კარგავს და ჰარმონიის ნაცვლად მუსიკის ბგერების ველურ კაკაფონიას ვგრძნობთ…
– ამას უფალი უშვებს, რადგან ეს გამოცდაა ჩვენთვის. ისე, რა თქმა უნდა, ასეთი მუსიკა სატანისგან არის. ის უნიჭიერესია, ის ტალანტია… ის ებრძვის უფალს, თუმცა იცის, რომ დამარცხდება…
– და მაინც, რა არის მუსიკა თქვენთვის?
– მუსიკა უფალია და მშობელი ჩემი…
– მუსიკოსი, ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსელი ხართ და, ამავდროულად, კლუბ „თეთნულდის“ მეგობარი. მთა თქვენი დიდი სიყვარულია… სერიოზულად აპირებთ მწვერვალების დალაშქვრას… და რომელი მწვერვალების?
– მთა ჩემი განუყოფელია. ჩემი სიყვარული, ბევრი მასწავლა და ბევრ რთულ საქმეშიც გამომცადა. მწვერვალი, რომელსაც ოცნებას უფრო დავარქმევდი, შხარა და თეთნულდია. მათი სილამაზის და სირთულეების გამო კიდევ უფრო მეტი მიზნები მაქვს მათ მიმართ.
– თქვენ 2 წელი მცხეთის სამთავროს ფერისცვალების დედათა მონასტერში ცხოვრობდით… შემდეგ კი ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტერშიც დაჰყავით. გვიამბეთ იქ გატარებულ დღეებზე…
– ძალიან პატარა ვიყავი, მონასტერში რომ წავედი, დაახლოებით 13 წლის, ბავშვობიდანვე ბებოს და დედას ტაძარში დავყავდით. უფლის სიყვარულს და სწორი ცხოვრების გზას გვიქადაგებდნენ. შემდეგ გადავწყვიტე წასვლა, დროებით, თუმცა მაინც დიდი ხნით, მონასტერში უსასრულობა აღმოვაჩინე… ჩემეული. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
– ეკლესიებში კი დადის ხალხი, მაგრამ რატომ შეგვიმცირდნენ ნამდვილი მლოცველები?
– ადამიანის მისწრაფებები უფრო ამქვეყნიური გახდა, ივიწყებენ, რომ ამა სოფლით არ მთავრდება ყველაფერი და მიილტვიან ამსოფლიური სიამეებისკენ, ამას უკეთური აკეთებს და საცოდაობაა, როცა ადამიანი მას უფრო უჯერებს. თუმცა მე არავინ არ ვარ, რომ მათი რწმენა განვსაჯო. არ ვფიქრობ სხვათა დამოკიდებულებაზე და მათი რწმენის სიძლიერეზე. განა ჩვენ ვიცით, ვინ რა გულით მიდის?
– „ცხოვრება ფორტეპიანოს ჰგავს… თეთრი კლავიშები – ეს სიყვარული და ბედნიერებაა, შავი – დარდი და მწუხარება. რომ მოისმინო ცხოვრების ნამდვილი მუსიკა, უნდა შეეხო თეთრსაც და შავსაც“… – არ ვიცი, თქვენია თუ სხვისი სიტყვები… უკვე მოისმინეთ ცხოვრების ნამდვილი მუსიკა? ყველაზე მეტად რომელს შეეხეთ – შავს თუ თეთრს?
– ცხოვრება „თეთრითა“ და „შავით“ ჰარმონიას ქმნის. ჰარმონია უკვე შედეგია და მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელი ფერით (გამოცდილებით) მივიღებთ. ჩემთვის მთავარია შედეგი და გეტყვით, რომ შედეგი თეთრი ფერისაა.
-„ნინო და მისი მეგობრები“ უამრავი საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები არიან… ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის საღამო; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტი, ოზურგეთის წმინდა ბარბარეს და ლანჩხუთის ქრისტეფორე გურულის სახელობის ბავშვთა სახლების დასხმარებლად; ხარაგაულსა და ზესტაფონში ჩატარებული კონცერტები მარგვეთისა და უბისის ეპარქიის დასახმარებლად… ექადიის წმ. გიორგის მამათა მონასტრის მშენებლობისთვის, ახლა კიდევ ხადის მონასტერი დაემატა… გვიამბეთ ამ კონცერტებზე? ვინ არიან ნინოს მეგობრები, ვინც მონაწილეობენ ამ კონცერტებში?
– კონცერტებს, რომელსაც ვაკეთებ მეგობრების დახმარებით, წყდება მოკლე დროში, სამწუხაროდ, უდროობის გამო წელიწადში მხოლოდ ორ კონცერტს ვატარებთ, ხან კიდევ – წელიწადში ერთს. კეთილი საქმისთვის ისინი თავს დებენ, თავიანთ საქმეს ტოვებენ და მიერთდებიან. ყოველთვის მაქვს მათი იმედი, რადგან მარტო ალბათ ვერ შევძლებდი. ჩემ გვერდით არიან როგორც მუსიკოსი, ისევე არამუსიკოსი მეგობრები, რომლებიც ცდილობენ, სხვა საქმით ამოგვიდგნენ გვერდით და შეურთდნენ კეთილ საქმეებს.
„ნინო და მისი მეგობრები” ყოველთვის შეეცდებიან, მცირედით დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. სიკეთე გადამდებია და კარგი მაგალითი აუცილებელია ადამიანებისთვის.
– ხადის ტაძრის დახმარების იდეა როგორ გაჩნდა? ვიცი, რომ შეხვდით პატრიარქს… და რომ კონცერტზე შესრულდა პატრიარქის ნაწარმოებები…
– ხადის ტაძარი ლაშქრობის დროს მოვინახულე და შემდეგ მთლიანად ხადა დავათვალიერე. ჩემთვის ეს ადგილი შთამბეჭდავია თავისი სილამაზით, თუმცა, როცა ავედით, დაკეტილი დაგვხვდა და გარედან დავათვალიერეთ. მას მერე ერთი წელი გავიდა. და როდესაც წელს, 2 აგვისტოს, მის უწმინდესობას მისი ანგელოზის დღეს შევხვდი, მივულოცე საკუთარი კომპოზიციით. იქვე მომეცა საშუალება და ვუთხარი, რომ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვისთვის და რჩევის სახით ვკითხე.
მისმა უწმინდესობამ მითხრა, რომ ხადაში, დუშეთის რაიონში, წმინდა გიორგის ტაძარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და თუ შევძლებდით, დავხმარებოდით. კვლავ მოვინახულე ტაძარი, სიხარულით ვაცნობე მეგობრებს კურთხევა და საქმეს შევუდექით.
კონცერტი უკვე ჩატარდა და ყველა ადამიანს ვუხდი მადლობას ამ საქმეში წვლილის შეტანისთვის. ვთხოვ ყველა ხელოვან და არახელოვან ადამიანს, ვისაც როგორ შეუძლია, დაეხმაროს ამ ტაძარს კონცერტით, ან ქველმოქმედებით, რათა გადარჩეს დანგრევას.
– ვინ შეასრულა განსაკუთრებული როლი თქვენს ცხოვრებაში?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებული როლი ჩემს ცხოვრებაში ჩემმა ოჯახმა შეასრულა. ჯერ კიდევ ასრულებს და მადლობა მათ გვერდით დგომისთვის. მათი ზრუნვა და სიყვარული მაძლიერებს და მაბედნიერებს!
– რა არის ბედნიერება?
– ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სხვას ანიჭებ ბედნიერებას… მე ყველაფრით ბედნიერი ადამიანი ვარ და ყველაზე ბედნიერი იმით, რომ უფალი ჩემ გვერდით არის!
– „დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ. მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები „შეყინულღიმილიანდა“. გაიცრიცა. სიყალბე შეერია. თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო? ადამიანის უნდა მეშინოდეს? არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ? არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და ერთმანეთი ვაბედნიეროთ? დომენიკო, არ შეიძლება? (გურამ დოჩანაშვილი – „სამოსელი პირველი“)… ანუ, – სიკეთე კლებულობს?
– მახსენდება ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივი” და მსგავსებას ვხედავ ადამიანებსა და ქვრივს შორის. გახსოვთ? როდესაც სიკეთეს აკეთებდა, ისეთ სიტყვებს მიაყოლებდა, თითქოს სიკეთე იკარგებოდა. ასეა ჩვენშიც… განა ეს სიკეთე არაა? არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხალხი ცუდს უფრო მეტს ხედავს, ვიდრე კარგს…
– ამბობთ, რომ ადამიანში მოგწონთ მისწრაფებები, მიზნები… დაუოკებელი სურვილები…
– მომწონს შეუპოვარი ადამიანები, დამარცხებას რომ არ ეგუებიან, დაცემიდან მალევე დგებიან და ახალი მიზნებით იწყებენ თავიდან ცხოვრებას. არ აშინებთ ცხოვრების სირთულეები. სურვილი ბევრი მაქვს, მთავარია განვახორციელო. მანამდე ვერაფერს ვიტყვი.
– მუსიკალურ ნაწარმოებებს წერთ…
– ვწერ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. როცა მთიდან, ან მონასტრიდან ვბრუნდები, ყოველთვის ვქმნი იმას, რა ემოციაც დამიტოვა იქ ყოფნამ. ეს ჩემი გულისთქმაა, ამით ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ვუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს უხმოდ, მაგრამ მუსიკის საშუალებით. სულ ესაა… სხვანაირად, ენით ვერ აღვწერ იქ ყოფნის ბედნიერებას.
– როგორ დააკავშირებდით პოეზიას და ხატვას მუსიკასთან?
– ვერ დავაკავშირებ. მუსიკით ვერასოდეს გაიგებ, რას გრძნობს ავტორი. მხატვრობას ვიზუალური ეფექტი აქვს და მეტად აღსაქმელია, პოეზია კი სიტყვითაა გადმოცემული და ყველაფერი თითქმის ახსნილია. მათი შედარება, ჩემი აზრით, საერთოდ არ შეიძლება. თუმცა არიან ადამიანები, ვინც ბევრ საერთოს პოულობს მათთან.
– რომელ კომპოზიტორს გამოარჩევდით…
– საყვარელი კომპოზიტორი მრავალია, მაგრამ გამოვარჩევდი ბახს… ბახის მუსიკა ახლოსაა სახარებასთან. როცა ბახს ვუკრავ, ვგრძნობ გალობის ხმებს. ეს საოცარი შეგრძნებაა.
თამარ შაიშმელაშვილი