„არჩევნებიდან არჩევნებამდე ექსპერიმენტებით ვსწავლობთ“, – მუსიკა და პოლიტიკა ქართველი სტუდენტის პარიზულ ცხოვრებაში
მუსიკა ბავშვობიდან არსებობდა მის ცხოვრებაში, ათი წლის განმავლობაში უამრავ კონცერტზე გამოსვლა და სიმღერა თითქმის ჩვევად ექცა; მაგრამ მოგვიანებით სხვა ინტერესი გაჩნდა – სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმატებულმა სტუდენტმა ესტონეთში, ბაკალავრიატში განაგრძო სწავლა. ამჟამად კი სწავლობს პარიზში, „სიანსპოს“ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის პროგრამაზე: საჯარო პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკისა და სოციალური ინოვაციის მიმართულებით. ფიქრობს, მიღებული ცოდნით და ახალი ხედვით შეხვდეს თანამედროვე გამოწვევებს. – ბარბარე ასანიძის პერსონა.
– ოჯახში ყოველთვის ბევრნი ვიყავით: ოთხი და და ერთი ძმა მყავს. ამიტომ ჩვენთან სახლში მუდამ ხმაური იყო. მამა მეცნიერია: გეოფიზიკოსი, დედა კი თამარ გაბროშვილი – მწერალი და მხატვარი. შეიძლება ამით აიხსნება ჩემი ორმაგი მისწრაფება. ჩემი და-ძმა მუსიკოსები არიან: უფროსი და თაკო – გიტარას უკრავს და ასწავლის, ქეთი ვიოლინოზე, ძმა – გიორგი კი საყვირზე უკრავს სხვადასხვა ორკესტრში. მთელი ბავშვობა საკრავების ხმა მესმოდა. მახსოვს, სტუმრები რომ მოდიოდნენ ჩვენთან, გვეკითხებოდნენ, არ წუხდებითო? სინამდვილეში, აღარც გვესმოდა, ვინმე თუ უკრავდა, ისე ვიყავით მიჩვეულნი ერთმანეთის მუსიკას.
ყველაზე ტკბილად მახსენდება სოფელში გატარებული ზაფხულის არდადეგები, ოჯახის ყველა წევრი ერთად რომ ვიყავით: შორიახლოს ცხოველები და ბევრი მცენარე იყო.
– ორი სასწავლებელი დაამთავრეთ – ვიოლინოს განხრით და აკადემიური სიმღერის… შესანიშნავად მღერიხართ „ღვთისმშობლის საგალობლებს“. უამრავ გასვლით კონცერტში, ევროვიზიაშიც მონაწილეობდით... რას გაიხსენებდით ამ წლებიდან და რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მუსიკას?
– ვიოლინოს სწავლა 6 წლისამ დავიწყე. უფროსები თურმე პიანინოს მირჩევდნენ და მე თავდაჯერებული ვყოფილვარ, მაგის დაკვრა უკვე ვიცი-მეთქი. 10 წელი ფორმალურად ვიყავი ჩართული მუსიკალურ ცხოვრებაში, ძალიან აქტიური იყო: უამრავ კონცერტზე გამოსვლა და სიმღერა თითქმის ჩვევად მექცა. ალბათ ამიტომაა, რომ მუსიკას თავს ვერ ვანებებ. მგონია, რომ უმუსიკოდ მე ვერასდროს ვიქნები „მე“. იმედი მაქვს, მომავალში ამ მიმართულებითაც შევძლებ მოღვაწეობას.
ვინც პირველმა შემაყვარა მუსიკა, მარინა ნიკოლაიშვილი იყო, რომელიც მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს მასწავლიდა.
– ერევნის მე-6 ღია, ახალგაზრდულ დელფიური თამაშების მონაწილეც ხართ… სადაც აკადემიური სიმღერის ნომინაციაში მე-11 კლასის მოსწავლე ბარბარე ასანიძეს რეკომენდაცია კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის კათედრის პროფესორმა გულიკო კარიაულმა მოგცათ. „პირველივე მოსმენის დროს გატყვევებს მისი სასიმღერო ბუნება, ლამაზი ტემბრი, ინტონაციის სიწმინდე, გამომსახველობა, სულიერი სიფაქიზე, დახვეწილობა, მხატვრული თავისუფლება და სილაღე ეხმარება ფრაზის აგებაში და აღწევს რეგისტრულ სიმშვიდეს“… რამდენად მოგცათ სტიმული ამ დახასიათებამ?
– ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო. ქალბატონ გულიკოსთან პირველად რომ მივედი, ვუთხარი, რომ კონკურსში მინდოდა მონაწილეობა, დამეთანხმა. მაშინ აკადემიური სიმღერა ახალი დაწყებული მქონდა და ასეთი დახასიათება პროფესიონალისგან, რომელმაც მრავალი ვარსკვლავი აღზარდა, გამამხნევებელი იყო. ქალბატონი გულიკოს გაკვეთილებით სრულიად სხვანაირად შევხედე მუსიკას, როგორც შემოქმედებას. ისე მხატვრულად გვიხსნიდა ყველა ინტონაციას, მთელი წარმოსახვა იხსნებოდა.
სიმღერის დროს რამდენიმე განზომილებაში ხარ. შეიძლება არანორმალურად ჟღერდეს, მაგრამ რეალობაა.
– სკოლის პერიოდი, მაინც მუსიკით და ხელოვნებით იყავით დაკავებული. შემდეგ იყო თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სადაც ბრწყინვალედ ჩააბარეთ მისაღები გამოცდები და 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვეთ. მე რატომღაც მეგონა, რომ მუსიკას გაჰყვებოდით. რამ განაპირობა ეს არჩევანი?
– შეიძლება ითქვას, რომ მუსიკას გავყევი კიდეც: კავკასიის უნივერსიტეტის პარალელურად თბილისის N2 მუსიკალურ სასწავლებელში აკადემიურ სიმღერას ვსწავლობდი. მუსიკას მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა, თუ გინდა, რომ შემოქმედი გამოხვიდე. მე სხვა ინტერესიც მქონდა – სოციალური/პოლიტიკური მეცნიერებები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ორივე გზით გამეგრძელებინა სწავლა.
– გურამ თიკანაძის პრიზის მფლობელი და სხვა კონკურსების გამარჯვებული ხართ ფოტოხელოვნებაში. აგრძელებთ თუ არა ფოტოხელოვნების სიყვარულს…
– ფოტოხელოვნებას მოსწავლეთა სასახლეში სკოლის დამამთავრებელ კლასებში ვსწავლობდი. გადაღებამ გატაცება იცის, რაც უფრო მეტს იღებ და მეტს ფიქრობ, უფრო მეტი მუზა მოდის და გარემოს სხვანაირად ხედავ, ფოტოს პერსპექტივიდან. ფოტოგრაფიის სიყვარულს სხვების ნამუშევრების აღფრთოვანებით ვაგრძელებ.
– როგორც წარმატებულმა სტუდენტმა, ესტონეთში განაგრძეთ ბაკალავრიატში სწავლა. ამჟამად კი საფრანგეთში მაგისტრატურაში სწავლობთ. სპეციალობით-სოციალური პოლიტიკა და სოციალური ინოვაცია. რამ განაპირობა საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება? როგორ ხედავთ საკუთარ თავს ისეთ მძიმე საქმეში, როგორიც პოლიტიკაა?
– პოლიტიკა რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო და დინამიკური პროცესი და მეცნიერებაა. საჯარო პოლიტიკის მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში უამრავი სახის სოციალური პრობლემა არსებობს. ვფიქრობ, მიღებული ცოდნით შემეძლება, ჩემი წვლილი შევიტანო გამოსავლის პოვნაში და ახალი ხედვით შევხედო თანამედროვე გამოწვევებს.
– რას ფიქრობთ საქართველოს პოლიტიკურ სურათზე? თუ შეადარებთ მის პოლიტიკას სხვა ქვეყნების პოლიტიკას…
– საქართველოს რესპუბლიკური მმართველობის დიდი გამოცდილება არ აქვს. პოლიტიკური კულტურა და ტრადიცია კი დროსთან ერთად ყალიბდება. მომწონს ის, რომ განათლების პრობლემატიკის მიმართ საზოგადოებაში ძლიერი ინტერესია, თუმცა სახელწიფო პოლიტიკა, სამწუხაროდ, ხშირად არაეფექტურია. პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უყურადღებოდაა დატოვებული, მაგალითად, გარემოს დაცვა, ჰაერის დაბინძურება, შრომითი ურთიერთობების რეგულირება. დასავლეთ, ჩრდილოეთ ევროპას რომ შევადაროთ, სადაც პოლიტიკა მრავალმხრივი ანალიზის, კვლევის, ჩართულობის, შეფასების შემდეგ ხორციელდება. ჩვენ ექსპერიმენტებით ვსწავლობთ არჩევნებიდან არჩევნებამდე.
– ქალი პოლიტიკაში, – რა უპირატესობა აქვთ ქალებს მამაკაცებთან შედარებით, თუკი ფიქრობთ, რომ აქვთ უპირატესობა…
– ვფიქრობ, ქალებს პოლიტიკაში განსაკუთრებული როლი აქვთ: ცნობილი ტენდენციაა, რომ საპირისპირო სქესთან შედარებით, ისინი ხშირად მეტი აქტიურობით ლობირებენ სოციალურ, ეკოლოგიურ და კულტურულ პრობლემებს. ასევე მგონია, რომ 21-ე საუკუნის ქალებს მოლაპარაკებების წარმოების განსაკუთრებულად კარგი უნარები აქვთ. განათლებულ ქალებს „რბილი ძალით“ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანად გარდაქმნა შეუძლიათ.
– როგორ გესახებათ სამოღვაწეო სფეროში სოციალური ინოვაცია…
– სოციალური ინოვაცია მესახება ისეთ პროცესად, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობებს, გამოიყენონ თავიანთი უნარები, შექმნან მრავალფეროვანი, განვითარებადი და თვითკმარი სოციუმი. ჩემი აზრით, სოციალურ სფეროში ინოვაცია ინდივიდუალურ თვითრეალიზაციამდე მიდის, შემდეგ კი – ეროვნულ თვითრიალიზაციამდე.
-ანუ?
– ვგულისხობ იმას, რომ როდესაც სახელმწიფოში შექმნილია სამართლებრივი, ინსფრასტრუქტურული, ორგანიზაციული პირობები შესაძლებლობების განვითარებისთვის, მეტი ადამიანი ერთვება ქვეყნის ეკონომიკაში. ამისათვის არა მარტო რესურსების მობილიზება, არამედ პოლიტიკური ნებაც და გამოცდილებაცაა საჭირო. მაგალითად, სამეცნიერო საქმიანობა საქართველოში მხოლოდ ინდივიდუალურ ინიციატივაზე თუ არის დაფუძნებული, შესაბამისი ინსტიტუტი არ არსებობს (ანუ არ ხდება ინსტიტუციონალიზაცია). მიმაჩნია, რომ როცა გააქტიურდება სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფერო, ეს გრძელვადიან ეკონომიკურ სურათზეც, სოციალურ კეთილდღეობაზეც და ქვეყნის საერთაშორისო იდენტობაზეც აისახება. მით უმეტეს, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩემი გადმოსახედიდან, ამ გზით შეგვიძლია წარმატების მოპოვება: შესაძლებლობა მივცეთ ყველა მონდომებულ ადამიანს, აკეთოს თავისი საქმე და შევქმნათ ყველანაირი პირობა ამისათვის.
– გაინტერესებთ „ახალგაზრდა ლიბერალების“ საქმიანობა…
– თვალს ვადევნებ „ახალგაზრდა ლიბერალების“ პუბლიკაციებს. ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა და სხვა საკითხები თანამედროვე დემოკრატიის საფუძველია. ამიტომ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ეს პრინციპები სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვის განუყოფელი ნაწილია. მეც მიმაჩნია, რომ ლიბერალიზმის ელემენტების გარეშე სამართლიანი პოლიტიკის შექმნა შეუძლებელია.
– საერთაშორისო ბინზესკომპანიაში მუშაობთ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერად… რა შეგძინათ ამ წლებმა? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი შენთვის?
– MCI GROUP-ში თითქმის ორი წელია ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში არაერთ წამყვან უცხოურ კომპანიასთან დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობები. ჩვენი კომპანია სხვადასხვა ბიზნესს კონსულტაციას სთავაზობს მენეჯმენტის, ფინანსების, სტრატეგიის მიმართულებით. საინტერესო იყო, რომ თავადაც გავეცანი საქართველოს ბიზნესგარემოს და უცხოულ პარტნიორებსაც ვაწვდი ინფორმაციას ახალი შესაძლებლობების შესახებ.
– კომპანია „გაბრიელ ალ-სალემის ფონდის“ მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული კონკურსის ჟიურიმ „წლის საუკეთესო საკონსულტაციო პროექტის“ ავტორად MCI Group დაასახელა და კომპანიის დირექტორს ქეთევან ასანიძეს გადაეცა ჯილდო, რომელიც თქვენი და არის…
– ქეთი ჩემი დაა და როცა სამუშაო გარემოში ვართ, იშვიათად ხვდებიან ამას. ჩემთვის პირადად ამ კონკურსში გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი არაფერია და როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, წარმატება თავისთავად მოდის. ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ კომპანიას კახეთში სრულიად ვმართავდით და შემდეგ, როცა სადავეები გადავაბარეთ მენეჯმენტს, თავად შეეძლოთ გამართული სისტემის ფუნქციონირების გაგრძელება. ჩემი უფროსი დისგან, ქეთისგან უამრავ რამეს ვსწავლობ: მათ შორის, თუ როგორი შემართებული უნდა იყო ყოველდღე მიზნის მისაღწევად.
– თავისუფალ დროს?..
– თავისუფალ დროს ვმღერი, ან ვსეირნობ და ვღიღინებ…
– როგორია პარიზული შთაბეჭდილებები?
– ფრანგები მეგობრული ხალხია, ხშირად იღიმებიან. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა და საზოგადოებაშიც იგრძნობა, ყოველდღიურ ურთიერთდამოკიდებულებაში. პარიზი განსაკუთრებით მრავალკულტურული ქალაქია და ეს უკვე ნორმადაა ქცეული.
– იოგაზე დადიოდით… ამჟამადაც აგრძელებთ?
-კი, იოგას რამდენიმე წელი ვვარჯიშობდი. ყველაზე მეტად მომწონდა, როგორ იცვლებოდა ორგანიზმი და თანდათანობით შემეძლო მისი მართვა. ზოგჯერ ბუნებაშიც მივდიოდი მეგობრებთან ერთად სავარჯიშოდ. დღესდღეობით აქტიურად აღარ ვარ დაკავებული, მაგრამ დაღლილობის დროს, ან განმუხტვის მიზნით მივმართავ და დიდ სიამოვნებას ვიღებ.
– ამბობთ, რომ საქართველოში უამრავი სოციალური პრობლემაა, კონკრეტულად რა არ მოგწონთ?
– საქართველოში სოციალურ პრობლემებზე საუბარი, სამწუხაროდ, დაუსრულებლად შეიძლება: ახალგაზრდების დასაქმება და, ზოგადად, დასაქმება, საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმის საჭიროება, რაც უშუალო კავშირშია დასაქმების თემატიკასთან. განათლების სისტემა არ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს: განათლების მიღების შემდეგ კურსდამთავრებულთა უმრავლესობა მოუმზადებელია სამუშაო გარემოსთვის და მოთხოვნებისთვის. შედეგად, ბევრი ადამიანი საკუთარი პროფესიით არ არის დასაქმებული და სრულიად სხვა საქმიანობას იწყებს.
ვთვლი, რომ ეს დიდი პრობლემაა და საჭიროა მეტი შესაძლებლობების მიცემა სამუშაო ძალისთვის, ეს ხომ დაკარგული რესურსია. ასევე, რეგიონების განვითარება და რეგიონების სოციალური პრობლემები: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უმუშევრობა… იძულებით გადაადგილებული პირების სასიცოცხლო პირობები და ასე შემდეგ.
– ამბობთ, რომ მუსიკას გაჰყვებით… ვინ არის თქვენი საყვარელი მუსიკოსი ან კომპოზიტორი?
– თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ: კლასიკას, რეპს, როკს, ჟაზს, პოპს. გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ და რას ვაკეთებ. ჩემი საყვარელი შემსრულებლები მაინც ნინა სიმონე და ჯენის ჯოპლინი არიან. მათ შესრულებაში ერთდროულადაა ენერგია, ემოცია, შემოქმედებითობა და თავისუფლება.
თამარ შაიშმელაშვილი