„ნიჭიერში“ გამარჯვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ… ფინალში, გამარჯვების მომენტში, თურმე სცენაზე მარტო არ ვმდგარვარ“
გორში დაიბადა და გაიზარდა. ბედნიერად გრძნობდა თავს ოჯახურ გარემოში. ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო. ქვიშაზე ხატვით კი „ნიჭიერამდე“ ცოტა ადრე დაინტერესდა. მოსწონს ქვიშის არტი, შოუს ეფექტით, შთამბეჭდაობით და ემოციურობით. „ნიჭიერში“ გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა. რამდენიმე ახალ პროექტზეც მუშაობს… რაც მთავარია, მიზანდასახულია და სამომავლო წარმატებებსაც ელის. – ნონა გიუნაშვილის პერსონა.
– თბილ და მშვიდ გარემოში გავიზარდე მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად. სამი და ვიყავით და მერე ძმა შემოგვემატა. ბედნიერები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაკლდა. მამაჩემი ხელობას მისდევდა და თავისი შრომით გვინახავდა. დედა კი დიასახლისი იყო. ჩემი ბავშვობა, მართლაც, ლამაზი იქნებოდა, რომ არა ის უბედური შემთხვევა, რაც ჩვენს ოჯახს დაატყდა. მოულოდნელად ჩემი უმცროსი და ავად გახდა სიმსივნით. ჩემმა მშობლებმა საზღვარგარეთ წაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნანიკოს დაღუპვა ყველაზე დიდი ტკივილია ჩემს ცხოვრებაში. მე მაშინ 9 წლის ვიყავი, ნანიკო კი 8-ის ხდებოდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ბავშვობა იქ დასრულდა.
– როდის დაიწყეთ ხატვა? რისი დახატვა გიყვარდათ ყველაზე მეტად?
– ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე, მახსოვს პირველი ნახატი, რომელიც 9 აპრილის თემაზე შევასრულე. თუ არ ვცდები, ამ დროს 7 წლის ვიყავი (დავხატე საფლავები, ყვავილები და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი). ხატვა ჩემთვის ყველაფერია. მეხმარება, გამოვხატო ყველა ემოცია, რაც გამაჩნია – ცუდიც და კარგიც. მიყვარს ბუნების და ადამიანების სახეების ხატვა. როდესაც ადამიანის სახეს ვხატავ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მის ბუნებას და სულიერ სამყაროს ვეცნობი. ეს კი ძალიან სათუთი და შთამბეჭდავია ჩემთვის.
– როდის გადაწყვიტეთ ქვიშით ხატვა? რამ განაპირობა მაინცდამაინც ქვიშა?
– ქვიშაზე ხატვა 5 წლის წინ, პროექტ „ნიჭიერამდე“ ცოტა ადრე დავიწყე. ამ ხელოვნების შესახებ არაფერი ვიცოდი, შემთხვევით ვნახე ინტერნეტში და ისე მოვიხიბლე, მახსოვს, ღამე აღარ მეძინა. სულ იმას ვფიქრობდი, რომ ეს მეც უნდა მეცადა. ცოტა რთული იყო ჩემთვის, რადგან არავინ ვიცოდი, ვინც ამას აკეთებდა, რომ მეკითხა, როგორ ხდებოდა ეს ტექნიკურად, ანუ როგორი იყო მაგიდა, ქვიშა, განათება. მაგრამ თუ რამე გულით გინდა, ყველაფერს შეძლებ. მამა დამეხმარა, ერთად დავხაზეთ მაგიდა და ავაწყეთ. ამ ხელოვნებამ თავიდანვე ისე გამიტაცა, მივხვდი, ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა. ქვიშაზე ხატვა საშუალებას მაძლევს, სწრაფად, რამდენიმე ნახატით მოვყვე ამბავი. განსაკუთრებით მომწონს ემოციური თემების ხატვა. ეს რაღაც როლს ჰგავს, რომელსაც ვირგებ და მთელი გრძნობით ვასრულებ.
– ამ ტექნიკაზე რას გვეტყვით?
– ქვიშის არტი – ეს არის ჩემთვის ყველაზე ცოცხალი სახვითი ხელოვნება, შოუს ეფექტით და შთაბეჭდილებას ახდენს ერთობლივად – ნახატების გარდასახვა ერთიდან მეორეში, მუსიკა, რომელიც მორგებულია თემატურად და ასევე ხატვის პროცესის ყურება. თითოეული ნახატის წაშლის პროცესიც კი შთამბეჭდავი და ემოციურია.
– თქვენ „ნიჭიერში“ აგვისტოს ომი დახატეთ…
– პროექტ „ნიჭიერში“ ჩემი გამოჩენა ყველას დაამახსოვრდა აგვისტოს ომის თემატიკით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემთვის განსაკუთრებულია ემოციური თემების შესრულება, რასაც თავად განვიცდი და რასაც ვგრძნობ. აგვისტოს ომის პერიოდი საშინელ მოგონებებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. როდესაც ჩემი ქალაქი პირველად დაიბომბა, თავი სიზმარში მეგონა… სრული ქაოსი იყო და საშინელი უსუსურობის განცდა დამეუფლა. როცა არ იცი, რა უნდა ქნა, რომ გადარჩე. შემდეგ რაღაც პერიოდი თბილისში დევნილობაში გავატარე. მრავალი ჩემი ახლობელი ამ დროს ჯერ კიდევ გორში იმყოფებოდა და არ ვიცოდი, როგორ იყვნენ. მეშინოდა, რომ ვეღარ დავბრუნდებოდით სახლში. მადლობა ღმერთს, ჩვენ დავბრუნდით.
– თქვენ „ნიჭიერის“ დროს ორსულად იყავით… და მესამე შვილი გააჩინეთ… იმის მიუხედავად, რომ რთული ორსულობა გქონდათ…
– პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი, ანუ ფინალში, გამარჯვების მომენტში, სცენაზე მარტო არ ვმდგარვარ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან შევშფოთდი. უკვე ორი შვილი მყავდა და აღარ ვგეგმავდი ბავშვის გაჩენას, მით უმეტეს იმ მომენტში, როცა ჩემი კარიერა ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე იყო. ვიცოდი, ორსულობა და ბავშვი რთული იქნებოდა ამ დროს. ჩემი მამაო ვნახე და შეწუხებულმა ვუთხარი ამის შესახებ. მახსოვს მისი სიტყვები – შენი წარმატება უფლის წყალობაა, ეს ბავშვი კი უფალმა მოგცა ამ ყველაფერთან ერთად, შენ თუ ახლა ამ ბავშვზე უარს იტყვი, ისევე გაქრება შენი წარმატებები, როგორც შენი ნახატები იშლება ერთი ხელის მოსმით. უფლის ნებით ყველაფერს შეძლებ… მიიღე ეს ბავშვი, როგორც ღვთის საჩუქარი. – ნიცა, მართლაც, ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის.
– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში და შემოქმედებაში „ნიჭიერში“ გამარჯვების შემდეგ? ანუ როგორ ცხოვრობდით მანამდე და როგორ ცხოვრობთ ახლა?
– პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, თითქოს მეც შევიცვალე, უფრო თავდაჯერებული გავხდი და მივხვდი, იმისათვის, რომ რამეს მიაღწიო, არ უნდა გაჩერდე და დანებდე. ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად დაიყო – „ნიჭიერამდე“ და „ნიჭიერის“ შემდეგ.
– გორში სამხატვრო სტუდიის გახსნას აპირებდით…
– გორში გავხსენი სამხატვრო სტუდია, სადაც ბავშვებს ვასწავლი ხატვას და მეც ვმუშაობ. იქ ვმეცადინეობ და ვამზადებ თემებს ქვიშაზე.
-„ქვიშის ზღაპარი“ „მაესტროზე“, – ავტორი და წამყვანი თქვენ ხართ…
– ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ამ ეტაპზე არის ახალი პროექტი „მაესტროზე.“ „ქვიშის ზღაპარი“ მე მანამდეც მქონდა სატელევიზიო პროექტი საპატრიარქოს არხზე „ერთსულოვნება“, სადაც ქვიშით ვყვებოდი წმინდანების ცხოვრებას. ვფიქრობ, საკმაოდ ღირებული მიკროფილმები შევქმენით. რაც შეეხება „ქვიშის ზღაპარს“, ძალიან მინდოდა შემექმნა პროექტი ბავშვებისთვის, რომელიც სასარგებლო და შემეცნებითი ხასიათის იქნებოდა. მიხარია, რომ ეს პროექტი განვახორციელე ტელეკომპანია „მაესტროზე“, რისთვისაც მადლობა უნდა ვუთხრა ტელევიზიის დირექტორს, ჩემი გადაცემის პროდიუსერს და მთელ ჩემს შემოქმედებით ჯგუფს. ქვიშით ვაცოცხლებ და ვყვები ქართულ მოთხრობებს იგავ-არაკებს და ზღაპრებს. ბავშვებისთვის ამ კუთხით მიწოდებული მოთხრობები სახალისო და საინტერესო გამოვიდა. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა გადაცემისთვის კომპოზიტორი წერს მუსიკას, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ამ პროექტს. „ქვიშის ზღაპარი“ „მაესტროზე“ გადის ყოველ შაბათ-კვირას, 11:50 საათზე.
– ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ყველაფერს გააკეთებთ, დიდ სცენაზე რომ ისევ აღმოჩნდეთ… 2012 წელს გაიმარჯვეთ „ნიჭიერში“, ახლა 2016 წელია… ისევ გაქვთ სცენის ნოსტალგია?
– დიახ, სცენაზე დგომა, ხატვა აუდიტორიის წინაშე, ადრენალინი სცენაზე გასვლის წინ და აპლოდისმენტები ქვიშის პერფორმანსის დასრულების შემდეგ არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს. 2012 წლის შემდეგ სცენაზე დგომა ხშირად მიწევს. მაქვს მიწვევები ღონისძიებებზე და კორპორატიულ საღამოებზე. 2015 წელს მიმიწვიეს აზერბაიჯანის „ნიჭიერის“ ანალოგიურ პროექტში, პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახე და შემდეგი ეტაპისთვის უნდა მოვმზადებულიყავი, მაგრამ რატომღაც ჩემი შემდგომი ჩასვლის ხარჯები ვეღარ დააფინანსეს და მე აღარ წავედი.
– როგორ ხატავთ? როგორ მოდის შთაგონება?
– სცენაზე გასვლამდე წინასწარ ვამზადებ ქვიშის პერფორმანსს. ვეცნობი თემას, რაზეც უნდა დავხატო, შემდეგ ვწერ სცენარს, თუ რა უნდა დაიხატოს, რით დავიწყო და როგორ გადავიდე შემდეგ ნახატზე. ამის შემდეგ ქვიშაზე ვაკეთებ ესკიზებს. ხშირად მიწევს სხვადასხვა კომპანიის კორპორატიულ საღამოზე ხატვა.
არის მომენტი, როცა მეც ვერ ვხვდები, რა შეიძლება დაიხატოს, რომ ვიზუალურადაც ლამაზი გამოვიდეს და თემატურადაც სწორი იყოს (წარმოიდგინეთ ნავთობპროდუქტების კომპანია, რკინიგზის დეპარტამენტი, წყალმომარაგების დეპარტამენტი, ფარმაცევტული კომპანიები და ასე შემდეგ), თუმცა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ყოველთვის მოდის იდეები, თუ რას გავაკეთებ. სცენარის აწყობის შემდეგ მე თვითონვე ვაწყობ მუსიკას სხვადასხვა კომპოზიციიდან, ვაკეთებ ერთ მთლიან საუნდტრეკს, რომელიც მოუხდება ხატვის პროცესს.
– ვიცი, რომ „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობთ…
– ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმიდან დამიკავშირდა ქალბატონი ნანა ელიზბარაშვილი და შემომთავაზა ასეთი პროექტი: ქვიშით დახატული „ვეფხისტყაოსანი“. მსახიობი კითხულობს და მე ქვიშით ვქმნი ნახატებს. სერიებად გავა „ერთსულოვნების“ არხზე. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა. სამომავლოდ ვაპირებთ სხვა ნაწარმოებების გაცოცხლებასაც.
– სამი შვილი გყავთ, აინტერესებთ თქვენი საქმე?
– სამი შვილი მყავს – გიგა, გვანცა და ნიცა. უფროსი გიგა 14 წლისაა, ფეხბურთის თამაში უყვარს, 13 წლის გვანცა კი კარგად ხატავს, ქვიშით ხატვასაც ცდილობს და უნდა, რომ კარგად ისწავლოს ქვიშით ხატვა. უმცროსი ნიცა პატრიარქის ნათლულია.
– რას ინატრებდით?
– რას ვინატრებდი? ბევრ რამეს ვინატრებდი, ნაკლებ პრობლემებს და გაჭირვებას ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ჩემ გარშემო ეკონომიურად და მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, რომ არსებობისთვის არ იბრძოდნენ ადამიანები. ყველა ისეთი დაღლილია, სიყვარულის და ლამაზი ურთიერთობების ხალისიც აღარ აქვთ. ამიტომაც მეჩვენება, რომ გართულებულია ადამიანებს შორის ურთიერთობები. მინდა სიმშვიდე, სიყვარული და სიხარული სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გულებში.
თამარ შაიშმელაშვილი