ერთ ღამეში მოქსოვილი 4 წყვილი წინდით გადარჩენილი სკოლა – ჟურნალ „ქართველების“ მთავარი რედაქტორის ცხოვრების პრინციპი
მთის სოფელში დაიბადა. ცნობილი მწერლებისა და პოეტების, მოლექსე-მოკაფიავეების ულამაზეს გარემოში გაიზარდა. უმაღლესი სასწავლებელი დაასრულა და მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი თავად ჩაუდგა სკოლას სათავეში. ყველა სირთულე და გაჭირვება საკუთარი მხრებით ზიდა. დღესაც „ფურცელ-ფურცელ აკოწიწებს“ ლამაზ ბწკარედებს, უბრალო ადამიანების უჩინარ ღვაწლს. ჟურნალ „ქართველების“ მთავარი რედაქტორი იმ „უსახელო უფლისციხელებს“ ეძებს, ვინც ერთგულად ემსახურება ქვეყანას. – ლეილა არჩემაშვილის პერსონა.
– დავიბადე საგარეჯოს რაიონის მთის სოფელ კოჭბანში. მამა – რევაზ არჩემაშვილი, ჩვენი სოფლის სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და დირექტორი იყო. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა – კარგი ლიტერატორი, პოეტი, მოლექსე, ფოლკლორისტი, ივრის ხეობაში ცნობილი მონადირე… დროის უმეტეს ნაწილს შრომასა და წერა-კითხვაში ატარებდა. მკაცრი არ იყო, უფრო მომთხოვნი იყო – მისი შვილი ან საქმით უნდა ვყოფილიყავი დაკავებული, ან წიგნის კითხვით. უქმად ჯდომის უფლება არ მქონდა. მეხუთეკლასელი უკვე საბავშვო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ (შემდეგ „ნერგი“) ნორჩკორი ვიყავი. რედაქცია წერილებს მიბეჭდავდა და უზომოდ მიხაროდა. ათი წლისას უკვე გაზეთი მიყვარდა და სამომავლო პროფესიაც არჩეული მქონდა. მეშვიდეკლასელი, სხვა ცამეტ ნორჩკორთან ერთად, რედაქციამ „არტეკის“ საგზურით დამაჯილდოვა და უბედნიერესი ვიყავი. ეს იყო ულამაზესი და დაუვიწყარი პერიოდი ჩემს ბავშვობაში.
გავიზარდე ულამაზეს გარემოში. მამას მეგობრები იყვნენ: ცნობილი მწერლები, პოეტები, მეცნიერ-მუშაკები, მოლექსე-მოკაფიავეები. ისინი ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ და მათ სუფრაზე ისმოდა მხოლოდ პოეზია, კაფიაობა… საუბრობდნენ საქართველოს ისტორიაზე, გმირ წინაპრებზე… რამდენს ვსწავლობდი (სუფრასთან მისვლას როგორ გავბედავდი!)… ეს ყველაფერი ძალიან მყარად ჩაჯდა ჩემს გონებაში, მეხსიერებაში და მეც ასე მოვდივარ.
– გვიამბეთ კოჭბანზე… მის საოცარ ისტორიაზე…
– ჩემი მშობლიური სოფელი არის კოჭბანი. თავად ტოპონიმის („კოჭბანი“) შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად სარწმუნოა შემდეგი: ჩვენს ტერიტორიაზე თამარ მეფეს თავისი ამალით გაუვლია. ზაფხული ყოფილა და მდინარე იორში (ალბათ, გაშლილ კალაპოტში) მეფე ფეხშიშველი გასულა, წყალი კოჭებამდე მოწვდენია და „მეფეს კოჭი დაებანაო“ – უთქვამთ. ასე დაერქვა ჩემს სოფელს კოჭბანი. ჩვენიდან სანამ ნასოფლარ ბოტკოში ახვალთ, შეგხვდებათ კლდიდან გამომავალი ძალიან ცივი ჩუხჩუხა წყალი. ცხადია, მეფის ამალა ზაფხულში აქ წყალს დალევდა და სახელიც ასეთი ეწოდა: „თამარის წყარო“. ამ ადგილს დღესაც ასე ვახსენებთ ხოლმე: „თამარის წყალთან ვიყავიო…“
ჩემი სოფლის ტერიტორიაზე 27 ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლია. ჩემი ყოფილი პედაგოგი, დამსახურებული მასწავლებელი ხარიტონ ციცხვაია თავად თხრიდა ქვა-ყუთის სამაროვნებს, ხვნის დროს ხან გუთანი ამოყრიდა ხოლმე თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს, შუბებს, ისრებს, მძივებს… ეს ყველაფერი ხარიტონ მასწავლებელმა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა და იქ არის დაცული.
– თქვენ მამის გარდაცვალების შემდეგ კოჭბანის სკოლას ჩაუდექით სათავეში და გადაარჩინეთ დახურვას…
ჩვენი სოფლები (გომბორის მხარე) მოსახლეობისგან დღესაც იცლება. დედაქალაქთან სიახლოვემ (50 კმ.) ხელი შეუწყო მიგრაციას. მოსწავლეთა მცირე კონტინგენტის გამო ერთიმეორის მიყოლებით დაიხურა ექვსი სკოლა, ამის გამო გაჩნდა სამ და ოთხკომლიანი სოფლები… ჩვენი სკოლაც ანალოგიური საფრთხის წინაშე იდგა. მამა ძალასა და ენერგიას არ ზოგავდა საგანმანათლებლო დაწესებულების შენარჩუნებისათვის. ძალიან უყვარდა თავისი კუთხე. ვერ წარმოედგინა სხვაგან ცხოვრება და სამუშაოდ გადასვლა. არადა, იმდროინდელმა კომპარტიის საგარეჯოს რაიკომის პირველმა მდივანმა მედეა მეზვრიშვილმა (ინსტიტუტისდროინდელი მეგობრები იყვნენ) უამრავჯერ შესთავაზა: რეზო, გადმოდი რაიკომში ინსრუქტორად ან განყოფილების გამგედ, შენისთანა მუშაკი მჭირდებაო… მაგრამ მამამ უარი თქვა საგარეჯოში სამსახურზეც, სამოთახიან ბინაზეც და თავის მხარეს უერთგულა.
1990 წელს მამა, გულის შეტევის გამო, მოულოდნელად გარდაიცვალა. იმდროინდელმა განათლების განყოფილების გამგემ ნუგზარ ჭანტრურიამ მითხრა: „სკოლას ახლა შენ უნდა გაუძღვე, შვილო. წინ დიდი ბრძოლა გელის და იცოდე, ყველაფერს გმირულად უნდა შეხვდე!“ მოულოდნელი ტრაგედიისაგან გულგატეხილი შევეჭიდე დიდ საქმეს – სამი სოფლის სიცოცხლის ერთადერთ ნიშანწყალს – მოსწავლეთა მცირეკონტინგენტიან სკოლას უნდა ეარსება… მამასავით მეც უარი ვუთხარი ქალბატონ მედეას (მაშინ უკვე კახეთის გუბერნატორი იყო) შეთავაზებაზე, რომ თელავში კახეთის რეგიონული გაზეთის რედაქტორად წავსულიყავი.
1997 წლის ბოლოს მოულოდნელად სკოლაში მომივიდა რაიონული გამგეობის დადგენილება – ჩვენი არასრული საშუალო სკოლის ელემენტარულ (ექსვსწლიან) სკოლად რეორგანიზების თაობაზე. ცხადია, ეს იყო პირველი ნაბიჯი და მალე ისიც ლიკვიდირებული იქნებოდა. რა საცოდავია ის, ვინც არ იცის, რომ ქართულ სოფელში ქართული სკოლის დახურვა უდრის იმ სოფლის სიკვდილს. ვის დავახურინებდი 1922 წელს დაარსებულ სკოლას?!
– ვიცი, რომ დაიხმარეთ მეგობარი ჟურნალისტები, მიმართეთ განათლების სამინისტროს, „ჩაიცვით რკინის ქალამანი, ხელში დაიკავეთ რკინის ჯოხი“…
– მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი… ასე იყო, მართლაც… სამჯერ ვესტუმრე რაიონის გამგებელს კაბინეტში – მოვითხოვე დადგენილების გაუქმება… გამგებელი ძალიან კულტურული ადამიანი იყო და ბოდიში მომიხადა, სხვამ შემიყვანა შეცდომაშიო. გააუქმა დადგენილება და დარჩა ჩვენი სკოლა ისევ არასრულ საშუალოდ. დღეს სკოლა საჯაროა.
– თქვენგან მომისმენია, რა გაუსაძლის პირობებში მუშაობდით თქვენ და მასწავლებლები სკოლაში…
– ჩემი სკოლის დირექტორობა (1990-1999 წ.წ.) დაემთხვა უშუქობის, უგაზობის, გაყინული ხელფასების (თანაც რუსული ფული, კუპონები, 12 ლარი) პერიოდს. ძლივს ვინარჩუნებდი პედაგოგიურ კადრებსა და მოსწავლეთა კონტინგენტს. მეხვეწებოდნენ მასწავლებლები: „გაგვიშვი სახლში, რაც შენ ხელფასი უნდა მოგვცე, ერთ ცხვარს გავყიდით და ის აანაზღაურებსო“.
რამდენჯერ დამიჩოქებია პედაგოგებისთვის, რომ სკოლაში საათები არ მიეტოვებინათ. გაუძლეს ყველაფერს გმირმა მასწავლებლებმა: ქეთევან შოშიაშვილმა, ანგელინა ნადირაძემ, მაია ბალიაურმა, მაია დიდებაშვილმა, ნატო პაპუაშვილმა… 2-3-4 კმ-ით დაშორებულ სკოლაში სიარულისას ხან წვიმა გვასწრებდა გზაში, ხან სეტყვა, არც მგლის შემოყრა იყო გამორიცხული. მუხლამდე, წელამდე თოვლიც გვიკვალია, ტალახში ფეხსაცმელიც ჩაგვრჩენია; ხშირად წვიმისაგან დასველებულებს და მერე კაბაგაწურულებს, სველი ფეხსაცმლით მდგართ, გვიტარებია 6 გაკვეთილი.
უჭირდათ მოსწავლეთა ოჯახებსაც…
ცოფურაშვილების ცხრაშვილიანი ოჯახიდან 4 ბავშვი ჩვენს სკოლაში დადიოდა. რამდენიმე დღე აღარ ატარა მამამ ბავშვები სკოლაში. მივაკითხე. მეუბნება ცხრა შვილის მამა: „გვიჭირს, აი ხომ ხედავ, წინდებიც არ აქვთ ჩემს შვილებს, ფეხშიშველები მყავს ბავშვები, რა ვქნა?“ იმავე ღამეს დავსხედით მე, დედაჩემი, მამიდაჩემი და ოთხი წყვილი წინდა მოვქსოვეთ. მეორე დილით მივუტანე და წამოვიდნენ გაკვეთილებზე.
ჩვენს სკოლას ჰქონდა 0.25 ჰა მიწის ხეხილიანი ფართობი. ყოველწლიურად სკოლაში მიგვქონდა ხუთი ტონა ვაშლი და დერეფანში, თაროებზე, ვაწყობდით. მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი მოსწავლეები დასვენებებზე ვაშლს ჭამდნენ.
მაშინ არ იყო ფული, ბენზინი… ერთ ტომარა სიმინდსა და ხორბალს ვცვლიდი კუსტარულად გამოხდილ საწვავში, ვუსხამდი ჩემს ნამოწაფარს მანქანაში და ისე მომქონდა 55 კმ-ით დაშორებული განათლების განყოფილებიდან ახალი სახელმძღვანელოები, რომ პირველ სექტემბერს მოსწავლეებისთვის გადაგვეცა.
– რა შეღავათი ექნებათ მასწავლებლებს და მთის სოფლებს მთის კანონის მიღებით? რა არის დღეს მთის სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა?
– წლეულს, პირველი იანვრიდან, ამოქმედდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და ძალაში შევიდა პირველი სექტემბრიდან. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლების პედაგოგებისათვის განისაზღვრა სახელფასო დანამატი 35%-ისა, ცალკეულ პროექტებში მონაწილე მთაში სამუშაოდ წასული მასწავლებლები კი 50%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ. ეს დიდი წახალისებაა და გაწეული შრომის კარგი ანაზღაურებაა. ამ კანონის ძალაში შესვლით, ალბათ, გვეშველება მთიელებს: იქნებ შეჩერდეს მიგრაცია, შეიქმნას მცირე საწარმოები და სამუშაო ადგილები, მოიმატოს შობადობამ და ა.შ.
– რა არის ყველაზე დიდი პრობლემა სკოლაში?
– თანამედროვე სკოლას ბევრი პლუსი და მინუსი აქვს. ჯერ ერთი: მასწავლებელთა ატესტაცია (სერტიფიცირება) ამ ფორმით არ უნდა ტარდებოდეს. როგორ, შენ, განათლების სამინისტრო საქართველოს არცერთ უმაღლეს სასწავლებელს არ ენდობი და მათი მომზადებული კადრი კიდევ გამოცდაზე გაგყავს? ჩვენ, პედაგოგებს, გვქონდა არაჩვეულებრივი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტი. მუშაობდნენ სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორები, უნიჭიერესი მეცნიერ-მუშაკები და სამ წელიწადში ერთხელ ერთთვიან კურსებზე მივდიოდით. გვაცნობდნენ სიახლეებს ამა თუ იმ საგნის სწავლების მეთოდიკაში, შემდეგ ვაბარებდით გამოცდებს და ვბრუნდებოდით სკოლაში სიახლეებით. ჩვენს სკოლებში აღარ ისწავლება საგანი „ქართული ენის გრამატიკა“ (კიდევ კარგი, სულმნათი აკაკი შანიძე არ მოესწრო ამ დღეს). აღარ ისწავლება საგანი „საქართველოს ისტორია“ და სხვა საეჭვო საგნების (აღარ ვასახელებ, მკითხველი მიხვდება). სწავლებით გვინდა პიროვნების განვითარებას შევუწყოთ ხელი. შე დალოცვილო, ასწავლე ჩვენს ბავშვებს საქართველოს ისტორია გმირი წინაპრებისა და წმინდანთა ცხოვრება, შეაყვარე წინაპართაგან დატოვებული სამი საუნჯე: „მამული ენა, სარწმუნოება“ და ექნება შენს მოსწავლეს ღირსების გრძნობა.
დღეს სკოლებში ბევრი ძალიან კარგი პედაგოგი მოღვაწეობს, მაგრამ ბევრსაც სამზითვოდ აქვს დიპლომი აღებული და არ იციან პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი და გაკვეთილებზე შედიან. მარტო საგნის ცოდნა პედაგოგობას არ ნიშნავს. არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა. ჩაცმა-დახურვის, მეტყველების, ქცევის მიხედვით შეატყობდი, რომ ისინი ნამდვილი პედაგოგები იყვნენ.
დღეს მე სკოლის დირექტორად აღარ ვივარგებდი, რადგან არ შევუშვებდი გაკვეთილზე მინიკაბიან, მკერდმოშიშვლებულ, ბიუსტჰალტერის სამხრეებგამოჩენილ (ბავშვი რომ ხედავს, რა ფერის აცვია), დუნდულებზე შარვალშემოტკეცილ მასწავლებლებს… ამის გამო განათლების სამინისტრო ხომ მომხსნიდა დაკავებული თანამდებობიდან (არადა, ქალს, რომელსაც ამხელა შრომითი სტაჟი მაქვს, სამსახურში ჯერ შენიშვნა არ მიმიღია).
– კოჭბანში და მის მიმდებარე სოფლებში ფშავლები, ხევსურები, მთიულები, გუდამაყრელები ცხოვრობენ. თითქმის ყოველი მეორე მელექსეა. ქართული ხალხური პოეზიის მე-12 ტომშია შესული მამათქვენის შეგროვებული ლექსები. დღეს რა ვითარებაა? ალბათ შემცირდნენ მოლექსეებიც…
– გომბორის მხრის სოფლებში საქართველოს მთიანეთიდან ჩამოსახლებული მთიულები, გუდამაყრელები, ფშავლები და ხევსურები ცხოვრობენ. პოეზიით სუნთქავენ, თითქმის ყოველი მეორე ლექსობს, კაფიაობს… მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა მათ შემოქმედებას და რაიონულსა თუ პერიოდულ პრესაში ბეჭდავდა. მისი შეგროვებული მასალა შესულია ქართული ხალხური პოეზიის თორმეტტომეულის მეთორმეტე ტომში. ფოლკლორს გვაგროვებინებდა ჩვენც, მის მოსწავლეებს, და იმ პერიოდიდან დღემდე ფურცელ-ფურცელ ვაკოწიწებ ჩემი ხალხის ყველა ლამაზ ბწკარედს.
– თქვენ გამოეცით მოლექსე-მოკაფიავეების კრებული, ორჯერ…
– მე და ისტორიკოსმა ალექსანდრე ნეკრესელაშვილმა შეკრებილი მასალა 1999 წელს წიგნად გამოვეცით და ვუწოდეთ „გომბორელი მოლექსეები“. ხოლო 2011 წელს ხელმეორედ გამოვეცი განახლებული, გამდიდრებული წიგნი „ლექსობენ მთიელები“, რომელშიც შევიდა 46 ავტორის კაფია- გალექსებანი. ჩვენებური მოლექსეები არიან ხალხური შემოქმედების საღამოების, ფესტივალების მონაწილენი, ლაურეატები… მათი გაცნობა უნდოდა ვახუშტი კოტეტიშვილს. დავპატიჟე დიდი ფოლკლორისტი და 1990 წელს ივრის ხეობაში ფშავ-ხევსურული ლექსის დიდი ზეიმი გავმართეთ. დასანანია, რომ ცოცხლად მოკაფიავეები მიდიან იმქვეყნად და ბევრი აღარ დარჩა.
– თქვენი მამის პაპაც მოლექსე იყო… თქვენ არ წერთ ლექსებს?
– მამაჩემის პაპა გახლდათ ყრუვ გიორგი (გიორგი მგელიაშვილი) – ფშაური კაფიის დიდოსტატი, 84 წლისა გარდაიცვალა. ხალხური პოეზიის თითქმის ყველა წიგნში შეხვდებით მის კაფია-გალექსებანს, 40 წლის წინ კი ცალკე წიგნად გამოიცა ყრუვ გიორგის „კაფიები“. ამ კარგი კაცის ნიჭი გამოჰყვათ მის შვილებსა და შვილიშვილებს: რევაზ არჩემაშვილს, ელიზბარ მგელიაშვილს, მამა-შვილ ნიკო და გია მგელიაშვილებს, თინიკო მგელიაშვილს, თინათინ გელიაშვილს (მწერალს, 40-50-იან წლებში გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქტორს). უფალმა მე არ დამასაჩუქრა პოეტური ნიჭით, სამაგიეროდ შემოქმედ ადამიანთა სიყვარულის ნიჭი მაჩუქა და მადლიერი ვარ!
დიდი პაპის ერთ კაფიას გეტყვით: ბებოჩემის ერთი და გათხოვილი იყო დუშეთის რაიონის სოფელ ხეობაში, ჩხუტიაშვილების ოჯახში. ყრუვ გიორგი სტმრად სწვევია ქალიშვილის ოჯახს და სახლში მხოლოდ მისი მაზლი დახვედრია. მძახალს სასწრაფოდ სუფრა გაუწყვია და დაიწყეს ქეიფი. არაყი გამოლევიათ და მასპინძელ ჩხუტიაშვილს ყრუვ გიორგისათვის უთქვამს:
– რო გაგვითავდა არაყი,
რაღა ვქნათ, ჩემო მძახალო?
– უნდა წახვიდე, იშოვო,
თავი ქვას უნდა ახალო!
უთქვამს ყრუვ გიორგის. კაფიის ასეთი ძლიერი ოსტატები იყვნენ წინათ.
– ალბათ ვაჟა-ფშაველაზეც გექნებათ წინაპრებისგან გაგონილი… იცნობდა ხომ თქვენს მხარეს?
– წინაპართა გადმოცემით ვიცი, რომ ვაჟა-ფშაველა კარგად იცნობდა ჩვენს სოფლებს. ამის დასტურია მისი პოემა „ივანე კოტორაშვილის ამბავი“. ვაჟა წერს: „წავიდა იალნოს ძირზე, ტყე-ტყე მგელივით დიოდა“ (ივანე კოტორაშვილი). ერეკლე მეფესთან დედის დასმენითა და თხოვნით, დროებით უიარაღოდ დარჩენილი ივანე, აქ გადაეყარა ორმოც ლეკს, რომელთაც ბელადი თან ჰყავდათ. ვაჟა წერს:
„იქ, გაღმა, სერზე, ტყეშია,
ჯერაც დგას ძველი საყდარი,
ერთი კარი აქვს მარტოკა,
სხვა შესავალი არ არი“.
დელგმისაგან შეშინებული ლეკები სწორედ ამ საყდარში შეეფარნენ და ღამის გათევაც აქ გადაუწყვეტიათ. ივანემ თხელი სიპი ქვით კომბალი გამოჭრა და ბინდისას
„რამდენიც მოკლა, იმდენი
ლეში ჭალაში ჩაჰრია“.
– კოჭბანში 1976 წლიდან ტარდება ვაჟაობა, მაშინ სკოლაში დადიოდით. გაიხსენეთ ის დღე, როცა დაარსდა ვაჟაობა… წელს თქვენ იყავით ვაჟობის ინიციატორი და მამის ტრადიციას აგრძელებთ…
– 1976 წელს ჩვენი სოფლის ყრილობაზე, ალექსი არაბულის იმნიციატივითა და ჩვენებურთა დიდი მხარდაჭერით, გადაწყდა – ყოველ ზაფხულს, ივლისის თვეში, კოჭბანში, ივრისპირზე, გამართულიყო ლიტერატურულ-სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“. ყოველწლიურად მამა ორგანიზატორობდა ამ ღონისძიებას და ჩვენთან სტუმრად ჩამოდიოდნენ: მწერლები, მეცნიერები, სახალხო მთქმელები… უცხოელი მწერლები და ჟურნალისტები, სტუმრები დუშეთის, თიანეთის, ახმეტის, თელავის რაიონებიდან და ეს იყო ულამაზესი დღესასწაული. მამა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ზეპირად მცოდნე იყო, 36 პოემა იცოდა და ორი თვით ადრე იწყებდა სამზადისს. ვსწავლობდით ვაჟას ლექსებს, პოემებს, ვმართავდით კონკურსებს ქართული პოეზიის არწივის შემოქმედების ცოდნაში. მერე თანდათან მეც ჩავერთე საორგანიზაციო საკითხებში. წლეულსაც კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელობამ მთხოვა დახმარება და მეც სიამოვნებით დავთანხმდი.
– თქვენ ხართ სალიტერატურო-საგანმანათლებლო ჟურნალ „ქართველების“ მთავარი რედაქტორი. ვინ არის თქვენი ჟურნალის მკითხველი… დღეს ასე ენთუზიაზმით ჟურნალის გამოცემა ხომ სირთულეებს უკავშირდება…
– ამჟამად ვარ საგანმანათლებლო-სალიტერატურო ჟურნალ „ქართველების“ მთავარი რედაქტორი. ამ ჟურნალში შეხვდებით ადამიანებს, რომელთათვისაც ძვირფასია საქართველო და ქართველობა. აქ წაიკითხავთ იმ „უსახელო უფლისციხელების“ შესახებ, ვინც ერთგულად (ანგარების გარეშე) ემსახურა და ემსახურება თავის ქვეყანას, ხალხს, ქრისტიანულ სარწმუნოებას, ქართულ ენას… და ჯილდოები და ტიტულები არ მოუთხოვიათ. ამ ჟურნალის სტუმრები არიან „მწვერვალები ნისლს მიღმა“ (რომან ზუკაკიშვილი).
ჟურნალი „ქართველები“ დალოცა, მოსწონს გამოცემა და გვერდით მიდგას ჩემი უსაყვარლესი მოძღვარი მამა გიორგი (პავლოვი), გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელი. სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამართულ ჟურნალის წარდგინებაზე გვეწვია და დაგვლოცა უსაყვარლესმა მოძღვარმა, „ამღერებული ლექსების“ ავტორმა, დეკანოზმა თავმას ჩოხელმა.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვუყურებდი ქვეყნისა და თავისი ხალხისათვის თავდადებულ ადამიანებს (ქართველებსა და არაქართველებს). მათ თავის გამოჩენის სურვილი არასოდეს ჰქონიათ. უდიდესი სურვილი მქონდა, გამეცნო ისინი მკითხველისათვის (დიდხანს ვითანამშრომლე „ივრის განთიადსა“ და „საქართველოს რესპუბლიკაში“, ნაწილობრივ ეს სურვილები ავიხდინე). მინდოდა, მქონოდა საკუთარი ჟურნალი, რომლის საშუალებითაც ამ ხალხს უფრო მეტად გავაცნობდი ქვეყანას. ამის შესახებ ვესაუბრე ქ-ნ მადონა სავიდს, ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტს. მან მირჩია: „ლეილა, ამ ჟურნალის სახელწოდება იქნება „ქართველები“. უზომოდ გამიხარდა და დავუჯერე. არჩევანი თითქმის ყველას მოეწონა. ამ ჟურნალის მკითხველები არიან ის ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და ყველაფერი ქართული. ჟურნალს ჩემი ძმა აფინანსებს. წლეულს ჩემი ოჯახის წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო (საავადმყოფო, რეანიმაცია, მერე რეაბილიტაცია) ვერ გამოვეცი ჟურნალი, ჩემი მკითხველი გავანაწყენე; ამის გამო ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ჟურნალის გამოცემაზე მთავარი, ვფიქრობ, სიცოცხლეა. ვპირდები მკითხველს – მალე გავანებივრებ ახალ-ახალი ნომრებით.
-„ქალთა საბჭომ“ კოჭბანსა და ვერხვიანში ორი დიდი საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარა… რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მანდაური მოსახლეობისთვის?
– ამჟამად საგარეჯოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარის (თამარ საგინაშვილი) მოადგილე ვარ. ჩვენს ორგანიზაციას სამოცდაათწლიანი სახელოვანი ისტორია აქვს. მხარში ვუდგავართ გარეჯელ ქალბატონებს. გავმართეთ უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება, გარეჯელი ნიჭიერი ქალბატონების ნამუშევართა გამოფენა, შევხვდით შემოქმედსა და ღვაწლმოსილ ქალბატონებს. გვაქვს ლიტერატურული სალონი. თბილისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი გუჯაბიძემ სამჯერ გამოგვიგზავნა მაღალკვალიფიციურ ექიმთა ბრიგადა მთის სოფლების მცხოვრებთა ჯანმრთელობის უფასო კვლევის მიზნით. გომბორელებმა, რუსიანელებმა, ვერონელებმა, კოჭბანელებმა, გორანელებმა, ვერხვიანელებმა… დაახლოებით 500-მა ადამიანმა გამოიკვლია უფასოდ თავისი ჯანმრთელობა. ჩვენი ხალხი სწორედ უფულობის გამო ვერ მიდიოდა ექიმებთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქ-ნ ლალი გუჯაბიძეს!
– ახალგაზრდებზე რას გვეტყვით? რამდენად უყვართ წიგნი? რამდენად განათლებული თაობა მოდის?
– 22 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს. კარგად ვიცნობ ახალგაზრდობას, ვიცი მათი ფიქრები, ოცნებები, შეხედულებები, გემოვნება… მიხარია, რომ ძალიან ბევრი კარგია და მალე ისინი გახდებიან ჩვენი ქვეყნის პატრონები. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას!
იმას თუ ვაყვედრით, რომ წიგნს კომპიუტერი ურჩევნიათ, ამაში მთლად არც ისინი არიან დამნაშავენი. ჩვენთან სამი სასოფლო ბიბლიოთეკა იყო, გომბორსა და მის მიმდებარე 4 სოფელში. 2003-2004 წლებში ყველა დაგვიხურეს. სად წავიდეს ბავშვი მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად? ყველა ოჯახს ხომ არ აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა? სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი რომანიდან, მოთხრობიდან ნაწყვეტის შესწავლის შემდეგ ბიბლიოთეკაში ვგზავნიდი მოსწავლეებს, რომ იმ მწერლის სრულტექსტიანი წიგნი მოეძიათ, გამოეტანათ და წაეკითხათ. ახლა უნდა დაჯდეს ბავშვი კომპიუტერთან, ნახოს წიგნი, იჯდეს საათობით და იკითხოს ტექსტი. სადღაა წიგნის განუმეორებელი სურნელი? მხედველობასთან დაკავშირებულ ნაადრევად გაჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით რომ აღარაფერი ვთქვათ… მჯერა, მალე დადგება დრო – ახალგაზრდობა წიგნს მიუბრუნდება.
– თქვენ უამრავ მწერალთან მეგობრობთ… თქვენი საყვარელი მწერალი?
– ჩვენს ოჯახში ბავშვობიდან ვხედავდი მწერლებს. ისინი უყვარდა მამას და მეგობრობდა მათთან. იმ პერიოდიდან გახდნენ ისინი ჩემთვისაც ძვირფასნი – გაღმერთების გზაზე შემდგარი ხალხი. თუ გინდა, რომ წინაპართაგან დატოვებული ეს ძვირფასი საუნჯე „მამული, ენა, სარწმუნოება“ გადაარჩინო, მწერალს უნდა უსმინო… მაგრამ ბევრი სატელევიზიო არხი ეთერს არ უთმობს მათ.
ბევრი მეგობარი მწერალი მყავს, მათ გარეშე მე ვერ ვიცოცხლებ. მამდიდრებენ… ბევრის მიმართ „გარდარეული სიყუარული“ მაქვს: ერთი დღე შოთა ნიშნიანიძის პოეზიით ვცოცხლობ; მეორე დღეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობა რომ არ წავიკითხო, შეიძლება მოვკვდე; მესამე დღეს ნოდარ დუმბაძე მენატრება და 220-ედ ვკითხულობ მის ნაწარმოებებს; მეოთხე დღეს ვგრძნობ ტარიელ ხარხელაურის პოეზია მომნატრებია და სანამ არ წავიკითხავ, საჭმელიც არ მინდა; მეხუთე დღეს ჩემი დავით გურამიშვილით ვსულდგმულობ… ძნელია, მაგრამ გამოგიტყდებით: დიდი ვაჟა-ფშაველა იყო, არის და იქნება ჩემთვის ღმერთკაცი.
„რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!“
(„დამსეტყვე, ცაო!“)
ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპი.
– ლეილა არჩემაშვილის ერთი დღე…
– ჩემი დღე მუდამ დილის 6 საათზე იწყება, ბავშვობიდან ასე ვარ მიჩვეული. აუცილებლად უნდა გადავხედო ინტერნეტსიახლეებს, ჩემს მეგობრებს მივულოცო წელიწადის ყველაზე ლამაზი და საყვარელი დღე მათ ცხოვრებაში – როცა ისინი მოევლინნენ ამ ქვეყანას და გავდივარ საქმეზე… ქალს რა გამოულევს საქმეს ოჯახში… მერე ჩემი ჟურნალისათვის საჭირო ახალ მასალებზე მუშაობა… ყველაზე მთავარი, რაც უდიდეს სიხარულს მანიჭებს – ჩემ გარშემო სოფლად მცხოვრები მარტოხელა 80 წლის მოხუცებისთვის მომსახურება: ერთს წამალი უნდა; მეორეს ფეხები სტკივა და მაღაზიიდან პურის მოტანა; მესამეს – წნევის გაზომვა (კიდევ კარგი, ექთანმა მამიდამ მასწავლა); მეოთხე შვილმა გააბრაზა და გულის ჯავრი რომ ამოყაროს, კარგი მსმენელი უნდა; მეხუთე ქალაქიდან ჩამოსულმა რძალმა მოშხამა და უნდა დაამშვიდო, თან საჩუქარი უნდა გაატანო, რომ აღელვებამ გადაუაროს… ვფიქრობ, მათ რაღაცით ვშველი, თითქოს სიცოცხლე ვუხანგრძლივებ და ამ ყველაფერს უფალი ხედავს, მოხუცებულთათვის სიკეთის ქმნა უდიდეს სიხარულს მანიჭებს, მათი სიხარული მიხარია და ბედნიერი ვარ… ცხოვრებისეულ რამდენ სიბრძნეს ვისმენ მათგან (ამ ყველაფერს უცებ ჩავნიშნავ ხოლმე ბლოკნოტში). მერე რა, რომ ჩემი საქმის სისრულეში მოყვანა მიგვიანდება, საღამოს დავჯდები და ვიმუშავებ… რა ტკბილები არიან ბებოები…
თამარ შაიშმელაშვილი