დავით ონოფრიშვილი პარლამენტის უმცირესობას: მოსახლეობას ნუ აშინებთ

  „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრაწლიანი მოღვაწეობის პერიოდში თავისი პოლიტიკით მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი დავით ონოფრიშვილი პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს. როგორც დავით ონოფრიშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, დღევანდელი უმცირესობის წევრები საკუთარი სითავხედით გამოირჩევიან.

„ახლა რაც ჩვენ ვნახეთ, ეს ხალხი იყო ხელისუფლებაში 9 წელი, რომელიც შეურაცხყოფას მოსახლეობას თავისი პოლიტიკით აყენებდა. დღეს ესენი ცოტა არიან და თავიანთი სითავხედით, უხეშობით და შეურაცხყოფით გამოირჩევიან. ტოტალური კონტროლით მოსახლეობას ნუ აშინებთ. თქვენი არავის ეშინია და ეს მოსახლეობამ 2012 წლის ოქტომბერში დაგანახათ, თქვენნაირები მიაჩუმეს და მოიგეს არჩევნები. ჩვენს ხელისუფლებაში არც საბანკო და არც არავისი პირადი ანგარიშების კონტროლი არ იქნება. ეს კანონი ეხება ტერორიზმის დაფინანსებას და ფულის გათეთრებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიას არ აქვს საზღვარი, ეს სამსახური ჩამოაყალიბა ადეიშვილმა და დღეს გინდათ თქვათ, რომ იყო ნეიტრალური სამსახური? პროკურატურამ დააკომპლექტა ეს კადრები. თქვენს აშენებულ დემოკრატიას ვხედავთ, რაც არის დღეს. ამიტომ ჩვენ სხვა ქვეყანას ვაშენებთ. ეს სამსახური უნდა ემორჩილებოდეს პრემიერ-მინისტრს და სხვა არცერთ უწყებას. როდესაც თქვენ გინდოდათ ეროვნული ბანკი, რომელიც სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და აუდიტის სამსახური ჩართეთ, სწორედ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენეთ და ყველაზე დიდი დარტყმა თქვენ მიაყენეთ, როდესაც „ქართუ“ ბანკის გაკოტრება დაიწყეთ, ჩვენი მხარდამჭერების გაკოტრება და ასე შემდეგ. ეს იყო თქვენი რეალური სახე“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი “უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებას მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები