საპროცესო შეთანხმების საკითხზე ცვლილებები დამტკიცდა

    საქართველოს მთავრობამ საპროცესო შეთანხმების საკითხზე რამდენიმე ცვლილება დაამტკიცა. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დროს კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ აუცილებლად უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი, რაც სიახლეა. მინისტრის განმარტებით, ოქმში ასახული იქნება, თუ რაზე შედგა მოლაპარაკება, რაზე შეთანხმდნენ მხარეები და დადასტურებული იქნება მათ მიერ.
გარდა ამისა, თეა წულუკიანის თქმით, როცა საპროცესო შეთანხმება წარიგზავნება დასამტკიცებლად სასამართლოში, მოსამართლეს ექნება ვალდებულება, განუმარტოს ბრალდებულს იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რასაც გამოიწვევს მისთვის საპროცესო შეთანხმების დადება.
“კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარეობს სტრასბურგის განაჩენიდან საქმეზე: “ენუქიძე და გირგვლიანი”. ჩვენ ვაუმჯობესებთ და რეფორმას ვატარებთ დაზარალებულის უფლებების კუთხით და ვაუმჯობესებთ კანონს. როცა ეს კანონი შევა ძალაში, შემოვა ისეთი სიახლეები, როგორიცაა დაზარალებულად ცნობაზე უარის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრება სასამართლოში, აგრეთვე გასაჩივრდება პროკურორის გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარის ან სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებაც. გახსოვთ ისიც, რომ გირგვლიანის საქმეზე გარდაცვლილის დედას არ ჰქონდა არანაირი საშუალება, გასცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სხვათა შორის, ამისთვის დავისაჯეთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში და აქედან გამომდინარეობს სწორედ ის სიახლე, რაც დღეს დავამტკიცეთ პროექტის სახით.
ამიერიდან დაზარალებულს ექნება საშუალება, გამომძიებელმა მას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ასევე ექნება გამომძიებელთან ვიზიტის საშუალება, რომ ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერსს და, რაც მთავარია, სასამართლო პროკურორს ვალდებულება ექნება, სასამართლოში საქმის წარგზავნისას დაზარალებულს გააცნოს მასალები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ხდება, რაც მთავარია დაზარალებულის ინტერესი უფრო დაცული იქნება “, – განაცხადა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები