რატომ უნდა ვიაროთ უფროსებმა ხშირად თოჯინების თეატრში
თოჯინების თეატრის ჯადოსნური სამყარო ერთნაირად იზიდავს როგორც პატარა მაყურებელს, ასევე უფროსებსაც. თუმცა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორი მედეა ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ საჭიროა უფროსი თაობის მაყურებელი უფრო ხშირად ნახულობდეს თოჯინების თეატრის სპექტაკლებს. როგორ დავბრუნდეთ წარსულში და სად იყრიან ერთად თავს ჩვენი ბავშვობის ისტორიები, მედეა ჩარკვიანი „პერსონას“ მკითხველს მოუყვება.
– თოჯინების თეატრი კიდევ ერთ ფესტივალზე…
– ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი 1 ივლისიდან 3 ივლისამდე ლვოვის მე-2 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა სპეტაკლით: „ამბიციური ვირი“. ეს არის ქართულ-ხალხურ მოტივებზე აგებული ნაწარმოები. იმავე ფესტივალზე შარშან „წითელქუდა“ გვქონდა წაღებული, რომელიც ძალიან მოეწონათ. ეს იყო სპექტაკლი „ჩემოდანში“, სწორედ ეს სპექტაკლი წარვადგინეთ წელს სარაევოს მე-17 საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მცირე ზომის ნაწარმოების შექმნისათვის პრიზი დაიმსახურა.
– სარაევოს ფესტივალზე სპექტაკლი პირველად გქონდათ წარდგენილი?
– სარაევოს საერთაშორისო ფესტივალზე, არა მარტო ჩვენ ვიყავით პირველად, არამედ საქართველოდან აქამდე მიღბული არცერთ თეატრს არ მიუღია მონაწილეობა. ძალიან კარგი ფესტივალია, კარგად ორგანიზებული. 8 ქვეყანა მონაწილეობდა და, ვფიქრობ, ასეთი ფესტივალები აუცილებელია გამოცდილებისათვის, ურთიერთგაცვლისთვის, ზოგადად, მსახიობების ზრდისთვის და დასის წარმატებისთვის…
– რას ნიშნავს თქვენთვის თოჯინების თეატრის სამყაროში ცხოვრება?
– 10 წელია ამ თეატრის დირექტორი ვარ. ეს არის სამყარო, სადაც მისვლა უხარიათ არა მარტო პატარებს, არამედ მოზარდებსაც. ზოგადად, როცა ამ სამყაროში ცხოვრობ, გაცილებით უფრო ადვილია ცხოვრება, აქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ასეთი დასასრულით კი ყოველთვის გაქვს შთაბეჭდილება, რომ ცხოვრებაშიც ასე უნდა მოხდეს. ალბათ ასეც ხდება ხოლმე, უბრალოდ ამისთვის დრო და მანძილი არის საჭირო. თოჯინების თეატრი ეს არის ის სამყარო, სადაც ყველა ადამიანს ძალიან უყვარს ყოფნა. ამის დამსახურებაა, რომ მაყურებელი არ გვაკლია და კვირის განმავლობაში ხშირად გვაქვს ანშლაგი. ჩვენს სპექტაკლებზე დადიან პატარა მაყურებლებიც და უფროსებიც და ისინიც დიდი სიამოვნებით უყურებენ წარმოდგენას.
– დასრულდა რეაბილიტაცია და თეატრი განახლებული ძალებით განაგრძობს ცხოვრებას…
– დამთავრდა თეატრის რეაბილიტაცია და გვაქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი და განახლებული შენობა. შემოქმედებითი პროცესისითვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თეატრში მიმდინარე მოვლენები საუკეთესოდ წარიმართოს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვაქვს არა მარტო ერთი სცენა, 187 მაყურებელზე გათვლილი ჩვეულებრივი დახურული ტიპის დარბაზი, ასევე გვაქვს ექსპერიმენტული, ღია საზაფხულო სცენა. ჩვენთან ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლები ხშირად იდგმება და ძალიან საინტერესოა პატარა მაყურებლისთვის. ვფიქრობ, ჩვენი თეატრის ბაზაზე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, განახლებული და რეაბილიტირებული შენობა იძლევა იმის საფუძველს, რომ ძალიან ახლო მომავალში ჩვენთან თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდეს. ეს იქნება პირველი, ძალიან საინტერესო საერთაშორისო თოჯინური ფესტივალი საქართველოში, რომლის ორგანიზებაც დაწყებულია და ალბათ, 2017 წლისთვის აუცილებლად გაიმართება.
– პროფესიით ჟურნალისტი…
– წლების განმავლობაში ვმუშაობდი პრესაში, ტელევიზიაში. 8 წლის განმავლობაში ვიყავი ახალგაზრდული საქმეთა დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი. შემდეგ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პრესმდივანი. ბოლო 10 წელია, ვარ თოჯინების თეატრის დირექტორი.
– არასოდეს გიფიქრიათ, რომ სხვა სფეროში ყოფილიყავით?
– როცა თეატრის დირექტორობა შემომთავაზეს, მაშინ პრესსამსახურის უფროსი ვიყავი. ბევრი მეგობარი მყავდა თეატრმცოდნე, მსახიობები და ა.შ. ყოველთვის ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის ეს სამყარო. მაშინ გადავწყვიტე, რომ რატომაც არა. ვნახავ, როგორი იქნება ეს სამყარო, რომელიც ყოველთვის ძალიან მიზიდავდა. ჩემი ბავშვობა ამ თეატრში გავატარე, შაბათ-კვირას სპექტაკლებს არ ვაცდენდი.
ერთი საინტერესო ისტორია შემიძლია გითხრათ: სკოლა წარჩინებით დავამთავრე, ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში და პირველ წელს მოვიდა თავისუფალი თემა, რომელშიც ფრიადი დავიმსახურე – „რატომ არ კვდება ზღაპარი“. თუ დავუკვირდებით სათაურს, ძალიან ახლობელი კი არა, პირდაპირი პასუხია იმისთვის, თუ რატომ არ შეიძლება მოკვდეს ზღაპარი და რატომ არ შეიძლება მოკვდეს ის სამყარო, რომელიც ყველა ადამიანისთვის ძალიან ახლობელია. ჩვენ მაინც ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ეს სამყაროა, რომელიც გვაახლოებს ჩვენს ოცნებებს, ჩვენს სიხარულს, ჩვენს ბედნიერებას, განვლილ წლებს, რომელთა დაბრუნებაც თითქოს ადამიანს ყოველთვის გინდა. როდესაც ამ სამყაროში გიწევს ყოფნა, ყოველთვის ხვდები, რომ ხდები გაცილებით უკეთესი, ვიდრე ხარ. ყოველი ახალი სპექტაკლის შემდეგ, როცა გამოდიხარ დარბაზიდან, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ის სამყაროა, რომელიც ძალიან შენია. ვცდილობ, თითოეული მაყურებლისთვის ისეთი გარემო და პირობები იყოს შექმნილი, რომ არასოდეს მოუნდეთ სხვაგან წასვლა. ყოველ შემთხვევაში, სულმა აუცილებლად მოსთხოვოს, რომ კიდევ ბევრჯერ მოვიდნენ…
– ემოციები, რომელსაც მსახიობები მაყურებლისგან იღებენ…
– ის ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიცდით, არაჩვეულებრივი ემოციებია. ვუყურებთ და ვაკვირდებით ამ პატარა მაყურებლებს, ყველა პატარა კი არის დამოუკიდებელი სამყარო, დამოუკიდებელი პერსონა, ერთი – ძალიან საინტერესო მიკროსამყარო, რომელზე დაკვირვებაც მართლა ძალიან საინტერესოა. „ყველა ბავშვი რაღაც ფორმით გენიალურიაო“ – ჩარლი ჩაპლინმა თქვა და მე ვფიქრობ, რომ, მართლაც, არის დიდი გენიალურობა იმაში, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამ სამყაროს, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი ამ ერთი საათის განმავლობაში, რა ემოციებს იღებენ აქედან… უფროსებიც უფრო ხშირად რომ დადიოდნენ თოჯინების თეატრში, ვფიქრობ, უფრო უკეთესები გახდებოდნენ, ვიდრე არიან…
ნინო ჯაჯანიძე