სად გრძნობს ყველაზე კარგად თავს რეჟისორი გოჩა კაპანაძე

რეჟისორ გოჩა კაპანაძის სახელს საქართველოს თეატრების მასშტაბით არაერთი წარმატებული სპექტაკლი უკავშირდება. ამჯერად, თურქეთში, სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ცხინვალის თეატრის სპექტაკლმა „ჯაყო“, გოჩა კაპანაძის დადგმით, უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი აიღო. რეჟისორი მაყურებელს განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი სცენური გადაწყვეტით ყოველთვის აოცებს. სწორედ ამის გამოა, რომ გოჩა კაპანაძემ საუკეთესო რეჟისორის ტიტული მრავალჯერ მოიპოვა. 13566147_1335257313169540_1163901671_n

– ცხინვალის თეატრისთვის საზღვარგარეთ, საერთაშორისო ფესტივალზე გასვლის ეს პირველი შემთხვევა იყო. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, ყველა ჯილდო განსაკუთრებული და სასიხარულოა. იმედი მაქვს, რომ მომავალი ჯილდოები კიდევ წინ არის.
– თქვენთვის 2015-2016 წლები ჯილდოების მიხედვით ძალიან დატვირთულია…
– როდესაც ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ხარ, ჯილდო, რა თქმა უნდა, უფრო გიხარია და ძალიან კარგია, რადგან ეს თავის დამკვიდრებაში გეხმარება. საკუთარი ძალების რწმენას გაძლევს. თუმცა, ყველა ეტაპზე სასიხარულოა, როცა გაფასებენ. ჩემთვის ჯილდო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, იმიტომ რომ ადამიანები უფრო სხვა თვალით გიყურებენ. უფრო მეტი კრიტიკაა, უფრო მეტი მობილიზებაა საჭირო და არ გაქვს ჩაძინების უფლება. ამ დროს ადამიანების ყურადღების ცენტრში ექცევი. საერთოდ, ჩვენი პროფესია მაყურებლის გარეშე არაფერია და ჯილდოს შემთხვევაში მათი ინტერესი ორმაგდება…13552700_1335257363169535_507264915_n
– პიესებს როგორ ირჩევთ?
– პიესა და ნაწარმოები თავისი სათქმელით  ძალიან თანამედროვე უნდა იყოს. ძალიან უნდა მაწუხებდეს და ბევრი ფიქრის საშუალება მომცეს. არასოდეს ვიღებ პიესას ავტორის პოპულარობიდან გამომდინარე. შეიძლება ძალიან კარგია „ჰამლეტი“, „ოტელო“, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ბევრად საინტერესო შეიძლება იყოს სხვა დრამატურგია და სხვა პიესები. მთავარია, რა სოციალურ-პოლიტიკური და, საერთოდ, როგორი მდგომარეობაა იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობ. ხანდახან, სპეციფიკიდან გამომდინარე, როცა სპექტაკლს სხვა ქვეყანაში დგამ, ის სოციუმიც გასათვალისწინებელია. აუცილებლად უნდა გრძნობდე მაყურებლის პულსაციას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პიესა მე უნდა მომეწონოს, მასში უნდა დავინახო ჩემი სათქმელი, ტკივილი, ჩემი სიხარული და ა.შ.
– თუ არის რომელიმე ნაწარმოები, რომლის დადგმაც კონკრეტულად რომელიმე თეატრში გინდათ?13551155_1335257316502873_1888373021_n
– რა თქმა უნდა, ასეც ხდება. უყურებ მსახიობს, სხვა პიესაში, სხვა რეჟისორთან და ხედავ, რომ პიესა, რომელიც ძალიან მოგწონს, ეს მსახიობი ძალიან მიესადაგება იმ გმირს და სულ სხვა კუთხიდან და სხვა ფერით შეგიძლია გახსნა. მინდა გითხრათ, რომ მთელ ქართულ თეატრში, ყველაზე კომფორტულად მაინც რუსთაველის თეატრში ვგრძნობ თავს. ამ თეატრის ესთეტიკა ჩემთვის ძალიან ახლობელია. ამ თეატრში დავიწყე, როგორც მსახიობმა, მუშაობა და ძალიან კარგად მესმის იმ ფორმის, იმ შინაარსის თეატრი, დღეს რასაც წარმოადგენს რუსთაველის თეატრი. მის მსახიობებთან ბევრად უფრო მიადვილდება მუშაობა. ეს არის ის თეატრალური მოდელი, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. თუმცა, სხვა თეატრებშიც ძალიან ბევრი მაქვს დადგმული და არსად ვცდილობ, მოვახვიო თავს მათთვის უცხო და მიუღებელი მოდელი. ყველა სპექტაკლს აქვს თავისი ცხოვრება და ეს სივრცე, ატმოსფერო სულ თავიდან უნდა აღმოაჩინო და მსახიობები ძალიან მოულოდნელ სიტუაციებში მოახვედრო, რომ უფრო საინტერესო იყოს მათთან მუშაობა. ასე სპექტაკლიც უფრო საინტერესო გამოდის. ზოგჯერ ერთ დადგმაში ვერ ჩატევ ყველა სათქმელს და ფორმას, ყველა სცენურ გადაწყვეტას და მქონია შემთხვევები, ერთი და იგივე პიესა ბევრჯერ გამიმეორებია სხვადასხვა თეატრში, მაგრამ არცერთი არ ჰგავს მეორეს…
– მსახიობი, რატომ გადახვედით რეჟისურაში?13553365_1335257336502871_2065534251_n
– როდესაც სამსახიობოზე ჩავაბარე, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სარეჟისორო მინდოდა და მოსკოვში, „ვგიკი“-ში უნდა წავსულიყავი. თუმცა, იმ წელს სარეჟისორო არ იყო და გიზო ჟორდანიას სამსახიობო ჯგუფში ჩავირიცხე, რომელიც შემდეგ ცნობილი ჯგუფი გახდა. საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი გამოვიდა ჩვენი ჯგუფიდან: მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ჭოლა, ლევან ბერიკაშვილი, ირაკლი მაჭარაშვილი, ქეთი ჩხეიძე, ნინო თარხან-მოურავი, ნანა შონია, მაია ფაჩუაშვილი… ჯგუფიდან ათივე ჩაგვიყვანეს რუსთაველის თეატრში და საკმაოდ დიდხანს ვთამაშობდით.
მერე იყო 1990-იანი წლები, ძალიან გაძნელდა თეატრში მუშაობა. რეპერტუარი ცოტა მოირყა, რადგან მაყურებელი ნაკლებად იყო. უფრო საინტერესო რაღაცები ქუჩაში ხდებოდა, მიტინგები იყო, დაინგრა იმპერია და მეც გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის მეშველა. თეატრის გარეშე არაფერი მინდოდა და ისევ გადავედი რეჟისურაში. წავედი უცხოეთში, სარეჟისორო კურსები დავამთავრე და მერე დაიწყო და დაიწყო…
– ხართ რეჟისორი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა თეატრში აქვს სპექტაკლი დადგმული…
– თითქმის არა, მაგრამ უმეტესობაში კი… ძალიან მინდა, კიდევ ბევრში განვახორციელო. ეს არის ახლის ძიებაც და საკუთარი თავის განახლებაც… ყველა თეატრი ძალიან საინტერესოა, ყველგან არის დიდი სამსახიობო პოტენციალი, ძალიან შესანიშნავი მხატვრები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები… მე მიყვარს ყოველთვის ატმოსფეროს გამოცვლა. ერთ ადგილზე ყოფნა გაჩვევს რუტინას, საკუთარი თავის ტკბობას და მედროვენიც გაჩვევენ ამას ძალიან. მე კი, ეს არ მინდა. მირჩევნია, საკმაოდ ხშირად ვიცვალო ატმოსფერო და მრავალ საინტერესო ადამიანს შევხვდე. მრავალი საინტერესო არტისტი და ხელოვანია ქართულ თეატრალურ სივრცეში, ვისთანაც ჯერ არ მიმუშავია და ძალიან მინდა ვიმუშავო.
– რა არის თქვენთვის თქვენი პროფესია?13565412_1335257356502869_2002940162_n
– ჩემთვის ჩემი პროფესია არის ძალიან ბევრი რამის მატარებელი. პირველ რიგში, ეს არის ჩემი ცხოვრება, სიყვარული, ჩემი მეგობარი, ჩემი ზურგი და, რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესია არის მისიონერულიც. ჩვენ ცოტა დავივიწყეთ არტისტების პროფესიის ხიბლიც და პასუხისმგებლობაც. ეს არის საკმაოდ მაღალი რანგის პროფესია, თავის მისიით. არტისტი არის ძალიან თავისუფალი პროფესია, თეატრი არის თავისუფალი ადამიანების ადგილი და თავისუფალი ადამიანები ადგილობრივ და არსებულ პოლიტიკურ ელიტასთან ყოველთვის მოდიან კონფლიქტში. არტისტები არავის და არაფერს ექვემდებარებიან, როდესაც არის სათქმელი, პოზიცია… ვგულისხმობ, მაღალი რანგის არტისტებს. დაახლოებით ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძის რანგის არტისტებს,  რომელსაც ჰქონდა თავისი პოზიცია, თავისი კონსტიტუცია, თავისი შინაგანი სისუფთავე და ის კომპრომისზე წამსვლელი არ იყო. ძალიან ძნელია ამ კონსტიტუციით ცხოვრება, მაგრამ  როცა არტისტი გქვია, შენ ეს უნდა შეძლო. მე ჩემს ირგვლივ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრნი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი კონსტიტუციით ცხოვრობენ და არავითარ ცდუნებებს არ აყვნენ…13576402_1335257306502874_378022818_n
– ცხინვალის თეატრში მუშაობთ სპექტაკლ „კვაჭი კვაჭანტირაძეზე“…
– „კვაჭიზე“ მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია. თავითავად ღრმა ლიტერატურაზე და მრავალშრიან ლიტერატურაზეა ნაწარმოები. ძალიან დიდი, მასშტაბური და მონუმენტური ნაწარმოებია. რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ ამოვწურავდით, რადგან ზღვა არის და ოკეანეა. ძირითადი ხერხემალი დავიჭირეთ და ამას მივყვებით. იმედი მაქვს, რომ საინტერესო სამუშაო გველის. სეზონს ამ სპექტაკლით, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, გავხსნით. პრემიერა იგეგმება თეატრის 140 წლის იუბილეზე. ყველას გეპატიჟებით. იმედი მაქვს, ცხინვალის თეატრი ეს ის თეატრია, რომლის იუბილეც უნდა აღნიშნოს მთლიანად საქართველომ და მთელმა ერმა. ეს არ არის მხოლოდ თეატრი… ეს არის თატრი, რომლის უკან დგას ის ტკივილი, რაც გვახსენებს კიდევ ერთხელ და გვაბრუნებს იმ რეალობაში, რასაც ჰქვია, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის 140 წლის თეატრი… და, რომელიც საკუთარ ქვეყანაში არის ლტოლვილი…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები