ემოცია, რომელიც გაცვია…
ორიგინალური, ფერადი იდეა, რომელიც პოპულარული გახდა, ალტერნატიულ წინდებს გულისხმობს. რეზი ბესელაშვილი მეუღლესთან ერთად სამი თვეა მომხმარებლის კარგ განწყობაზე „Altersocks“-ით ზრუნავს. ფიროსმანი, ნაციონალური კერძები, მსოფლიო მხატვრები, – „Altersocks“-ის შემქმნელების მთავარი ინსპირაციის წყაროა. როგორ მიიღო მომხმარებელმა ქართული ბრენდის წინდა და რა სამომავლო გეგმები აქვს რეზი ბესელაშვილს…
– მე და ჩემს მეუღლეს, ნინა მენთეშაშვილს ბიზნესის გაკეთება გვინდოდა. ბევრი სხვადასხვა იდეა განვიხილეთ და სხვადასხვა მიზეზით არ და ვერ განვახორციელეთ. ბოლოს ნინას გაუჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ნახატიანი წინდები, ტრენდული თემით. ვიფიქრეთ, შევისწავლეთ ბაზარი, როგორი ფასებია, მოვიძიეთ მომწოდებლები, შევქმენით დიზაინი და შევქმენით „AlterSocks“-ი.
– „AlterSocks“-ი, – სახელი როგორ გაჩნდა?
– ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი, ერთფერიანი, სტანდარტული სადა წინდა და განსხვავებულია, სახელსაც უნდა გამოეხატა ჩვენი წინდის განსხვავებულობა. ორი იდეა გვქონდა, რას დავარქმევდით. რა თქმა უნდა, არ გვინდოდა გამეორება, აღმოჩნდა, რომ ერთი უკვე არსებობდა უცხოეთში და, შესაბამისად, დარჩა „Altersocks“-ი, ალტერნატიული წინდები.
– პირველი პროდუქტი…
– პირველი ეგზემპლარი, რაც გვქონდა, იყო ფიროსანის „მებადურის“ გამოსახულებით. თუმცა, გაყიდვაში არ ჩავუშვით, რადგან ამ წინდით ვისწავლეთ ბევრი რამ და გვინდოდა უფრო დახვეწილი ყოფილიყო, ვიდრე გამოვიდა პირველი ნიმუში. როდესაც შევქმენით სხვადასხვა დიზაინი და მათი ნიმუშები დავინახეთ, ძალიან მოგვეწონა, გაგვიხარდა და ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებასაც მოეწონებოდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვაჩვენეთ, მათაც ძალიან მოეწონათ და ამის შემდეგ ჩავუშვით წარმოებაში.
– როგორ ხდება ნახატის შერჩევა, რომელიც წინდაზე უნდა აისახოს?
– ბევრი იდეა გვაქვს ხოლმე. ზოგადად, საზოგადოებაში რამდენად პოპულარულია გარკვეული თემა, ამის მიხედვით განვსაზღვრავთ ხოლმე. მაგალითად, არის თუ არა მოდური, იცის თუ არა საზოგადოებამ, მოსწონს თუ არა ახალგაზრდას, ან იმაზე, ვისზეც არის გათვლილი. იყიდის თუ არა საჩუქრად და ა.შ. ვაკეთებთ ჩამონათვალს, რომელიც შემდეგ იფილტრება და შევჯერდებით კონკრეტულ იდეებზე შემდეგი კოლექციისთვის.
– გაყიდვადი რის მიხედვით არის – ფერების მიხედვით, თუ ამას ნახატი უწყობს ხელს?
– ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წინდა იყო ხინკლების გამოსახულებით, რომელსაც ფონად ყავისფერი აქვს. ვინაიდან ძალიან მოსწონდათ, ვიფიქრეთ, რომ მეორე ფერშიც საინტერესო იქნებოდა და გავაკეთეთ მეორე, ელექტრიკი ლურჯი, რომელიც ასევე, ძალიან პოპულარული გახდა. ერთ-ერთ წინდას, რომელზეც პლანეტები არის გამოსახული, შავი ფონი აქვს. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომ ფერის მიხედვით ხდება მომხმარებლისგან წინდის შერჩევა. ალბათ ნახატს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
– „Altersocks“-ის ბოლო ტენდენციები რა არის?
– პირველი კოლექცია დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გვქონდა და მესამე თვე რომ მიიწურა, გაყიდვაში ახალი კოლექცია, ახალი ნახატებით ჩავუშვით. მაგალითად, ვინაიდან ხინკალს ჰქონდა ძალიან დიდი პოპულარობა, ვიფიქრეთ, რომ ზაფხულში აჭარული ხაჭაპური საინტერესო და, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი იქნებოდა. მართლაც, ძალიან მოუხდა წინდას.
– ტურისტების მხრიდან თუ არის მოთხოვნილება?
– მოთხოვნა ძალიან დიდია, ტურისტები ევროპიდან, აზიიდან ხშირად ხდებიან ჩვენი წინდების მომხმარებლები. საქართველოში ვინც ჩამოდის, რა თქმა, უნდა პირველი აგემოვნებს ჩვენს სამზარეულოს, ხინკალს და როცა ჩვენთან ნახულობენ წინდას, რომელზეც ხინკალია დატანილი, ძალიან მოსწონთ. ბევრი მომხმარებელი გვყავს. ბევრი ქართველი ყიდულობს უცხოელი მეგობრისთვის და, შესაბამისად, საზღვარგარეთ ბევრია უკვე „Altersocks”-ის მომხმარებელი.
– რამხელა რისკი იყო წინდის ქართული ბრენდის შექმნა?
– საკმაოდ გავრისკეთ, რადგან ზოგიერთი ქართული პროდუქტის მიმართ მომხმარებლის ნდობა არ არის. შეგვექმნა ქართული ბრენდი, სადაც ვიტყოდით, რომ ამ ყველაფერს ვაწარმოებთ, საქართველოში თავისთავად რისკის შემცველი იყო. რა თქმა უნდა, ეს რისკი არ გამართლდა – პირიქით, რადგან ქართულია, სწორედ ამის გამო მოსწონთ. ძირითადად, მოსწონთ ის, რომ საქართველოში ასეთი ხარისხიანი პროდუქცია იქმნება, მოსწონთ ჩვენი ბრენდი, მარკეტინგი. მოსწონთ ჩვენი წინდები და კონკრეტულად ეს ნახატები. მე და ნინამ ძალიან ბევრი ვიზრუნეთ, რომ ძალიან კარგი გამოსულიყო და ეს ამდენი შრომა, რაც ჩავდეთ „Altersocks“-ში, საბოლოოდ ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ, პოზიტიურად დაგვიბრუნდა უკან…
– გაქვთ ორიგინალური შეფუთვა…
– სტარტაპი მე და ჩემმა მეუღლემ გავაკეთეთ. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მომხმარებელი ხედავს, ეს იქნება წინდა, მარკეტინგული საკომუნიკაციო არხები, შეფუთვა და ა.შ. ყველაფერი არის ჩვენი ხელით გაკეთებული. გვაქვს სასაჩუქრე ყუთები, ამის დიზაინსაც ერთობლივად ვქმნით. წინდის „cupcake“ რაც არის, ამას ნინა აკეთებს.
– რამდენად უკავშირდება თქვენი პროფესია დღევანდელ საქმიანობას?
– პროფესიით მე და ჩემი მეუღლე მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტები ვართ. მე საქართველოში ბაკალავრი სხვა სფეროში მაქვს დამთავრებული, მაგისტრატურა კი საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით და ნინამ შვეიცარიაში დაამთავრა, საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალობა. გამოცდილებაც ორივეს, უფრო ამ სფეროში გვაქვს.
– როგორია თქვენი წინდები, რას ყიდულობს მომხმარებელი?
– როცა მომხმარებელი ყიდულობს ჩვენს წინდას, ყიდულობს ძალიან ფერად, მხიარულ, ორიგინალურ ემოციებს და პროდუქტს, რომელიც გაუხარდება, რომ ყველას აჩვენოს და იამაყოს ამით.
– სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა მოდის კვირეულებში მონაწილეობის მიღებას?
– ზუსტად ვერ გეტყვით, თბილისის მოდის კვირეულზე შესაძლებელია თუ არა, ბრენდს მხოლოდ წინდები ჰქონდეს წარმოდგენილი. თუ შესაძლებელია, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რადგან გვსურს, რომ ჩვენი პროდუქცია ბევრ ადამიანს გავაცნოთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ გაყიდვების ქსელის გაფართოებას და მომავალში გვინდა, რომ სხვა ქვეყნებში გავიტანოთ. ინტერესი დიდია, ხარისხით და დიზაინით მომხმარებლის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ვფიქრობ, ევროპის ბაზაზე უახლოეს მომავალში ჩვენი წინდებიც გაიყიდება.
ნინო ჯაჯანიძე