ნათია თანანაშვილი: თუ ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ იცურებ, აუცილებლად გადარჩები
თბილისში არაერთი უცხო ენის შემსწავლელი ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა BBC Centre ინოვაციებით, საქმის მიმართ პროფესიონალური და კრეატიული მიდგომით გამოირჩევა. არადოგმატური მიდგომა, უცხოელი პედაგოგები, ინგლისურენოვანი სეზონური ბანაკები და ასევე მაქსიმალურად ადაპტირებული და მოქნილი სასწავლო პროგრამა ამ ცენტრის გამორჩეული სავიზიტო ბარათია. ცენტრს უმშვენიერესი ნათია თანანაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო და 19 წლიდან საკუთარი საქმე აქვს. ამბობს, რომ ბუნებით პრაქტიკოსია, აქტიური და ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
– ნათია, თქვენ განათლება უცხოეთში მიიღეთ, 19 წლიდან მოყოლებული საკუთარი საქმე გაქვთ, ჩართული ხართ უამრავ აქტივობაში, ბანალური შეკითხვაა, მაგრამ რთული არ არის, იყო ძლიერი ქალი?
– სადავო თემაა ქალის სიძლიერე. ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ისევე როგორც მე. თუმცა, რაც უნდა ძლიერი ვიყო, შინაგანად მაქვს მოთხოვნილება, ვიყო სუსტი, ქალური და პრანჭია. საკუთარ ქალურობაზე უარი არასოდეს მითქვამს. ყველაზე ლამაზი, რაც შეიძლება მაჩუქონ, ყვავილია, შესაბამისად, ეს მეტყველებს ჩემს ქალურ და არანორმალურად რომანტიკულ ხასიათზე. ზოგჯერ მიფიქრია, რომ დავიღალე, თუმცა არასდროს დავნებებულვარ. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, მალევე ამიყვანია თავი ხელში და მიბიძგია ისევ საქმისთვის. არაერთი ღამე მითენებია გადაბმით, საქმის გამო, და დღემდე ასეა. სულ მოძრაობასა და მოუსვენრობაში ვარ. ერთ რამეს მივხვდი: თუ მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ იცურებ, აუცილებლად გადარჩები და შედეგსაც მიაღწევ. ეს ამართლებს და მეორე, ალბათ საჭირო დროს საჭირო ადგილზეც აღმოვჩნდი.
– ალბათ მუდმივად გიწევთ კომფორტის ზონიდან გასვლა…
– ვერ ვიტან დიდხანს კომფორტის ზონაში ყოფნას, ეს წრე მუდმივად უნდა გაარღვიო! დროს თუ ჩამორჩი, ვეღარ დაეწევი. არ მინდა, ოცნება დავკარგო, ადრენალინი დავკარგო. საერთოდ არ ვიცი, არ მესმის, რას ნიშნავს სიტყვა „მეზარება“! კი არ გეზარება, საკმარისად არ ცდილობ და არ გამოგდის. მესმის, რომ ვიღაცა მეტად ბრძოლისუნარიანია, ვიღაც – ნაკლებად და ძალიან ბევრს ვერ მოსთხოვ, მაგრამ თავისით არაფერი მოდის. ყველას აქვს რაღაც ნიჭი, მაგრამ ნიჭს განვითარება, გამრავლება, დახვეწა სჭირდება. ამბობენ, რომ სამყაროს უყვარს გამბედავი ადამიანები, ვერ ავხსნი, მაგრამ როდესაც ცდილობ, თითქოს ზევიდანაც რაღაც ძალა გეხმარება. ხშირად ადამიანებს გვჩვევია საუბარი: „ეს მე გავაკეთე“, „ეს მე შევქმენი“, „მარტომ გავაკეთე“, „მარტომ შევქმენი“… მე მჯერა, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ღმერთი გვაკეთებინებს და აკეთებინებს იმას, ვინც არ იშურებს ძალას და ენერგიას. მე მჯერა, რომ ღმერთი ყველას აძლევს ნიჭს და დებს მასში რესურსს, ხოლო შემდეგ ჩვენ ეს ნიჭი თუ ორად მაინც ვაქციეთ, აუცილებლად გამრავლდება.
მთელი სიცოცხლე უნდა იბრძოლო და სრულყო საკუთარი თავი, ისწავლო, ასწავლო, დახვეწო ის, რაც ბუნებრივად მოგეცა. სცადო და აღმოაჩინო ახალი უნარები. ყოველთვის უფრო მაინტერესებს, იმას შევეჭიდო, რაც ჩემგან, ჩემი სფეროსგან, ჩემი პროფესიისგან შორს არის, მინდა გამოვცადო საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
– რისკიანი ვარო, ამბობდით…
– ძალიან! რასაც ხელს ვკიდებ, ყველაფერს დიდი სიყვარულით, ვნებით და აზარტით ვაკეთებ! ვფიქრობ, ცხოვრებაში მთავარი აკადემიური განათლება კი არა (თუმცა ეს ერთადერთია, რაშიც ინვესტირება არ უნდა დაინანოს ადამიანმა,) არამედ ცხოვრებისეული უნარები თუ რაღაც სხვა არის, ალღო, ინტუიცია..
– კარგი ინტუიცია გაქვთ?
– იცით, რა არის, ინტუიციას მე წინასწარმეტყველების უნარს, ან ჯადოქრობას არ ვუწოდებდი. ინტუიცია არის ქვეცნობიერში დალექილი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ბევრ რამეში გეხმარება… ყველაფერი მაინც უფრო გამოცდილებაა მოკლედ… ამიტომ არის საჭირო მრავალმხრივი განვითარება. არ არის აუცილებელი, პროფესიონალი მოცეკვავე, ან თუნდაც მკერავი გამოხვიდე, მთავარია, შეძენილ ცოდნას როგორ გამოიყენებ. მე, მაგალითად, ვსწავლობდი, რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი და კიდევ დავდიოდი ერთ ქალბატონთან, რომელიც კერვას მასწავლიდა. თარგების კონსტრუირებას ვსწავლობდი „ბურდას“ მიხედვით, მერე თექის თელვა და თექაზე მუშაობა, სუტაჟი, სამკაულების გაკეთება ვისწავლე… ერთი პერიოდი მე და ჩემს მეგობრებს საკუთარი მაღაზიაც გვქონდა, სადაც ჩვენ მიერ შექმნილ სამოსს ვყიდდით.
– ბევრ რამეს შეჭიდებიხართ ერთად…
– ძალიან ინტერესიანი და ჰობების მოყვარული ვარ. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჰობი, რაც სწორედ კრეატიულობაში უყობს ხელს. ძალიან კრეატიული ვარ და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეს ბანაკი წარმატებულია, რადგან ბავშვებს კრეატიულობისკენ უბიძგებს და ამით ასწავლის ენას. ნებისმიერ საქმიანობაში, ან სწავლაში თუკი კრეატივი არ არის გარეული, ის უინტერესო ხდება ყველასთვის. დღემდე 24 სამსახური გამოვიცვალე. იყო პერიოდი, როცა 5 სამსახურში ერთად ვმუშაობდი და ყველაფერს ერთად ვასწრებდი, საქმესაც, ოჯახსაც… ამიტომ არის, რომ ბანაკშიც გვაქვს ხელსაქმის დღე, ეგრეთ წოდებული „ჰენდიკრაფტი“, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ახალისებთ. ეწყობა ნამუშევრების გამოფენები, რაც ასევე მათთვის უდიდესი სტიმულია. ეს ნამუშევრები შემდეგ იყიდება ხოლმე. უნდა ნახოთ, როგორ უხარიათ, როცა საკუთარი სახსარი უჩნდებათ.
– თავად დასახელება „ბიბისი ცენტრი“ საიდან მოდის?
– ბიბი ჩემი ვაჟის სახელია. აქედან მომდინარეობს ზუსტად ცენტრის სახელწოდებაც. მინდოდა ცენტრისთვის დამერქვა ბიბის სახელი. გარდა ამისა, ის იშიფრება როგორც „best British center“. ვფიქრობ, კარგად დაემთხვა და სახელწოდებამაც გაამართლა.
– თქვენს ცენტრს აქვს ერთი ძალიან საინტერესო ინოვაცია, რომელზეც მინდა ვისაუბროთ. კერძოდ, ბანაკზე, რომელიც არის სეზონური. როგორც ვიცი, თქვენს ბანაკში ძალიან ბევრი საინტერესო და განსხვავებული რამ ხდება…
– ეს არის ინგლისურენოვანი საზაფხულო და ზამთრის ბანაკები. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის და უპირატესობაც. მსგავსი შეთავაზებები აქვთ ტურისტულ კომპანიებსაც, თუმცა ჩვენ სწორება უფრო მეტად განათლების და სწავლების კუთხით გავაკეთეთ. ბანაკის პერიოდში საუბარი, ძირითადად, ინგლისურ ენაზე წარიმართება, რაც ბავშვებს ხელს უწყობს, კარგად აითვისონ და დაეუფლონ ენას, ანუ ეგრეთ წოდებული ყინულის დაძვრას უწყობს ხელს. თან რაც უფრო ადრე დაეუფლება ბავშვი ენას, მით უკეთესია. კატეგორიულად არ ვეთანხმები აზრს, რომ ენების აღრევა შეიძლება მოხდეს. პირიქით! ბავშვი უკეთესად ითვისებს ადრეულ ასაკში და უკეთესი აქცენტიც აქვს! ცენტრში გვყავს არაჩვეულებრივი ამერიკელი და ბრიტანელი პედაგოგები (ერთი მათგანი დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფლობს), რომლებთან ურთიერთობითაც მოსწავლეები მაღალი ხარისხის ცოდნას იძენენ. ბანაკი ჩვენს საქმეში ერთ – ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა! წარმოიდგინეთ, რომ 24/7-ზეა ჩვენი სამუშაო რეჟიმი ამ პერიოდში, ჩამოვდივართ დაღლილები, მაგრამ მალევე ისევ გვენატრება ის სიტუაცია და გვინდება დაბრუნება! იმხელა სუფთა და დადებით ენერგიას, მუხტს ვიღებ ამ ბავშვებისგან, მათ ბედნიერ და გახარებულ თვალებს ვხედავ, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია!
– ბავშვებს არ უჭირთ უცხოელ პედაგოგებთან კომუნიკაცია?
– არანაირად! პირიქით, ბავშვი ჩვენზე ბევრად უკეთესი პრაქტიკოსია, მეტად გახსნილი და მიმღები. წარმოიდგინეთ, ჩვენი ცენტრის ბავშვები ისტორიულ თბილისში უცხოელ სტუმრებს ინგლისურენოვან გიდობას უწევენ. თავის დროზე მეც ვმუშაობდი ტურისტულ გიდად და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა.
– მოდით, ბანაკზე ვისაუბროთ. რა ბენეფიტები აქვს „ბი-ბი-სი ბანაკს“ გარდა იმისა, რომ ბავშვები მაღალ დონეზე ითვისებენ ინგლისურ ენას?
– უამრავი დადებითი აქვს ამ ბანაკს, თუნდაც პიროვნულად, მოტივაციისა და სხვა კუთხით. ბავშვები არა მხოლოდ ენას სწავლობენ, არამედ სწავლობენ ურთიერთობებს! მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენს თაობას უფრო მჭიდრო და უშუალო კონტაქტი ჰქონდა ერთმანეთთან, ვიდრე დღევანდელ ბავშვებს, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერებთან და ტელეფონებთან ატარებენ… და საინტერესო რა არის, იცით? აქ ბავშვების ისეთი ნიჭის გახსნა და აღმოჩენა ხდება, რომელზეც არც თავად ბავშვებს, არც მშობლებს წარმოდგენაც კი არ აქვთ! დღეს ხშირად ხდება, რომ მშობლებს ცოტა დრო აქვთ შვილებთან ურთიერთობისთვის… ამიტომ ხშირად ვხედავ ძალიან კარგ, მოაზროვნე, ნაკითხ ბავშვებს, რომელთაც, სამწუხაროდ, უჭირთ ურთიერთობების დამყარება, ვერბალური კომუნიკაცია, პრეზენტაციის გაკეთება, არ აქვთ კარგად განვითარებული სოციალური უნარები. ისინი ბევრს კითხულობენ, რაც უდავოდ ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნა არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ბავშვობაში ცოტათი მეც უფრო ჩაკეტილი ვიყავი და ბრიტანეთში მარტო ცხოვრებამ პატარა ასაკში ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება მომცა, ბევრად უფრო გახსნილი გავხდი. ამასვე ვაჩვევ საკუთარ შვილს. მეგობრები ხშირად ამბობენ ჩემზე: ჩართავს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქმეშიო (იცინის).
ბანაკში ინტროვერტი ბავშვებიც გვყავს, მაგრამ სიტუაცია იმდენად კარგია, იმდენად ითხოვს ჩართულობას პროცესში, არ არსებობს ბავშვი, არ გაიხსნას და საკუთარი ნიჭი არ გამოავლინოს. მერე იმდენად კარგი მეგობრები ხდებიან, ბანაკის გარეთაც აგრძელებენ ურთიერთობას, რაც ძალიან მახარებს!
ბანაკში გვაქვს უამრავი გასართობი, გუნდური შეჯიბრებები, თეატრალური წარმოდგენები, ხელსაქმის და ხელგარჯილობის დღეები! მიყვარს, როცა საქმეში მაქსიმალურად არის კრეატივი ჩართული, საოცარ რაღაცებს ვქმნით ხოლმე! სადგამი ლამპები, აბაჟურების ქსოვა, გირლანდები, სამკაულების კეთება, წარმოიდგინეთ, მაკარონისა და ფერადი ტკბილეულისაგან სახლის მაკეტები გავაკეთეთ! ულამაზესი გამოვიდა. ვთამაშობთ როლურ თამაშებს, მაგალითად, მარკეტინგულს, ბავშვები პრეზენტაციებს აწყობენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინგლისურ ენაზე ხდება! კიდევ ძალიან საინტერესო რაღაცებს ხატავენ ბავშვები გუაშით… იმდენად ლამაზ ნახატებს ქმნიან, ხშირად სასტუმროს ადმინისტრაციას სამახსოვროდ ვუტოვებთ ხოლმე (ეღიმება). ისიც ვთქვით, რომ გამოფენა ეწყობა და ბავშვები თავიანთ ნამუშევრებს ყიდიან, რაც ასევე ძალიან კარგია მათთვის. მიმაჩნია, რომ ადრეული ასაკიდან საჭიროა ადამიანს ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი, ეს მას ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც, საკუთარი თავის რწმენასაც და სტიმულსაც ჰმატებს.
ბანაკის ბოლო დღეს ეწყობა გალაღონისძიება, ძალიან საინტერესო და სასაცილო ნომინაციებით. ყველაფერი ეს ხალისით და იუმორით კეთდება. გვაქვს ასევე ნაყინისა და წყლის ბუშტების დღეები, როცა ბავშვები ერთმანეთს ნაყინებით თხუპნიან და წუწაობენ, უნდა ნახოთ, რა ენთუზიაზმით ვართ ყველანი ამ საოცარ და სასაცილო სანახაობაში ჩართულები! ასევე ყოველთვის ვცდილობ, ბავშვებს ვასწავლო გუნდური მუშაობის უნარი, რადგანაც თავადაც გუნდური მოთამაშე ვარ, მომწონს კოლექტიური აქტივობები. იდეა შესაძლოა, ერთობლივად არ დაიბადოს, მაგრამ გუნდურობაში ვითარდება, მიყვარს ამ ეტაპის დაკვირვება და შეგრძნება. მიმაჩნია, რომ წარმატება „ბრეინ სტორმინგით“, საერთო ბრძოლით და გუნდური მუშაობით მიიღწევა.
– საზოგადოებაში ერთგვარი სტერეოტიპია, რომ ლამაზი ქალები ხშირად მხოლოდ გარეგნობის წყალობით აღწევენ წარმატებას…
– კარნეგს დავესესხები და გეტყვით, რომ „საზოგადოება გვაფასებს ოთხი კრიტერიუმით, რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვლაპარაკობთ და როგორ ვლაპარაკობთ“, შესაბამისად, გარკვეულწილად, ადამიანის ვიზუალური მხარე ახდენს გავლენას ყველაფერზე, ისევე როგორც საქმეზე. თუმცა არის შემთხვევები, როცა პირიქით – გარეგნობა ადამიანს ხელს უშლის წინსვლაში, რადგანაც ვიზუალური მხარე დანარჩენ ღირსებებს ფარავს ხოლმე.
– თქვენი მიზნები?
– ნებისმიერი გრაციოზული იდეა სპონტანურად იბადება. იდეების ნაკლებობას არ განვიცდით, მთავარია, იდეა მალევე განახორციელო და არ დააბერო, მეც ველოდები ახალ იდეას, თუ რა იქნება ახალი. ამ ეტაპზე მიზნებია გავფართოვდეთ და კიდევ უკეთესი ხარისხი შევთავაზოთ მომხმარებელს. ჩვენს სერვისზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც ჩვენთვის უდიდეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვენც ვცდილობთ, არათუ იმედები გავუცრუოთ, არამედ მოლოდინებს გადავაჭარბოთ, რაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ბანაკიდან ჩამოსული ბავშვი იმაზე მეტს იღებს, ვიდრე მოლოდინები ჰქონდათ.
R