„მინდა, რომ ვიკინგივით მოვკვდე და ნავს გამაყოლონ“…
პირველად საქართველოში, 2016 წლის 25–29 მაისს, ევროპის თასის გათამაშება ჯომარდობაში გაიმართა. საშეჯიბრო მონაკვეთი ბორჯომის ხეობაში (სოფ. ჩითახევი) მდინარე მტკვარზე მდებარეობდა. ევროპის თასის გათამაშებაში 11 ქვეყნის 38 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრები. როგორ ჩაიარა ევროპის თასმა ჩვენს ქვეყანაში, რა სამომავლო პერსპექტივები აქვთ ქართველ ჯომარდელებს და რატომ გახდა დავით ქაცარავას ცხოვრების წესი ხიფათი და თავგადასავლები, ამას პერსონა დავით ქაცარავა თავად მოგვიყვება…
– სამი უმაღლესი კატეგორიის ტურნირია. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი და მესამე არის ევროპის თასი. მის ქვემოთ მოდის საერთაშორისო შეჯიბრებები და ეროვნულები. ვინაიდან ჩვენ ამ ეტაპამდე ასეთი მაღალი დონის ტურნირების მასპინძლობის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა, გადაწყდა, რომ ევროპის თასი ჩატარებულიყო ჩვენთან. ეს იყო ძალიან დიდი ნდობის კრედიტი, რომელიც მსოფლიო ფედერაციამ გამოყო. შესაბამისად, ჩვენ ეს გამოცდა, როგორც აღმოჩნდა, უმაღლეს შეფასებაზე ჩავაბარეთ.
– როგორ მოხდა შერჩევა?
– რა თქმა უნდა, სპეციალური მოთხოვნების აპლიკაცია შეივსება, რომელიც იგზავნება მსოფლიო ფედერაციაში და ამაზე მსოფლიო ფედერაციის უმაღლესი საბჭო მსჯელობს. იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა ეს უფლება იმ კონკრეტულ ქვეყანას. ჩვენ მანამდე საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ კომუნიკაციის დონეზე, მსოფლიო ფედერაციის სერიოზულ წევრებთან და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ფაქტობრივად ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
– სამომავლოდ რა შესაძლებლობებს გაძლევთ ევროპის თასი?
– ამ ტურნირის შემდეგ რომ შეგვაფასეს, გვითხრეს, ევროპის თასი თქვენთვის განვლილი ეტაპია, რადგან ორგანიზაციული კუთხით ეს იყო ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატი. ასეთ დონეზე იყავითო. შესაბამისად, ჩვენ წელსვე გავაკეთებთ განაცხადს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე უფლების მოსაპოვებლად და მსოფლიო თასზე. მსოფლიო თასი ასევე უმაღლესი კატეგორიის ტურნირია. ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო თასი ერთი დონის B კატეგორიის ტურნირია. A კატეგორია მსოფლიო ჩემპიონატია. ასე რომ, ჩვენ უკვე გადავინაცვლეთ უმაღლეს ლიგაში.
– სრულიად სხვა პროფესია გაქვთ და რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?
– ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ პროფესიით ჯომარდელი გავხდი. ჩემი პროფესია ეს არის. თუმცა, ჩემს კარიერას სხვა მიმართულებით ვიწყებდი. იურიდიული დავამთავრე, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი მოწოდება არ იყო და, შესაბამისად, გარკვეული პერიოდი ძიების პროცესი მქონდა. 2003 წელს მივაგენი ჯომარდს. მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც მე მიყვარს და შეიძლება ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გახდეს. მას შემდეგ ჩავერთე და დღეს უკვე პროფესიონალი ვარ. ამიტომ, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესია ჯომარდობაა და მასთან დაკავშირებული ყველა აქტივობა, რაც კი შეიძლება იყოს…
– ცურავთ ბავშვობიდან…
– წყალთან ძალიან ახლო ურთიერთობა ყოველთვის მქონდა. წყალში თავს ძალინ კარგად ვგრძნობ. თუმცა, ჯომარდობა ამ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, არ ყოფილა. უბრალოდ ყოველთვის მიყვარდა თავგადასავლები, ხიფათი და ვიპოვე ის სპორტის სახეობა, სადაც ხიფათი და თავგადასავლები ჭარბად მქონდა. მას მერე ასე ვცხოვრობ…
– იმ დროს, როცა თქვენ დაიწყეთ, რამდენად განვითარებული იყო ჯომარდობა საქართველოში?
– 2003 წელი იყო, როცა პირველად მოხდა ნავების შემოტანა. სულ 3 ნავი გვქონდა. იმ წელსვე დაიწყო ტურების გაკეთება და მაშინვე ამ სათავესთან მოვხვდი. ვიგემე ეს სიამოვნება, მოვიწამლე და დღემდე მოწამლული ვარ. ისეთი ნარკოტიკი აღმოჩნდა ჩემთვის, რომლისგანაც არასოდეს განვიკურნები.
– გადამწყვეტი მომენტი, რომელიც თქვენი სიცოცხლისთვის ძალიან საშიში ყოფილა…
– სახიფათო თავგადასავლები, ძირითადად, ჩემს გუნდთან ერთად მომსვლია. მოყვარულებთა,ნ რა თქმა უნდა, არ ვრისკავთ. გადამეტებულ სირთულეზე არასოდეს მიგვყავს. როცა საკუთარ თავზე ვაგებ პასუხს, მაგ შემთხვევაში ასეთი მომენტები გვქონდა. იყო წამები, როდესაც თითქმის ყველანი დაღუპულები ვიყავით… მაგრამ ეტყობა, არ გვეწერა ასეთი სიკვდილი და გადავრჩით. ესე იგი, კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. პირველი დიდი ხიფათი იყო 2003 წელს თერგზე, შემდეგ 2011-ში თმოგვის ხეობა, მტკვარზე. ასევე 2010 წელს თურქეთში. თუმცა, ბუნებრივია, მოგწონს ეს და იმიტომ მიდიხარ. იგრძნო, რომ შეგიძლია და დაუმტკიცო საკუთარ თავს, სტიქიასთან შეჭიდების ჟინი რომ გაქვს…
– წყალი როგორი მოწინააღმდეგეა?
– მოწინააღმდეგე, როგორც ასეთი – უძლეველია. წყლის სტიქიის დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელია. იმისათვის, რომ არ დაგამარცხოს სტიქიამ და მიგიღოს, მასთან ერთობა უნდა იგრძნო, მას არ უნდა ებრძოლო. უბრალოდ აღიქვა, როგორც შენი ნაწილი, მეგობარი, როგორც გსურს. ყველას თავის ხედვა აქვს. ჩემთვის ეს ჩემი სტიქიაა, იქ თავს ვგრძნობ, იქ სახლში ვარ. მდინარეც მიღებს და სტიქიასთან არ ვიბრძვი. იქ უბრალოდ საკუთარ თავს გამოცდებს ვაბარებ. სტიქიასთან არასოდეს მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება, პირიქით პოზიტივში ვარ. ასეთი განწყობა მაქვს, იმიტომ რომ როგორც კი ცდილობ, რაღაც დაუმტკიცო, შეებრძოლო. იქვე გასწავლის, გეუბნება რომ შენ არაფერი ხარ…
– კინო…
– კინოში, როგორც იტყვიან, ქუჩიდან მივედი. 2004-2006 წლებში ჩემი მეგობრები სარეკლამო კლიპებს იღებდნენ და რამდენიმეში მოვხვდი. რამდენიმე ცნობილი სარეკლამო რგოლი აღმოჩნდა. შემდეგ 2008 წლის დასაწყისში, ძალიან შემთხვევით, ჩემმა მეგობარმა ნიკო ხომასურიძემ თავისი სადიპლომო ნამუშევარში დამიძახა და ერთ-ერთი მეომრის 2-3- წამიანი როლი შემხვდა. ეს იყო პირველი ცდა. სხვათა შორის, აფიშაზე მოვხვდი, ეს ფილმი ჰოლივუდის კინოსკოლაში გავიდა. იქ ნიკას ჩემზე უთხრეს, რომ ეს სახასიათო ტიპაჟია… ნიკა რომ ჩამოვიდა, მეგობრებს მოუყვა და 2009 წელს რამაზ ჩაჩანიძემ საკუთარ ფილმში „სპამი“ მთავარი როლი მომცა. სწორედ აქედან დაიწყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ნიკა და რამაზი პირველები იყვნენ, ვინც მთავარ როლებს მანდობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ცუდად არ გავართვი თავი. თავიდან მოყვარული ვიყავი და ახლა უკვე 20 ფილმზე მეტი დამიგროვდა. შეიძლება ახლაც მოყვარული ვარ, მაგრამ გამოცდილი მოყვარული ვარ…
– რა ადგილი უკავია სამსახიობო კარიერას?
– მართალია, ფსონს ვერ ვაკეთებ კინო-არიერაზე. ვთვლი, რომ არასტაბილურია და არ მაქვს იმის უფლება, 100 პროცენტით კინოზე გადავერთო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გამოდის, რომ 6 წელიწადში 23-24 პროექტზე ვიმუშავე, რაც, ვფიქრობ, ცოტა არ არის. ნარკოტიკია, რომელიც ასევე არ ინკურნება. რომ ჩაგითრევს, მერე უკვე გინდა, სულ ამაში იყო ჩართული. ასე რომ იმედი მაქვს, ამისგანაც არ განვიკურნები…
– თუ არის ისეთი პროფესია, სადაც საკუთარ თავს ცდიდით?
– კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახეობა, რომელიც დინამიკასთან, სისწრაფესთან, თავგადასავალთან, ხიფათთანაა დაკავშირებული, ყველაფერი ჩემია და სიამოვნებით ნებისმიერ სახეობაში ჩავერთვებოდი. ვფიქრობ, რადგან ჯომარდს მოვკიდე ხელი, ბოლომდე ამაში უნდა ვიყო, თუმცა სხვა თავგადასავლებზეც არ ვამბობ უარს…
– ხიფათი რატომ მოგწონთ?
– ბავშვობაში ორჯერ ვიხრჩობოდი, მაგრამ მოვედი აქამდე. თუმცა ამ ამბავმა შიში არ დამიტოვა. არ ვიცი. ხიფათი ჩემთვის, ცხოვრების სტილია ალბათ, იმიტომ რომ ვერ ვიტან სიმშვიდეს, წყნარად ყოფნას. ფორიაქი მჭირდება ყოველთვის. ასეთი ვარ…
– ფრენა…
– ამის სურვილიც მაქვს, უბრალოდ ხშირად ფრენის ფუფუნება, სამწუხაროდ, არ არის. ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ, ბუნებრივია, ესეც ძალიან კარგია. ადმაინის ოცნება არის, რომ იფრინოს და გამონაკლისი არც მე ვარ.
– ოჯახი… მეუღლე აუზზე გაიცანი…
– ოჯახი, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, რომ ოჯახთან, სამწუხაროდ, დიდ დროს ვერ ვატარებ. პირიქით, ძალიან მცირე დროს ვატარებ და ეს სერიოზული პრობლემაა. იმედი მაქვს, იქითკენ მივიყვან ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში, როგორც მინდა. ესაა, ძირითადად, ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა, მაგრამ თავგადასავლებზე უარს ვერასოდეს ვიტყვი…
– აქტიურ ჯომარდობაში როდემდე შეიძლება იყო ჩართული?
– ცხოვრების ბოლომდე. ფიზიკური შესაძლებლობა სადამდეც მექნება და ვაპირებ, რომ ძალიან დიდხანს მქონდეს. და ბოლოს, მინდა, რომ ვიკინგივით მოვკვდე და ნავს გამაყოლონ…
ნინო ჯაჯანიძე