ექსტრაორდინალური სახინკლე, რომელმაც თამთა გოცაძეს ნაბას აკადემიისკენ გზა გაუხსნა
„ინტერიერის დიზაინის საშუალებით ვცდილობ, შევქმნა სივრცეები, რომელშიც ადამიანები შემდგომში ბედნიერებასა და კომფორტს იგრძნობენ. რეალურად სწორედ ინტერიერია, სადაც ადამიანი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს“, – ახალგაზრდა დიზაინერი, 22 წლის თამთა გოცაძე სწავლის გაგრძელებას მილანში, ნაბას სამხატვრო აკადემიაში აპირებს.
– ცოტა ხნის წინ იტალიაში ვიმოგზაურე, მილანში ვიყავი. სადაც ვნახე ნაბას აკადემია. გამიჩნდა სურვილი, რომ ამ აკადემიაში ჩამებარებინა და მესწავლა. მიზნად დავისახე და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. შევედი მათ ოფიციალურ გვერდზე და გავაგზავნე საჭირო დოკუმენტები. მოხდა ისე, რომ ნაბას აკადემიამ თბილისში სტუდენტებისთვის გამოფენა მოაწყო, სადაც სტუდენტებს საკუთარი პროგრამები წარუდგინა. ამ საღამოზეც ვიყავი და აკადემიის ლექტორებიც გავიცანი. გავიგე, რომ ნაბას სწავლის დაფინანსების პროგრამებიც აქვს. ვიფიქრე, რომ გავაკეთებდი პროექტს და ბედს ვცდიდი. ამ აკადემიაში სწავლა ძალიან ძვირი ღირს. მოსახერხებელი იქნებოდა, გრანტი ამეღო, სხვა შემთხვევაში ნაბაში სწავლას ვერ შევძლებდი. გავაკეთე პროექტი და გავაგზავნე.
– რა პროექტი გააგზავნე?
– საკვები ობიექტისთვის „ექსტრაორდინალური სივრცე“ უნდა შეგვექმნა. საკუთარი სურვილით შეგვეძლო ნებისმიერი კერძის არჩევა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ნაციონალური იქნებოდა თუ სხვა ქვეყნის და ამაზე უნდა გაგვეკეთებინა ინტერიერი. გადავწყვიტე, ნაციონალური კერძი – ხინკალი ამეღო. ჩემთვისაც უფრო საინტერესო იყო მუშაობა და ასევე მქონდა საშუალება, ჩემი ქვეყნის კულტურა სხვა ქვეყნისთვის გამეცნო. ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა სახინკლე. ვცდილობდი, ისეთი სახინკლე გამეკეთებინა, რომელიც არც მოსაწყენი იქნებოდა და არც ტრადიციულ სახინკლეს დაემსგავსებოდა. მინდოდა, ნაციონალურიც ყოფილიყო და ინტერნაციონალურიც. მათთვისაც საინტერესო ყოფილიყო და ჩემთვისაც. გავაკეთე ინტერნაციონალური სახინკლე. სიმართლე გითხრათ, რომ გავაგზავნე, დიდი იმედი არ მქონდა. ბოლოს მომივიდა დადებითი პასუხი. პირველი პრიზი დავიმსახურე, რაც სწავლის საფასურის 60 პროცენტით დაფინანსებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა…
– ამ ეტაპზე რა არის ის წინააღმდეგობა, რომელიც სწავლის გაგრძელებაში ხელს გიშლის?
– წინააღმდეგობა არის ფინანსური მხარე. მართალია 60 პროცენტს მიფინანსებენ, მაგრამ მაინც მრჩება წელიწადში 5 ათასი ევრო მოსაძიებელი. ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ეს დიდი თანხაა, ასევე საცხოვრებელი ხარჯები. ვცდილობ, საქართველოს მხრიდან ეს თანხა გრანტის სახით მოვიპოვო. არის განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ასეთ შემთხვევებს აფინანსებს. შეტანილი მაქვს საბუთები და პასუხს ველოდები. ნაბას აკადემიაში სწავლა სექტემბრის ბოლოს იწყება, იქამდე იმედია, გაირკვევა და დარჩენილ 40 პროცენტსაც მოვიძიებ.
– ინტერიერის დიზაინით ბავშვობიდან დაინტერესდი?
– ბავშვობიდან ერთადერთი, რაც შემეძლო, ეს იყო ხატვა, შემოქმედებითი ნიჭი მქონდა. სხვა სფეროში ვერც წარმომედგინა ჩემი თავი. ასე გადავწყვიტე ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში. თავიდან არქიტექტურაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ჩემთან უფრო ახლოს ინტერიერის დიზაინი იყო. თითქოს უფრო მყუდრო პროფესიაა და ჩემთვის უფრო კომფორტული. მართალია, დღეს საქართველოში ეს პროფესია არც ისე პოპულარულია, რადგან მაინც დაკავშირებულია ფინანსურ მხარესთან და, ასე ვთქვათ, ფუფუნებაა, გყავდეს ინტერიერის დიზაინერი, მაგრამ თანდათან მივდივართ იქითკენ, რომ ჩვეულებრივი ხდება ინტერიერის დიზაინერს დაუკვეთო დიზაინი.
– როგორია თამთა გოცაძის ინტერიერის დიზაინი?
– ძირითადად, მინიმალისტურ დიზაინს ვაკეთებ. უფრო კონკრეტულ დეტალებზე მიყვარს აქცენტის გაკეთება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ კონკრეტულ კომპოზიციაში და რაც ყველაზე მეტყველებს იმ ფუნქციაზე, რა ფუნქციაც აქვს იმ კონკრეტულ ინტერიერს. ფერები კი მიყვარს აქტიური, პოლიქრონია უფრო მიყვარს, ვიდრე მონოქრონია.
– როგორ ახდენ შენი იდეების რეალიზებას?
– როცა დამკვეთზე მუშაობ, ასეთ შემთხვევაში უფრო შეზღუდული ხარ. ამ დროს უნდა გაითვალისწინო ხარჯები, რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით დამკვეთის ინტერესი. როცა კონკურსისთვის მიწევს მუშაობა და მიწევს ჩემს ფანტაზიაზე ვიყო დამოკიდებული ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ვარ. თუმცა, მთლიანად გაშლილი არცერთ პროექტში არ ვყოფილვარ. რაღაც მომენტში კარგიც არის ალბათ ის, რომ რაღაც გზღუდავს, უფრო მეტი ინტერესი გაქვს და მეტად იბრძვი იმისთვის, რომ მიაღწიო შენს მიზანს…
– ყველაზე მეტად რომელი ინტერიერის დიზაინის გაკეთებაა შენთვის ყველაზე სასურველი…
– მიყვარს საგამოფენო სივრცეებზე მუშაობა. მიმუშავია რამდენიმეზე, თვითონ ეს სივრცე ძალიან თავისუფალია და თან სპეციფიკურიც. ყველა საგამოფენო სივრცეს თავისი დატვირთვა აქვს. ყველანაირი ფუნქციის საგამოფენო სივრცე არსებობს და ამით არის საინტერესო ჩემთვის.
– ფოტოგრაფია...
– თინეიჯერობიდან დავინტერესდი ფოტოგრაფიით. ძველი ფოტოკამერა „ზენიტი“ მაქვს და ყოველთვის ფირზე ვიღებ. თავიოდან ჩემთვის ვიღებდი, ერთხელ ფოტოკონკურსებზე გავაგზავნე და რამდენიმეში ფულადი ჯილდო მივიღე. მას მერე აქტიურად ვაგზავნი და უმეტესობაში ყოველთვის პრიზს ვიღებ.
– რას იღებს თამთას ზენიტი?
– მიყვარს არქიტექტურის გადაღება, პეიზაჟები, პორტრეტები. ძირითადად, ვმუშაობ ფერადი ფირით, ძალიან საინტერესო ფერებია. როგორც ხელოვანისთვის, ფერები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შავ-თეთრი ჩემი ასაკისთვის ზედმეტად დრამატულია.
– ხატვას თუ აგრძელებ…
– ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა რამეს ვქმნი თავიდან, ძირითადად, ესკიზებით ვმუშაობ. ჩანახატებიდან მივდივარ იმ ფორმამდე, რა ფორმის პოვნაც მინდა იმ პოროექტში. ჩემს პროექტებში ყოველთვის დომინირებს ტუშით ნახატი ესკიზები. შექმნის პროცესი ყოვლთვის აისახება ფანქარში, ტუშში. ხელით ნახატი უნდა ჩანდეს, მე ასეთი სტილი მაქვს.
– როგორ ფიქრობ, პროფესია რამდენად სწორად აირჩიე…
– რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებს ვხვდები. რთულია სამსახურის პოვნა და ა.შ. მაგრამ, ვფიქრობ,სწორად ავირჩიე და ვიბრძოლებ, რომ ბოლომდე ამ გზას გავყვე.
– სამომავლო გეგმები, რას მოგცემს ნაბას აკადემია…
– ნაბას აკადემიაში სწავლისას, ალბათ მომეცემა იმის შესაძლებლობა, იქაც ვნახო სამუშაო გარემო და გამიჩნდეს საჭირო კონტაქტები. დიდი სურვილი მაქვს, იტალიაშიც მივიღო სამუშაო გამოცდილება. თუმცა, მე მაინც მინდა, რომ აქ ჩამოვიდე და ჩემს ქვეყანას მოვახმარო ის ცოდნა, რასაც იქ მივიღებ. ისეთი საქმე მინდა ვაკეთო, რომელიც ორმაგად მომგებიანი იქნება ჩემი ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც…