სოსო მატკავა – ჩეხეთში მცხოვრები სოხუმელის ცხოვრების გზა და ქართული საქმეები

დღევანდელი საქართველო შეიძლება ითქვას, ინტერნეტქსელშია გაბმული, აქ ყველა და ყველაფერი სააშკარაოზეა: გრანდიოზული სახელმწიფო პროექტით დაწყებული, ვიღაცის მიერ მეგობრის მიმართ ჩადენილი კეთილი საქმით დამთავრებული. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, რომ საჭირო საქმე ამ ყველაფრის მიღმა, ხმაურის გარეშე და უანგაროდ აკეთონ. ამ მცირეთა რიცხვში სოხუმელი, ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე სოსო მატკავაცაა. ამიტომაც მას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, არც იცნობს. პროფესიით იურისტი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩეხეთში ცხოვრობს, განათლებული პიროვნება არაჩვეულებრივად ფლობს ჩეხურ ენას, შესწავლილი აქვს ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა და რაც მთავარია, ამ ქვეყანაში საქართველოს პოპულარიზაციას ყოველდღიურად ეწევა. მას შემდეგ, რაც 1993 წლის ზაფხულში სოხუმი დატოვა, ის უცხოეთში აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს სახალხო დიპლომატად,  ქართველ დესპანად იქცა, მისი ყოველი გამოსვლა თუ პუბლიკაცია უცხოეთში არსებულ ანტიქართულ პროპაგანდას არგუმენტირებულად უპირისპირდება.
2015 წლის 12 ივნისს, ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“ დაბეჭდილი გიული ლეჟავას სტატია ჩეხეთში ,,მეტად საჭირო მნიშვნელოვანი თარგმანი“ სოსო მატკავაზე წერს: „ეს წერილი შესაძლოა, არც დაწერილიყო, რომ არა ჩვენი თანამემამულის, აფხაზეთიდან დევნილის და ნამდვილად ბედის უკუღმართობით ჩეხეთში დამკვიდრებული ახალგაზრდა კაცის, სოსო (სერგო) მატკავას შეუპოვარი მცდელობა, რომ პრაღაში გამოცემულიყო საქართველოს ისტორია და დაინტერესებულ ადამიანებს მისი ქვეყნისა და კუთხის ნამდვილი თავგადასავალი გაეგო“ . ბატონ სოსოს ჩვენ პრაღაში დავუკავშირდით.

– ბატონო სოსო, როგორ მოხდა, რომ აფხაზეთიდან დევნილი სრულიად უცხო ქვეყანამ – ჩეხეთმა შეგიფარათ?

– ჩეხეთთან ჩემი 20-წლიანი ურთიერთობა 1985 წელს დაიწყო. მაშინ სოხუმში ვცხოვრობდი და ჩეხები იქ ხშირად ჩამოდიოდნენ. მერე დროთა განმავლობაში ნაცნობობის ეს წრე გაფართოვდა და მათთან ურთიერთობა მოგვიანებით თბილისშიც გავაგრძელე. არასოდეს მიფიქრია ის, რომ ოდესღაც მეც იქ ვიცხოვრებდი. ჩეხეთი ჩემი მეორე სამშობლო გახდა. კარგად იცით, 1993 წელს ქართველების მიმართ რაც ჩაიდინეს. მამაჩემი, რომელიც სოხუმში დარჩა, მოკლეს და მისი მკვლელები დღეს ჩვენს სახლში ცხოვრობენ. ეს ინფორმაცია ჩვენი ოჯახის ახლობლებისაგან  ვიცი, ისინი სოხუმში დარჩნენ, რადგან ეთნიკურად ქართველები არ არიან.  მეც სწორედ 93 წლის ზაფხულში დავტოვე სოხუმი.   – ერთხელ დავწერე:  ,,გული სოხუმში დავტოვე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, იქ ვერასოდეს დავბრუნდები. აფხაზეთის ომი დავიწყებას მიეცა და ხალიჩის ქვეშაა შეჩურთული“.  ეს ჩემი ტკივილია… სოხუმის მერე საცხოვრებლად პრაღაში გადმოვედი. აქ რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე. ვმუშაობდი რკინიგზის სადგურზე, პრაღის ებრაულ სათვისტომოში, საქართველოს და მოლდავეთის ავიახაზებში. დღეს კერძო ბიზნესით ვარ დაკავებული, მაგრამ ქართულ-ჩეხურ ურთიერთობის საქმეში მუდმივად ვარ ჩართული.

13390902_10207748555729576_304091720_nთქვენი მთავარი საქმიანობა, რითიც პრაღაში გაგიცნეს, ეს ქართული ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით თქვენი პუბლიკაციები და საჯარო გამოსვლებია…

– ჩეხეთში პირველად რომ ჩამოვედი, ვნახე, რომ აფხაზეთის საკითხზე აქ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, ამიტომ ამ მიმართულებით რომ იტყვიან, მუშაობა დავიწყე. ყველას ვაძლევდი ინტერვიუს და ვუხსნიდი, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და აფხაზეთი საქართველოს მიწაა. ვიცი, რომ ჩემს გამოსვლებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩეხეთში ცხოვრების მანძილზე ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრები, ანტიქართული პროპაგანდის წინააღმდეგ ვილაშქრებ და საქართველოს ისტორიაზე ლექციებს ვატარებ. როდესაც ჯემალ გამახარიას აფხაზეთზე დაწერილი წიგნი გამოვიდა, ეს წიგნი 2014 წელს ჩეხურ ენაზე ვთარგმნე და მას ფოტოდოკუმენტაციაც დავურთე.

– რამდენადაც ვიცი, ჩეხების გარდა უნგრელებთანაც გაქვთ ურთიერთობა და შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ ერს კარგად იცნობთ.

– დიახ ასეა, ჩეხებსაც და უნგრელებსაც კარგად ვიცნობ. ისინი განსხვავებული ხალხია. ჩეხები თანამიმდევრულები არიან, რა საქმესაც ხელს მოკიდებენ იღებენ, ბოლომდე მიჰყავთ. ამავე დროს კარჩაკეტილები არიან. საურთიერთობოდ მხოლოდ ერთი, ვიწრო წრე ჰყავთ. სხვა საქმეა უნგრელები, ისინი ჩვენსავით გახსნილი ხალხია, რადგან ატილას, ისტორიული ჰუნების შთამომავლები არიან. მათთან ურთიერთობაც გაცილებით ადვილია.

რომელ ცნობილ ჩეხ და უნგრელ ქართველოლოგებთან გაქვთ აქტიური კავშირი?

-მე ჩეხეთსა და უნგრეთში უხუცეს ქართველოლოგებთან მაქვს ურთიერთობა.  კარგად ვიცნობ ჩეხ ვაცლავ ჩერნის, რომელსაც ახლა 86 წელი შეუსრულდა. იგი საქართველოშიცაა ნამყოფი და თავის დროზე  მას ბევრ ცნობილ ქართველ კლასიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის ნოდარ დუმბაძესთანაც. გარდა ამისა ვაცლავ ჩერნიმ ჩეხურ ენაზე 50-მდე ქართველი ავტორის წიგნი თარგმნა. უნგრეთში ვიცნობ ცნობილ ქართველოლოგს, ჰაინალკა ბაბირაქს, რომელიც ბრწყინვალედ ფლობს ქართულ ენას და საქართველოს შესახებ უნგრულ ენაზე უამრავი სტატია აქვს დაწერილი. 2013 წლის ოქტომბერში მისი წიგნი ,,კავკასიის გეორგია“ გამოვიდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე, ამიტომაც აუცილებელია, რომ ამის შესახებ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს. ქალბატონი ჰაინალკა ბაბირაქი ქართული კულტურის წარმოსაჩენად უნგრეთის სინამდვილეში უდიდეს სამუშაოს ეწევა. მას საქართველოს ისტორიის და ქართული კულტურის შესახებ უამრავი მეცნიერული ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 1997 წელს ბუდაპეშტში გამოსცა მისი წიგნი: “უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთკავშირები“. მინდა, რომ ასეთი ადამიანების შესახებ ქართველებმა რაც შეიძლება ბევრი იცოდნენ. ისინი ჩვენგან პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებენ.

– ბატონო სოსო, ამდენი წელია, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრობთ და ფაქტობრივად უცხო ენაზე გიწევთ საუბარი, მაგრამ განსხვავებით სხვა ქართველი ემიგრანტებისა, თქვენს სასაუბრო ქართულს ეს არ ეტყობა, როგორ მოახერხეთ?

– წიგნებს ქართულად ვკითხულობ, აქტიურად ვადევნებ თვალს ქართულ პრესას, აი, სოციალურ ქსელებში კი დღემდე არ ვარ გაწევრიანებული. ქართულ გადაცემებს სატელიტით ვუყურებ, მოკლედ ყველანაირად ვცდილობ, რომ მშობლიური ენა არ დამავიწყდეს და ჩემს ქვეყანასთან სულიერი კავშირი არასოდეს გაწყდეს…

მაკა მალხაზიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები