ლალი მეხრიშვილი – ცხოვრება არც სანაპიროა და არც ზეიმი, ის ძნელი საქმიანობაა
ცამეტი წელია რაიონულ გაზეთ „შირაქში“ მუშაობს, რვა წელი კახეთის რეგიონალურ გაზეთ “სპექტრში“ მუშაობდა. „კვირის პალიტრის“ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა მასალებს საკუთარი რეგიონის შესახებ.
„მშობლიური სახლი და იქ არსებული გარემო საკვებივითაა ყველა მოკვდავისთვის, მე იქიდან ვიკვებები და თუ ეს სიცოცხლის ტოტი მოისპობა, ასე მგონია, დავიმშევი და გარდავიცვლები“, – წერს იგი ერთ–ერთ თავის ჩანაწერში.
სოფელ ოზაანში დაიბადა. რას ნიშნავს მისთვის მშობლიური სახლი, რა გზა გამოიარა, რომ საკუთარი თავი ეპოვა ცხოვრებაში, როგორ არჩია პედაგოგობას ჟურნალისტის პროფესია, რატომ ვერ უღალატა თავის რაიონს, როგორია მისთვის სამყარო და როგორ უთავსებს ერთმანეთს დატვირთულ სამუშაო გრაფიკს და ოჯახის მოვლას – რეგიონის ჟურნალისტი ლალი მეხრიშვილი გვიამბობს.
– შრომა, სწავლა, წიგნები, სამართლიანობა, – ეს ის ღირებულებებია, რომელზეც აღვიზარდე, ბავშვობაში მქონდა ყველაფერი ის, რაც იმ დროის ბავშვს უნდა ჰქონოდა, თუმცა უკმარისობის გრძნობა ჩემსავით მაინც ყველა ჩემს თანატოლს ჰქონდა. მოგეხსენებათ, მშობლებს გააჩნდათ გარკვეული ჩარჩოები, რომელსაც უნდა დავმორჩილებოდი. მე არ მიყვარდა მორჩილება ზოგადად და ვერ ვეგუებოდი ბრძანებებს. ჩემი წესებით ცხოვრება მიყვარდა, რაც მსიამოვნებდა, ის უნდა მეკეთებინა. ცოტა ჯიუტი გოგო ვიყავი, ზოდიაქოთი ლომი ვარ, მაგრამ ცხვრის წელში დაბადებული ლომი გახლავართ, ამიტომაც იყო ჩემში უზომო სიამაყე და განუსაზღვრელი თავმდაბლობა გაერთიანებული.
ბევრს ვშრომობდი, მინდოდა გამორჩეული ვყოფილიყავი, საკუთარი თავს გულში ყველაზე მაღლა ვაყენებდი, რომ დასახული მიზნისთვის მიმეღწია.
ერთი ზღაპარია ასეთი, – „ უღრან ტყეში დედა დათვი ცხოვრობდა, უბრალოდ ერთი პატარა ბელების დედა დათვი, ტყე ძალიან გაუვალი, ადამიანის სიმაღლეზე მაღალი შამბნარით სავსე იყო, არ იყო საცხოვრებლად ადვილი გარემო, მაგრამ დედა დათვმა გადაწყვიტა, რომ არსად წასულიყო, შეგუებოდა ამ გარემოს და ეს ადგილი მოეწყო საცხოვრებლად. მან გადაწყვიტა, რომ ტყე ზედმეტი სარეველისგან გაეწმინდა, შემდეგ მდინარის ნაპირიდან ამ ტყისკენ პატარა ნაკადული გამოიყვანა, ტყეში შროშანები დარგო და გააშენა, ლამაზი მორების ქოხი აუშენა თავის ბელებს და კარიც შეაბა, რომ საფრთხე არ შეჰქმნოდათ“…- მე ეს კეთილშობილი დათვი მგონია თავი, ძალიან რომანტიკული, რომელსაც შეუძლია იცხოვროს ერთ ხის მორზე და ბუნების საწინააღმდეგოდ იმოძრაოს,- კლდიდან წყალიც გადმოიყვანოს, მთავარია მყუდროება იპოვოს. მეც ასე მოვიქეცი, არსად წავედი, ჩემს რაიონში წვალებით ცხოვრება ვარჩიე, სხვაგან უკეთეს პირობებს, რადგან ვერ შეველიე იმ აზრს, რომ მე დედოფლისწყაროელი საზოგადოებისთვის დავკარგულიყავი და დღეს ამაყი ვარ, როდესაც შვილებთან ერთად მოვდივარ ქუჩაში და წინ მხვდებიან მოქალაქეები, მესალმებიან და მკითხულობენ, ზოგი უკვე ისეთი პირიც მხვდება, რომლებიც აღარ არიან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც პატივს სცემენ ჩემს გაზეთს და მათ შორის ლალი მეხრიშვილს.
– ჟურნალისტი, რომელიც ყოველთვის მწვავე სტატიებით გამოირჩეოდა…
– არ ვიცი, რა ენერგიას ვფლობ, რა მუხტი გადადის სხვა ადამიანებზე ჩემგან, მაგრამ ერთი კი ვიცი, კრიტიკული სტატიებიც რომ დამიწერია და ჩემ გამო აბობოქრებულ ხელმძღვანელებს ჩემთან მწვავე კამათი მოსურვებიათ, შეხვერაზე მივსულვარ, უბრალოდ გამიღმია მათთვის და წყენაც მაშინვე გამქრალა. ბედნიერი ვარ, რომ ვისაც ერთხელ მაინც შევხვედრივარ და მისაუბრია მათთან, მათ არასოდეს დავვიწყებივარ, თუმცა ვერ ვიქნები ძალიან ფამილარული ვერასოდეს, ხანდახან ზედმეტად პირდაპირი ვარ, ვერასოდეს შევეგუები საჯარო მოხელის მოქალაქეებისადმი ირონიულობას, ხელმრუდობას და უტაქტობას, რადგან მათ უფრო მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე რიგით მოკვდავებს…. ჟურნალისტობა ხომ იგივე სატირაა, სატირიკოსმა სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს სიმართლე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი იქნება ეს თუ კარგი, ორივე შემთხვევაში ის საფრთხეში იგდებს თავს, ცეცხლს ეთამაშება, რადგან არავინ იცის, მას როგორ გაიგებს საზოგადოება. ისიც კარგად ვიცი, რომ სჯობს სრულყოფილად შეასრულო საქმის მცირე ნაწილი, ვიდრე ცუდად გააკეთო მასზე თუნდაც ათჯერ მეტი. ამ ორ რამეს, საქმეს და პროფესიულ დამოკიდებულებას, ახალბედობიდანვე მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, ალბათ ამან განაპირობა, რომ ჟურნალისტობამ ბევრად გამიტაცა, თანაც ისე, რომ თავდაპირველი პროფესია აღარც მომისურვებია. აღმოვაჩინე, რომ მე ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებთან კომუნიკაცია ბევრად კომფორტული იყო, ვიდრე მოსწავლეების გაკვეთილების გამოკითხვა და მათთვის სწავლება.
საკმაოდ პატარა ასაკში მქონდა ისეთი პერიოდი, როდესაც კრიტიკული სტატიების წერას ვანიჭებდი უპირატესობას და ეს არცთუ ისე ცუდად გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს სტატიებს ჰქონდა ძალა, ისეთი ძალა, რომ ბევრი შეხვედრა ჩემი სტატიის მიხედვით დაგეგმილა.
ვწერდი სოფლის მეურნეობაზე, მიწის გადასახადებზე, თუ სად მიდიოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ესა თუ ის თანხა და რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა იგი, სად გათეთრდა ფული და სად გაედინებოდა სარწყავ არხებად ჩაფენილი უკანონოდ ამოღებული მილები, ვის ჯიბეში მიდიოდა მაშინდელი თანამშრომლების ხელფასები და რომელი ჩინოვნიკი ვის აშანტაჟებდა საკუთარი საქმის „გაპრავების“ გამო, ვინ მიითვისა რაიონის უძრავი ქონებების დიდი ნაწილი და ვინ დაშალა ღვინის ქარხნები, – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც ჯერ კიდევ 23-24 წლის გოგო ვმუშაობდი და მიმაჩნდა, რომ ეს ყველაფერი, დიახაც, ყველა მოქმედ ჟურნალისტს უნდა გაეშუქებინა. იყო ასეთი პერიოდიც, ჩემს გასაჩუმებლად უამრავი ვაკანსია შეიქმნა სხვადასხვა სამსახურში, იყო მაღალხელფასიანი სამსახურების შემოთავაზებებიც, თუმცა, დამოუკიდებელი მედიატორის როლი ბევრად შარმიანი გახლდათ, ჩემთვის ნაკლები შემოსავალი და თავისუფლება ბევრად მეტი ძალისხმევის მომცემი იყო, ვიდრე ფრთებშეკვეცილი ჟურნალისტობის საფასურად მოპოვებული კომფორტული გარემო. არაფერს არ დავთანხმდი. ოჯახის შექმნისთანავე მივხვდი, რომ ამდენ ნერვიულობად არ ღირდა არაფერი და მშვიდი, წყნარი სტატიების სტილი ვარჩიე, თავდაპირველად თითოეულ სოფელს მივუძღვენი ერთგვერდიანი სტატიები, შემდეგ ავირჩიე რუბრიკა „პერსონა“ და მუდმივად ვწერ პიროვნებებზე, რომლებიც თავისი მოღვაწეობით და შრომით თავის სიტყვას ამბობენ ჩვენი საზოგადოების წინაშე. უამრავი ადამიანის ნუსხა მაქვს ჩამოწერილი, ვისთანაც დაგეგმილი მაქვს ინტერვიუ, დღითიდღე კი არ კლებულობს, არამედ მატულობს ჩემი სიის ნუსხა და ეს მახარებს.
– ლალი მეხრიშვილი „დედოფლისწყაროს ქალების“ ხელმძღვანელი…
– ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება იმ ქალთა რიცხვის სიმრავლემ მიბიძგა, ვინც, როგორც ჟურნალისტს, ისე მაკითხავდა, თუმცა საბოლოოდ მათი ფსიქოლოგიური სტრესისგან გამათავისუფლებელ პერსონად უფრო ვგრძნობდი თავს. ქალბატონები, რომელთა უფლებები ირღვეოდა, სახლშიც მაკითხავდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, მორიგი შანტაჟისგან შეშინებულები ჩემი ტელეფონის ნომერს ინიშნავდნენ. ფაქტიობრივად, არ არსებობდა დედოფლისწყაროში რაიმე ორგანიზაცია, სადაც ქალები თავიანთ პრობლემებზე მოყვებოდნენ და უფლებებს დაიცავდნენ.
ჩვენი, ჟურნალისტების სამუშაო პროცესი, ჩვენს შესაძლებლობების ფარგლებს სცილდებოდა, ხშირად გვიწევდა ხელმძღვანელობასა და ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს შორის შუამავალი როლის თამაში, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უამრავჯერ გვითხოვია გამგეობისთვის მსხვერპლის შვილებით ბინის ქირით ცალკე გამოყვანა, დახმარება და ა.შ. იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმე გვეკეთებინა, 2014 წლის მიწურულს მე და ჩემმა მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ ა(ა)იპი „დედოფლისწყაროს ქალები“. არსებობის მანძილზე შესაძლებლობების ფარგლებში, არცთუ ცოტა საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ, ახლახანს თამარ მეფის თმაზე გვქონდა გამოცხადებული კონკურსი, როგორც ძლიერი მმართველი ქალის და ჩვენ კარგი ჯილდოებით დავაჯილდოვეთ გამარჯვებული 6 თემის ავტორი. გვაქვს კიდევ უამრავი კარგი გეგმები, გაგზავნილი მაქვს პროექტები და მაქვს იმედი, რომ რომელიმე პროექტი გაიმარჯვებს, რითაც კიდევ ბევრ კარგ საქმეს განვახორციელებთ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებას იღებს და ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე თანხას სწირავს. ერთი მომენტია მხოლოდ ჩემთვის დამაფიქრებელი და გულსატკენი, რომელი რეგიონის ააიპ-ს არ შევხვედრივარ, რომლებიც, ჩვენს მსგავსად, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ, ისინი მუდმივად ყვებიან იმაზე, რომ ხელმძღვანელობა მათთან კარგად თანამშრომლობს და ყოველ გამოვლენილ საქმეში გვერდით უდგანან, კრიზისული ცენტრების შექმნაშიც დაეხმარნენ და ყოველ გამოვლენილ ფაქტზეც ეხმარებიან, საწყენია, რომ ჩემი რაიონის ხელმძღვანელობის მხრიდან თანამშრომლობაზე დასაქადნი არსად არაფერი მაქვს, რადგან ლოგიკა ასეთია, – „რა სისულელეა, კაცმა ქალი როგორ უნდა დაჩაგროს?! თუ ქალი დაჩაგრეს, ალბათ ღირსია!“
– დედობა პატარა ტვირთი როდისაა, მით უმეტეს, თუ ამას სამსახურთან ერთად ახერხებთ, თქვენთვის რას ნიშნავს დედობის განცდა?
– როდესაც პირველად დედის რანგში მადღეგრძლეს, სიხარულისგან ვტიროდი, ძალიან ამაღელვებელი გრძნობაა, როცა უკვე მშობელ დედად მოგიხსენიებენ. მერე თანდათან გავათვითცნობიერე, რომ დედობა არის, როცა საკუთარ „მე“-ს ნაწილობრივ ივიწყებ და მთლიანად ერთვები იმ პროცესში, შვილი ფეხზე გაატარო და გზაზე დააყენო. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ამ საკითხზე ფიქრით მე ღამეებს ვათენებ და კვლავ შესაძლოა, ბევრი რამ მეშლება.
სამსახურშიც რომ ვზივარ და ვმუშაობ, შვილებზე ფიქრი ტვინს მიბრუნებს, ხშირად არანორმალურ დედად მეჩვენება თავი, არ ვიცი რას წარმატებულად გავართმევ თავს და რა შემეშლება, მაგრამ მე მინდა, რომ თავადვე ვიყო ჩემი შვილების მომავლით კმაყოფილი. ჩემთვის მთავარია, მივცე ცოდნის მაქსიმუმი და ვაზიარო ყველაფერ იმას, რაც მათთვის აუცილებელია, განათლება, სპორტი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ენები, დანარჩენს მათი ნიჭი და უნარი იტყვის.
– როგორი მეუღლეა ლალი, როგორ გესმით ოჯახი და თანასწორუფლებიანობა?
-მ ეუღლეობა დიდი ბედნიერების მინიჭებაა, თუკი ის ერთიერთგაგებასთან და სიყვარულთანაა დაკავშირებული. ბედნიერია ის, ვინც უპირველესად ოჯახშია ბედნიერი და შემდეგ საზოგადოებაში. არაფერი სჯობს ოჯახურ მყუდროებასა და მეუღლესა და შვილებთან ერთად ყოფნას, ეს ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის. რაც არ უნდა გაღიზიანებული დავბრუნდე სამსახურიდან, ოჯახში რომ მოვდივარ და შვილები ყელზე მეხვევიან, ანდა მეუღლე რაიმე გემრილ სადილს მოიფიქრებს და დამახვედრებს, ყველა ცუდი მავიწყდება. დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ოჯახში ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა უნდა არსებობდესო, კი, ბატონო, ვეთანხმები, მაგრამ სადაც თანასწორუფლებიანობისთვის იბრძვიან, ის ოჯახები ვერ შენარჩუნებულა, თანასწორუფებიანობამ და სწორედ უფლებების დამკვიდრებამ კაცებს ცოლის წინააღმდეგ თოფი ააღებინათ და ქალებს დანა. მე მიმაჩნია, რომ სიყვარული და ურთიერთგაგება თუ არსებობს და რომელიღაც რთულ მომენტში ერთი მხარე დაუთმობს მეორეს, იქ ყველაფერი მოგვარებადია. დუმილი ოქროაო, ტყუილად არ არის ნათქვამი, მეუღლეებმა ერთმანეთი კარგად უნდა შეისწავლონ და ერთმანეთის სისუსტეებიც იცოდნენ, ამ შემთხვევაში ძალიან ადვილია, მართო სიტუაცია და გქონდეთ ლამაზი ოჯახი. მე მომხრე ვარ იმის, რომ მამაკაცი იდგეს თავის სიმაღლეზე და ასევე მანდილოსანი იდგეს თავის სიმაღლეზე, ორივემ იცოდეს დათმობა და არა ის, რომ კაცმა ოთახები გავოს და ქალი გარეთ დარბოდეს, ან პირიქით, ქალი მუშად გადაიქცეს და ქმარი ტაშფანდურობდეს. შესაძლოა, ქალი ერთი საფეხურით დაბლა იდგეს კიდეც, ჩვენი, ქართული ტრადიცია იქნებ სწორიცაა და მოთმინებაში იყოს გამოსავალი, მაგრამ ამ მოთმინებამ და დუმილმა მას იმხელა ძალა შესძინოს, რომ ყველაზე უხეში მეუღლე მოათვინიეროს. ჭკვიანი ქალი, ოჯახს ჭკვიანურად მომართავს, თუ მეუღლეებში თავდაჭერილობის გრძნობა მოგვარებულია, იქ ურთიერთსიტკბოება გარანტირებულია. სხვა ამბავია ის, თუ მეუღლეზე და შვილების კეთილდღეობაზე ფიქრები არასრულყოფილია რომელიმე მხრიდან.
– სად მოიპოვება ბედნიერება?
– ბედნიერება სიმშვიდეშია და იმ საქმის კეთებაში, რომელიც გიყვარს, საყვარელი საქმის კეთებაში შესაძლოა, დაგათენდეს, მაგრამ არ დაიღალო, რაც გიყვარს, ის ბედნიერებას განიჭებს. ბედნიერება დედობაშია, რომლითაც კიდევ ცალკე სიტყვას ამბობ ქვეყნისა და ერის წინაშე. ბედნიერება შვილების ერთ გემრიელ ჩახუტებაშია. ბედნიერება თვით უფალშია და უფლის სიყვარულით ცხოვრებაში. ის არასოდეს მიგვატოვებს, თუკი ჩვენ მისი სიყვარულით აღვივსებით. ბედნიერება ადამიანურ ურთიერთობაშია, სიტყვაშია, რომელიც გვაძლიერებს და გულს გვიხარებს, ხომ არსებობს სიტყვაც, რომელმაც შესაძლოა, მოგკლას, ზომიერად და არა გადამეტებულად ნათქვამმა სიტყვამ კი, შესაძლოა, უდიდესი ბედნიერება მოგანიჭოს.
– ცხოვრება არის?…
– ცხოვრება, ჩემი აზრით, მუსიკაა, რომელიც მენდელსონის ნაწარმოებივით ზღვის ტალღებზეა დაწერილი, ტალღები, რომელიც ჯერ წინ წაგვიღებს, მერე უკან გაგვაქანებს, წაგვიღებს წინ, მერე ისევ უკან გვაქანავებს. ასეა ცხოვრებაშიც, მივაპობთ, მივაპობთ და რომ გვგონია, წავედით წინ, ცოტას კიდევ უკან გვაქანავებს და ამ ტალღების გაპობასთან ბრძოლაში ისე მოგვიახლოვდება სამარადისოში წასვლის დრო, რომ ვერც გავიგებთ, ასე თანდათან მიდის წლები და მოდის ასაკი, რომელიც გვაფიქრებს მეტად ჩვენს არსზე. ცხოვრება სიკვდილისთვის დიდი სამზადისია. როგორც ერთი გამონათქვამია: „ცხოვრება არც სანაპიროა და არც ზეიმი, ცხოვრება ძნელი საქმიანობაა, მისი ფასი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიხმართ მას“ .
ირმა მირზაშვილი