თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი „დელტასთან“ დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის რეკომენდაციებით მიმართვას გეგმავს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი “დელტასთან“ დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის რეკომენდაციებით მიმართვას გეგმავს. კომიტეტმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, “დელტას“ მიერ სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელა.
კომიტეტის დახურულ სხდომაში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და “დელტას“ ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებული უჩა ძოძუაშვილი მონაწილეობდნენ.
“შემოწმების დასრულებლამდე საკითხის შეფასებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა კომიტეტის სხდომაზე ვიმსჯელეთ და გარკვეული რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით, ამ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მივაწვდით, ხოლო გენინსპექციის აქტის წარმოდგენის შემდეგ, ჩვენი პოზიციების დაფიქსირების საშუალება გვექნება. ყველას ერთად გვინდა, რომ სამხედრო-სამრწეველო კომპლექსი “დელტა“ განვითარდეს და სტრატეგიული ადგილი ჰქონდეს მას ჩვენს ქვეყანაში.
“დელტაში“ ძალიან ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას მოიხმარენ არა მხოლოდ ჩვენი სამხედროები, არამედ ის ექსპორტზეც გადის, ამიტომ ჩანს, რომ ამ ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს პოტენციალი და ამას კომიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს. აქაც იქნება ჩვენი რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.