კახა კოჟორიძე ექსპრეზიდენტის დისტანციურ დაკითხვას ეხმაურება
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დისტანციურ დაკითხვაზე უარის თქმას ეხმაურება და სამართლებრივად გაუმართლებლად მიიჩნევს. როგორც კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის დაკითხვის ფორმას ირჩევს სამართალდამცავი ორგანო და არა მოწმედ დაბარებული პირი. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან კარგი ქმედება იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციური დაკითხვა შესთავაზა.
“ამ შეთავაზებაზე უარი სამართლებრივ საფუძვლებს არ ემყარება და სამართლებრივად გაუმართლებელი უარია, რაც შეეხება სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის ჩვენების მიცემას, არგუმენტი – სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, ამ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული, რადგან პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოს პოზიციაა, რომ მოწმის ჩვენება დანაშაულის გასახსნელად სჭირდება”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ჩვენება მისცეს, ოღონდ სასამართლო პროცესზე, კონკრეტული საქმის არსებითი განხილვის პროცესში. ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააცნო.