თავიდან დაწყებული სამსახიობო კარიერა და გიორგი მარშანიას შემეცნებითი ანიმაცია
სტუდია „ველოსიპედი“ ქართულ ანიმაციაში წინააღმდეგობების დაძლევას საკუთარი ძალებით რამდენიმე წელია ცდილობს. სცენარისტი გიორგი მარშანია ანიმაციის სამყაროზე, მრავალფეროვან ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
– ანიმაციით სტუდენტობისას დავინტერესდი, სრულმეტრაჟიანი სცენარი დავწერე. შემდეგ დავინტერესდი, როგორ შეიძლებოდა ეს სცენარი მულტფილმი გამხდარიყო. გავიცანი მხატვრები, პროდიუსერები და გავიგე, როგორ იქმნება ანიმაცია. შევხვდი ახლა უკვე ჩემს მეგობარს – კემოს, რომელიც ხატავს, კარიკატურისტია. აღმოვაჩინეთ, რომ ანიმაციაში ერთი და იგივე სურვილები გვქონდა, ჩვენი რესურსები შევაჯერეთ და დავიწყეთ მცდელობები. სწორედ ამის დამსახურებაა „ჟირაფი ჟოზე“, გვაქვს სამი სერია და კიდევ სამის გაკეთებას ვგეგმავთ. ასევე ანიმაციურად გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების 2-წუთიანი აღწერა – „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“. ეს პროექტი სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის გაკეთდა, რომ სცოდნოდათ თავიანთი ქვეყნის ისტორია იქ, სადაც ცხოვრობენ…
– „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“- ქართულადაა?
– ქართულენოვანია, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სუბტიტრებით. მარნეულში და ახალციხის ტელევიზიებში გადიოდა. ასევე გვაქვს საბავშვო მულტფილმის პროექტი „დათუნია დრუნჩა“. ამ პროექტმა კინოცენტრის კონკურსში პირველ ეტაპზე გაიმარჯვა, თუმცა მეორე – საბოლოო დაფინანსება, სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვეთ. ახლა ამასაც ჩვენი ძალებით ვასრულებთ. ასევე გვაქვს იუმორისტული პროექტის – „დათა თუთაშხიას“ ახალი ვერსია, ეს იყო ცნობილი ფილმებიდან ცნობილი სცენების ანიმაციური პაროდია. მინდა აღვნიშნო, რომ ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია. ამჟამად სპორტის სამინისტროში კონკურსზე კიდევ ერთი პროექტი გვაქვს შეტანილი. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიების გაცოცხლება ანიმაციურად და ველოდებით პასუხს. ასევე ვაკეთებთ საბავშვო ზღაპრებს, სოციალურ საწარმო „ჰერას“ აქვს ძველი თაობის მსახიობების მიერ ჩაწერილი ზღაპრები და ეს ზღაპრები უნდა გავაცოცხლოთ. სამომავლოდ, ალბათ, დისკებზეც ჩავწერთ და ასე გავრცელდება, გვინდა, რომ სკოლებშიც შევიტანოთ…
– ანიმაცია შემეცნებითი მიმართულებით…
– განვითარებულ ქვეყნებში არის ასეთი პროგრამები, არხები და გათვლილია ასაკის მიხედვით, რაზეც მუშაობენ ბავშვთა ფსიქოლოგები და სხვადასხვა სპეციალისტები. ასე იქმნება ანიმაცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია, გარკვეულ ასაკში ბავშვმა ისწავლოს. ჩვენთან ასეთი ანიმაცია არ არსებობს. ჩვენი პატარები, ძირითადად, უცხოურ ანიმაციებს უყურებენ. ეს, რა თქმა უნდა, პროდუქტიული ვერ იქნება. უცხოური შემეცნებითი მულტფილმები იმ ქვეყნის სოციუმზეა გათვლილი, რომელიც აწარმოებს. იმ ქვეყნის კულტურის, მენტალიტეტის მიხედვით იქმნება. ამიტომ ვცდილობთ, მსგავსი გავაკეთოთ. მასშტაბური ვერ არის და ჯერ მხოლოდ ინტერნეტსივრცეშია ხელმისაწვდომი, რადგან ჩვენი ძალებით ვაკეთებთ, დაფინანსების და დაინტერესების გარეშე კი ანიმაციის გაკეთება ძალიან რთულია. მომგებიანი სფეროა, ეს მიმართულება არის მოთხოვნადი და ჯერჯერობით ბაზარზე თავისუფალია. მიკვირს, რომ დაინტერესება არ არის…
– დაინტერესება და დაფინანსება ახსენე. რა წინააღმდეგობები გხვდებათ…
– ალბათ, რადგან ეს პროდუქტი არ არსებობს და ბიზნესმენს, გამომცემლობას თუ ტელევიზიას არ აქვს ნიმუში ფიქრობენ რომ წამგებიანია. ეს ერთი შეიძლება იყოს მათთვის შემაფერხებელი. მეორე კი, როგორი შეხედულება და დამოკიდებულება აქვთ მათ ანიმაციაზე. ფიქრობენ, რომ ძალიან მარტივი გასაკეთებელია. როცა ვეუბნები, ერთწუთიან ანიმაციას შეიძლება დასჭირდეს ორი კვირა და სამი მხატვრის მუშაობა თითქოს ებევრებათ… ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, პროექტების ბიუჯეტი მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომ როგორც ჩვენი, ასევე მათი დაინტერესებაც იყოს, იმისთვის, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას…
– ფესტივალები…
– ანიმაციაში ორი მიმართულებაა. ჩვენ რომ სტუდიისთვის დავყოთ, ერთი არის ინტერნეტსივრცისთვის საბავშვო ანიმაცია, რომელზეც ხშირ შემთხვევაში შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანიმაცია და მეორე, ფეტივალზე უკვე სხვა ხარისხი და იდეაა საჭირო. ამას სხვა მიმართულებით მუშაობა სჭირდება. გვინდა, რომ ჩვენ ორივე მიმართულებით განვვითარდეთ.
– ხარ მსახიობი…
– თეატრალური რომ დავამთავრე, მაშინვე ტელევიზიაში გასართობ შოუზე დავიწყე მუშაობა და თეატრში არ წავედი. როცა იქ ხარ, ვერსად ვეღარ მიდიხარ – ვერც ფილმზე, ვერც რეკლამაში, ვერც თეატრში, უბრალოდ ამის დრო აღარ გრჩება. მიუხედვად იმისა, რომ თეატრებიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, 5 წელი „რუსთავი 2“-ში ვიყავი. ჩემი პირადი სამსახიობო მიმართულებით ეს 5 წელი დავკარგე. ახლა წამოვედი და, შესაბამისად, აღდგენის პროცესში ვარ. თუმანიშვილის თეატრში ერთ სპექტაკლში ვთამაშობ, ესაა – „უდღეური დღეობა“, თავისუფალ თეატრში კი „ჯინსების თაობაში“ ვარ დაკავებული. თავიდან ვიწყებ ჩემს სამსახიობო კარიერას…
– ძნელია ამდენწლიანი პაუზის შემდეგ?
– მსახიობის პროფესია გულისხმობს, რომ რაღაც ეტაპამდე ლოდინის რეჟიმში ხარ. სხვაზე დამოკიდებული ხარ, ესაა რეჟისორი, პროდიუსერი და ა.შ. უნდა იარო კასტრინგებზე და მერე ელოდო პასუხს. ეს ცოტა მიჭირს, არ მიყვარს, როცა ველოდები, ამიტომ პარალელურად იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ჩემით შემიძლია რომ გავაკეთო, თუნდაც ეს არის ანიმაცია, სცენარების წერა და ა.შ.
– სცენარების წერა როდის დაიწყე?
– სცენარის წერა ძალიან ადრე, მეათე კლასში რომ ვიყავი, მაშინ დავიწყე. 202-ზე იუმორისტული სერიალი „მუსკულები“ გადიოდა. ძალიან მომწონდა და მათთვის სამი სერიის სცენარი დავწერე. რაღაცნაირად მოვახერხე და ეს ყველაფერი იქამდე მივიტანე. იმათ მოეწონათ და ასე დავრჩი. მერე იუმორისტულ შოუში ვმუშაობდი. მანამდე კი „იმედის“ ეთერით არაიუმორისტული სერიალი „კლინიკა“ იყო. სწავლასთან ერთად პარალელურად ბევრი რაღაცების კეთება მომიწია. ახლა ამ მიმართულებითაც მინდა, რომ განვვითარდე. დიდი სურვილი მაქვს, კინოსცენარები ვწერო, უბრალოდ ამას უფრო დიდი შემზადება სჭირდება…
– ექსპერიმენტი, რომელსაც „რეზო და ბავშვებთან“ ერთად აკეთებ…
– რეზი ჩემი დიდი ხნის კარგი მეგობარია. ჩვენ არა მარტო მეგობრები, ასევე ერთმანეთის კარგი გულშემატკივრები ვართ, იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. რეზო და ბავშვებმა სიმღერების სერიალი გააკეთეს. პირველი სიმღერა იყო „მეგობარო“, მერე ეს მეგობრები გადავიდნენ მატარებელში და იყო „თამუნა და მაიკო“. ამ კლიპში უკვე გაჩნდა ნახატები. მესამე სერიაში ეს გმირები უკვე აღმოჩნდებიან ანიმაციაში. ძალიან საინტერესო მულტფილმში, უკვე ვმუშაობთ ამაზე და ძალიან კარგი გამოდის…
– როგორია გიორგი მარშანიას ცხოვრება, შენი ფანტაზიის შევსება საიდან ხდება?
– ჩემთვის საინტერესო ცხოვრება მაქვს. ბევრი სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა მიწევს. ხელოვნებაში აკეთებ იმას, რაც შეიძლება სხვას მოეწონოს. მაგალითად, ის, რომ ჟოზე ბავშვებს მოსწონთ – ეს ხომ ძალიან კარგია… მერე ხვდები, რომ ტყუილად არ გიწვალია და ეს კიდევ უფრო მეტის გაკეთების სტიმულს გაძლევს. ფანტაზიისთვის კი ბევრი რამეა საჭირო, ესაა, გამოცდილება, განათლება, ინტელექტი. ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყოველი ფილმის ნახვის მერე ახალი იდეები მომდის. ხელოვანს აუცილებლად მრავალფეროვანი გარემო უნდა ქონდეს, რომ ფანტაზია განუვითარდეს.
– იდეა როდის მოდის…
– ჩემთვის ამის ორი ხერხი არსებობს. ერთი, რომელიც თავისთავად, უცებ დაგარტყავს და მეორე, როცა იცი, რომ იდეა გჭირდება, ამისთვის საუკეთესო მეგობარი ჩემი ველოსიპედია. ღამე ჩავდივარ ეზოში და ველოსიპედით ვსეირნობ. ისეთ გარემოში სადაც ბევრი ყურადღების ობიექტი არ არის, მარტო დარჩენა ძალიან მეხმარება. ამ დროს შემიძლია ვიფიქრო და უამრავი იდეა მოვიდეს…
ნინო ჯაჯანიძე