ველოსიპედი, როგორც ბედნიერების მომტანი
თამაზ თიკანაძე წლებია ველოსიპედით გადაადგილდება. ადრე თუ მარტო უწევდა ჯანმრთელი ტრანსპორტით მოძრაობა, ახლა ველოსიპედისტთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. რა პრობლემები ექმნება მას, ვინც გადასაადგილებლად ველოსიპედი აირჩია და რატომ გახდა აქტუალური ფიზიკური აქტივობის ეს სახეობა, თამაზ თიკანაძე მოგვიყვება.
– ველოსიპედი ჩემთვის არა მარტო გართობის და სპორტის, ასევე გადაადგილებისთვის საშუალებაა. თბილისში დაახლოებით 3 წელია გადავაადგილდები და ამ წლების განმავლობაში ასევე ვმონაწილეობ იმ სპორტულ შეჯიბრებებში, რომელსაც ზოგს არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ, ზოგს ჩვენ ვგეგმავთ და ასევე სპორტული მაღაზიები…
– რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
– როცა მე ველოსპორტით დავინტერესდი, საქართველოში შედარებით სიახლე იყო. რამდენიმე ვიდეორგოლი ვნახე, რომელიც კოჯრის ველოპარკში გადაიღეს. საქართველოსთვის ეს ძალიან ლამაზი და უნიკალური ველოპარკია. ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი დაინტერესება, თან იმ დროისთვის პროფესიონალური სამთო ველოსიპედიც ხელმისაწვდომი გახდა, რაც, მაგალითად, 5-6 წლის წინ საქართველოში არ იყო. ბოლო პერიოდში გაჩნდნენ ის დილერები, რომლებსაც უცხოეთიდან პროფესიონალური ველოსიპედები ჩამოაქვთ. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომ შეიძინოს და გახდეს ველოსპორტსმენი, ან მოყვარული…
– ბოლო დროს უფრო მეტი ველოსიპედისტი მომრავლდა, პოპულარიზაცია რამ გამოიწვია…
– ამის რამდენიმე ფაქტორია. ველოსიპედის პოპულარიზაცია, ძირითადად, განაპირობა ცნობიერების ამაღლებამ, ინფორმაციის გაზიარებამ, მაღაზიების გამრავლებამ და ხელმისაწვდომობის გაზრდამ. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფს კომფორტს, როცა პირადი ავტომობილით ხშირ შემთხვევაში საცობებში გიწევს ყოფნა, ეძებ ალტერნატიულ საშუალებას და ერთ-ერთია ველოსიპედი.
– რამდენად მომზადებული შეხვდა ველოსიპედის პოპულარიზაციას გარემო…
– ბათუმში ველოსიპედისთვის საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, რომელიც სამთავრობო დაკვეთით ფრანგულმა კომპანიამ განახორციელა. სხვა ეტაპი და სხვა საკითხია, რამდენად იყენებენ ამას ველომოყვარულები და რამდენად ხდება მისი დაცვა ავტომობილებისგან. რაც შეეხება თბილისს, აქ, რა თქმა უნდა, ველობილიკები არ გვაქვს, ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქშია, ველოსიპედის გადაადგილებისთვის ძალიან ცუდია. მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც ადამიანს ველოსიპედის ხელში აყვანა უწევს, ასევე ჭის თავები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გზის ზედაპირთან გათანაბრებული არ არის. რაც შეეხება ველოპარკებს, ამას უშუალოდ ჩვენ – ველომოყვარულთაკლუბი ვაკეთებთ. უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ შეზღუდული სახსრების პირობებში, რაც შეგვიძლია, იმას ვაწყობთ.
– რა საფრთხეები გექმნებათ ყოველდღიურობაში, იმის გამო, რომ არ არსებობს ველობილიკები?
– როდესაც თბილისში ველოსიპედით გადაადგილება დავიწყე, რამდენიმე ინციდენტი შემემთხვა. ეს იყო გამოწვეული იმის გამო, რომ ავტომობილების მფლობელები, ძირითადად, არ იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს. შესაბამისად, როდესაც ადამიანი გამოცდილებას იღებს, უკვე ითვალისწინებს იმას, რომ სხვა არღვევს წესებს და თავიდან ირიდებს ამ ინციდენტებს. თუმცა ადამიანი, რომელიც არ არის გამოცდილი და ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. ამ დროს მას უშუალოდ ავტომობილების სიახლოვეს უწევს მოძრაობა. სწორედ ასეთი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ველობილიკებია საჭირო. გარდა ამისა, თბილისი გადატვირთულია მანქანებით. 15 წუთის სავალ მანძილზე თითქმის 2 საათი გვჭირდება. რამდენიმე პროექტი არსებობს, ასევე არის ახალი ურბანული განვითარების კონცეფცია, სადაც ჩადებულია ველობილიკები. ფრანგული კომპანია შემოვიდა წინადადებით, რომ ისინი გააკეთებენ ამ პროექტს. რაც მთავარია, ველობილიკის გაკეთებასთან ერთად, უნდა მოგვარდეს, ზოგადად, ინფრასტრუქტურა ქალაქში, რომ სადაც ველობილიკი არ გაკეთდება, იქ ველოსიპედით გადაადგილება კომფორტული იყოს. ეს ყველაფერი აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ ჰქონდეს ველოსიპედი, როგორც სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ ამ პრობლემების გამო ველოსიპედით გადაადგილებისგან თავს იკავებს.
– გასაჩერებელი ადგილი…
– ესეც დიდი პრობლემაა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გასაჩერებელი ადგილი, ძირითადად, არ არსებობს. ველოსიპედის დაბმა გვიწევს რაიმე ინფრასტრუქტურულ ელემენტზე, მაგალითად განათების ბოძზე. ა.შ… რაც თავისთავად დაუშვებელია. ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად უნდა განვითარდეს ველოსამაგრები. ველომოყვარულთა კლუბს რამდენიმე პროექტი გვაქვს. განცხადებებებიც შევიტანეთ იუსტიციის სახლში, საკრებულოში და ა.შ. რომ ყველას ჰქონდეს ველოსიპედის სამაგრი, მიუხედავად იმისა, რამდენ ხანში გაკეთდება ველობილიკები, იმიტომ რომ ველობილიკების პროექტს შეიძლება დააგვიანდეს, ზუსტი დრო, რამდენ ხანში გვექნება ველობილიკები, დაგეგმილი არ არის. ველოსამაგრების და ველოსადგომების გაკეთებას კი ძალიან მცირე თანხა სჭირდება. შესაბამისად, პირველ რიგში, ამის გაკეთებას ვითხოვთ, რომ ვინც ველოსიპედით გადაადგილდება, ელემენტარული კომფორტი ჰქონდეს, ამ პირობებშიც კი…
– რა წესები დაცვა უწევს ველოსიპედისტს?
– თბილისის ველომოყვარულთა კლუბში ყველა დამწყებს შეუძლია გაწევრიანება და ამაზე ინფორმაციის მიღება. აქტუალურად ვაზიარებთ ამას ჩვენს ინტერნეტგვერდებზე. თავიდან ყოველთვის აუცილებელია, რომ ველომოყვარულმა ატაროს ჩაფხუტი, სათვალე და ხელთათმანი. ეს არის ისეთი დამცავი საშუალებები, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ადამიანს ველოსიპედით გადაადგილების დროს. ღამის პერიოდში ველოსიპედისტი უნდა იყოს ხილვადი, მას უნდა ჰქონდეს წინა და უკანა სანათი, ან ამრეკლი. სასურველია, ეცვას ნათელი ფერის ტანსაცმელი, ან ამრეკლის მქონე სამოსი. ძირითადად, ამ ყველაფრის იდეა არის ის, რომ ავტომობილის მფლობელი და ქვეითი ველოსიპედისტს ხედავდეს, არ იყოს შეუმჩნეველი ქუჩაზე. ველოსიპედისტის დანახვა, შემჩნევა ცოტა რთულია. გაბარიტები არის პატარა, ამიტომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ზომები გათვალისწინებული.
– ველოშეჯიბრებები საქართველოში. რა მდგომარეობაა სპორტის ამ სახეობაში?
– საქართველოში ეწყობა შეჯიბრებები. თუმცა მეტნაკლებად დაბალი დონის, გამომდინარე იქიდან, რეალურად ამ კუთხით განვითარება ბოლო პერიოდში დავიწყეთ. რაც შეეხება სპორტსმენებს, გვყავს როგორც სამთო ველოსპორტსმენები, ასევე – საგზატკეცილო. ისინი საქართველს სახელით სხვადასხვა ქვეყანაში ასპარეზობენ. ზოგიერთ მათგანს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება მიექცევა. ველოსპორტის ქართულ ფედერაციას ექნება საშუალება, რომ როგორც საგზატკეცილო, ასევე სამთო ველოსპორტს მეტი ყურადღება დაუთმოს. დღეს ისინი, ვერშეზღუდული ბიუჯეტიდან გამომდინარე, საგზატკეცილო ველოსპორტზე არიან გადართულები. ველობილიკებიც ზუსტად ამისთვისაა საჭირო, ქალაქში თუ ადამიანი ველოსიპედით ვერ გადაადგილდება, ძალიან რთულია, განვითარდეს სპორტის ეს სახეობა და პირიქით. ყველაფერის კომბინირებულად განვითარება უნდა მოხდეს და მივაღწევთ იმ დონეს, როგორიც არის ევროპაში. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ სამთო ველოშეჯიბრებებს გაუწიოს მასპინძლობა…
– ველოსიპედი – კარგი საშუალება…
– ველოსიპედით გადაადგილება, პირევლ რიგში, ძალიან კარგია ახლო მანძილებზე გადაადგილებისას. ამ დროს ყოველთვის ზუსტად იცი დრო, რამდენ ხანში მიხვალ და არ გექმნება იმის პრობლემა, რომ საცობში მოხვდები. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. ველოსიპედით გადაადგილებისას გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ადამიანს უქმნის დადებით განწყობას, აძლევს ენერგიას და ხდები ბედნიერი. ჩვენც უნდა მივბაძოთ ევროპის ქვეყნებს, სადაც ველოსიპედი ყოველდღიურად ვითარდება. შესაბამისად, გვექნება უფრო კარგი მწვანე გარემო, სადაც სუნთქვა და გადაადგილება სასიამოვნო იქნება…
ნინო ჯაჯანიძე