საქართველოს ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული ეყოლება
26 მაისს, „ბრიტანელები და ამერიკელი ბიჭები” ქართველ სამხედროებთან ერთად იდგებიან. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სწავლების დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დაწყების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება ოფიციალურად ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული საქართველოს სამხედროებთან ერთად.
„მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ისტორიული მომენტის მომსწრე ვართ ყველანი – მნიშვნელოვანი და განსხვავებულია ეს სწავლება, ვინაიდან საქართველოში არასოდეს არცერთ სამხედრო სწავლებაში ამდენ პარტნიორს მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ყველაზე დიდი სწავლება, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული ტექნიკა და ტანკები არიან სწავლებაში წარმოდგენილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სამხედროებს შესაძლებობა ეძლევათ აქ, საკუთარ მიწაზე გამოსცადონ და მიიღონ მაღალი პროფესიული გამოცდილება იმ ტექნიკასთან ურთიერთობაში, რომელიც ნატოში ძალიან ხშირად არის წარმოდგენილი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ასეთი ღონისძიებების დროს ჩდება და მყარდება რწმენა, რეალური თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომელიც საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებთან აქვს. თავდაცვის მინისტრის თქმით, სწორედ ასეთ ვითარებაში იჭედება მეგობრობა და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. 11-24 მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016) ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს გაიხსნა.