სანდრო ნებიერიძის წარმატების სამი საიდუმლო

„ვცდილობ, რაც გამოჩნდება, ყველაფერს ხელი მოვკიდო, რომ რაც შეიძლება მეტი მიზანი მქონდეს“ – 15 წლის ქართველი პიანისტი სანდრო ნებიერიძე, რამდენიმე დღის წინ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის Grand Piano Competition-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. სანდროს კონკურსის დამფუძნებელმა დენის მაცუევმა მთავარი პრიზი – როიალი Yamaha AvantGard-ი გადასცა. ქართველი პიანისტის, სანდროს ნებიერიძის სამუსიკო კარიერა წლების წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება…

13150022_1294404153921523_1434329229_n
– კონკურსის შესახებ ერთი თვის წინ შევიტყვე. დენის მაცუევის ორგანიზებით კიდევ ორ კონკურსზე კიევში და ასტანაში ვარ ნამყოფი. კიევში ლაურეატობა მივიღე და ასტანაში პირველი ადგილი დავიკავე. სწორედ აქედან ვახსოვდი, თვითონ დამიკავშირდა და მკითხა, პროგრამა თუ მქონდა მზად. პროგრამა თითქმის მომზადებული მქონდა, ის ერთი თვე კიდევ ვივარჯიშე და ასე წავედი მოსკოვში.
– როგორი პროგრამა გქონდა?
– პირველ, სოლო ტურში, ჩემი სონატის პირველი ნაწილი, მოცარტის მეექვსე სონატის პირველი ნაწილი, რახმანინოვის „ვოკალიზი“ და სტრავინსკის „ფასკუნჯი“ შევასრულე. მეორე ტურში კი – ორკესტრთან ერთად რახმანინოვის „რაფსოდია პაგანინის თემაზე“.13140981_1294404123921526_1590209216_n
– კონკურსი Grand Piano Competition-ი წელს პირველად ჩატარდა და გრან-პრი დაიმსახურე…
– ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. 108 კანდიდატიდან კონკურსისთვის 15 შეარჩიეს. აქედან სამი ქართველი ვიყავით, რომლებიც საქართველოს სახელით გამოვდიოდით. ძალიან დიდი პატივია, რომ აქედან ერთმა ქართველმა, ანუ მე, გრან-პრი მოვიპოვე, ჩემი ორი მეგობარი კი დიპლომანტი გახდა.
– როგორი მოწინააღმდეგეები იყვნენ?13187672_1294404113921527_2017435627_n
– ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ. რუსეთის საფორტეპიანო სკოლაზე, რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობ, იქ ყოველთვის ძლიერები არიან. კონკურსზე იყო სამხრეთ კორეელი მონაწილე, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, ისიც ძალიან ძლიერი იყო. ბელორუსიიდან და იაპონიიდანაც თითო – თითო მუსიკოსი მონაწილეობდა.
– ამ კონკურსზე ორი გრან-პრი გასცეს…
– გრან-პრი ორმა კონკურსანტმა ავიღეთ – მე და რუსმა მუსიკოსმა ალექსანდრე მალოფეევმა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი კონკურსი იყო ორგანიზაციის მხრივ, ასევე ძალიან მაღალი დონის ჟიური იყო. ცნობილი სამუსიკო უნივერსიტეტების პროფესორები, დირექტორები, მასწავლებლები და „ვერბიეს“ ფესტივალის დამფუძნებელი გვაფასებდნენ.13140970_1294404120588193_210320542_n
– Grand Piano Competition -ის შემდეგ რა შესაძლებლობები გეძლევა?
– გარდა იმისა, რომ ჟიურიმ ნახა, როგორ ვუკრავ და რა შესაძლებლებები მაქვს, კონკურსზე ექვსი სპეცპრიზი მივიღე. ეს სპეცპრიზები ძალიან დამეხმარება, რადგან ისინი ითვალისწინებენ სხვადასხვა ფესტივალში და კონცერტში მონაწილეობას. მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ასევე ბაიკალზეც დამპატიჟეს. ყველა ფესტივალი, რითაც დამაჯილდოვეს 2016-2017 წლებში გაიმართება.
– მუსიკა ბავშვობიდან გიყვარს?13181209_1294404143921524_213697478_n
– ეს ალბათ დედაჩემის ძმის გავლენაა, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა კლასიკური ოპერებიდან არიები, თან გიტარაზე და ფორტებიანოზე უკრავდა. სწავლობდა მუსიკას, მაგრამ ბოლომდე არ გაჰყვა. ჩვენს ოჯახში მუსიკა ყველას უყვარს. ყოველთვის კლასიკურ ნაწარმოებებს მასმენინებდნენ და 5 წლის ვიყავი, დედას რომ ვთხოვე მუსიკაზე შეყვანა…
– ფორტეპიანო შენი სურვილი იყო…
– კი, ჩემი სურვილი იყო. ფორტეპიანოსთან ერთად, რამდენიმე წლის შემდეგ ვიოლინოზე შევედი. ორი წელი ვსწავლობდი, თუმცა თავი დავანებე, იმიტომ რომ ჩემი ინსტრუმენტი არ გამოდგა. მერე კომპოზიციაზე შევედი, რომელსაც ახლაც აქტიურად მივყვები. მაკა ვირსალაძესთან ვსწავლობ კომპოზიციას, ფორტეპიანოზე კი ლალი სანიკიძესთან ვარ. 15 წლის ვარ და გამოდის რომ 10 წელია, რაც მუსიკას მივყვები…
– და ეს 10 წელი კონკურსებით არის დატვირთული…13100967_1294404130588192_1888965883_n
– 6 წლის ვიყავი, ავსტრიაში მოღვაწე ცნობილი პიანისტის, ქეთევან სეფაშვილის ორგანიზებით თბილისში კონკურსი ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი და გრან-პრი ავიღე. ასევე ლიტვაში, კიევში, ასტანაში. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე „ფან არტ“-ში, სადაც „თი-ბი-სი ბანკისა“ და „ფან არტ“-ის რჩეული გავხდი.
– ერთი წარმატება განაპირობებს მეორეს? რა არის შენი სტიმული?
– საერთოდ, სტიმულს ნაკლებად ვუყურებ. მე მინდა, რომ ხალხს ვაჩვენო ჩემი თავი, ეს არის ჩემი სტიმული. ხშირია, როცა პრიზები უფრო აინტერესებთ, ვიდრე დაკვრა. თუმცა კონკურსი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად განისაზღვრება პრიზების მიღებით. თუ პრიზი არის 200-300 დოლარი, მაშინ ნაკლებად სერიოზული კონკურსია. ასეთ კონკურსებში ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია ნაცნობობაზე… მაგრამ მე რომელი კონკურსებიც ჩამოვთვალე, გადაწყვეტილების მიღება ყველაგან პატიოსნად ხდებოდა. მთავარია, ჟიური იყოს სერიოზული და პროფესიონალი. ვფიქრობ, მუსიკალურ სფეროში წარმატებისთვის სამი რამ არის მთავარი. მთავარია, რომ გიყვარდეს შენი საქმე, მეორე, მთავარია, რომ იშრომო და მესამე – მთავარია, რომ იღბალი გქონდეს. იღბლის გარეშე არაფერი გამოდის…
– როგორი მუსიკა გიყვარს?13162373_1294404137254858_1215011934_n
– კლასიკურზე არაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. შედარებით ახალი მიმდინარეობებიდან მიყვარს ჯაზი, დანარჩენი – არა. უფრო მეტიც შემიძლია ვთქვა, რომ პოპს, რეპს და ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან. ალბათ კლასიკური მუსიკის შემდეგ ძნელია ჩემთვის მარტივი მელოდიის მოსმენა. ერთხელ სპეციალურად დავაკვირდი, მოვუსმინე და ყველაგან ერთი და იგივე ჰარმონია მეორდება, უბრალოდ ტონალობა იცვლება და სიტყვები არის სხვა.
– წერ მუსიკას…
– მუსიკის წერა სამი წლისამ დავიწყე… თავიდან ფრაზები. უკვე სერიოზულად კი, 9 წლის რომ გავხდი, მაშინ მოვკიდე ხელი. პირველად საფორტეპიანო პიესების ციკლი „სიზმრები“ დავწერე, მერე ორი საფორტეპიანო პიესა. ასევე დუეტი ორი ფორტეპიანოსთვის, ორ ნაწილად – „ჭადრაკი“ ჰქვია. იუმორისტული საფორტეპიანო პიესა „პატარა რობოტის ცხოვრება და მოგონებები“. შემდეგ კვარტეტი, ანსამბლი… დავწერე ჩელოსთვის, ფორტეპიანოსთვის, ვიოლინოსთვის და ფლეიტისთვის. ორი წლის წინ საფორტეპიანო კონცერტი. 2015 წლის 20 დეკემბერს დავამთავრე საფორტეპიანო სონატა. ახლა ვმუშაობ ტრიოზე – ფორტეპიანოს, ჩელოსა და ვიოლინოსთვის, რომელიც გერმანიიდან დამიკვეთეს. ოპერაც მაქვს დაწერილი, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მიხედვით „ამბავი ხელმწიფის ქალისა და მწყემსი ბიჭისა“. ამ ოპერასთან დაკავშირებით – კომპოზიციის კონკურსი იყო, სადაც ქართული ნაციონალური ოპერა უნდა დაგეწერა, მე ავიღე მეორე ადგილი. გერმანიიდან მპირდებიან, რომ მომავალ წელს აუგსბურგში დადგამენ…
– და შენს ნაწარმოებს სხვადასხვა ფესტივალებზე ასრულებ…13140882_1294404117254860_990213817_n
– ტრადიციასავით ვაქციე, რომ ყოველ ფესტივალზე ან კონცერტზე ჩემი ერთი ნაწარმოები შევასრულო. უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ფორტეპიანოს ვანიჭებ უპირატესობას. რასაც ფორტეპინოსთვის ვწერ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე სხვას შეესრულებინოს. ყოველთვის მე ვასრულებ, ეტყობა, კომპოზიტორის ახირებაა, რომ რასაც დავწერ, თავად ვუკრავ, იმიტომ რომ უკეთესად ვიცი, რა მინდა. თუმცა როდესაც დავწერე,  ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და 18 თებერვალს სოლო კონცერტზე დავუკარით…
– უახლოესი სამომავლო გეგმები ძალიან დატვირთული გაქვს…13140740_1294404127254859_1387471080_n
– გეთანხმებით, თუ ამ მოგებულ ფესტივალებში მონაწილეობას დავამატებთ, ძალიან ბევრი გამოდის. ამის გარდა, ივნისში საფრანგეთის ფესტივალზე მივდივარ, შემდეგ გერმანიაში ერთკვირიანი ტურნე მაქვს და მომდევნო ორი კვირა ისევ გერმანიაში დავესწრები მასტერკლასებს. ბოლოს დაგეგმილი მაქვს აუგსბურგი, სადაც ის ტრიო უნდა შევასრულოთ, რომელსაც ახლა ვწერ.
რა არის სანდრო ნებიერიძის მიზანი?
– ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი მიზანს მიაღწევს, მერე ყველაფერს აზრი ეკარგება. ასე რომ, ჯერჯერობით ვცდილობ, რაც გამოჩნდება, ყველაფერს ხელი მოვკიდო, რომ რაც შეიძლება მეტი მიზანი მქონდეს. სხვა ოცნება მაქვს, მაგრამ მუსიკასთან დაკავშირებით – არა. მაგალითად, კოსმოსში გაფრენა მინდა და ბავშვობიდან ვოცნებობ, რომ ჯუნგლებში ექსპედიცია მოვაწყო. რამდენად გამომივა, არ ვიცი…

ნინო ჯაჯანიძე


[fbvideo link=”https://www.facebook.com/medicitv/videos/10153412225782352/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები