„ქართული ცეკვა სულს აყალიბებს“ – რატომ გახდა პირველი პროფესია თეიმურაზ ციხისელისთვის ქართული ცეკვა
„ჩემს პირველ პროფესიად ცეკვა მიმაჩნია და კმაყოფილი ვარ, რომ ქართულ კულტურას ვემსახურები…“ – თეიმურაზ ციხისელის „პერსონა“…
– 6 წლიდან ვცეკვავ. ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ყოველთვის მომაჯადოებელია. საცეკვაო დარბაზში რომ შეხვალ და ქართულ კულტურას ეზიარები, ის უკვე შენი ხდება. როცა ქართველი ხარ, ქართული ცეკვის დროს სისხლი ყივის. გრიგოლ რობაქიძეს კარგად აქვს ნათქვამი: „ქართულს სხვა ერის წარმომადგენელი ქართ ველივით ვერ იცეკვებს, მას რასსა არ ეყოფაო! “. ჩვენს ცეკვას ქართული სისხლი სჭირდება. როდესაც ბავშვობიდან ცეკვავ, იმდენად მიმზიდველია, თან სულს აყალიბებს და ტრადიცია ძალიან ახლობელი ხდება. გაყალიბებს ქართველად და მერე უკვე ვეღარ ანებებ თავს. სწორედ ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც – ძალიან შემიყვარდა და ამის გარეშე აღარ შემეძლო. 25 წელია, რაც ქართულ ცეკვას ვემსახურები. ვფიქრობ, ასაკში ძალიან გამიჭირდება ამისთვის თავის დანებება…
– საქართველოდან როდის წახვედი?
– „ერისიონში“ ვცეკვავდი. შემოთავაზება მივიღეთ და თავიდან 6, შემდეგ 10 მოცეკვავე სტამბოლში გადავედით. სადაც ჯგუფ „ანატოლიის ცეცხლს“ შევუერთდით. დაიდგა ახალი შოუ „ტროას“ ლეგენდა, სადაც საბრძოლო ცეკვები, ფარიკაობა იყო საჭირო და ა.შ. სწორედ ამ პროექტისთვის წავედით და მას შემდეგ თითქმის 7 წელი გავიდა. ყოველთვის გვთხოვდნენ, რომ მათთვის ქართული ცეკვის ილეთები გვესწავლებინა. თუმცა, როგორც უნდა მოინდომო, ხასიათს, რა თქმა უნდა, ვერ ასწავლი.
– თუმცა მასტერკლასების ჩატარება მაინც ხშირად გიწევთ…
– ქართული ცეკვის მასტერკლასები ხშირად ტარდება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები სპეციალურად ჩამოდიოდნენ, რომ ჩვენი ცეკვა ესწავლათ. ძალიან მომხიბვლელია ჩვენი ცეკვა, რაღაც განსაკუთრებული ელფერი აქვს და არ არსებობს, ადამიანს რომ სწავლა არ მოუნდეს.
– რომ არ ყოფილიყავი მოცეკვავე, ვინ იქნებოდა თეიმურაზ ციხისელი?
– რას გავაკეთებდი, თავიდან რომ დავიწყო… იმდენად მიყვარს ცეკვა, ყოველთვის ვამბობ, ბედნიერი ვარ, რომ ცეკვა ავირჩიე. განათლებით ბანკირი ვარ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, ბანკში ვიჯდე და ფინანსისტად ვიმუშავო. ჩემს პირველ პროფესიად ცეკვა მიმაჩნია და კმაყოფილი ვარ, რომ ქართულ კულტურას ვემსახურები.
– პასუხისმგებლობაა, როცა ქართულ კულტურას საზღვარგარეთ წარადგენ…
– პროფესიულ სცენაზე დგომის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ მე არ უნდა ვინერვიულო, მაგრამ როდესაც სცენაზე შედიხარ, ღელვას მაინც იწყებ. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ უცხოელი მაყურებლის წინაშე (და არა მარტო) ღირსეულად წარდგე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ, ყოველთვის მობილიზებული ვიყო…
– განსაკუთრებით, რომელი ცეკვა უყვარს მაყურებელს?
– რაც საქართველოდან წავედით, ძირითადად, ავირჩიეთ სამი ცეკვა. ქართველებს ყველა ლამაზი ცეკვა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველაზე ეფექტური ავიღეთ და სწორედ ამ ცეკვებს ვასრულებთ უცხოელი მაყურებლის წინაშე. შევარჩიეთ მთიულური, მთის მოძრაობები უკეთესად ასახავს ქართულ, ვაჟკაცურ ხასიათს. ასევე ვასრულებთ ქართულ სოლოებს, რომელიც ძალიან მოსწონთ და „ფარიკაობას“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ემოციებს და აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში.
– როგორ ფიქრობ, რატომ მოსწონს მაყურებელს ქართული ცეკვა…
– ქართული ცეკვის შესრულებისას მუხტი გადაეცემა მაყურებელს და ემოციებს იწვევს. როცა სცენაზე გამოდიხარ იმ ცეკვის შესაბამისი ფორმით, რომელსაც ასრულებ, რა თქმა უნდა, საკუთარ ვიზუალურ სამყაროს ქმნი სცენაზე. ყველა აღტაცებით გიყურებს, მით უმეტეს, თუ აუდიტორიაში ქართველი ზის, ეს ცეკვა კიდევ უფრო ემოციური ხდება. ქართულ ცეკვას აქვს ის, რაც შეიძლება ვერ ახსნა. მაყურებელი აჰყავს ისეთ დონეზე, რომ ოვაცია არ მთავრდება. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა ტაშს გიკრავენ და ხედავ, როგორ მოსწონთ ქართული კულტურა. ამ დროს ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ ქართველი ვარ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ცეკვა რთულად შესასრულებელი ილეთებით გამოირჩევა. იმისათვის, რომ ამას სრულყოფილად მიაღწიო და დახვეწილი იყოს, რა თქმა უნდა, შრომატევადი მუშაობა გვიწევს.
– პროექტი უკრაინაში „So you think you can dance“…
– დაახლოებით 2013 ბოლოს უკრაინიდან ჟურნალისტი დამიკავშირდა. ამერიკული პროექტისთვის „So you think you can dance“ ტალანტებს ეძებდნენ. ჩემი ცეკვა ინტერნეტის საშუალებით ნახეს და მთხოვეს, მათ პროექტში მონაწილეობა მიმეღო. ავუხსენი, რომ მხოლოდ მე ვერ შევძლებდი ცეკვას და იმისთვის, რომ ნომერი შემდგარიყო, 4 მოცეკვავეს უნდა გვეცეკვა. განსაზღვრული იყო, მაქსიმუმ 2 ადამიანი, თუმცა ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვეს და უკრაინელი ჟიურის წინაშე წარვდექით. პროექტი 2014 წელს იწყებოდა, „ტროას“ კონცერტით გასტროლზე ვიყავით რუსეთში. მიმაჩნია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ამ გასტროლზე რომ არ ვყოფილიყავით, „So you think you can dance“-ზე მონაწილეობას ვერ მივიღებდით. რუსეთში გასტროლის შუალედში 2 დღით კიევში გადავფრინდით და “ტროას” ერთი შოუ უკრაინის საკონცერტო დარბაზში გვქონდა. საინტერესო ის იყო, რომ დილით „so you think you can dance“-ს ჩაწერაზე მოვასწარით მისვლა, საღამოს “ტროას” შოუ ჩავატარეთ და მეორე დღეს რუსეთის ტურნეზე დავბრუნდით.
– როგორ შეხვდნენ თქვენს გამოსვლას უკრაინაში?
– ჩვენს გამოსვლას ძალიან დიდი ოვაცია მოყვა. ჟიური და მთელი დარბაზი ფეხზე დადგა. შემდეგ ტურში ერთხმად გადაგვიყვანეს. მეორე ტური რომ დაიწყო, იმ პერიოდში მექსიკის ტურნეზე ვიყავით და სამწუხაროდ უარის თქმა მოგვიწია. პროექტის ბოლოს ჟიური შეფასებას აკეთებს და ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ მთელი პროექტის განმავლობაში განსაკუთრებით 4 ქართველი და მათი გამოსვლა დაამახსოვრდა…
– სამომავლო გეგმები…
– მინდა, რომ საქართველოში დავბრუნდეთ. ის, რასაც ვაკეთებთ, ჩვენს ქვეყანაში ხდებოდეს. დიდი სურვილი მაქვს, საზღვარგარეთ ტურნეებზე საქართველოდან მივდიოდეთ…
ნინო ჯაჯანიძე