გიორგი სარიშვილი – უკვე მზად ვართ, რომ გაგვიცნოს მსოფლიომ
როგორ ჩამოყალიბდა დრიფტის ფედერაცია, როგორია მისი სამოქმედო პროგრამა. რა მომავალი აქვს საქართველოში ავტოსპორტის განვითარებას, რას მიზნები ამოძრავებს ექსტრემალური სპორტის სახეობის ერთ – ერთ პიონერს. საკუთარი თავის, ასევე მოახლოვებული გრანდიოზული შეჯიბრის შესახებ – საქართველოს დრიფტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი სარიშვილი გვიამბობს.
– თბილისში დავიბადე. როგორც ყველა ბიჭს, ავტომობილები ბავშვობიდანვე მიყვარდა, უამრავი სათამაშოდან, რომელიც მქონდა, საუკეთესოეს დღემდე ვინახავ. უცნაური დამთხვევა იყო, რომ ჯერ სქესი არ იცოდნენ, ისე ყიდულობდნენ მანქანებს მომავალი შვილისთვის ჩემი მშობლები.
3 – 4 წლის ვიქნებოდი, პირველად, მამაჩემის მეგობრის წითელი პორშე რომ ვნახე. 1993 წელს თბილისში ასეთი ავტომობილი იშვიათობა იყო. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. დღემდე კარგად მახსოვს მანქანებზე უსაზღვროდ შეყვარებული იმ პატარა ბიჭის ემოცია. ჩემი ნიკოლზიც 4 წლის არის, უყვარს ჩემი ვიდეოების ყურება, თავისებურად მგულშემატკივრობს კიდეც, თუმცა მანქანების მიმართ ჯერ ასეთ დაინტერესებას ვერ ვატყობ. ვფიქრობ, ცოტა რომ წამოიზრდება, „კარტინგებზე“ ვატარო.
სკოლის პერიოდში უკვე სპორტული მანქანები მიზიდავდა, ხშირად ვხატავდი კიდეც, მაშინ დრიფტი ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა იყო, მოგვიანებით, როცა შევიტყვე მისი, როგორც სპორტული სახეობის შესახებ, მომეწონა და ძალიან დამაინტერესა იმ თვალსაზრისით, რომ არის ექსტრემალური და ძალიან სანახაობრივი სპორტი. ზოგადად, დრიფტიდან გამომდინარე, მიყვარს ავტომანქანის სპორტული მოდელები, კერძოდ, უკანა წამყვანი თვლებით. რაც შეეხება გამორჩეულსა და საოცნებო საავტომობილო მარკას, ეს გახლავთ – ლამბორგინი, ისევე როგორც ამ სფეროში ჩემთვის მისაბაძ ადამიანებს შორის გამოვარჩევ – vaughn gittin jr. ტოპ-დრიფტერია. მის გამოჩენამდე არსებობდნენ უფრო ძლიერი მრბოლელები, თუმცა ჩემთვის და მისი ურიცხვი გულშემატკივარისთვისაც ის არის ყველაზე საუკეთესო. რომ გავიზარდე, პროფესიად ამერიკათმცოდნეობა ავიჩიე. სპეციალობა PR მენეჯერი, მაგრამ ავტოსპორტის მიმართ უფრო დიდი იყო ინტერესი და ის, რაც ადრე ჰობი მეგონა, დღეს ჩემს პროფესიად არის ქცეული.
– ის, რაც ყველა მრბოლელმა აუცილებლად უნდა იცოდეს…
– მოგეხსენებათ, სპორტის ამ სახეობაში რისკი თავისთავად დიდია. ვისაც სურს, დაკავდეს ამ სპორტით, პირველ რიგში, უნდა მოამზადოს ავტომობილი შესაბამისი უსაფრთხოების ნორმებით, აუცილებელი ნორმებია: უსაფრთხოების კარკასი ავტომობილისთვის. უსაფრთხოების სპორტული ღვედი. ეკიპირება მრბოლელის, რომელიც არ იწვის და სპეციალურად შექმნილია ავტოსპორტისთვის. ჩაფხუტი, რომლის გარეშეც არა მარტო შეჯიბრზე გასვლა არ შეიძლება, არამედ ვარჯიშის დროსაც მუდამ უნდა ვიყენებდეთ. და რაც მთავარია, ვარჯიში უნდა ხდებოდეს სარბოლო ტრასაზე და არა ქალაქის ქუჩებში.
– როდის და როგორ ჩამოყალიბდა დრიფტის ფედერაცია. როგორია საზოგადოების ინტერესი ამ სპორტის მიმართ?
– საქართველოში პირველი დრიფტგუნდი სახელწოდებით – slide empire, 2011 წელს მეგობრებმა შევქმენით. გადავიღეთ სარეკლამო რგოლი, განვათავსეთ ინტერნეტსივრცეში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, შეჯიბრებების დროს, გარკვეული პერიოდი მხოლოდ დახმარებას ვუწევდით მოყვარულ დრიფტერებს. როდესაც მივხვდი, რომ დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთება შემეძლო ამ სფეროსთვის, გადავწყვიტე, თვითონ ჩამომეყალიბებინა დრიფტის ფედერაცია, რომელიც 2015 წელს შვქმენი. მინდა ვთქვა, რომ ავტოსპორტის ამ სახეობის მიმართ საზოგადოების ინტერესი სულ უფრო და უფრო მატულობს, მცირე დროის მიუხედავად, ბევრი გულშემატკივარი შევიძინეთ.
– 8 მაისს გასამართი ღონისძიების შესახებ გვიამბეთ. სპონსორები თუ გყავთ?
– რუსთავის საერთაშორისო ტრასაზე, ახალი დიზაინითა და ერთგული სპონსორების საშუალებით, დრიფტერებს შორის 5- ეტაპიანი შეჯიბრის პირველი ეტაპია – drift king. გაიმართება. ახალ სეზონზე ქართველი მრბოლელები თურქი მრბოლელების წინააღმდეგ იასპარეზებენ. ეს იქნება მეტად საინტერესო და დაძაბული შეჯიბრი შოუს სახით. დრიფტში არ არის საჭირო მთელი სარბოლო ტრასა, ამიტომ მაყურებელს საშუალება ექნება, თავიდან ბოლომდე ყველა მოსახვევში ადევნოს რბოლას თვალი. DRIFT KING-ს პირველი ეტაპი 8 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება და მაყურებლებისათვის და მონაწილებისთვის უფასოა!
ზოგადად, დაფინანსების საკითხი საქართველოში რთულად დგას. რომ არა კერძო სპონსორები, ეს სპორტი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ის, რომ შრომა დაგვიფასდა რაღაც გარკვეულ დონეზე და გვაქვს საშუალება, საქართველოს პირობებში ჩავატაროთ სრულყოფილი ჩემპიონატი, სპონსორების დამსახურება გახლავთ.
– შეჯიბრის სარეკლამო ვიდეო, რომელმაც გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურა.
– ვიდეორგოლი სპეციალურად შეჯიბრისთვის მომზადდა, ის 8 მაისს გასამართი შეჯიბრის რეკლამა გახლავთ, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია აქამდე ამ თემაზე შექმნილი სხვა ვიდეოებისგან. გადაღების დროს ძალიან დაგვეხმარა საპატრულო პოლიცია. პატრულის ეკიპაჟმა ოპერატიულად გადაკეტა გზის ის მონაკვეთი, რომელიც უნდა გამევლო. გადაღება დილის 2 საათზე დავიწყეთ, რომ ნაკლები მოძრაობა ყოფილიყო და საცობები თავიდან აგვერიდებინა, თუმცა სავარჯიშო გავლა მაინც ვერმოხერხდა, რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ გამოგვივიდა. განსაკუთრებული მადლობა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დახმარებისთვის.
– „ნიჭიერის“ სცენაზე ულამაზესი, დაუვიწყარი შოუ მოაწყვეთ და ფინალშიც გახვედით, რა მოგცათ ამ შოუმ…
– ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ შოუთი გამიცნო. იმ პერიოდში ყველგან მცნობდნენ, სიყვარულით მესალმებოდნენ და მხარდაჭერას მიცხადებდნენ. პროექტის დამთავრებიდან მალევე გაჩნდა საინტერესო შემოთავაზებები, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ეწყობოდა. ქართველი გოგონას, მარიამ პატურაშვილის რეკომენდაციით, საქართველოში მოღვაწე, აზერბაიჯანულმა კომპანიამ მოინდომა ჩემი დასპონსორება. მათი ხელშეწყობით გავემგზავრე ბაქოში.მსოფლიო ჩემპიონატზე GTკლასში (ეს იყო ძარიანი ავტომობილების შეჯიბრი) მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ავტომბრბოლელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მე შესვენებებზე გამოვდიოდი ჩემი ავტომობილით და ვაწყობდი დრიფტშოუს. ჩემპიონატისთვის, გერმანიიდან მოწვეულ დრიფთერებთან ერთად, დავდგით ერთობლივი შოუ. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა. გამოცდილების შეძენასთან ერთად, როგორც ქართველისთვის, ძალიან საამაყო იყო უცხოელ მრბოლელებთან გამოსვლა, ავტოსპორტის სფეროში მონაწილეობის მიღება.
– რომელ ქვეყანაში ისურვებდით ასპარეზობას?
– ჩემს ადგილზე ბევრი იაპონიაში წასვლას ინატრებდა, რადგან დრიფტი, როგორც ექსტრემალური სპორტი, ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა. სიამოვნებით ვეწვეოდი იაპონიასაც, მაგრამ ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ მომეცემა შანსი, ვიასპარეზო იმ რბოლაში, რომელიც შტატებში ყოველ წელს ტარდება და ეს არის დრიფტის ჩემპიონატ,ი სახელწოდებით – formula drift.
– ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობთ მსოფლიოში აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო ღონისძიებებში.
– დიახ, ვიდრე უფრო გავძლიერდებით, ვცდილობთ, ჩვენი ჩართულობით რაიმე ფორმით გავახაროთ ბავშვები. მიგვყავს ჩვენი მანქანები, ბავშვები იღებენ ფოტოებს, ეცნობიან საინტერესოდ ჩაცმულ ჩაფხუტიან მრბოლელებს, მათთან ერთად ცაში უშვებენ ფედერაციის ლოგოთი გამოსახულ ჰელიუმის ბუშტებს. გვიერთდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ბავშვებთან ერთად. ეს არის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ყველას ამახსოვრდება.
– მომავლის ოცნება. მიზანი…
– იმედი მაქვს კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ექნებათ დაინტერესებაც და რესურსიც, ეტაპობრივად დაგვიდგნენ გვერდით. ჩვენი მხრიდან თავს არ ვზოგავთ, თუ სპონსორი მალე გამოჩნდება, უკვე მზად ვართ, რომ გაგვიცნოს მსოფლიომ. გავიდეთ როგორც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ჩვენს ქალაქში ვუმასპინძლოთ უცხოელ მრბოლელებს. რუსთავის ტრასა 2012 წელს ახლიდან აშენდა. 20 მილიონი დაიხარჯა ტრასის მშენებლობასა და მოწყობაზე, იგი ყველანაირ სართაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს დრიფტისთვის და არა მარტო დრიფტისთვის. მიხარია, რომ წელს საპრიზო ფონდი ბევრად დიდი იქნება, ვიდრე აქამდე იყო, რაც დიდი სტიუმულია მრბოლელისთვის, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება.
– წარმატებას გისურვებთ!
– დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
ირმა მირზაშვილი