თინა ხიდაშელი: ჯარში ქართული პროდუქტის შემოტანით სამინისტრო ცდილობს, ქვეყანაში მეტი შემოსავალი გააჩინოს

„ჯარში ქართული პროდუქტის შემოტანით და საკონტრაქტო სამსახურის გამრავალფეროვნებით თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, ქვეყანაში მეტი შემოსავალი გააჩინოს“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლის შეფასებისას გააკეთა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მისი მინისტრობის დროს ჯარის კვება ქართულ პროდუქტზე გადავიდა, რითაც დაახლოებით 40 მილიონი ლარის დატოვება მოხდა ქვეყანაში.
„თავდაცვის სამინისტრომ, ჩემი მინისტრობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მოსახლეობის დასაქმებისა და საქართველოში მეტი შემოსავლის გაჩენის თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ ჯარის კვება ქართულ პროდუქტზე გადავიტანეთ, დაახლოებით 40 მილიონი ლარი დავტოვეთ ქვეყანაში, რომელიც მანამდე არგენტინიდან და შორეული ქვეყნებიდან ჩამოტანილი გაყინული ხორცის დაფინანსებას ხმარდებოდა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები ძალიან ბევრია, თუმცა საქართველოში დასაქმების პრობლემა იმდენად დიდია, რომ მის მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება. თინა ხიდაშელმა დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას საკონტრაქტო სამსახურის აღდგენა მოიყვანა.
„ჩვენ განვაახლეთ სამი წლის განმავლობაში შეჩერებული საკონტრაქტო სამსახურში მიღება. უკვე ორი გაწვევა მივიღეთ ახალი სამხედრო მოსამსახურეების და წლის ბოლომდე კიდევ ერთი გაწვევა გვექნება. ქმედითად მიმდინაერეობს ყველა ის პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყანას და მის სიძლიერეს ემსახურება და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ზრდას უზრუნველყოფს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სამხედრო სექტორი არ არის მთავარი და ძირითადი ბიზნესის წამახალისელებლი, თუმცა ამ კუთხით მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, რადგანაც, თუკი ქვეყანაში იქნება სტაბილურობის განცდა, ეს მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები