გიორგი მღებრიშვილმა სამეგრელოში პოლიციის ახალი შენობა და ნარკოლოგიური კაბინეტი გახსნა – ვიდეო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ სენაკში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ნარკოლოგიური შემოწმების ახალი კაბინეტი გახსნა, სადაც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებობა უახლესი ნარკოტესტებით დადგინდება.
ნარკოლოგიური შემოწმების ახალი სამსახურის გარდა, სენაკში კრიმინალისტთა ჯგუფი იმუშავებს, რომელიც დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას ჩაატარებს. კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები, ერთიან ქსელთან დაკავშირებული სპეციალური სისტემების მეშვეობით, პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება-იდენტიფიცირებას ოპერატიულად განახორციელებენ. კრიმინალისტიკური ჯგუფი ადგილობრივ სამართალდამცავ დანაყოფებს მოემსახურება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ახალი შენობაც გახსნა. თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
ახალ შენობაში ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორები და დეტექტივ-გამომძიებლები იმუშავებენ.