დათო ლომინაშვილი – მთას უნდა მოეფერო, რათა მოგცეს მასზე ასვლის უფლება და, რა თქმა უნდა, უკანაც მშვიდობით გამოგიშვას
ქალაქის ორომტრიალში ადევნებული მთის ძახილი, გამარჯვების ცრემლებთან ერთად, მყინვარწვერის მზით გარუჯული ახალ-ახალი ოცნებები. ხილული სასწაულები, ბავშვობიდან რწმენად აყოლილი მამის აჩრდილი თუ მთაზე დაძმობილებული შიში და სიმამაცე.
მუდამ საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე მდგომი ალპინისტის განვლილი და ახლანდელი საინტერესო ცხოვრება – დათო ლომინაშვილი გვიამბობს.
– ვერაზე დავიბადე და ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც უფროსისადმი პატივისცემა პირველ ადგილზე იყო. ჩემი ბავშვობა ასოცირდება ომთან, უდენობასთან, უგაზობასთან, შიმშილთან. ეს იყო საყოველთაო გაჭირვება. რასაც ჩემი მშობლები არასდროს გვაგრძნობინებდნენ, არადა იმ წლებში მათსავით რამდენ მშობელს უხდებოდა თავდადებული ბრძოლა, ოჯახის გადარჩენისთვის.
მახსოვს, ჩვენი სახლის ფანჯარა, რომელიც ქუჩაზე გადიოდა. სწორედ ამ ფანჯრიდან დავინახეთ პირველად მე და თამუნამ მოგუგუნე ტანკები, რომლებიც ძველი სახლის კედლებს ავისმომასწავებლად აზანზარებდნენ.
მეორე დილა, თბილისის ისტორიაში, 9 აპრილის სახელით შევიდა. დაჭრილებს, მოწამლულებსა და დახოცილებს ვერ იტევდა ქალაქის საავადმყოფოები. თუმცა ამდენ ტრაგედიას ცხადია, ჩვენი თანატოლების მსგავსად, მაშინვე ვერ ვაცნობიერებდით. ბავშვობაში ნანახი და მოსმენილი მეხსიერებაში მოგვიანებით გამუქდა.
დაუვიწყარია, მუდამ მონატრებად ქცეული მამასთან ერთად შემოვლილი ზოოპარკი, კუს ტბის შემოგარენი. მამაშვილური საინტერესო საუბრები. სეზონზე კაკლებითა და ნუშით გავსებული ჩანთა. სახლში დაბრუნებულებს დედაჩემის მრავლისმთქმელი ღიმილით შემოგეგებება და ჩემი დის ეშმაკური ჩაღიმება.
მამა აღარ არის, თორემ ეს ყველაფერი სასიამოვნოდ მეორდება. ახლა მე თვითონ ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე თამთა კილოსანიძე, საბა, ირიშკა და ილია. ოჯახი არის ჩემთვის ყველაფერი, ყველაფერი! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ არსებობს დედამიწის ზურგზე იმაზე ძვირფასი რამ, ვიდრე ოჯახი. ასე იყო ალბათ მამაჩემისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, იყო ვალდებულებები, რომელსაც დიდი სიყვარულით ვერ ვუდგებოდი. კარგი სმენა მქონდა, ვმღეროდი კიდეც, მაგრამ ძალიან არ მიყვარდა დაკვრა. თუმცა დავამთავრე შვიდწლედი, დღეს ერთი ნოტის აღებაც არ ვიცი ფორტეპიანოზე. უბრალოდ ერთს კარგად ვხვდები: როგორ ცდილობდა დედაჩემი, ყოველმხრივი ნიჭი განევითარებინა ჩვენში.
– როდის შემოვიდა თქვენში მთის სიყვარული?
– ცელქი ხასიათის გამო სკოლიდან ლამის ორჯერ გამომრიცხეს, მაგრამ რადგან გამორჩეული, ბეჯითი ბავშვი ვიყავი და მასწავლებლები კბილებით მიცავდნენ, ორჯერვე გადაიფიქრეს. არც შემცდარან! ღამეებს ვათენებდი მეცადინეობაში და პირველივე წელს გავხდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. სწორედ ჩემი სტუდენტობის პერიოდში მოხდა ისეთი რამ, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ერთ დღეს, მაღლივი კორპუსის ფოიეში გამოკრული განცხადება წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბი გუდამაყრის ხეობაში ალპინიადას აწყობდა. ასევე წერდნენ, რომ ნებისმიერ სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, შეგვეძლო მონაწილეობის მიღება. ამის მერე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში მთა, შემოვიდა და დღემდე დიდი ადგილი უკავია.
– რამდენჯერმე ხართ ასული მყინვარწვერზე, მინდა ყველაზე წარმატებული ასვლა გაიხსენოთ…
– მყინვარის სამებას ეძახიან, ყველაზე მაღალ ადგილზე განთავსებული ეკლესია გახლავთ საქართველოში, რომელსაც საფუძველი პატრიარქის კურთხევითა და კუმორდოს ეპისკოპოსის, მეუფე ნიკოლოზის წყალობით ჩაეყარა. ეს არის რკინაში შესრულებული პატარა ეკლესია, რომელიც თავისდროზე იქ ვერტმფრენით აიტანეს. ჩემმა მეგობარმა – ნიკა ლებანიძემ პირველმა გადაწყვიტა საყვარელ ადამიანთან ერთად ჯვარი მთაში სწორედ ამ ეკლესიაში დაეწერა. ამისთვის მან პატრიაქს სთხოვა კურთხევა. გადაწყდა, რომ პატრიარქის კურთხევით, მყინვარწვერზე გამართულ ჯვრისწერის ცერემონიას 30- კაციანი მექორწილეთა ჯგუფი დაესწრებოდა.
გაემზადა მაყრიონი და იმედის ოპერატორთან ერთად დავიძარით. ნოემბერი იყო. ძალიან კარგი ამინდები ჩამოდგა. გერგეტიდან ნაპრალასთან ერთად სოფლის სხვა ძაღლებიც აგვედევნენ. ისინი ექსპედიციებს ხშირად დაჰყვებოდნენ, ამ საქმეში ხანდახან ადამიანებზე უფრო გამოცდილები იყვნენ და მათთვის დამახასიათებელი გამჭრიახობით ექსტრემალურისიტუაციებში ძალიან ეხმარებოდნენ ჯგუფებს… ნაპრალაზე ვიტყვი ორ სიტყვას. ამით მადლიერება მინდა გამოვხატო საოცრად ჭკვიანი ძაღლის მიმართ, რომელიც ბევრჯერ ყოფილა ჩვენი გზამკვლევი. თვითონ მას მერე, რაც, ერთხელ ნაპრალში ჩავარდა და ძლივს გადაარჩინეს, მთმასვლელებს არ შორდებოდა. გზა კარგად იცოდა და უკვე კარგად გამოწრთობილს მოსალოდნელი საფრთხის არიდებაში ბევრჯერ უყოჩაღია. მისი სახელიც აქედან მოდიოდა. ამბობენ, მას ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. ერთხელ დაღლილსა და სულ მთლად გათოშილ კარვის გარეშე დარჩენილ მთასვლელს გვერდით მიუწვა და გაყინვას ასე გადაარჩინაო.
პატარძალი, მაკა გულედანი, სვანი გახლდათ. გარკვეული მონაკვეთი ქორწილის სუფრა ზურგით სიამოვნებით ვათრიეთ. თუმცა, ასევე სასიამოვნო დამთხვევა იყო, ვერტმფრენის გამოჩენა და, სხვა დროის მსგავსად, ტვირთი მას გავატანეთ. ბევრი აღარაფერი გვქონდა და ღიღინ-ღიღინით დავიწყეთ ასვლა.
ვინაიდან გოგონები გვახლდნენ პირდაპირ არ ავედით მეტეოსადგურზე. დილამდე დავისვენეთ. დილით მაყრიონი წინ გავუშვით და მე და ჩემი ერთი მეგობარი კარვების ასაშლელად ჩამოვრჩით. საქმეს მოვრჩით და მათკენ დავიძარით. რადგან მყინვარზე გადადიხარ და ბევრი ნაპრალია, უსაფრთხოების მიზნით თოკში უნდა ჩაება. ასეთ დროს ვერ საუბრობ, რომ არ დაიღალო. ამ დროს გზის დასამოკლებლად საკუთარ თავთან შეგიძლია მხოლოდ საუბარი. უცებ ხმაური ატყდა. რას ვხედავთ, მორბის ჯიხვი, ნაპრალასთან ერთად მოსდევს ძაღლების გაავებული ჯგუფი და ჩვენი მეგობარი ლევანი თხილამურის ჯოხით. უჩვეულო სურათია. უცებ ჯიხვი ჩვენს წინ თოვლში ჩაერჭო და გაჩერდა. დაეხვივნენ ძაღლები. ლევანი დაბნეულ ცხოველს ჯოხის ქნევით უგერიებდა და ყვირილით შველას გვთხოვდა. მანამდე ასეთი გაავებული ნაპრალა არავის ენახა. ჩვენ რომ არა, ნადირისგან არაფერს დატოვებდნენ. თოვლში წელამდე ჩარგულ ჯიხვს, როგორც იქნა, ძაღლები მოვაცილეთ. ოპერატორმა გადაწყვიტა, უნიკალური კადრები აეღო და გოგოებთან ერთად უკან ჩამობრუნდა. მასთან ფოტოების გადაღებით გული რომ ვიჯერეთ, გარშემო თოვლი შემოვუწმინდეთ და ხელით დაბალი თოვლისკენ გავდენეთ. როგორც კი მთის ბინადარმა თავისუფლება იგრძნო. თვალსა და ხელს შუა ყავისფერ წერტილად გადაიქცა და რომ გვეგონა მთის სიქათქათემ შთანთქა, სხვა მხრიდან მოგვიარა. ამაღლებულ გორაზე ამაყად შემოდგა, თითქოს გვიმახსოვრებსო, დიდხანს გვიყურა და შემდეგ ჩვეული სისხარტით მოწყდა ადგილს.
ყველაფერმა საუცხოოდ ჩაირა. გერგეტის სამებიდან წინასწარ ამოსულმა იღუმენმა, იოსებმა ნეფე–დედოფალს მყინვარის სამებაში ჯვარი ტრადიციული მართლმადიდებლური წესის სრული დაცვით დასწერა და თხილამურებით ისევ უკან დაეშვა. კარგად მოვილხინეთ და უკანაც მშვიდობიანად დავბრუნდით. კადრებად ჩამოტანილი უჩვეულო ქორწილი სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებასა და ტელეიმედის მრავალფეროვან არქივში.
– როგორ ირჩევთ მეგზურებს?
– ადამიანს რომ შევხედავ, ვგრძნობ, შემიძლია მასთან ურთიერთობა თუ არა. ჩემსთვის მთავარია ერთგულება, ამაზე ფასეული არაფერია. ხომ გაგიგონიათ: ადამიანის ამოსაცნობად ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამოო და მეც ვჭამ და ვჭამ.
– სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავთ თვალებში?!
– მქონია შემთხვევები, სიკვდილისთვის ჩამიხედავს თვალებში, მაგრამ არასოდეს უბიძგია ჩემთვის ამ ფაქტებს, რომ დამენებებინა თავი მთაში სიარულისთვის.
– შიშის დაძლევის რა რეცეპტი გაქვთ? საჭიროების შემთხვევაში, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ალპინისტს?
– არ ვფლობ შიშის დაძლევის რაიმე რეცეპტს, ეს იმართება ინსტინქტების დონეზე. ნებისმიერ დაბრკოლებაზე ადეკვატურად ვმოქმედებ. ამაზე ფიქრის დროც არ გაქვს. შენს გვერდით მდგომი ადამიანი არის გადამწყვეტი ფიგურა მთაში სიარულისთვის, ადამიანი, რომელსაც ანდობ შენს სიცოცხლეს. მთაში სიარული ძალიან ჰგავს ომში ყოფნას. როგორც ენდობი შენს თანამებრძოლს, ისეა მთაშიც.
– თანამედროვე ალპინისტის აღჭურვილობა…
– ალპინისტის აღჭურვილობამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, მაქსიმალურად მორგებულია ადამიანის კომფორტისთვის, რაც ადრინდელთან შედარებით ბევრად უფრო აიოლებს მთაში სიარულს. დასანანია, რომ ყველაფერი ადამიანების სიცოცხლის ფასად მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა გარემოებაში გამოწვეული დაღუპვის მიზეზთა გათვალისწინებით ალპინისტის აღჭურვილობაც მუდმივად იხვეწებოდა.
– ბუნების გაკვეთილი.
– ბუნებამ მასწავლა, რომ მასთან ჭიდაობა არ ღირს. აუცილებლად დამარცხდები! ამიტომაც არის, მთასვლელები არ ხმარობენ ტერმინს – დავიპყარი, ეს უპატივცემულობის გამოხატვაა მთის მიმართ. მთას უნდა მოეფერო, რათა მოგცეს მასზე ასვლის უფლება და, რა თქმა უნდა, უკანაც მშვიდობით გამოგიშვას.
– გამოცდილება, გადამხდარი ამბავი, რომელმაც კიდევ უფრო გაგაძლიერათ და დაგარწმუნათ საკუთარ შესაძლებლობებში.
– საკუთარ გამოცდილებაზე დიდი მასწავლებელი არ მოიძებნება დედამიწაზე. მქონდა მარცხიც, წაქცევაც, გამარჯვებაც და ფეხზე ადგომაც, ბაბუაჩემი მეუბნებოდა: შეიძლება წაიქცე, მაგრამ დიდხანს ნუ გაჩერდები, წამოდექი და გზა განაგრძეო! დღემდე ვცდილობ ამ რჩევის შესრულებას. მთაში განსაკუთრებით გრძნობ ღმერთთან სიახლოვეს. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა გავიხსენო.
აღდგომა მოდიოდა, ჩვენი მორიგი ექსპედიცია მყინვარწვერისკენ რომ დაიძრა. ჩვენს ჯგუფში აღმოჩნდა ადამიანი, რომელთან ერთად ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ მთაში. მას რელიგიაზე საუბრების დროს ვატყობდი, რწმენაში სიმტკიცე აკლდა, ბევრი კითხვის ნიშანი ჰქონდა ყოველთვის და მუდამ ათეისტური აზროვნებით გამოირჩეოდა.
მყინვარწვერზე ვიდრე ახვალ, მარშრუტი ასეთია: ყაზბეგი – მეტეოსადგური. მერე არის შუალედური ადგილი, უფრო გასაგებად – გაჩერების ადგილი. შემდეგ მეტეოსადგურიდან ადიხარ წვერამდე.
ცხრაკაციანი ჯგუფიდან ერთი ნაწილი წინ მივდიოდით, ჯგუფის დანარჩენი წევრები ხელმძღვანელთან ერთად უკან მოგყვებოდნენ. საშინელი ამინდი იყო. გადაადგილება ჭირდა. გზის გაგრძელება შუძლებელი იყო და მათ ამოსვლამდე გადავწყვიტეთ, კარავი დაგვედგა. უნდა გვეჩქარა, რადგან ორი კარავი იყო ჩასადგმელი. ის ისე უნდა დადგა, ქარმა არ წაიღოს. ამისთვის ფიზიკური შრომა გიწევს. საქმე დაწყებული გვქონდა, მეორე ჯგუფი რომ დაგვეწია. ჯგუფის ხელმძღვანელმა საკარვე ადგილი დაგვიწუნა. ახალი ადგილის ძებნამ დიდი დრო წაიღო. მის მიერ შერჩეულ ადგილზე ახლიდან დავიწყეთ საკარვეს ამოჭრა.
ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა. 4100 მეტრზე ვართ. ერთი საკარვე, როგორც იქნა, გამზადდა, თუმცა მეორე კარავი ვერ მოვასწარით. ამიტომ სხვა გზა არ დაგვრჩა და გადაწყდა, ყველანი ერთ კარავში შესულიყავით. დატევის თვალსაზრისით, თავშექცევით განვთავსდით. გათენებას ველოდებით: ან ამინდი გამოვა და გავაგრძელებთ გზას, ან უკან გამოვბრუნდებით.
ორი ადამიანი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, კართან მიწვა. ცოტა ხანში შევნიშნეთ, რომ სუნთქვა გაჭირდა. ასანთი არ ინთებოდა და გადავწყვიტეთ გარეთ გაგვეხედა. თოვლის საფარი კარვის კუთხეებს აცდენოდა და შიდა სივრცესაც საგრძნობლად აპატარავებდა. კარვის გარშემო სასწრაფოდ თოვლი უნდა შემოგვეთხარა. რიგრიგობით დავიწყეთ გასვლა. ერთ ნიჩაბს რომ ვყრიდით, გაწმენდილი ადგილი ორი იმდენით უკან ივსებოდა. ასე თუ გაგრძელდებოდა, დილამდე თოვლი დაგვფარავდა. ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, თუმცა თოვლის საფარი კვლავინდებურად იზრდებოდა და კარავს აწვებოდა. ბოლოს შიდა სივრცე ისე დაპატარავდა, გარედან შემოსულ „მორიგეს“ დაწოლილ მდგომარეობაში გაჭირვებით ვაბრუნებდით კარავში. თოვლის ხვეტას რიგრიგობით მაინც განვაგრძობდით. როგორმე დილამდე ასე უნდა გაგვეტანა თავი, რაც წარმოუდგენელი იყო. ვიღაცამ საათი იკითხა, პირველი იყო დაწყებული, ქრისტე აღსდგა! დაიძახა გეზიმ – ჭეშმარიტად აღსდგა! – გაისმა ჯგუფიდან. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ვულოცავდით ერთმანეთს, თუმცა საფრთხის მოლოდინში ყველას თვალებში შიში დასადგურებულიყო.
“მამაო ჩვენო” ზეპირად ვინ იცისო – იკითხა ისევ გეზიმ, იგივე გიორგი კახაბრიშვილმა. ის იყო ვაპირებდი ლოცვის დაწყებას, პირის გაღებაც ვერ მოვასწარი, დავინახე ცაში ვედრებით აპყრობილი თვალებით, ახლა უკვე ყოველგვარი კითხვების გარეშე. ხმამაღლა, ზეპირად და სხაპა-სხუპით როგორ წარმოთქვამდა “მამაო ჩვენოს” ჩვენი ათეისტი მეგზური. მისი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ ჩემსავით ყველამ იცოდა და ეს იყო იმ ღამის პირველი სასწაული, რომელიც დღემდე ყველას ახსოვს.
ბოლოს თოვლმა კარვის კარიც ჩაკეტა. უფლის ამარა დარჩენილებმა მთელი ღამე ლოცვაში გავატარეთ. როგორც კი გათენდა, მოვიფიქრეთ, კარავს ჭერი ამოვჭერით და რიგრიგობით ამოვაძვრინეთ ერთმანეთი.
ეს იყო წარუმატებელი ასვლა, თუმცა ჩვენივე ლოცვის წყალობით მშვიდობით გადარჩენილები. სულიერად გაძლიერებულები და რწმენაში განმტკიცებულები დავბრუნდით უკან.
– სამხედრო… სამსახური, რომელიც პროფესიად იქცა.
– ჩემი ჯარში წასვლის მიზეზი ისევ და ისევ გახლდათ ალპინზმი. 11 წელი შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი. ძალიან მინდოდა საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა ჯარისკაცებისთვის. როგორ მოვახერხე ეს, ეს უკვე მათ შეგიძლიათ კითხოთ. შემდეგ გადმოვედი შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაკეთებ იგივე საქმეს, იგივე მოტივით.
– მეუღლე ალპინისტი.
– ჩემი მეუღლე ერთ– ერთი ექსპედიციის დროს გავიცანი. მთაში ყოფნის დროს ადამიანი კარგად ავლენს საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებს. პირველ ჯერზევე მოვიხიბლე მისი პერსონით. მოხდა ისე, რომ მეორედაც ერთად მოვხვდით ექსპედიციაში სასიამოვნოდ მენიშნა ეს ამბავი და მივხვდი, ეს იყო ადამიანი, რომელიც მომავალ ცხოვრებაში მჭირდებოდა და ვჭირდებოდი. არც შევმცდარვარ, მას მერე ერთად ვართ. როგორც გითხარით, სამი შვილი გვყავს, ახლა ის მთაში სიარულს ვეღარ ახერხებს, თუმცა ეს დროებითია. როგორც კი პატარები წამოიზრდებიან, მათთან ერთად ვესტუმრებით მას.
– დაკარგული მეგობრები… გულგატეხილობას არ გიჩენდათ ამ საქმის მიმართ?!
– ბევრი მეგობარი მყავს დაკარგული მთაში. ამას ვერსად წაუხვალ. თუმცა გულგატეხილობაზე მეტად გაბრაზება მახრჩობს, რადგან იყვნენ ისეთები, რომლებთან ერთადაც ასვლას სულ სხვა აღმაფრენა ჰქონდა. მათთან ერთად სხვანაირი იყო გამარჯვების სიხარული. ძალიან მაკლია ეს ხალხი. ერთად შეცდომების გააზრება. ის გამორჩეული ურთიერთობები. სულიერი კომფორტი, რაც მათთან ერთად სიარულს მოჰქონდა. ზურა ებანოიძე, მიხეილ ჩაჩანიძე, ზალიკო ქიქოძე, ახლა უკვე მისი სახელობის ქუჩა გვაქვს მთაწმინდაზე, სადაც ის ცხოვრობდა. მერაბ ხაბაზი. ლევან თათარაშვილი , გიორგი ქრისტესიაშვილი, იგივე „შტირლიცა“, ბევრი სხვა. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
– საოცნებო ქვეყანა…
– საოცნებო ქვეყანა ჩემთვის არის ჩემი სამშობლო, რომელიც ბოლომდე არ მაქვს ნანახი.
– გამოცდილი ალპინისტის რჩევები დამწყებ ალპინისტებს…
– გამორჩეულ ალპინისტებს უთქვამთ: კარგი აპლინისტი ცოცხალი ალპინისტიაო.
– და ბოლოს…
– იარეთ მთაში!
ირმა მირზაშვილი