როდესაც მკურნალობა სწორად მიმდინარეობს, ისეთი შეგრძნებაა, რის გამოც გიღირს, იყო ექიმი
მარიამ აბულაძე ბავშვთა ნევროლოგიის სპეციალისტია. რატომ გახდა მისთვის ნევროლოგია საინტერესო, როგორ ხდება დაავადების გამოძიება და რა მეთოდებით ებრძვიან ეპილეფსიას, პერსონა „პერსონაში“ მოგვიყვება…
– ზოგადად, როდესაც პროფესიებს გადავხედე, ჩემს პიროვნებასთან ყველაზე მეტად ახლოს მედიცინა აღმოჩნდა. ასევე, რა თქმა უნდა, დედა რომ ექიმია, ქვეცნობიერად ამის გავლენაც იყო…
– ბავშვთა ნევროლოგია…
– დაახლოებით მეოთხე კურსზე ვიყავი, სტუდენტობის პერიოდში გავიარე პირველად ნევროლოგია, როგორც საგანი. როგორც კი შევეხე, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ნევროლოგია მაინტერესებდა. გარდა ამისა, ბავშვებთან ურთერთობა მიყვარს, მსიამოვნებს. ყველაფერი ერთად შევაერთე, სასიამოვნო და საინტერესო, საბოლოოდ ეს პროფესია გამოვიდა – ბავშვთა ნევროლოგია.
– სწავლის პერიოდი…
– ზოგადად, მიიღო სამედიცინო განათლება, არ არის ადვილი, რადგან ძალიან ხანგრძლივია. გჭირდება ოჯახის ხელშეწყობა, როგორც ფინანსური, ასევე სულიერი დახმარება და გვერდში დგომა. ძალიან ადვილი ნამდვილად არ იყო. თუმცა ჩემი პროფესია ყოველდღიურობაში ძალიან მრავალფეროვანია. ყოველი ახალი შემთხვევა განსხვავებული და საინტერესოა ჩემთვის. თითოეული მათგანი ერთგვარი პატარა გამოძიებასავით არის. ანამნეზი უნდა შეკრიბო და ამის მიხედვით მიხვდე, რა დაავადება არის. ნამდვილად არ შევმცდარვარ პროფესიის არჩევაში…
– განსაკუთრებით საპასუხისმგებლო…
– სწავლას რომ მოვრჩი, 2014 წელს ავიღე ლიცენზია. 2015 წლიდან დამოუკიდებელი საქმიანობა დავიწყე. ძალიან საპასუხისმგებლოა, თან, მით უმეტე,ს ბავშვებში. დიდებისგან უფრო ადვილად გაიგებ, რა აწუხებს, პატარას კი ცოტა უჭირს ამის გადმოცემა. მისი ქცევით უნდა მიხვდე, რაშია საქმე და ეს ნამდვილად არ არის ადვილი. თუმცა, გაქვს გამოცდილება, ცოდნა, რის საფუძველზეც ცდილობ, არ შეცდე, სწორი დიაგნოზი დასვა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ საპასუხისმგებლო მდგომარეობებს თითქმის ყოველდღიურად ვაწყდები.
– ისწავლე საზღვარგარეთ…
– გერმანიაში არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ნევროლოგთა ასოციაციაა, რომელიც იძლევა დაფინანსებას, რომ რამდენიმე თვით წახვიდე კლინიკაში და ია გაიარო პრაქტიკა. აგზავნი შენს მონაცემებს და ამის მიხედვით გაძლევენ დაფინანსებას. ეს დაფინანსება მივიღე, 2012 წელს გერმანიაში ნევროლოგიურ კლინიკაში ვიყავი და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ზოგადად, ეს ძალიან აუცილებელია იმიტომ, რომ თანამედროვე მედიცინას მიყვე, აქტუალური საკითხებს არ ჩამორჩე. ვთვლი, რომ აუცილებელია, საერთაშორისო დონეზე მიიღო განათლება და პრაქტიკა. რა თქმა უნდა, იქაური ექიმისგან დიდი გამოცდილება შევიძინე, გარდა ამისა, წელიწადში რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციას ვესწრები, საიდანაც დამატებით გამოცდილებას ვიღებ, ვიგებ, რა არის ახალი მედიცინაში.
– აქტიურად დადიხარ საზაფხულო სკოლებში…
– ზაფხულში ვიყავი იტალიაში. საზაფხულო სკოლა იყო ეპილეფსიაზე, სადაც ორი კვირის განმავლობაში ვესწრებოდი სესიებს, ლექციებს. აქ არის პრაქტიკული გარჩევები, ჩამოდიან საერთაშორისო ლექტორები, რომლებიც ყველაზე სერიოზული წონიანი ექიმები არიან. ისინი გასწავლიან, გიხსნიან, გაქვს საშუალება, შენ თვითონაც მოახსენო შენი პრაქტიკული შემთხვევები. რომლებსაც შემდეგ განიხილავენ, რჩევებს მოგცემენ. ძალიან ინტერაქტიული კურსი ყოველწლიურად ტარდება.
– ეპილეფსია ახსენე…
– დღეს ნევროლოგიაში ეპილეფსია არის ყველაზე აქტუალური, სადაც შეგიძლია მედიკამენტურად მიეხმარო და ძალიან კარგი შედეგი მიიღო. თვითონ ეპილეფსიაც ცალკე აღებული მრავალფეროვანია და დღესდღეობით ყველაზე მეტად ამ სფეროში ვარ დაინტერესებული. თუმცა ზოგადად ნევროლოგია ძალიან საინტერესოა თავისი ქვედარგებით და ქვეპუნქტებით. ძალიან დიდი სფეროა და ძალიან რთულია სრულად მოცვა…
– რამდენად რთული იყო პროფესიის ათვისება…
– ჩემს პროფესიაში სწავლის პერიოდში საჭიროა მთლიანად ჩართული იყო სწავლაში, პრაქტიკის მიღებაში. ამ პერიოდში რომ იმუშაო, ან სხვა რამე აკეთო ძალიან რთულია. ამიტომ ამდენი წელი ოჯახზე ხარ დამოკიდებული. ჩემს შემთხვევაში ოჯახი გვერდზე მედგა, ჩემი სურვილიც ძალიან დიდი იყო და ამიტომ გამომივიდა. ბოლომდე ადვილი ნამდვილად არ ყოფილა… ასევე მინდა ავღნიშნო ჩემი მასწავლებლის, პროფესორ ნანა ტატიშვილის უდიდესი მხარდაჭერა, ყოველთვის გვერდში მედგა და მეხმარებოდა პროფესიულ განვითარებაში და სწორი გზის არჩევაში. ნევროლოგია და მითუმეტეს, ბავშვთა ნევროლოგია ერთ-ერთი ყველაზე რთული დარგია, წლებია საჭირო იმისთვის, რომ საფუძვლიანად შეძლო მისი ათვისება. ამიტომ კიდევ ბევრი დამრჩა სასწავლი…
– სხვა პროფესია…
– სხვა პროფესიის არჩევაზე არასდროს მიფიქრია. სულ მინდოდა ბავშვთა ნევროლოგია და ახლაც ასეა. ყოველდღე მაქვს სტრესი, გადაღლა, ძალიან მძიმე სამუშაოა. ძალიან დატვირთული ხარ. ამიტომ სამსახურის შემდეგ მივდივარ ხოლმე და დავრბივარ ან ვვარჯიშობ, ეს ძალიან მეხმარება სტრესის მოხსნაში.
– როგორია ყოველდღიურობა…
– დღის რეჟიმი, როგორც აღვნიშნე, დატვირთული მაქვს. არის შემთხვევები, როცა 24- საათიანი მორიგეობაც გვიწევს ხოლმე. დღე და ღამე სულ გამოძახებებია. ღამის თევაც საკმაოდ სტრესია, ასევე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. ზოგჯერ არის მწვავე მდგომარეობა, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო, ბავშვი არის ძალიან კრიტიკული, მძიმე. მრავალნაირი შემთხვევა მხვდება დრის მანძილზე.
– რა გრძნობაა, როდესაც მიიღებ გადაწყვეტილებას და მკურნალობა სწორად მიდის…
– რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც მკურნალობა მიდის სწორად და ისეთი შეგრძნებაა, რის გამოც გიღირს, რომ იყო ექიმი. როდესაც შენი პაციენტი ხდება კარგად, მკურნალობა სწორია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ყველაზე დიდი სტიმული არის, რომ შენ შენი კარიერა გააგრძელო და გახდე კიდევ უფრო უკეთესი.
– რჩევები…
– განყოფილებას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი. ასევე არიან ჩემზე გამოცდილი ექიმები. როდესაც არის რთული შემთხვევა, მარტო არასდროს ხარ. შეგიძლია განყოფილების ხელმძღვანელთან თავისუფლად მიიღო რჩევები, ანუ რთულ შემთხვევებში ერთად ხდება გარჩევა…
– საზღვარგარეთ პროფესიულ მოღვაწეობას გააგრძელებ ?
– შემოთავაზება მქონდა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მინდოდა, რომ საქართველოში დავრჩენილიყავი და სხვადასხვა მიზეზის გამო აქ გამეგრძელებინა ცხოვრება. დღეს უკვე გადაწყვეტილება მივიღე, რომ საქართველოში ვრჩები.
– დედა რას ამბობს შენზე…
– შექება არ უყვარს. სულ ცდილობს, სამომავლოდ უფრო მეტი გავაკეთო, უფრო წინ წავიდე. არასოდეს აღნიშნავს – ეს რა კარგია. სულ მეუბნება,“ახლა უკეთსი რა გავაკეთოთ, ახლა ასე ხომ არ ჯობია, რომ უფრო მეტი გახდე“. უფრო აქეთ არის მიმართული.
– პრობლემები, რომელიც შენს პროფესიაში გხვდება…
– საზღვარგარეთ უფრო მეტი არის კვლევების საშუალება და ეპილეფსიის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩვენთან მედიკამენტური უფრო გავრცელებულია, არსებობს ეპილეფსიის ქირურგია, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება საქართველოში, მაგრამ არ გვაქვს. ამიტომ ბავშვს სჭირდება საზღვარგარეთ წასვლა, ძალიან ძვირი არის, სჭირდება დაფინანსების მოპოვება, დროში გაწერილია და ა.შ. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, სირთულეებიც უფრო მეტია, ვიდრე საზღვარგარეთ, ევროპის თუ ამერიკის ქვეყნებში.
– რატომ დაინტერესდი განსაკუთრებით ეპილეფსიით?
– თვითონ თავის მიმდინარეობით ძალიან საინტერესოა. უშუალოდ იმ გარკვეული შეტევით ხვდები, რა ადგილას გაქვს დაზიანება. ამიტომ უფრო საინტერესოა, თან მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკი. განსხვავებულია თითოეული შემთხვევა. შეიძლება ერთი და იგივე ტიპის ეპილეფსია იყოს, მაგრამ სხვადასხვა ბავშვში გამოვლინდეს სხვადასხვანაირად. მკურნალობაც მრავალფეროვანია და ა.შ.
– სამომავლო გეგმები…
– ზამთარში ისევ გერმანიაში მივდივარ. მთავარი ეპილეფსიის ცენტრში უნდა დავეუფლო ეპილეფსიის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც საქართველოში ნაკლებად არის გავრცელებული და, რა თქმა უნდა, სხვა მხრივაც უნდა მივიღო გამოცდილება ეპილეფსიის დარგში…
ნინო ჯაჯანიძე