„პედაგოგიკაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ რასაც დღეს ვაკეთებ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“

თამარ იოვაშვილი ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარეა. თუმცა, მანამდე, სანამ საკუთარ ცხოვრებას ამ ადამიანებს დაუკავშირებდა, სულ სხვა მიზნები ჰქონდა. როდის დაინტერესდა თამარ იოვაშვილი გეოფიზიკით, რა ბუნებრივი საშუალებები არსებობს ბუნებრივი მოვლენების წინასწარ განსასაზღვრად და რატომ აღმოჩნდა მისთვის მეორეხარისხოვანი საკუთარი პროფესია, პერსონა თავისი ცხოვრების დეტალებზე „პერსონას“ მკითხველს მოუყვება…13020116_1275904832438122_2092962661_n

– სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. სკოლის ასაკიდან მაინტერესებდა ტექნიკური განხრა – ანუ მათემატიკა და ფიზიკა იყო ჩემი საყვარელი საგნები. ამიტომ, რა თქმა უნდა, პროფესიაც შესაბამისი ავირჩიე. მართალი გითხრათ, მაინტერესებდა გეოფიზიკა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დავიკავე, მეორე ხარისხის დიპლომი ავიღე. განსაკუთრებით მაინტერესებდა ცოცხალი სეისმოგრაფები. მაგალითად, მიწისძვრის პროგნოზირება, საკმაოდ საინტერესო მექანიზმები არსებობს ბუნებაში. მიწისძვრის წინ კატა  და ნებისმიერი ცხოველი სხვანაირად იქცევა. სწორედ ამიტომ ავირჩიე ფიზიკის ფაკულტეტი. დავამთავრე 1987 წელს, მაგრამ ცხოვრებაში ზოგჯერ არ ხდება ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ ფიქრობ და ჩემი ცხოვრებაც ცოტა სხვანაირად მიმდინარეობდა იმ დროს. გავთხოვდი, ბავშვები მეყოლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა მასწავლებლად. რამდენიმე წელიწადი ვმუშაობდი ამ კუთხით, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი – 21 წლის.
პედაგოგად ვმუშაობდი სასწავლებელში და ჩემი მოსწავლეები იყვნენ 17-18 წლის ახალგაზრდები. პრაქტიკულად განსხვავება ასაკში არ იყო. ამ დროს უნდა გქონდეს ისეთი შინაგანი ღერძი, რომ შეხვიდე აუდიტორიაში, სადაც 20-30 ბავშვი ზის და მათ არა მარტო ფიზიკა-მათემატიკა ასწავლო, ისიც უნდა მოახერხო, რომ დისციპლინა დაიცვა…
– თუმცა პედაგოგიური კარიერა დასრულდა…13014817_1275904829104789_629425977_n
– ნამდვილად. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი, მერე შეიცვალა სიტუაცია ქვეყანაში. უნივერსიტეტში რუსული სექტორი დავამთავრე, შემდეგ ეს ჯგუფები დაიხურა და აზრი აღარ ჰქონდა მუშაობას. ამ პერიოდში უკვე ძალიან მინდოდა საკუთარი ბიზნესის დაწყება და საკუთარი თავის რეალიზება. გავაკეთეთ საოჯახო სამზარეულო, კაფე და რესტორნის ბიზნესი. გავიდა წლები, ეკონომიკური სიტუაცია სულ უფრო უკან მიდიოდა და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით არ გამიმართლა. 2006 წელს ახალი შრომის კოდექსი შევიდა ჩვენს კანონმდებლობაში. შრომის კოდექსი იყო ძალიან ლიბერალური, უამრავი ხალხი გამოჩნდა სამსახურის გარეშე, გამოუშვეს სამსახურიდან. ვხედავდი, რომ პრობლემა, რაც შეიქმნა საზოგადოებაში, თავისთავად არ დალაგდებოდა. მაშინ, 2010-11 წელს გამიჩნდა იდეა  და ასე შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია – „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“.
– ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობთ…12992936_1275904845771454_1286398506_n
– ჩვენი ორგანიზაცია უკვე 5 წლისაა. მისი შექმნის იდეაა, შევებრძოლოთ იმ შედეგებს, რა შედეგებიც მოიტანა ლიბერალურმა პოლიტიკამ. არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ, არამედ წინა ხელიუსუფლებამაც, შევარდნაძის დროსაც არ იყო ყველაფერი დალაგებული. ზოგადად ვთვლი, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში პრაქტიკულად საქართველოში არ იყო სოციალური პოლიტიკა, რასაც ჰქვია სოციალური დაცვის პოლიტიკა. ახლა იდგმება რაღაც დადებითი ნაბიჯები, იგივე საყოველთაო დაზღვევას თუ გავიხსენებთ, თუმცა საკმარისი არ არის. ჩვენ არ გვინდოდა ოფისში ჯდომა და ერთმანეთთან საუბარი, გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც დაეხმარებოდა ხალხს. დავიწყეთ მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე და 2012 წელს დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიერ იყო ინიცირებული ჩვენი კანონპროექტი.„უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ“. ეს იყო ძალიან საინტერესო კანონი, რა თქმა უნდა არა ლიბერალური, უფრო სოციალური განხრით. მაგალითად, ძალიან ძნელია მოძრაობა ქუჩაში, თუ არ არის შუქნიშანი, თუ არის და შუქნიშანზე ინთება მწვანე და წითელი, მაშინ ყველაფერი ნორმალურადაა, თავს გრძნობ დაცულად. იგივე ხდება საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. შარშან დავიწყეთ პროექტი – „სახით უსახლკაროებისკენ“. ამ პროექტის მიზანი იყო თბილისის მასშტაბით უსახლკაროების აღწერა და ბაზის შექმნა. მეორე ეტაპზე იყო საკანონმდებლო ინიციატივის შექმნა. ახლა გვაქვს კანონპროექტი, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს ვესაუბრეთ ამის შესახებ, მე მესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, რომ დღესვე გადადგას ნაბიჯები, მაგრამ ამ მიმართულებით ნახევარი ნაბიჯი რომ მაინც გადაიდგას, ეს უკვე დიდი საქმეა…
– რამდენად არის დაინტერესება თავად იმ ადამიანების მხრიდან, ვისზეც თქვენი ორგანიზაცია მუშაობს…12992356_1275904835771455_2490162_n
– 2015 წლის მარტიდან რომ დავიწყეთ პროექტი, დღემდე მირეკავენ. ძალიან დიდი დაინტერესებაა. თავიდან აინტერესებდათ, სად შეიძლება გაევლოთ რეგისტრაცია, ახლა მეორე ნაკადი გვეკითხება, რას ვსაქმიანობთ და რა წინგადადგმული ნაბიჯებია. ახლა ვაპირებთ რეგისტრაციის გაკეთებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
– რა გამოცდილება მოგცათ ამ 5 წელმა?
– ზუსტად აი ამ საკითხზე, რაც ეხება უსახლკაროთა შესახებ კანონპროექტს, მაქვს იმედი. იმიტომ რომ მქონდა კონსულტაციები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ გია ჟორჟოლიანთან, მან მიიღო ძალიან აქტიური მონაწილეობა ამ კანონპროექტის ფორმირებაში და ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ზოგი შენიშვნა, რაც ჰქონდა ბატონ გიას, საწყის ეტაპზე შევასწორეთ და შევარბილეთ. ბატონი გია დამპირდა, რომ მაისში მოახდენს ინიციაციას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაცია შარშან გახდა ფედერაცია „ფიანსას“ წევრი, რომელიც უსახლკაროთა საკითხებზე მუშაობს. ახლა ჩვენ გვაქვს უფლება იმ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო ევროპაში წარვადგინოთ. „ფიანსა“ მსოფლიო მასშტაბით 76 ორგანიზაციას აერთიანებს.13020475_1275904825771456_1893659742_n შტაბ-ბინა  ბრიუსელში აქვთ. ახლა 9-10 ივნისს მათი მიწვევით, მივდივარ ბრიუსელში, სადაც უსახლკაროთა პოლიტიკის თემაზე ძალიან საინტერესო კონფერენცია გაიმართება.
– საინტერესო ცხოვრება გაქვთ, მაგრამ პროფესია არ გენატრებათ…

– ჩემი ცხოვრების მიმართულება ნამდვილად შეიცვალა. მე ვთვლი, რომ რასაც ამ ეტაპზე ვაკეთებ, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ჩემთვის, ჩემი თვითრეალიზებისათვის უფრო კარგია. მინდა გითხრათ, რომ გარშემო  ყველა ბავშვს ვეხმარები, ვისაც ფიზიკის და მათემატიკის სწავლა უნდა. პედაგოგიკაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ რასაც დღეს ვაკეთებ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
13014832_1275904852438120_524219074_n
13020278_1275904842438121_737672205_n
13022468_1275904849104787_1177141660_n

                                                                                                                                                                            ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები