როგორ ჩამოვიდა მთა ქალაქში – „ეკობიჭის“ ჯანმრთელი იდეა…
ნოდარ ტოხოსაშვილი 24 წლისაა და უკვე საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს. „ეკობიჭის“ მიერ წარმოებულ, მთიდან ჩამოტანილ პროდუქციას მომხმარებელი ჯერჯერობით სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდულობს. როგორ ავითარებს წარმოებას, რა პრობლემები აქვს და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ უკანა ფშავიდან, ჩვენი „პერსონის“ ისტორიიდან გაიგებთ…
– ბავშვობიდან უკანა ფშავში ვცხოვრობდი, დაახლოებით შვიდი წელი ვიყავით იქ მე და დედა, შემდეგ სკოლაში რომ შევედი, დუშეთის რაიონში გადმოვედით. უკანა ფშავში პატარაობიდან საქონელი მყავდა, ბოსტანი მქონდა… სწორედ ამიტომ დაახლოებით 2-3 წლის წინ გამიჩნდა იდეა, რომ სოფლისთვის უფრო სერიოზულად მიმექცია ყურადღება, სხვა თვალით შემეხედა და სხვა პერსპექტივა დამენახა. მთაში განვითარების დიდი პოტენციალია, პრობლემა ის არის, რომ ინფრასტრუქტურა არ არსებობს… ეს რომ მოგვარდეს, ძალიან დიდი რესურსია გარემოს მხრივ, ტურიზმის განვითარების და ბიომეურნეობისთვის. სწორედ ეს არის პერსპექტივაში, რომლისკენაც ეტაპობრივად მივდივარ. შეიძლება ეს კუს ნაბიჯებია, მაგრამ წინსვლა ნამდვილად არის.
– რა პროდუქციას აწარმოებ?
– შერეული მეურნეობა მაქვს. ბოსტნეულიდან ეს არის კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი, ნიორი. რძის პროდუქტებიდან – ყველი, ერბო, დამბალი ხაჭო და ასევე თაფლი. ჩემი პროდუქციის რეალიზება, ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება, რომელიც მეხმარება, მქონდეს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც ამ პროდუქტს იძენს. რადგან კავშირგაბმულობა არ არის, ძირითადად, ისეთ პროდუქტებს ვამზადებთ, რომლებიც დიდი ხნით ინახება. ახლა დაახლოებით ერთ თვეში წავალ მთაში და სექტემბრის ბოლომდე იქ ვიქნები. შემოდგომაზე რაიონში ჩამოვდივარ, რა პროდუქტი მაქვს, ამ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე ვავრცელებ, შემდეგ მომხმარებელი მიკავშირდება და უკვე თბილისში ვაწვდი მათ ამ პროდუქტებს.
– სწავლა…
– დავით აღმაშენებლის აკადემიაში, ბიზნეს ადმინისტრირებაზე, მცირე ბიზნესის მწარმოებელის განხრით ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის, სამომავლოდ მნიშვნელოვანია, პროფესიულად ვიცოდე საკითხი, რომ სამომავლოდ ჩემი ბიზნესის განვითარება შევძლო.
– როგორ დაიწყე პირველი ნაბიჯები…
– ყოველთვის დედა მიდგას გვერდით. შრომატევადი სამუშაოა, იმიტომ რომ ყველაფერი თავად მიწევს: პროდუქტის მოყვანა, წარმოება, ჩამოტანა, დაფასოება, რეალიზება. დღევანდელ მაგალითს გეტყვით, ჩანთით დამაქვს ეს ყველაფერი. ფეისბუქში ვწერ, მერე მოვდივარ ლექციებზე – ვისაც შეუძლია, დილის საათებში ვაწოდებ ლექციებამდე და სხვებს დღის მეორე ნახევარში. ამ პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობ, ადამიანებთან ურთიერთობას, გაყიდვებს, ეს მაძლევს მოტივს, რომ არ შევწყვიტო და გავაგრძელო ჩემი საქმიანობა.
– ძირითადი მიზეზი…
– მაგალითს მოვიყვან, თითქმის ყოველდღე ასე ხდება, როცა ჩემთან მოდის მშობელი, რომელსაც სახლში პატარა ელოდება, მას უნდა თავის ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიუტანოს. შენ რომ ამას აწვდი, მართლაც, სასიამოვნო გრძნობაა. სიხარულს ვგრძნობ, რომ იმ პატარა ბავშვს, მოხუცს ან ნებისმიერს, არ აქვს მნიშვნელობა, აძლევ ნამდვილ თაფლს ან სხვა პროდუქტს. მართალია უფასოდ არაფერი არის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ შეგიძლია ჯანსაღი პროდუქტი მიაწოდო მომხმარებელს. დღეს ქალაქში ბიოპროდუქტების დეფიციტია. მთაში რომ კავშირგაბმულობა იყოს, ბიომეურნეობის, მართლაც, ბუმი იქნებოდა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. როდესაც კონტაქტი არ გაქვს, მაშინ ჩაკეტილი ხარ და ძალიან ბევრ საქმეს აკლდები. მთაში, სადაც მე ვცხოვრობ, ეს არის ძირითადი შემაფერხებელი, ამ დროს ვაკუუმში ხარ და ძალიან რთულია…
– შეფუთვაზე თუ მუშაობ, მიხვედი იქამდე, რომ შენი ბრენდი გქონდეს?
– როგორც ასეთი, ლოგო და შეფუთვა რომ გვქონდეს და გარკვეული სახე მივცე ჩვენს პროდუქციას, ჯერჯერობით არ მაქვს. რა თქმა უნდა, ვიცავთ ჰიგიენის წესებს და პროდუქტი, რომელსაც ვაწოდებ მომხმარებელს, დევს ახალ შეფუთვაში. თაფლი, მაგალითად, გამომაქვს ქილებში და ასე ვაწვდი. დანარჩენის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.
– „წიქარა“
– „წიქარა“ – ეს არის სამთო მექანიზაციის ცენტრი. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი განვითარებისთვის“ დახმარებითა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით უკანაფშავში სამთო მექანიზაციის ცენტრი „წიქარა“ დავაარსე, სადაც განთავსებულია სათესი, სათიბე, მიწის დასამუშავებელი ტექნიკა. „წიქარა“ დაახლოებით 60-70 პროცენტით უადვილებს გლეხს მიწაზე მუშაობას. ის, რაც მძიმე და შრომატევადია, უკვე ტექნიკაზეა გადაყვანილი, რაც ხალისს გმატებს. ბოსტანში რომ შევდივარ, სხვა საქმესთან შედარებით, რელაქსაციასავით არის..
– როგორ ხდება „წიქარასგან“ ტექნიკის გატანა?
– ტექნიკაზე პასუხისმგებელი პირი მე ვარ, ამიტომ როცა იქ ვარ, შეუძლია მოვიდეს და რომელი ტექნიკაც სჭირდება, გაიტანოს. ამისთვის მინიმალურ ყოველდღიურ გადასახადს იხდის, რომელიც საპოხ მასალებს ხმარდება. „წიქარა“ შარშან შემოდგომაზე გაიხსნა, როცა ძირითადი საქმიანობა უკვე მოლეული იყო და ამ ტექნიკის საჭიროება არ იყო, მაგრამ წელს უკვე უფრო მეტად იმუშავებს…
– შენს გარშემო ბევრი ახალგაზრდაა, ვინც შენსავით შრომობს?
– ბევრი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ მთის სოფლები, ძირითადად, დაცლილია და ახალგაზრდა რომ ნახო, შეიძლება მოძებნა გახდეს საჭირო. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე კი ისაა, რომ თითქმის ყველა, ვინც იქ არის, სოფლის მეურნეობას ეწევა. მთაში არ არის საჯარო სამსახური, სადაც მივა და დასაქმდება. ამიტომ ვინც იქ არის, ყველა ამ სფეროშია. არ ჩანან იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკომუნიკაციო საშუალება, სივრცე, სადაც შეძლებენ თავისი თავის გამოხატვას და რეალიზებას. ვინც იქ ცხოვრობს, ახალგაზრდები, ჩვეულებრივად შრომობენ და ზოგიერთი ჩემზე მეტადაც.
– თანამედროვე საშუალებებმა განსაკუთრებული როლი ითამაშა?
– სოციალური ქსელი – ეს არის ძალიან იოლი და იაფი საშუალება. ზოგი რატომღაც არ, თუ ვერ იყენებს ამას. ძალიან კარგი საშუალებაა, რომელიც უნდა გამოიყენო შენი რეალიზებისთვის, საკუთარი თავის წარმოსაჩენად. მე, ძირითადად, ასე ვუყურებ სოციალურ ქსელებს.
– მიწასთან მუშაობა…
– როცა ვმუშაობ და ვიღლები, შეიძლება არასასიამოვნო გრძნობაა. მაგრამ როცა შენს მოყვანილ პროდუქტს დაინახავ და მერე ამას აწვდი მომხმარებელს, მართლაც, ძალიან სასიამოვნოა. თოხი, ბარი და მიწასთან ჭიდილი, ამაზე ვერავინ იტყვის, რომ სიამოვნებს. შეიძლება ერთს ან ორ ადამიანის სიამოვნებს ათასიდან, მაგრამ პირადად მე – არა. სწორედ ამიტომ იყო რომ „წიქარას“ პროექტი განვახორციელე. მარტო თოხით ვერაფერს გააკეთებ, ერთ ადგილზე ტრიალებ, განვითარება და გაფართოება კი ყველა სფეროში სასურველია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ორგანიზმისთვის ბუნებასთან ურთიერთობა, კავშირი და ფიზიკური შრომა სიჯანსაღისთვის კარგია, მაგრამ კიდევ ვამბობ, არა დიდ ტერიტორიაზე, თოხით და ბარით…
– სამომავლოდ „ეკობიჭი“ გამოჩნდება ქართულ ბაზარზე?
– გეგმებს, ძირითადად, არ ვამბობ ხოლმე. რა თქმა უნდა, მთასთან დაკავშირებული იქნება. იქიდან წამოსვლას და მიტოვებას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნით ეს არ მოხდება. გავზრდი ტერიტორიებს, მეურნეობას გავაფართოვებ და ვეცდები, სისტემა ავაწყო. იმედი მაქვს, კავშირგაბმულობის პრობლემა მალე მოგვარდება. როცა ბევრი სამუშაო გაქვს, ვეღარ ახერხებ, პარალელურად ჩამოხვიდე და პროდუქტის რეალიზება მოახდინო. სოციალური ქსელით კი ადამიანებთან კონტაქტი გაქვს, შეგიძლია რაღაცები წინასწარ დაგეგმო და ჩამოტანილ პროდუქტთან ერთად მომხმარებლის ძებნა აღარ მოგიწიოს… რა თქმა უნდა, აუცილებლად გაიზრდება პროდუქცია, გაიზრდება მიწის რაოდენობა, ფართობი და ბაზარზეც შემოვა ეტიკეტირებული, ბრენდული „ეკობიჭის“ პროდუქცია, ვცდილობ, გავამართლო ჩემი სახელი. იდეა მაქვს, რომ ბევრი ჩაერთოს ამ საქმიანობაში და, ადრე თუ გვიან, მაღალი მთიდან სხვებიც აუცილებლად იქნებიან ქართულ ბაზარზე წარმოდგენილნი.
ნინო ჯაჯანიძე