„იფქლი 1-ის“ წარმოებულ პურში მომხმარებელმა ბუზი აღმოაჩინა – რას აცხადებენ კომპანიაში
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანია „იფქლი 1“-ის პროდუქტში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მწერი აღმოაჩინა. ფაქტის ამსახველი ფოტო მან „კვირას“ მიაწოდა. როგორც მომხმარებელი აცხადებს, მან პური რამდენიმე დღის წინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიძინა. მისივე თქმით, პური შეფუთული იყო.
„პური შევიძინე ერთ-ერთ მარკეტში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. შეფუთული იყო. სახლში მოვიტანე და რომ გავხსენი, თავიდანვე ვერ შევნიშნე – პურთან ერთად საკმაოდ დიდი ზომის ბუზი იყო გამომცხვარი. კოშმარია, რასაც გვაჭმევენ. აღარასოდეს ვიყიდი „იფქლის“ პურს. მე მათ აღნიშნული ფოტო ფეისბუქზეც გავუგზავნე , მაგრამ არ დრომდე პასუხი არ გაუციათ, თუ როგორ მოხვდა ბუზი პურში“, – აცხადებს მომხმარებელი „კვირასთან“ საუბრისას.
„კვირა“ „იფქლი 1“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს – თეონას დაუკავშირდა, რომელმაც გვარი საიდუმლოდ დატოვა და აღნიშნა, რომ არ სურს მისი პირადი ინფორმაცია გასცეს. მან ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონს აღარ უპასუხა.
მოგვიანებით, „კვირამ“ კომპანია „იფქლი 1“-ის ერთ-ერთ მფლობელთან, დავით ვასაძესთან დაკავშირება შეძლო. როგორც ვასაძე აღნიშნავს, მის საწარმოში ყველა სანიტარული ნორმა დაცულია და არ იცის, საიდან მოხვდა მწერი პროდუქტში.
კომპანიის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ მის პროდუქტში ბუზი კონკურენტი საწარმოს წარმომადგენლებმა მოათავსეს, თუმცა აქვე პირობას დებს, რომ მათ პროდუქტში მწერი აღარასოდეს მოხვდება.
„დედას ვფიცავარ, ჩემს პურში მწერი არასდროს აღარ მოხვდება. წესით და კანონით ფქვილი იცრება და დიდი ზომის მწერი ჩემს პროდუქტში ვერანაირად მოხვდებოდა, თუმცა გამორიცხული არაფერია. მზარეული რომ დგას ქუდით, საკვებში თმა მაინც შეიძლება ჩაუვარდეს. ჩვენს პროდუქტში არ უნდა იყოს უცხო სხეულები, მაგრამ დავუშვათ ერთი პროცენტით, რომ მოხვდა მწერი. სუპერმარკეტში ბევრი კონკურენტი გვყავს და არ გამოვრიცხავ, რომ ძალით ჩაგვიდეს.
იქნებ ინტრიგანმა მომხმარებელმა ჩადო ჩემს პურში მწერი?! ინტერესი დიდია. ბევრს არ სიამოვნებს, რომ ყველაზე წარმატებული საწარმო ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა დავით ვასაძემ.
საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ მას, როგორც მომხმარებელს, თავად ექნებოდა ასეთი შემთხვევა რომელიმე საწარმოსთან, მის დაკეტვას ეცდებოდა.
„მე არ ვიყიდდი ასეთ პურს და ვეცდებოდი, რომ საწარმო დამეკეტა. რა ვქნა, აღმოჩნდა ჩემს პურში და დავკეტო საწარმო? რა გავაკეთო? ციხეში ჩავჯდე? შეიძლება ახალი პური გავუგზავნო ჩვენს უკმაყოფილო მომხმარებელს – ხომ ჭამე ბუზიანი და ახლა აღარაა ბუზიანი-მეთქი. დედას ვფიცავარ, ჩემს პურში ბუზი აღარ მოხვდება“, – განაცხადა დავით ვასაძემ.
მისივე თქმით, საწარმო სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ დაათვალიერეს და სანიტარული ნორმების დაღვევის არანაირი ფაქტი არ დაფიქსირებულა.