„ცვალებადობა მახასიათებს, თუმცა მუსიკა ყოველთვის დარჩება…” (ვიდეო)
თორნიკე ზედელაშვილი 22 წლისაა. მის ცხოვრებაში ქართულ-ხალხურ საკრავებს და მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ამის გამო პირველად ქართულ სამუსიკო ლიტერატურაში „სალამურის ანბანი“ და „ფანდურის ანბანი“ დაწერა. თორნიკე ასევე მუშაობს პროგრამაზე სახელწოდებით: „ფოლკერი“, რომლის საშუალებითაც ხმის ჩამწერი სტუდიები ქართული ხალხური მუსიკის აწყობას შეძლებენ. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ წიგნების არსებობა და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი ქართული ხალხური საკრავების შესწავლა თორნიკე ზედელაშვილი თავად მოგვიყვება…
– პირველად, „სალამურის ანბანი“…
– სალამურის თვითმასწავლებელი ანბანი შევქმენი. მსგავსი სახელმძღვანელო მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს. სანამ დავიწყებდი მუშაობას, მოვიძიე, რამდენად იყო სხვადასხვა ქვეყანაში სახელმძღვანელოები, ვიდეოგაკვეთილები ა.შ. და აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ძალიან მწირია. რატომღაც უპირატესობას ზეპირ სწავლებას ანიჭებენ. გადავწყვიტე, შემექმნა რამე უფრო მხატვრული, ადვილად გასაგები და მარტივი. დავწერე თვითმასწავლებელი, სადაც ახსნილია ჩაბერვის ტექნიკა, თითების განლაგება, ორი სალამურით დაკვრა. ყველა ჩასაბერ ინსტრუმენტს თავის ასო აქვს, რა ასო უნდა უთხრა, რომ სასურველი ხმა გამოაცემინო. შე
საბამისად, ეს ახსნილია ჩემს სახელმძღვანელოში, ასევე შესულია 30-მდე ნაწარმოები. სოლფეჯიოდან რამდენიმე ალტერაციის ნიშანი გადმოვიღე, ჩასაბერ საკრავებზე ზოგადად გვჭირდება, მაგალითად, მაღალი ან დაბალი ნოტის აღება, ბემოლი ან დიეზი, ამიტომ შევიტანე 5 ალტერაციის ნიშანი, რომ მარტივი ყოფილიყო. ეს უფრო გაუადვილებს სწავლას, ვინც დაინტერესდება ამ ნაწარმოების შესწავლით…
– პოპულარიზაცია…
– სახელმძღვანელო ამ ეტაპზე ორენოვანია (ქართული და ინგლისური). დედა მყავს ფრანგულის სპეციალისტი, მე თვითონ 9 წელი გერმანულს ვსწავლობდი და ვაპირებ გადავთარგმნო ამ ენებზეც. მინდა ეს წიგნი კულტურის სამინისტროში პროექტის სახით შევიტანო და მათგან თუ იქნება ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება. დავუკავშირდი უსინათლოების ცენტრს და ვაპირებ ბრაილის შრიფტით დავბეჭდოთ. მათგან დიდი დაინტერესებაა. ეს წიგნი თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა, მაშინ უცხოელიც და იქ მყოფი ქართველიც შეძლებს ამის სწავლას.
– მუსიკალური ანბანი სხვა ინსტრუმენტებისთვის…
– ვცდილობ მივიწყებულ ინსტრუმენტებზე გავაკეთო მსგავსი წიგნები. ახლა, მაგალითად, ფანდურის წიგნზე ვმუშაობ. ეს იქნება კლასიკური ფანდურის ანბანი, რადგან არსებობს ხალხური ფანდურიც. აქაც ისევე დეტალურად ახსნილი იქნება, როგორც სალამურის თვითმასწავლებელის შემთხვევაში. მაქვს სიურპრიზებიც…
– უფრო გაგიადვილდა?
– პროგრამები, რაც მჭირდება, კარგად შევისწავლე და, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად ვაკეთებ. ფანდურის ანბანიც თავიდან იქნება ორენოვანი, ვიდეოგაკვეთილებიც. მითითებული მაქვს, რომელი თითებით უნდა ავიღოთ ნოტები. ხშირად ხდება, შეცდომით იღებენ ნოტებს და მე ამ ყველაფერს დეტალურად ვხსნი. მუსიკას ვასწავლიდი და ხალხურ საკრავებთან მიმართებაში სპეციალისტები ძალიან მოიკოჭლებენ, იმიტომ რომ აქამდე სახელმძღვანელო არ არსებობდა. შესაბამისად, ბევრს აქვს ზეპირად ნასწავლი და თვითონაც ზეპირად გადასცემს ბავშვებს.
– ზეპირი გადაცემით ალბათ იკარგება მუსიკის პირვანდელი სახე…
– რა თქმა უნდა. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი დაიკარგოს. ეს წიგნი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ რომელიმე ხალხური საკრავის შესწავლის მსურველმა ერთხელ გადაიხადოს თანხა და მერე თვითონ, მარტივად და გასაგებად გააგრძელოს სწავლა. ასევე ინიციატივა მაქვს, სკოლებში მუსიკისა და ხელოვნების საგნებში ისწავლებოდეს, რომ ჰქვია ქართული-ხალხური საკრავები, მათი ისტორია და მომღერლები…
– რა დრო დასჭირდა ანბანის დაწერას?
– 5 წლიდან ვუკრავ, ვმღერი და ეს ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა. დავიწყე სალამურით და გადავედი დანარჩენ ინსტრუმენტებზე. თეორიულად ყველა ინსტრუმენტი ვიცი და სწორედ ამიტომ შევეჭიდე ამ საქმეს. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა წავედი ჟურნალისტიკაში, შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო ჩემი სფერო. ახლა ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგისტრატურაზე. თითქოს გავაერთიანე ამ წიგნში ყველაფერი. წერის თვალსაზრისით ჟურნალისტიკა დამეხმარა, ხატვის თვალსაზრისით (ბავშვობაში 14-15 წლისას მოქანდაკე მინდოდა ვყოფილიყავი) – ეს დამეხმარა და მუსიკის თვალსაზრისით, რომ 5 წლიდან ვსწავლობ და საერთაშორისო ურთიერთობები კი მინდა, რომ საერთაშორისო დონეზე ავიყვანო ეს საკითხი. დაახლოებით 4 თვემდე დამჭირდა, სრულყოფილი სახე მიმეცა. საჭირო იყო ნახატები, ნაწარმოებები, აკრეფა და ა.შ. რასაც კი გამოვცემ და რაც იქნება, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. მაინც ცოტა დრო დამჭირდა, რადგან ყოველ დღე 6-7 საათი ვმუშაობდი.
– კონსერვატორიაში ჩაბარება არასოდეს გიცდია?
– არასოდეს მიფიქრია, სხვადასხვა ეტაპზე იყო, როცა გადავიხარე სხვა კუთხით. მუსიკას გავყევი, მაგრამ მერე ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. ცვალებადობა მახასიათებს, თუმცა მუსიკა ყოველთვის დარჩება…
– მუსიკა ვისი გავლენა იყო?
– დედა ძალიან მოწადინებული იყო, მე და ჩემი ძმა დავყავდით მუსიკაზე. ხშირად იძულებით, მაგრამ როცა წამოვიზარდე, დაინტერესება მე თვითონაც გამიჩნდა. ორი 5- წლედი მაქვს დამთავრებული, ასევე მომავლის პროფესიული სკოლა მუსიკის განხრით, სადაც დირიჟორის წოდება მივიღე. 6 წლის ვიყავი, ფილარმონიაში კონცერტი გვქონდა და სცენაზე ვიდექი. ყველაზე პატარა ვიყავი ანსამბლში, სალამურზე ვუკრავდი. მაშინ „მართვეს“ სიგელი ავიღეთ.
– როგორ ფიქრობ, იქნება დაინტერესება შენი წიგნების მიმართ?
– ვინც გაიგო და იგებს, უკვე დიდი ინტერესი აქვთ და ელოდებიან, როდის გამოვა წიგნი. როცა უკვე წიგნს დაიჭერს და გადაშლის, ვფიქრობ, ვისაც ინტერესი არ აქვს, იმასაც კი გაუჩნდება. კი ვთქვი, რომ წიგნს მალე გამოვცემ-მეთქი, მაგრამ საქართველოში ასე ადვილი არ არის. მაგალითად, გერმანიაში ერთ-ერთ გამომცემლობასთან ვთანამშრომლობ, რომ მივწერე, მალევე მიპასუხეს და აქ რომ ვეკონტაქტები გამომცემლობებს ან არ მპასუხობენ, ან ელექტრონულ ფოსტაზე ერთი კვირის შემდეგ მწერენ. ცოტა ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ, რაც სამწუხაროა…
– სამომავლო გეგმები…
– ახლა პირველ კურსზე ვარ. მეორე წელს შეიძლება გაცვლითი პროგრამით გერმანიაში ან პოლონეთში წავიდე. მინდა ამ კუთხით აქ თუ ვერაფერს გავაკეთებ, საზღვარგარეთ მაინც შევძლო. ვფიქრობ, ეს არის ჩემი საქმე და რა უნდა გავაკეთო იმაზე კარგი, რომ, პირველ რიგში, ქართული საქმე გავაკეთო და ქართული წამოვწიო წინ…
https://www.youtube.com/watch?v=xsVf-Rl8vco&feature=youtu.be
ნინო ჯაჯანიძე