რატომ წავიდა ამერიკიდან ევროპაში მარიამ ვარძელაშვილი და რომელ მუსიკას ჰგავს მისი შინაგანი სამყარო
პიანისტი მარიამ ვარძელაშვილი წლებია, ვენის საფორტეპიანო ტრიოში უკრავს. იქამდე კი თითქმის მთელი მსოფლიოს მუსიკა შეისწავლა. რომელ მუსიკას უნდა ვუსმინოთ და რატომ არის საჭირო კარგი მსმენელის გაზრდა, ჩვენი პერსონა შორეული ავსტრიიდან მოგვიყვება…
– ჩემს ოჯახში ბევრი უკრავს. ძალიან მუსიკალურები ვართ. განსაკუთრებით მამის და დედაჩემის დედის მხრიდან. თუმცა პროფესიონალი მუსიკოსები არ ყოფილან. ამ თაობებში ალბათ მე ვარ პირველი, ვინც მუსიკის გზა აირჩია. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი ახლო მეგობარი შეიყვანეს მუსიკაზე, ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, შვიდწლედში შევედი და თავიდანვე სერიოზულად მივუდექი…
– კონსერვატორია და გზა ამერიკისკენ…
– მესამე – მეოთხე კლასში ვიყავი, 10-წლედში რომ გადავედი, სადაც ბავშვობიდანვე თითქმის ყველას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მუსიკოსი უნდა გამხდარიყო. ამ ატმოსფეროში ადრეული ასაკიდან ჩავერთე. ჩავაბარე კონსერვატორიაში და მესამე კურსის ბოლოს მეგობრის დახმარებით მივიღე მოწვევა ამერიკაში სწავლის გასაგრძელებად, ცნობილი რუსი-ამერიკელი პიანისტის მაქსის მაკილევსკის კლასში. ჩემი მეგობარი პირადად იცნობდა პროფესორს, მოასმენინა ჩემი ჩანაწერები, მოეწონათ და ასე გადაწყდა ჩემი წასვლა. მეოთხე კურსიდან წავედი შტატებში, სადაც ბაკალავრი და მაგისტრატურა დავამთავრე.
– საგანი, რომელიც არ გიყვარდა…
– ალბათ ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო მაინც სოლფეჯიო იყო, რომელსაც ძალიან დიდი ხანი, პირველი კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ვსწავლობთ. და შემდეგ კიდევ – 2 წელი კონსერვატორიაში. თუმცა, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და ცდილობდნენ, რომ ყველა სტუდენტს ჰქონოდა ამ საგნის ინტერესი.
– რამდენად საჭიროა, რომ მუსიკოსმა სწავლა საზღვარგარეთ განაგრძოს…
– ამერიკაში სწავლის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო. სრულიად განსხვავებული სისტემა აქვთ, სხვანაირად არის აწყობილი – მუსიკოსის, სტუდენტის, თუ უკვე ზრდასრული პროფესიონალის ცხოვრება. ამას საქართველოდან ვერასდროს გავიცნობდი. ამ მხრივ საინტერესო იყო, მაგრამ ამერიკაში იმ ეტაპზე ჩემი გემოვნებისთვის ცოტა უფრო აკადემიური კუთხით, მუსიკალური ცხოვრება უფრო ნაკლებად მომწონდა, ამიტომ საბოლოოდ ევროპაში გადმოსვლა გადავწყვიტე…
– ევროპა…
– ამერიკაში მაგისტრატურა რომ დავამთავრე, ჩემი კოლეგების უმეტესობა სწავლას დოქტორანტურაში აგრძელებდა. მეც ვფიქრობდი ჩაბარებას, მაგრამ გადავწყვიტე, აკადემიური ცხოვრებიდან პატარა პაუზა ამეღო და ბედი ევროპაში მეცადა. სხვა კუთხითაც დამენახვა მუსიკალური ცხოვრება და მოღვაწეობა. ასე აღმოვჩნდი პირდაპირ საფრანგეთში.
პარიზში 2 წელი ვერსალის კონსერვატორიაში სასერტიფიკატო პროგრამაზე ვისწავლე. რა თქმა უნდა, იქაც მქონდა კონცერტები, ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი სწავლის ნაწილი, ახალგაზრდა შემსრულებლის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
– დამოუკიდებელი მუსიკოსი…
– როგორც სოლისტმა, ამით დავასრულე ჩემი სწავლა. თუმცა, კიდევ ერთი, 2- წლიანი მაგისტრატურა გავიარე ვენის კონსერვატორიაში, კამერული მუსიკის განხრით, უკვე სპეციალიზებული კუთხით. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ვენაში ორგანულად მოხდა პროფესიულ ცხოვრებაში გადასვლა. კამერული განხრით სწავლის პერიოდში დავაარსეთ საფორტეპიანო ტრიო, რომელიც წმინდა ვენური ჟანრია. აქ ძალიან დაფასებული და პოპულარულია და დღეს ესაა ჩემი ძირითადი საქმიანობა, საფორტეპიანო ტრიოსთან ერთად, და, რა თქმა უნდა, გვაქვს კონცერტები, დავდივართ ფესტივალებზე ავსტრიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში.
– საფორტეპიანო ტრიო...
– საფორტეპიანო ტრიო გულისხმობს ფორტეპიანოს – შემსრულებელი ვარ მე, ასევე ვიოლინოს, რომელზეც ჩვენს ანსამბლში უკრავს ახალგაზრდა ბრწყინვალე უკრაინელი მევიოლინე ვერა ჟუკი. ვერა დიდი ხანია ავსტრიაში ცხოვრობს და მესამე ინსტრუმენტია ჩელო, რომელზეც უკრავს პოლონური წარმოშობის, მაგრამ ავსტრიაში გაზრდილი ჩელისტი ანა-მარია ნემეცი.
– რომელი კომპოზიტორის მუსიკას ჰგავს მარიამ ვარძელაშვილის ხასიათი?
– რა თქმა უნდა, ადამიანი სულ მხიარული ვერ იქნება, მაგრამ ცხოვრებით ალბათ მაინც ოპტიმისტი ვარ. ყველაფერს იუმორით აღვიქვამ. არ ვიცი, ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ, რომელი კომპოზიტორის მუსიკას ჰგავს ჩემი ხასიათი. ისე კი, ერთ-ერთი იუმორით სავსე კომპოზიტორი ავსტრიელი გენიოსი ჰაიდნია, მაგრამ მის მუსიკას ჩემს ხასიათს ვერ დავამსგავსებ. ძნელი სათქმელია…
– თავად თუ წერ მუსიკას?
– ამის სურვილი არასოდეს მქონია. სწავლის პერიოდში იყო საგნები, სადაც უნდა დაგვეწერა დაძალებით და აუცილებლობის გამო გამიკეთებია, მაგრამ ნებაყოფლობით – არა. ამის ნიჭი არ გამაჩნია…
– მეუღლე…
– ჩემი მეუღლე, ჯოელ დიგერტი მუსიკოსია. უკრავს საქსოფონზე, რაც ჩემს ცხოვრებას, ვფიქრობ, მაინც აადვილებს. რადგან ძალიან კარგად ესმის ჩემი, ყოფიდან დაწყებული პერიოდულად გიჟური გრაფიკით, ასევე სხვა მიმართულებით.
– დამოუკიდებელი მუსიკოსია?
– დამოუკიდებელი მუსიკოსია. თუმცა მას აქვს ძალიან წარმატებული კვინტეტი საქსოფონის, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს – კონცერტით, ფესტივალებზე და ა.შ. აზიიდან დაწყებული ამერიკით დამთავრებული. ამასთან ერთად, სოლისტის საქმიანობასაც ეწევა.
– ერთად თუ გადიხართ მსმენელის წინაშე?
– კი, ერთადაც ვუკრავთ. სამწუხაროდ, არც ისე ხშირად, მაგრამ დაახლოებით წელიწადში ორ პროგრამას ვასრულებთ. 17 მარტს ვენაში ფესტივალი იმართება, სადაც დაგეგმილია კონცერტები, მასტერკლასები და სხვადასხვა ღონისძიება. ხუთშაბათს მე და ჩემი მეუღლე ერთად შევასრულებთ საკონცერტო პროგრამას. ჩემს ტრიოსთან ერთად კი ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს არნოლდ შონდბერგის კონცერტი. მისი მემკვიდრეების მიერ დაარსებულია მუზეუმი, სადაც ტრიოსთან ერთად გამოვალ. ასევე ზაფხულში ვგეგმავთ დისკის გამოშვებას.
– ეს პირველი დისკია?
– ტრიოსთვის ეს პირველი დისკი იქნება, რომელსაც ასე ოფიციალურად გამოვუშვებთ. სახელი ჯერ არ შეგვირჩევია, მაგრამ ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფეროა – ვენური ჟანრი. ვენური ტრიოს განვითარება დროში და სივრცეში, ასე რომ, ამ დისკს ვუძღვნით სწორედ ამ კონცეფციას. ჩავწერთ ამ ჟანრის ფუძემდებელის, ჰაიდნის ნაწარმოებს, შემდეგ იქნება ბრამსი, შუბერტი და თანამედროვე ავსტრიელი ვენელი კომპოზიტორის ნაწარმოებით დავასრულებთ.
– რამდენად დატვირთულია შენი ყოველდღიური ცხოვრება?
– მუსიკოსი და, განსაკუთრებით, პიანისტი დღის განმავლობაში მარტო ძალიან ბევრს უნდა უკრავდეს. იმეცადინოს ყოველდღე რამდენიმე საათი. ამასთან ერთად, მაქვს რეპეტიციები. რაც შეეხება მასტერკლასებს, პედაგოგიურ საქმიანობასაც ინტენსიურად ვეწევი. გასვლით კონცერტებზე, კონცერტის წინ ან შემდეგ, მასტერკლასებს ვმართავ. რამდენიმე ქვეყანაში – ლიტვაში, ლატვიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და პოლონეთში ჩავატარე.
– რომ არ ყოფილიყო მუსიკა, ვინ იქნებოდი?
– არ ვიცი. ყოველთვის მიზიდავდა მეცნიერება და ფიზიკა. რამდენად მექნებოდა იმის ნიჭი, რომ ეს მაღალ დონეზე განმეხორციელებინა, ვერ გეტყვით, მაგრამ ინტერესი ნამდვილად მექნებოდა, რომ ამაში დრო და ენერგია დამეხარჯა.
– კლასიკის გარდა, რომელი ჟანრი გიყვარს…
– ძალიან ბევრი. მრავალფეროვანი პალიტრა მიზიდავს, ჯაზიდან დაწყებული დამთავრებული მძიმე როკით, ყველაფერში საინტერესოს ვპოულობ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უსმინო, რაც შეიძლება ბევრ სხვადსხვა მუსიკას…
– მუსიკალური გემოვნების ჩამოსაყალიბებლად, საჭიროა თუ არა, რომ მოსმენა კლასიკიდან დავიწყოთ?
– საერთოდ, კარგი მსმენელი, რომელმაც კლასიკური მუსიკა და მუსიკის ფასი იცის, ცოტა სპეციფიკური სფეროა, რასაც დამფასებელი სჭირდება. მსმენელი ბავშვობიდანვე უნდა გაიზარდოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ნაწარმოები, რომელიც პირველივე წამიდან გიზიდავს, მაგრამ რთულია, ბოლომდე მიჰყვე. უამრავი კარგი მუსიკაა, რომელიც იმდენად გრძელია, რომ თუ ფორმაში არ ხარ, როგორც მსმენელი, ვერ გაუძლებ, ვერ მოისმენ და მოიწყენ. ვფიქრობ, ბავშვობიდან გემოვნებაც არის ჩამოსაყალიბებელი და, ამასთან ერთად, კონცენტრაციაც. დღევანდელ სამყაროში მით უფრო რთულია, ადამიანები აღარ არიან შეჩვეულნი, დიდხანს დაუთმონ რაიმეს სრული ყურადღება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვობიდანვე ისმინონ პატარ-პატარა კლასიკური ნაწარმოებები, სამომავლოდ კი ეს ძალიან კარგი შედეგის საწინდარი გახდება…
ნინო ჯაჯანიძე