„კარგია კარგი კადრი, მაგრამ სიცოცხლე არ უნდა გაწირო… “
დიტო ცინცაძე 15 წელია ტელეოპერატორია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, 15 წლის ნინო და 10 წლის ვაჟა. როგორი ძვირფასია სიცოცხლე და სადამდე შეიძლება გარისკოს ოპერატორმა კადრის გადაღების დროს, ყველაზე კარგად ალბათ მან იცის… „კვირას“ პერსონას ახალი სიცოცხლე და დაბრუნება ძველ გარემოსთან…
– პროფესია – ტელეოპერატორი…
– ფოტო-ვიდეო ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა. ადრე კინგბოქსზე ვვარჯიშობდი და როცა შეჯიბრებები გვქონდა, გადაღებაც მიწევდა. ასე მქონდა ურთიერთობა კამერასთან სამოყვარულო დონეზე. მერე შემთხვევით მოვხვდი ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი იყო – ტელერეპორტიორი, სადაც ფოტოხელოვნებას ვსწავლობდი და ფოტოთი დავიწყე. მერე ტელევიზიაში პირველ არხზე, „მოამბეში“ სტაჟიორი ვიყავი და მას შემდეგ იწყება ჩემი ოპერატორობის გზა…
– ყოველთვის ფიქრობდი, რომ ტელევიზიაში გინდოდა, თუ კინოში ხედავდი შენს თავს?
– სურვილი მქონდა და ახლაც მაქვს. ყოველთვის დოკუმენტალისტიკა მიზიდავდა, საინფორმაციო – ნაკლებად. მაგრამ ასე მოვხვდი და შემოვრჩი, რაღაც პორიოდი დავაღწიე საინფორმაციოს თავი, თუმცა მერე ისევ დავბრუნდი. პირველ არხზე „მოამბეში“ დავიწყე მუშაობა და ახლა ისევ „მოამბეში“ ვარ. 15 წელია, რაც ოპერატორი ვარ…
– გიწევდა მივლინებებში ყოფნა და შეხება გქონდა უცხოელ კოლეგებთან, რა განსხვავებაა…
– მეტად მოწესრიგებულები არიან. საკუთარი ასისტენტებით მიდიან გადაღებაზე და ასევე ძალიან დიდი განსხვავება იყო აპარატურაშიც. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის მუშაობის ასეთი კულტურა, ისინი უფრო დალაგებულად და ორგანიზებულად მუშაობენ. შესაბამისად, უფრო დაფასებულიც არიან. აღსანიშნავია ასაკობრივი განსხვავებაც, ჩვენზე ბევრად დიდები არიან. მათი მუშაობა ძალიან მომწონდა.
– გქონია ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება?
– ექსტრემალური ჩვენთან, ძირითადად, ქუჩა იყო – მიტინგი, აქცია, რევოლუცია… და ერთადერთი ომის პერიოდში გამიმართლა – დაბომბვებში არ ვყოფილვარ. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ეს იყო, თან განცდებთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში ხდებოდა. ძირითადად, ვცდილობდი, არ გამერისკა. ამას მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა გარისკო. კარგია კარგი კადრი, მაგრამ სიცოცხლე არ უნდა გაწირო…
– რისკი სადამდე შეიძლება?
– საზღვარგარეთ ამაზე დირექტივებია. აფრთხილებენ, რომ პირველი არის ოპერატორის სიცოცხლე, არც კამერა და არც აპარატურა არ ღირს არაფრად, მათთვის მთავარი ადამინის სიცოცხლეა. ახლა არ არის ისეთი პერიოდი, სიმშვიდეა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია ჩვენთან ასეთი მითითებები, რომ – შენ თავს მოუფრთხილდი, აქ უფრო აქცენტი კადრზე იყო, რომ ეთერში კადრი გასულიყო, დანარჩენი – ნაკლებად. რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია, რის გამოც მერე ადამიანს უფრო ნაკლებად მოგინდება, რომ რამე გააკეთო. როცა, მით უმეტეს, არ გიფასდება და თუ ცოცხალი აღარ იქნები, კადრი შეიძლება ისტორიას რჩება, მაგრამ ცოცხალი იყო და ისტორიისთვის უფრო მეტი კადრი გადაიღო, მე მგონი, ეს ჯობია…
– როგორია დიტო ცინცაძის კადრი…
– ჩვენი საქმე მხოლოდ ის არ არის, წიგნი წაიკითხო და ისწავლო. შინაგანად ხედვის ნიჭი უნდა გქონდეს. თანდათან ავადყოფობა ხდება, იმიტომ რომ მერე ყველაფერს სხვანაირად უყურებ. ვერ ხედავ ჩვეულებრივი ადამიანივით, ყველაფერს კადრებად აღიქვამ. ჩემს პროფესიაში მთავარი თანდაყოლილი ხედვაა, რომელსაც ვერ ისწავლი. დრო რომ გადის და ძველ კადრს ნახულობ, ხვდები, რომ შენი გადაღებულია, ასეთი შემთხვევაც ყოფილა. უბრალოდ საინფორმაციოში ცოტა რთულია მხატვრული კადრის გადაღება… თავიდან საინფორმაციო სკოლა კარგია, სისწრაფეს სწავლობ და მასთან ერთად დამატებით საჭირო უნარ-ჩვევებს იძენ…
– პოპულარულია შენი პროფესია…
– ზოგადად, მოდას ამყოლი ხალხი ვართ. მაგრამ რისი კეთებაც შეგიძლია, ის უნდა გააკეთო. თუ რაღაც შემოსავალი გაქვს, იმას მერე იმდენად აღარ აქცევენ ყურადღებას, რამდენად გამოგდის და რამდენად პერსპექტიულია. იგივეა ფოტოგრაფიაშიც. ახლა კიდევ იმდენად არა, ადრე ისეთი ფოტოაპარატები ჰქონდათ და არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ, ამ დროს შენ ოცნებობდი… დღესაც სიამოვნებით ვიმუშავებდი კინოში ასისტენტად, მაგრამ არ არის ასე ადვილი…
– შენს ცხოვრებაში იყო ძალიან მძიმე პერიოდი…
– პირველად 2010 წლის ზაფხულში აღმოვაშინე, კეფის არეში ორი ერთი და იგივე ზომის ჯირკვალი. ყურადღება არ მივაქციე, დაახლოებით ერთ თვეში ტკივილი მქონდა, მივედი ექიმთან და ერთი თვის განმავლობაში გამორიცხვის მეთოდით ვარკვევდით, რა იყო. გამიმართლა, რომ მოხვდი ონკოჰემატოლოგ ნია შარიქაძესთან, სწორედ ის მიხვდა, რა მჭირდა, დიაგნოზი მორეციდივე არაჰოჯკინის ლინფომა იყო. 2010 წლის სექტემბერი 6- თვიანი ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩავიტარე. 6 თვეში რეციდივი მოხდა, ისევ გამიმეორა, ამჯერად – სხვა ფორმით. ისევ 6 თვე ვიმკურნალე. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 5 თვეში კვლავ განმეორდა. ეს იყო ბოლო, როცა უკვე მე-3 სტადიაზე ავედი. მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გარდა ვერაფერი მიშველიდა. 2013 წელს გერმანიის მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადანერგვა გავიკეთე.
– რთული ეტაპები გაიარე…
– პირველ წელს თითო კურსი დაახლოებით 9 ათას ლარამდე ჯდებოდა. არის ასეთი პრეპარატი მაპტერა, რომელიც კონკრეტულად ამ დაავადებისთვისაა შექმნილი და ძალიან კარგად მოქმედებს. ყოველ 21–ე დღეს წამლისთვის დაახლოებით 4 ათასი ლარი მჭირდებოდა. ჟურნალისტი ნიკა მოლოდინაშვილი ჩემი კურსელი იყო, მასთან ერთად სოფო მდინარაძემ გაარკვია. რა თანხა იყო საჭირო და მიხვდნენ. რომ ამდენს საკუთარი ძალებით ვერ მოიძიებდნენ. მივიდნენ მაშინდელი „მოამბის“ საინფორმაციოს უფროსთან, ხათუნა ბერძენიშვილთან. იმ დღიდან ყველანი გვერდით მედგნენ. მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, მერიას. ყველა არხი დამეხმარა და ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი.
ღვთის წყალობით და ამ ადამიანების დახმარებით ყველაფერი მოგვარდა და ეს ძალიან დიდი რამეა, როცა არ გიწევს ფინანსურ მხარეზე ფიქრი. ასე ჩაიარა პირველმა წელმა, მეორე წელს რომ გამიმეორა, მომერიდა, ვიფიქრე, თავად გავუმკლავდები-მეთქი და სასწაულები გავაკეთე, ბანკებში ძალიან ბევრი ვირბინე, ვალი დავიდე. მაგრამ მაინც ვერ მოვერიე და ისევ ამ ადამიანების დახმარება დამჭირდა. ისევ ჩემს გვერდით დადგნენ. ბოლოს უკვე ძალიან რომ დამძიმდა, წინა საარჩევნო პერიოდი იყო. 2012 წლის ოქტომბრისთვის. არავის ვეუბნებოდი, ექიმთან მარტო დავდიოდი, გადაწყვეტილი მქონდა, საზღვარგარეთ წავიდოდი და ჩავბარდებოდი. მე და კახა ჯანაშვილი ვისხედით ტელევიზიაში და მკითხა, რა გჭირსო, მას ვუთხარი ყველაფერი. მერე ისე მოხდა, რომ წასვლა ვერ მოვახერხე. სამსახურშიც ერთ დღეს კედელ-კედელ მივედი, სიარული ძალიან მიჭირდა. რამდენჯერმე წავიქეცი, დამოუკიდებლად ვეღარ ვმოძრაობდი. მე რომ არ მენერვიულა, კახამ სესხი თვითონ აიღო, რომელიც მერე ტელევიზიის თანამშრომლებმა დამიფარეს. ისეთი პატივი მცეს, ვერასოდეს გადავიხდი. წამიყვანეს, დამაწვინეს და სასწრაფოდ ქიმიოთერაპია უნდა დამეწყო. ჩემი მონაცემები კლინიკებში გადააგზავნეს და გაირკვა, რომ ღეროვანი გადანერგვა საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ისევ „კახას“ შეძახილით ყველა შეიკრიბა. ბევრ ადგილზე მიმუშავია და ჩემი მეგობრები, ნაცნობები, კოლეგები დადგნენ ერთმანეთის გვერდით და სასწაული ჩაიდინეს.
– ფონდი…
– თავიდან კახამ ჯანაშვილმა დააფუძნა დიტო ცინცაძის დახმარების ფონდი. ყველა არხზე სოციალური ვიდეორგოლი გადიოდა. მე უკვე წავედი გერმანიაში სამკურნალოდ და მაშინ ვუთხარი კახას, რომ საკმარისი იყო, უნდა გაეჩერებინა ყველაფერი. ამ დროს გავიგეთ თენგო ზაკაშვილზე. ბავშვი, რომელსაც ლეიკემია ჰქონდა და ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა. მაშინ დავწერე სოციალურ ქსელში, რომ ახლა საჭირო იყო ამ პატარას დახმარება. ამის შემდეგ გადაერქვა სახელი და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ეწოდა.
– დღემდე ფუნქციონირებს…
– კი, დღემდე ფუნქციონირებს და 2 წელიწადში დაახლოებით 160 ბავშვს დავეხმარეთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ბავშვს უჭირს. არიან ფონდები – სოლიდარობის ფონდი, ბერი ანდრიას ფონდი და ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ. ერთი პერიოდი, სანამ ეს ფონდი დაარსდებოდა, ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი დავით სერგეენკო გვერდში დაგვიდგნენ. იყვნენ ბავშვები – მირზა ცეცხლაძე და გიორგი გაბედავა, სამწუხაროდ, ორივე გარდაიცვალა. მათთვის თბილისში, პარლამენტის წინ მოვაწყეთ აქცია, ყველაზე მოკლე აქცია იყო საქართველოში. დავდექით, ბანერი გავშალეთ. 5 წუთში დავით სერგეენკო მოვიდა და გვითხრა, დავაფინანსებთო. მას შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ძვლის ტვინის გადანერგვის ხარჯს, რომელიც 75 ათასი ევრო ღირს, ვერონას კლინიკაში აფინანსებს. ასევე გვყავდა 4 წლის ლიკა კაპანაძე, რომელიც ერთობლივად ისევ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დავაფინანსეთ…
– ახლიდან დაბადება…
– ნამდვილად ახლიდან დაბადებაა, ვამბობ ხოლმე – 2 წელიწად-ნახევრის ვარ, იმიტომ, რომ მეორედ დავიბადე. თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ მართლა ძალიან კარგი შეგრძნებაა. ფსიქოლოგიური მომენტია, არავინ იცის, ვინ რას იზამს. არავინ არ თქვას, რომ მე ამას ვერ ვიზავდი, არც მე მეგონა. არის რაღაც შინაგანი ძალა, ღვთისგან ბოძებული, გეძლევა, რომ ამას გაუმკლავდე, უბრალოდ უნდა აღმოაჩინო შენში. ყველა ადამიანს აქვს ეს. ამას მივხვდი. არის ჩავარდნის მომენტები, ფსიქოლოგიურად გიჭირს, მე გამომივიდა უფლის წყალობით. თან ამდენი ადამიანი რომ გვერდით გიდგას, ასეთი მხარდაჭერა რომ გაქვს. ფონდმა „ქართუმ“, მე ბოლო ვიყავი, ვინც დააფინანსა. შემივსო დანაკლისი, ყველაზე დიდი თანხა გადმომირიცხა. არჩევნების პერიოდი იყო, ჩემმა შემთხვევამ ყველა ერთიანი გახდა, ყველამ მიიღო მონაწილეობა ძველი და ახალი ხელისუფლებიდან. მადლობის მეტი რა მეთქმის. სოციალურ ქსელში ჩემი ვიდეო რომ გამოჩნდა, ერთ-ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა მომწერა, ქმარი ჰყავდა ჩემი დაავადებით გარდაცვლილი და წამალი ჰქონდა, რომელშიც 4 ათასს ვიხდიდი და მაჩუქა. კიდევ ერთმა ბიჭმა მაჩუქა იგივე წამალი, რომელსაც მამა გარდაეცვალა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე მეხმარებოდა.
– …და დაუბრუნდი ისევ შენს პროფესიას…
– ღვთის წყალობით და ამ ადამიანების დახმარებით დავუბრუნდი ისევ ჩემს პროფესიას. ვარ სტუდიაში, ისევ პირველ არხზე ვმუშაობ „მოამბის“ პირდაპირ ეთერზე და შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში. ოპერატორი ვარ. ორ ადგილზე აქტიურად ვმუშაობ. თუ რამე გამოჩნდა პერსპექტივაში და ჩვენთანაც განვითარდა რამე კინოს მხრივ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, სიამოვნებით ვიმუშავებ ფილმებზე…
ნინო ჯაჯანიძე