აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი, შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა.
სტუმართან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, ბესო ხატიაშვილი იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ბრიფინგის დროს, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ შერილ ლაიონს ცენტრის ისტორიისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა სერჟანტმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
„ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრობა გვქონდა სერჟანტთა მომზადების ცენტრში. დღეს მიღებული ინფორმაცია გერმანიაში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გამომადგება, რომ ურთიერთთავსებადობის ამაღლების მხრივ, აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის უფრო ეფექტური გეგმა შევიმუშავოთ.
პოლიგონზე ყოფნის დროს შესაძლებლობა მომეცა, პირადად გავცნობოდი სამხედრო ინფრასტრუქტურას და ქართული არმიის შესაძლებლობებს. საქართველოში ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, ეფექტური ტაქტიკა და პროცედურები შევიმუშავოთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებას და ქართული შეიარაღებული ძალები ამ გეგმის ნაწილია“, – განაცხადა შერილ ლაიონმა. შერილ ლაიონი მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე OCC-ის ბატალიონის წვრთნასაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები