სამსახიობო ოცნებებიდან რეჟისურაში – გეგა ქურციკიძის თეატრალური ცხოვრება
„რეჟისორი ორი სპექტაკლის შემდეგ ყველას ავიწყდება. მესამე სპექტაკლზე კულისებშიც კი აღარ გამოგხედავენ…“ – როგორ აგრძელებს სპექტაკლი დამოუკიდებელ ცხოვრებას, როდის ენატრება რეჟისორ გეგა ქურციკიძეს სცენა და შეგრძნებები, რომლებიც არასოდეს ქრებიან…
– აქტიური შემოქმედებით ცხოვრება…
– ამჯერად ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში ვდგამ თამარ ბართაიას ლიტერატურულ პრემია „საბას“ მფლობელ პიესას – „მთავარი როლი“. ასევე ჭიათურის თოჯინებში მთხოვეს და ფესტივალ „ტიკინებისთვის“ ვმუშაობთ ზღაპარ „კომბლეზე“.
– დრამატული თეატრი და თოჯინები…
– თოჯინურ სპექტაკლს მეორედ შევეხე… რა თქმა უნდა, თავისებური სპეციფიკა აქვს, აქ ერთ პერსონაჟში გიწევს ორმაგად მუშაობა – მსახიობი და თოჯინა. ერთ სივრცეში უნდა მოიხაზოს… დრამატული თეატრისგან განსხვავებით ბევრად შევიწროებული გარემოა და თითქოს კომპაქტურ სივრცეში უნდა შეძლო ბავშვისთვის გასაგები და საინტერესო გარემოს შექმნა. ბევრად რთულია, ვიდრე დრამატული სპექტაკლის დადგმა, რადგან ძალიან ბევრ ნიუანსს სჭირდება ყურადღების მიქცევა… რთულია, ბავშვის გონებას ჩაწვდე და შენს თანაზიარად გაიხადო. ერთობად აქციო სპექტაკლი და იქ მოსული პაწაწინა, ციცქნა მაყურებელი, რომელიც შენგან საოცრებათა სამყაროს ელოდება…
– ის, რაც არ შეგიძლია დრამატულში და შეგიძლია თოჯინებთან…
– თოჯინებში ტექნიკური საშუალებებით შეგიძლია, ფანტაზია შედარებით მეტად გაშალო. ფანტაზიის გამოვლენის და გამოყენების ხერხები მეტია დრამატულ თეატრთან შედარებით…
– რეჟისორისთვის გამორჩეული პერსონაჟი, ხასიათი…
– ალბათ ყველა საინტერესო და გამორჩეულია. გარკვეულ ეტაპზე რეჟისორისთვის შეიძლება რომელიმე ნაწარმოების რომელიმე პერსონაჟი საინტერესო იყოს, თუმცა როგორც კი იმ ნაწარმოებს სცილდება, მის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი პერსონაჟები ჩნდებიან… ის სხვა პერსონაჟი თუ არ შეგიყვარდა და არ გახდა თავიდან ბოლომდე შენი, მაშინ ამ პერსონაჟებს ვერაფრით შექმნი სცენაზე…
– ბავშვობიდან დედასთან ერთად თამაშობდი სპექტაკლებში… რატომ რეჟისორი გეგა ქურციკიძე და არა მსახიობი?
– დედა – იზა ჯიშკარიანი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის თეატრის მსახიობია. მისი დამსახურებაა, რომ სცენაზე გავიზარდე… მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი, რეჟისურაზე არც მიფიქრია. სცენას ისეთი ხიბლი ჰქონდა, ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, როგორ იდგმებოდა სპექტაკლები, მსახიობების ურთიერთობები და ა.შ… თუმცა, მოულოდნელად სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე (გარკვეული მიზეზების გამო). ვერ გავძელი ბოლომდე და მე-5 კურსიდან წამოვედი. სამსახიობოზე არანაირი შანსი აღარ მქონდა, უკვე დიდი ვიყავი. დავბრუნდი ჭიათურაში, მაშინ ანზორ ქუთათელაძე შალვა დადიანის პიესას „გუშინდელნი“ დგამდა, დამიძახეს ადიკოს როლზე… და ასე დავბრუნდი თეატრში. ეს ბოლო სპექტაკლი იყო, სადაც დედასთან ერთად ვითამაშე. აღმოჩნდა, რომ ქალაქს ადგილობრივი რეჟისორი არ ჰყავდა. მსახიობმა გივი მოდებაძემ თეატრის მაშინდელ მთავარ რეჟისორთან, ნანა დემეტრაშვილთან გამოთქვა აზრი, რომ მე სარეჟისოროზე მესწავლა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი დავუბრუნდებოდი ჩემს ქალაქს. ადგილობრივი მმართველობიდანაც ხელშეწყობა იყო და იმ წელს სარეჟისოროზე, გიზო ჟორდანიას ჯგუფში ჩავირიცხე. ასე აღმოვჩნდი ჩემი სამსახიობო ოცნებებიდან რეჟისურაში… და არ ვნანობ.
– სცენა – შეგრძნება, რომელიც დღემდე გახსოვს…
– დაუვიწყარი შეგრძნებაა, ჯერ კიდევ პირველი რეპეტიციების დროიდან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როცა შუქები აინთებოდა, კოსტიუმს ჩავიცვამდი და განათებულ სცენაზე გამოვდიოდი, ქვემოთ ამდენი თვალი გიყურებდა, იქ უკვე სხვა სამყაროში შევდიოდი… სპექტაკლი მთავრდება, მაყურებლის ტაში წყნარდება და გამოდიხარ თეატრიდან, შენ თეატრის მსახიობი ხარ, ეს, მართლაც, წარმოუდგენლად დაუვიწყარი შეგრძნებაა…
– არ გენატრება?
– თეატრალურ უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამაშიც შედიოდა და თავად გიზო ჟორდანიას მოთხოვნა იყო, ერთმანეთის სპექტაკლებში გვეთამაშა. სიმართლე გითხრა, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ, მე ისეთი როლები მაქვს ნათამაშები, ბევრ მსახიობს შეიძლება დღემდე არ უთამაშია… ალბათ, იმდენი როლი შევასრულე, რომ რაღაც სახით კონპენსაცია მოხდა. თუმცა, არის მომენტი, როცა სცენაზე დგომა და მსახიობობა მინდა… რეჟისორი ორი სპექტაკლის შემდეგ ყველას ავიწყდება. მესამე სპექტაკლზე კულისებშიც კი აღარ გამოგხედავენ… შვილივით არის, რომელიც დაიბადება, გაზრდი და მერე უცებ წავა. წავა ისე, რომ აღარასოდეს დაგიბრუნდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს…
– რამე თუ არის ისეთი, რაზეც გული გწყდება…
– ყველაზე გულდასაწყვეტია ის, რომ სპექტაკლი არასოდეს გამოვა ისეთი, როგორიც გინდა… თითქოს რაღაც ბოლომდე ისე ვერ გააკეთე. ამაში არავითარ შემთხვევაში მსახიობებს არ ვადანაშაულებ. არა, ალბათ გარკვეულად შენი მიზეზით არის… არის პიესები, რაც მაწვალებს… და იმედი მაქვს, გული არ დამწყდება, რომ ვერ მოვახერხე მათი დადგმა… ჯერ ასეთი გულის წყვეტა არ მაქვს…
– როგორი ხარ მუშაობის პროცესში?
– მაქსიმალურად ვცდილობ, ურთიერთობა და, ზოგადად, მუშაობის პროცესი, ურთიერთგაგებისა და შეგნების საფუძველზე ავაწყო. სიმართლე გითხრათ, შეიძლება ხშირად არა, მაგრამ ყოფილა ხოლმე შემთხვევები, როცა საკუთარ თავზე გავბრაზებულვარ. არის ხოლმე, როცა შეგნებაზე დაფუძნებული ურთიერთობები არ ესმით და ამას სისუსტედ გითვლიან. თუმცა, ვინც ასე ფიქრობს, ეს ალბათ მისი სისუსტე და მისი პრობლემა უფრო არის. როგორც კი ეს პრობლემა სარეპეტიციო პროცესზე აისახება, მკაცრი ვხდები და აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, მაქსიმალურად ვცდილობ, პრობლემა მოვხსნა. სპექტაკლს – ჩემს შვილს ვერავის ვანაცვალებ… ისე ამბობენ, რომ შენ, თბილი რეჟისორი ხარო… მაგრამ ძალიან გაბრაზებაც ვიცი…
– ხშირად გიწევს ღონისძიებების რეჟისურა…
– რეჟისურის პირველი გემოც ჭიათურაში გავიგე… 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გავაკეთე, რომელიც თეატრში გაიმართა. ისეთი ხიბლი დავიჭირე ამაში, როცა შენი საფიქრალის და სათქმელის რეალიზებას ახდენ. ელაპარაკები მაყურებელს სპექტაკლის, წარმოდგენის თუ ღონისძიების საშუალებით. მაშინ შევამჩნიე, როგორ მივიდა ეს სათქმელი მაყურებლამდე, როგორი ზეგავლენა მოახდინა მათზე… და ეს ძალიან მომეწონა. აქედან წამოვიდა, ზოგადად, ღონისძიებების დადგმა. ძირითადად, ჭიათურქალაქობა, რუსთავქალაქობა მაქვს გაკეთებული. ბოლო წლებია, აქტიურად ვაკეთებდი საახალწლო ღონისძიებებს. ვიმუშავე მარიკა ბარათაშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე. აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა. მასობრივი სანახაობები, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე უნდა გათვალო…
– მსახიობისგან განსხვავებით, რა უპირატესობა აქვს რეჟისორს?
– ვირჩევ პიესას იმ თემატიკაზე, რაზეც მაყურებელს უნდა ველაპარაკო. რაც მტკივა და ვთვლი, რომ საზოგადოებაში ბევრს სტკივა. ოღონდ მე უნდა შევახსენო, უნდა გავუღვიძო ეს ტკივილი და გავუმძაფრო. ამის არჩევანს მე ვაკეთებ, ამ არჩევანით მივდივარ მსახიობთან, ვირჩევ მას, რამდენად კარგად და ზუსტად იტყვის იმას, რაც პიესაში დევს… მსახიობი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს დებს პერსონაჟის შექმნაში, მაგრამ, ასე თუ ისე, ძირითადი სათქმელი მაინც ჩემია, პიესის და ჩემი… ეს უპირატესობაა ამ შემთხვევაში, თუ ამას უპირატესობა შეიძლება ეწოდოს…
ნინო ჯაჯანიძე