რატომ არ სჭირდება სამოგზაუროდ სივრცეში გადაადგილება შალვა საბაშვილს…
„ადამიანი შეიძლება ერთ ადგილზე იდგეს, მაგრამ მოგზაურობდეს და პირიქით, მოგზაურობდეს და სინამდვილეში ერთ ადგილზე იყოს“, – ალბათ ყველას უყვარს ღამით ვარსკვლავიანი ცის ყურება. თუმცა ამ შორეული ციური სხეულების შესწავლას ბევრი ვერ ახერხებს. პროფესორი, ასტრონომი შალვა საბაშვილი წლებია ასტრონომიას და პოეზიას ერთმანეთს უკავშირებს…
– პროფესია – ასტრონომია…
– სკოლაში სწავლის პერიოდში, დაახლოებით მე-5-7 კლასებში უფრო მაინტერესებდა ისტორია და პოლიტიკური მეცნიერებები. შემდეგ მოხდა დიდი გადატრიალებები, საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ გააკრიტიკა სტალინის პიროვნების კულტი და საერთოდ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მივხვდი, რომ ეს არ იყო მუდმივი და საჭირო იყო მუდმივი სფერო, საიდანაც ჭეშმარიტებები არის უცვლელი და რეალური… – ასეთი არის ბუნების მეტყველება – ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და ასტრონომია, მათ შორის… ისე, სამყაროს საიდუმლოებები, ღია ცა, ცაში უთვალავი ვარსკვლავი, მზის დაბნელებები ყოველთვის აღძრავდა ჩემს ინტერესს. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ამ სფეროში ვმუშაობ.
– მოგვიყევით ვარსკვლავებიან ცაზე…
– ვარსკვლავებიანი ცა ძალიან საინტერესოა, მათი ციმციმი, ბრუნვის ხასიათი სხვადასხვაა. ერთი ვარსკვლავი ერთ ადგილზეა უძრავად, ეს არის პოლარული. სანამ მე-10 კლასში სწავლა დაიწყებოდა, ასტრონომიის სახელმძღვანელო უკვე ბოლომდე წაკითხული მქონდა. ვეცნობოდი სულ უფრო და უფრო შორეულ ობიექტებს. ვიყენებდი დროის აღრიცხვაში. წავიკითხე, რომ თუ მზე 24 საათს, შუადღიდან შუადღემდე უნდება ცის გარშემო ტრიალს, ვარსკვლავები 4 წუთით უსწრებენ. ამიტომ პატარა ტელესკოპის მსგავსი გავაკეთე და მისი მხედველობის არეში ვარსკვლავი სირიუსი მოვაქციე. ვიცოდი, რომ ყოველ ღამეს ის გაივლიდა ტელესკოპში 4 წუთით ადრე. ეს საშუალებას მაძლევდა, საათები შემემოწმებინა. ეს და ბევრი სხვა რამ იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის…
– პირველი ნაბიჯები…
– როდესაც საჭირო გახდა უმაღლესში ჩაბარება… ასტრონომია მაშინ ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე ისწავლებოდა. შევიტანე საბუთები და ჩავაბარე. ასტრონომია მე-3 კურსიდან იწყებოდა, იქამდე კი მათემატიკას ვსწავლობდით. ძალიან გამიტაცა მათემატიკამ. ვიყავი სამეცნიერო წრის თავმჯდომარე ასტრონომიაში, მაგრამ მათემატიკაშიც ვმონაწილეობდი, მოხსენებებს ვაკეთებდი. ერთ-ერთი ჩემი მოხსენება სტუდენტთა ნაშრომების კრებულში დაიბეჭდა. ეს იყო საკონფერენციო თემა – „ვარსკვლავთა მყარი ბრუნვის მდგრადობის საკითხისათვის“. ნინო მაღნარაძე იყო ჩემი ხელმძღვანელი და აგრეთვე მათემატიკის წრის ხელმძღვანელი, ცნობილი მათემატიკოსი ლევან მაღნარაძე. ყველაფერი ერთად იყო – ასტრონომიაც, მათემატიკაც, ამავდროულად, ლექსებსაც ვწერდი, ჯერ კიდევ სკოლიდან, მე-3 კლასიდან… უნივერსიტეტში სერიოზულად დავიწყე წერა და მას შემდეგ ძალიან ინტენსიურად ვწერდი…
– მუზა… შთაგონების წყარო…
– ლექსების შთაგონების წყარო სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაა. შეიძლება ცალკეული პიროვნებები ყოფილიყვნენ. თემატიკაც, ვთქვათ, სიყვარულის, ბუნების, თუმცა თანდათანობით ყველაფერი ფილოსოფიურმა ლექსებმა ჩაანაცვლა. ანუ სამყაროს აგებულება, ფილოსოფიური ხედვები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მოვლენებს შორის, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები, ხელოვნების წარმოშობის საკითხი და ა.შ. მაგალითად, 1962 წელს 20 წლის ვიყავი, ზაფხულში სოფელში ყოფნის დროს დაიწერა საკმაოდ დიდი ზომის ნაწარმოები, რომელიც სწორედ ხელოვნების წარმოშობას ეხება. ამჟამად 8 ათასს უახლოვდება ლექსების რაოდენობა. უმეტესი მათგანი მაინც ფილოსოფიურ პრობლემებისადმი მიძღვნილია. რა თქმა უნდა, ბუნების მოვლენებიც ისახება მასში, მხატვრული აქსესუარებიც ბევრია. ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ რითმებს, იდეების სიახლეებს, მაგრამ ყველაფერი მაინც ფილოსოფიურ რითმაში წყდება.
– მთლიანად ცას უკავშირდებით. პროფესიით, გატაცებებით… რომანტიკოსი ხართ?
– რა თქმა უნდა, თავიდან რომანტიკოსად შეიძლება ჩავთვლილიყავი. რომანტიკული პოეზიაც მიყვარს, რომანტიკოსებიც მიყვარს. ზოგადად, ცხოვრებაში ვინც ნივთებს უფრო აფასებს, ასეთი ადამინები არ მიყვარს. მიყვარს ისინი, ვისაც აინტერესებს ასეთი განყენებული პრობლემები, განყენებული ადამიანის არსებობის მიზნები, გამართლებები. ის, ვინც ფიქრობს სხვა ადამიანებზე, ადამიანის არსებობის მიზეზებზე, დანიშნულებაზე, იდეებზე, რა არის მთავარი, როგორ წარმოიქმნა სამყარო, რისთვის არსებობს. ყველაფერი ღრმა საკითხები და ვისაც ეს ანალოგიური საკითხები აინტერესებს. პრაქტიკული ღირებულებები ნაკლებ როლს ასრულებენ ჩემთვის…
– თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო პლანეტა რომელია?
– პლანეტები ცოტაა და მე ყველა მიყვარს. მაგრამ მარსი ალბათ მაინც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, წითელია და შესამჩნევია. მეორეც, მარსზე შესაძლებელია არსებულიყო ოდესმე, ან ახლა არსებობდეს სიცოცხლის მსგავსი…
– ოცნება…
– ოცნებები უფრო ადრე მქონდა. ეს იყო საყოველთაო ჰარმონიის დამყარება დედამიწაზე და ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გამარჯვება. მაგრამ თანდათანობით ცხადი ხდებოდა, რომ ეს ასე ადვილი გასაკეთებელი არ არის. ამასთან დაკავშირებით პასკალს მოვიშველიებ, მისი შესანიშნავი „აზრების“ წიგნიდან. მაგალითად, მეცნიერების, იურისტების, მედიკოსებისაც კი, უმეტეს შემთხვევაში ძლიერება არა მარტო მათ პროფესიაში ვლინდება, არამედ მათ აღჭურვილობაში და ტანსაცმელში. ან მეორე, ადამიანებს ძალიან ეშინიათ მეათე ხარისხოვნების, მაგალითად, კბილის ტკივილის, მაგრამ არ ეშინიათ იმ გარდაუვალი აღსასრულის, რომელიც მოელით. კიდევ ერთი ძალასა და სამართლიანობას შორის დაპირისპირება. სამართლიანობა, რა თქმა უნდა, უმაღლეს საფეხურზე დგასო, მაგრამ იმისათვის, რომ თავის პრინციპები განახორციელოს, მას სჭირდება ძალა. ხოლო ძალას არაფერი არ სჭირდება, თვითონ შეუძლია თავის თავი გააბატონოს სამყაროში, აი ასეთი საინტერესო შეპირისპირება აქვს.
გარდა ამისა, რაც ჩვენ ვიცით და ადამიანს რაც შეუძლია იცოდეს, მაინც ყოველთვის იქნება შუაში არაფრის ცოდნასა და ყველაფრის ცოდნას შორის. დაახლოებით 2000-იან წლებში ფილოსოფოსმა ლერი ჩანტლაძემ გამოსცა წიგნი „ყოფიერების საზრისი“, რომელიც ისწავლებოდა უნივერსიტეტში, ამ წიგნის საფუძველზე დაიცვა მან სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. მასში მიმოიხილა ჩემი ორი ლექსი, სადაც შეეხო ქართული პოეზიის მიერ მსოფლიო ღირებულებათა ასახვას და მისი დასკვნა ასეთი იყო, რომ მე-20 საუკუნის ქართული პოეზია ნაკლებად ინტერესდებოდა მსოფლიოს პრობლემებით. ნიმუშად მოყვანილი იყო ჩემი ორი ლექსი და დამოწმებული ჩემი პუბლიკაციებით. წიგნში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებები იყვნენ დასახელებულნი, მაგალითად, სქოლიოში თუ იყო პასკალი და მისი შემოქმედება, ორი-სამი გვერდის შემდეგ საბაშვილი ეწერა… ზღაპარს წარმოადგენდა ეს ჩემთვის, ძალიან დიდი დაფასება იყო…
– ურთიერთობა სტუდენტებთან…
– სტუდენტებს დიდად ვაფასებდი ყოველთვის, თავიანთი სურვილის გამო, რომ ისწავლონ ასტრონომია. მე მიმაჩნია, რომ ადამიანის არსებობის ძირითადი დანიშნულება ეს მაინც არის სამყაროს შეცნობა, ხოლო სამყაროს შეცნობაში მისი ცალკეული წახნაგების შეცნობა იგულისხმება, რასაკვირველია, რაოდენობრივი თუ თვისობრივი და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი არის სწორედ ასტრონომია. ფიზიკა, ქიმია, მთემატიკა, ბუნების მეტყველება ყველაფერი ეს ამზადებს ცალკეულ აგურებს, ასტრონომია კი ყველაფერ ამას გადახურავს, როგორც სახურავი შენობას. აკეთებს ყველაფრის მსოფლმხედველობრივ ჩამოყალიბებას, როგორ წარმოიშვა სამყარო და რა მომავალი ექნება. წყვეტს, როგორია დროისა და სივრცის საზღვრები – სასრული თუ უსასრულო… სამყაროს ყველაზე კარდინალურ პრობლემებს ასტრონომია პასუხობს და მის გარეშე, რა თქმა უნდა, ყოველგარი ცოდნა იქნება არასრულყოფილი…
ის კურსი, რომელსაც მე ვკითხულობ – „ასტრონომია და ცივილიზაცია“ უამრავ სტუდენტს გაუვლია ჩემთან… ყოველთვის ვსვამ კითხვას – რაში გამოიყენება ასტრონომია და ვპასუხობ: ყველაფერში, თითქმის ყველა მეცნიერება გარკვეულწილად უკავშირდება ასტრონომიას. მათ შორის არის ხელოვნებაც ფილოსოფიაც, რელიგიაც და ა.შ… 1982 წელს დავწერე წიგნი „ზეცათა ლაბირინთებში“, ერთ-ერთ თავში აღწერილია სამყაროს სურათი. მოშველიებულია ასეთი სქემა, რომ წარმოვიდგინოთ – თბილისში მიმდინარეობს ფეხბურთის მატჩი, მას აკვირდებიან დედამიწიდან და სხვა პლანეტებიდან. როდის მიაღწევს ეს ინფორმაცია დედამიწის გარეთ. გამოირკვა, რომ კოსმონავტთან, რომელსაც უახლოეს ვარსკვლავამდე მეოთხედი გზა აქვს გავლილი, მივა ერთ წელიწადში. მაგალითად, უყურებენ მსაჯს, რომელმაც რაღაც დააშავა და ემუქრებიან, მაგრამ ეს მუქარა აბსოლუტურად ზედმეტი და უსაფრთხოა მსაჯისათვის, იმიტომ რომ დედამიწაზე ამ დროს, როცა იქ უყურებენ მატჩს, გასულია 700 წელიწადი და აღარც მსაჯია და აღარც ფეხბურთელი. ხოლო თუ გალაქტიკაში არიან მაყურებლები, ისინი ჩვენს გადაცემას მიიღებენ 2 მილიონი წლის შემდეგ… წარმოიდგინეთ, ასე შორეული სხეულებია და უფრო ბევრად შორეულიც. თითქოს რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ასტრონომიასო, მაგრამ ასე არ არის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს…
– კოსმოსში გაფრენაზე ალბათ გიფიქრიათ…
– როცა იური გაგარინი გაფრინდა, მაშინ უნივერსიტეტის მე-2 კურსზე ვიყავი და, როგორც ასტრონომიის ჯგუფის წევრმა, მომიწია სიტყვით გამოსვლა, სადაც აღვნიშნე, რომ „ადრე ვფიქრობდი, პირველს ალბათ მე მომიწევდა კოსმოსში გაფრენა“… ეს, რა თქმა უნდა, მაინც ნახევრად ხუმრობით იყო. მოსკოვში ყოფნისას ერთ-ერთ კოსმონავტთან შეხვედრა მოგვიწია, როგორც ხდება ხოლმე, მეც მისგან ავტოგრაფი ავიღე. საღამოს ლექსი დავწერე, სადაც ასეთი ფრაზა იყო – „ინტერვიუ ჩამოვართვი კოსმონავტს, ვინ თქვას, შორეთს ვინ უფროა ნამყოფი“. მართალია კოსმონავტი ნამყოფია კოსმოსში, მაგრამ ის კოსმოსი ახლოა, მაქსიმუმ მთვარეზე და ის კოსმოსები, რომლებშიც მე წარმოსახვით ვყოფილვარ, უსაზღვროობას და უსასრულობას მოიცავს. ამაში შედის არა მარტო ხილული მეტაგალაქტიკა, რომლის რადიუსიც დაახლოებით 10 მილიარდი და მეტიც, სინათლის წელია, არამედ სხვა მეტაგალაქტიკები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ… ეს ყველაფერი გონების თვალით იმდენჯერ არის განხილული, რომ უშუალოდ კოსმოსში გაფრენა შეიძლება აღარც არის ჩემთვის იმდენად საინტერესო. ამ შემთხვევაში ფიზიკურად გადაადგილება ნაკლებად მჭირდება. დადექით ღია ცის ქვეშ და უმზირეთ ვარსკვლავებს, იცით, როგორ ციმციმებს სხვადასხვა მანძილზე, მაგალითად, ანდრომედას გალაქტიკა თვალითაც ჩანს… ადამიანი შეიძლება ერთ ადგილზე იდგეს, მაგრამ მოგზაურობდეს და პირიქით, მოგზაურობდეს და სინამდვილეში ერთ ადგილზე იყოს…
– ადამიანებს რას ურჩევთ, კოსმოსიდან რა ენერგია მოდის?
– იფიქრონ იმაზე, რომ არსებობს მარადიული და წარმავალი კატეგორიები… და რომ უპირატესობა ყოველთვის მარადიულს უნდა მივაკუთვნოთ…
ნინო ჯაჯანიძე