გიორგი კუხალაშვილის მისტიკური რეალობა
რატომ აირჩია ქართველმა მხატვარმა, გიორგი კუხალაშვილმა რელიგიური თემები ფერწერული ტილოების შესაქმნელად და რას გამოხატავს სევდა მის შემოქმედებაში… 50 ათას დოლარად გაყიდული ნამუშევარი, რომელიც საზღვარგარეთ მოგზაურობას ავტორის გარეშე აგრძელებს…
– „ავტოპორტრეტი“ – როგორ ხატავს მხატვარი საკუთარ ავტოპორტრეტს… რომელი მხარე გადააქვს ტილოზე…
– საერთოდ, პორტრეტი უკეთესი გამოდის, როდესაც ადამიანის ბუნებას კარგად იცნობ და ყველაზე კარგად ჩვენ მაინც საკუთარ თავს ვიცნობთ. ტილოზე მე ვცდილობ, ჩემში არსებული ყოფიერების მიღმიერი გიორგი კუხალაშვილი გამოვსახო, რომელიც გარკვეულად მისტიკური პერსონა, ანუ განსულიერებული არსებაა, რომელსაც შეიძლება ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევდეს.
– გიორგი კუხალაშვილის პერსონაჟები ვინ არიან, საიდან მოვიდნენ?
– ჩემი პერსონაჟები შეიძლება იყვნებ ჩემ ირგვლივ არსებული ადამიანები და მათი ორეულები. ანუ გარკეულწილად არტისტულ კოსტიუმში გამოწყობილი რეალური გმირები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობიდან გამოდიან.
– თითქოს მათ გვერდით ყოველთვის დგას რაღაც...
– ჩვენ არასდროს ვართ მარტონი. გოლგოთაზე აღმართული სამი ჯვარი ყოველთვის გვახსენებს, რომ ადამიანში მოქმედებს კოსმიური სამი ძალა, ლუციფერული, არიმანული და ღვთაებრივი, საით გადავიხრებით, ეს უკვე ჩვენი თავისუფალი ნებაა.
– რატომ გასდევს შენს ნახატებს ცისფერი ფერი…
– ფერისთვის მნიშვნელობის მინიჭებას უდიდესი დატვირთვა აქვს მხატვრობაში. ალბათ ამ ფერით უკეთ გამოვხატავ არამიწიერ განწყობას.
– როგორია შენი შინაგანი სამყარო? რისი გამოხატულებაა შენი ნამუშევრები?
– როგორი ნამუშევრებიც მაქვს, ისეთია ჩემი შინაგანი სამყარო…
– ნახატებიდან გამომდინარე, სევდიანი ხარ თუ…
– სევდა შემოქმედებით ცხოვრებას თან სდევს, სევდა გამოხატავს იმ შორეულ იდეალებს, რომელსაც ევოლუცია კაცობრიობას უსახავს. მოწყენის და მელანქოლიის მიზეზი არასდროს მაქვს, ჩემთვის ყოველი დღე გამოწვაა და სიახლესთანაა დაკავშირებული.
– შენთვის სიზმარია შთაგონების წყარო…
– ეს სიზმარი ჩვეულებრივი სიზმარი არ გახლავთ. ამას შეიძლება უწოდო „შუადღის სიზმრები “, რომლებიც შემოქმედებით პროცესში იბადება და სხვადასხვა ხატ-სახით გადადის ტილოზე.. მისი სახელია მუზა…
– რელიგიურ თემაზე შექმნილი ნამუშევრები (თუნდაც „მრევლი“)… როგორია ისინი…
– ეს ის თემებია, სადაც შეგიძლია აწმყოზე და მომავალზე ერთდროულად ისაუბრო. ეს გარკვეულწილად წინასწარ დაწერილი წერილებია, რომლებსაც ადამიანები წლების შემდეგ წაიკითხავენ.
– გაქვს ცნობილი ადამიანების პორტრეტები, რას ამბობენ… თუ უნახავთ შენს ნამუშევარში ისეთი დეტალი, რასაც ისინი განსაკუთრებით მალავდნენ?
– ჩემი პორტრეტები ამ დეტალებით არის სავსე. პოლემიკაში მათთან ერთად მათი გულშემატკივრებიც ერთვებიან ხოლმე, როდესაც შეფასებებს ვისმენ, ვრწმუნდები, რომ თბილისი ის ქალაქია, სადაც იციან ნამდვილი ფერწერის ფასი.
– ვინ იყო ყველაზე საინტერესო შენთვის…
– ყველა მათგანმა თავის შტრიხი დატოვა ჩემს შემოქმედებაში. მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პოეტები, მომღერლები, მხატვრები… მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა ჭაბუა ამირეჯიბის, რეზო ჩხეიძის და მურმან ჯინორიას მიმართ. თითქოს მათ მთელი ცხოვრება ვიცნობდი…
– რომელიმე მხატვრის გავლენა თუ აქვს შენს ნამუშევრებს…
– ეს ალბათ უფრო ბავშვობაში იყო, როდესაც გატაცებული ვიყავი რემბრანტით, ლეონარდოთი, ტიციანით… საერთოდ, ადამიანმა უნდა უნდა გაიაროს მოწაფეობის ეტაპი, რომ შემდეგ ჩემოყალიბდეს პიროვნებად და ინდივიდად. ანუ იპოვოს მისი ხაზი შემოქმედებაში.
– შენი ნამუშევარი – „ბოსხის სიზმარი“, რომელიც გაიყიდა… ქმნიდი წლების განმავლობაში… რა გრძნობაა, როცა შენი ცხოვრების ხელშესახები პერიოდი სხვას მიაქვს…
– სიმართლე რომ გითხრათ, შესანიშნავი გრძნობაა… მითუმეტეს იმ პირობებში, რომელშიც ახლა ის არის. როგორც მოგეხსენებათ, ამ ნამუშევრის ირგვლივ თორმეტი გამოფენა დაიგეგმა ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქში. რამდენიმე გამოფენა უკვე ჩატარდა ანტვერპენში, ბელგიაში, ნაარდნში, ჰააგაში და ამჟამად გამოფენა მიმდინარეობს ჰერტოგენბოსში, სადაც ერთი აღსანიშნავი მოვლენა მოხდა, გამოფენას ეწვია ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს მეფე.
– რა არის შენთვის წარმატება…
– ჩემთვის წარმატება არის შემოქმედებაში ცხოვრება, სულიერი განვითარება და საკუთარი შემოქმედების რეალიზაცია.
– ნახატი, რომელიც არ იყიდება…
– „შობა“ და „გოლგოთა“. ერთი ნიკოლაძის, ხოლო მეორე სამხატვრო აკადემიის სადიპლომო ნამუშევარი.
– 2015 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ახალგაზრდა პროფესიონალის“ წოდებით დაგაჯილდოვეს, რა გეგმები გაქვს სამომავლოდ…
– მაშტაბური პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები… მთელი ენერგია აქეთკენ მაქვს მიმართული.
– როგორ ფიქრობ, სად იქნება ბოლომდე გიორგი კუხალაშვილი, რა არის შენი მიზანი…
– ბოლომდე დავრჩები შემოქმედებაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ადამიანი და განსაკუთრებით ხელოვანი, მხოლოდ საკუთარი პროფესიის სიყვარულით არ უნდა შემოიფარგლოს. მე ალბათ უფრო მეტად ჩავუღრმავდები კაცობრიობის არსებობის მისტერიებს, ადამიანის ღვთაებრივ მიზანდასახულობას. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის.
– და ბოლოს… როგორი ფერები აქვს გიორგი კუხალაშვილის თვალით დანახულ სამყაროს…
– ადრეულ პერიოდში უფრო მუქ ტონალობებს ვხმარობდი, ეს მომწონდა და დღესაც მომწონს. მაგრამ ხელოვანი მუდმივად ვითარდება, მისი განწყობებიც იცვლება, დღეს ჩემი მხატვრობა უფრო ჟღერადია, მაგრამ ეს არ არის ხელოვნურად გამოწვეული. ეს გამოცდილებამ, დრომ და განვითარებამ თავისთავად მოიტანა…
ნინო ჯაჯანიძე