„მინდა ყველას შრომისმოყვარე ვეგონო და არა შრომისგან გამოთაყვანებული“…

„იცით, მე სულ ვმუშაობ, გარდა შობისა, აღდგომისა, ახალი წლისა და ჩემი დაბადების დღისა!“ სინამდვილეში ვტყუოდი, ამ დღეებშიც ვმუშაობ! უბრალოდ ყველას მინდა შრომისმოყვარე ვეგონო და არა შრომისგან გამოთაყვანებული“, – პერსონა, რომელსაც რამდენიმე სამსახური აქვს… მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში შეუძლია კარგ ხასიათზე იყოს და ხალისი გარშემომყოფებსაც გადასდოს. დათო ლიკლიკაძის პროფესიებით დატვირთული ცხოვრება…

12665883_1215852495110023_204328345_n

– რატომ აირჩიე  ჟურნალისტის პროფესია?
– სრულიად შემთხვევით. აი წამოვედი თეატრალური ინსტიტუტიდან და გავხდი ჟურნალისტი. არ იყო ბავშვობის ოცნება. თეატრალურში ვაბარებდი, სულ მსახიობობაზე ვოცნებობდი. შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელთან მომიხდა კონფლიქტი და ქუთაისში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დავბრუნდი. ზუსტად ისე დამემართა, როგორც ბისმარკი ამბობს: „ჟურნალისტები ხდებიან ის ადამიანები, ვისაც სხვა საქმეში ხელი მოეცარათ და განრისხებულნი კალამს აწრიპინებენ“.
– რა მოგწონს განსაკუთრებულად ჟურნალისტიკაში, რატომ არის განსხვავებული შენთვის…
– ის, რომ სულ მოქმედებაში ხარ, სულ ხალხში ხარ, ყველგან ხარ. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ამ პროფესიაში ვერც გაჩერდები. მუდამ გადარბენა მაქვს…
– როგორ ფიქრობ, რატომ გახდი ასეთი ცნობილი და მოთხოვნადი?
– უი, მართლა ასეთი ვარ? ძალიან მეხმარება ჩემი იუმორი, ყველა შოუში მეძახიან. სინამდვილეში ძალიან მრცხვენია ხშირად ქუთაისის სახელით გამოსვლა… ისე მაპატია ამ ამაყმა ქალაქმა, ხომ იცი… ვერ იგებენ ადამიანები სხვის წარმატებას, ჩემი გაიგეს. მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვარ…
– რა არის ყველაზე საინტერესო შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
– ამჟამად? ახლა ყველაზე საინტერესო ჩემს ცხოვრებაში ერთი გოგონაა, რომლის ყოველდღიურობით ვცხოვრობ და მინდა მასთან საუკუნო სიმშვიდე მოვიპოვო…
– ვინ არის დათო ლიკლიკაძე, როგორც მსახიობი…12647694_1215852485110024_532608474_n
– 20 როლის პატრონი ვარ. დიდი შემოქმედებითი ბიოგრაფია არ მაქვს, თუმცა ბევრი ვერ შემეჯიბრება… საკმარისია ვთქვა, რომ მიმუშავია ისეთ რეჟისორებთან – ნუგზარ ლორთქიფანიძე, დავით დოიაშვილი და სხვა მრავალი. ჩემს სპექტაკლზე თავისი აზრი აქვს გამოთქმული მიშა თუმანიშვილს (არ ვხუმრობ!), როცა მან გრიბოედოვის თეატრში იხილა ჩვენი სპექტაკლი – „სიყვარული ძნელია“. ასევე რუსთაველის თეატრში „მედეაში“ გიზო ჟორდანიას, სოფიკო ჭიაურელის და ზინაიდა კვერენჩხილაძის შეფასებები მახსოვს. მართალია მოწმედ ყველა გარდაცვლილი მოვიყვანე, მაგრამ  რაზეც ვსაუბრობ, იმდროინდელი გაზეთებიც გვაქვს…
– ახალგაზრდული თეატრი, დადიხართ გასტროლზე…
– ესაა ჩემი საყვარელი თეატრი, რომელმაც სრულიად პატარა მიმიღო და შემიფარა. ამ თეატრით გასტროლზე 25 ქვეყანაში ვარ  ნამყოფი. ჩვენი დირექტორი ზურაბ ფხაკაძე- აი ვინ არის ჩვენი დროის გმირი! დღემდე აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. მარტო გასულ წელს 4 ქვეყანა „დავლაშქრეთ“ სპექტაკლებით.
– როგორი გმირების თამაში გიწევს?
– მე უფრო კომედიურს ვთამაშობ12648164_1215852475110025_868378248_n, თუმცა მითამაშია ძალიან ტრაგიკულიც. გერმანიაში მოღვაწე რეჟისორმა ბიძინა ყანჩაველმა თავის სადიპლომო სპექტაკლში დამაკავა, სადაც სულიერად ავადმყოფს ვთამაშობდი და ის თვლიდა, რომ მე ვიყავი მისი შემოქმედებითი წარმატების თილისმა. ახალგაზრდულ თეატრში ამჟამად პექტაკლ „დონ ჟუანში“ კომანდორს ვთამაშობ.

– რამდენი ცხოვრება აქვს დღის განმავლობაში დათო ლიკლიკაძეს…
– ვმუშაობ მერიის პრესსამსახურში, არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად, მიწევს თეატრში რეპეტიციებზე მისვლა, რადიოში გადაცემა მაქვს, რადიო „ძველი ქალაქი“ ჩემი სახლიც არის…
– საზაფხულო ბანაკების ხელმძღვანელობა და ურთიერთობა ბავშვებთან…
–  რამდენიმე ბანაკს ვხელმძღვანელობდი იმერეთის კურორტებზე, ზღვაზეც გვქონდა ხოლმე. წელს თუ დამიძახებენ, არ ვიცი, შევძლებ თუ არა, დროს ვგულისხმობ. ერთადერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვი უარს, თუ ის ვანის უნიკალურ კურორტზე, „სულორში“ გაკეთდება. სულორში 20 წელია ბანაკს ვაკეთებდით და ხომ გესმით, არაა…
– შენი იუმორი, ხშირად გიპოვია იუმორის დახმარებით გამოსავალი?
– უიმე კი! გამოსავალი კი არა სამსახურები მიპოვია, ფული და აღიარებაც…
– მედიასკოლა, ლექტორი…12660276_1215852488443357_1442274203_n
– საკმაოდ სერიოზულად ვუდგები მედიასკოლას, სადაც გვყავს ძალიან კარგი სტუდენტები. უკვე მეორე გამოშვება სწავლობს. აქაც საიმედო ქალის ხელში ვართ – ნატალია პატარიძე, რომელიც ხელმძღვანელობს მედიასკოლას. ვფიქრობ, ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ.
– თუ იღლები…
– არა! იცით, მე ახლაც ვმუშაობ, თან გესაუბრებით და თან რადიოგადაცემას ვწერ, რადგან დრო არ იცდის. მე ყოველთვის ვამბობდი: – „იცით, მე სულ ვმუშაობ, გარდა შობისა, აღდგომისა, ახალი წლისა და ჩემი დაბადების დღისა!“ სინამდვილეში ვტყუოდი, ამ დღეებშიც ვმუშაობ! უბრალოდ ყველას მინდა შრომისმოყვარე ვეგონო და არა შრომისგან გამოთაყვანებული…
– როგორ ფიქრობ, რომელი იქნება შენი პროფესია, რომელიც ბოლომდე გაგყვება?
– რა ვიცი… ვერცერთს ვერ შეველევი… მქონდეს რა, ორივე… ვის რას ვუშლი?

ნინო ჯაჯანიძე

12596043_1215852491776690_760371169_n

12666419_1215852478443358_200220282_n

12674418_1215852471776692_1888938481_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები