ნემსით და ძაფით გაცოცხლებული ცნობილი მხატვრების ნამუშევრები
ნაირა სარჯველაძე წლებია, ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს კიდევ უფრო მეტად შესაგრძნობს ხდის. რატომ არის განსაკუთრებული მის მიერ ნემსით და ძაფით შექმნილი ხელოვნება და როგორ იხატება მულინით საღებავი…
– როდის დაიწყო ნაქარგების ისტორია…
– ადრე ვხატავდი, მერე რომ ამბობენ ხოლმე, მუზა რომ მოგივა და სურვილი გაგიჩნდებაო, ქარგვითაც დავინტერესდი… ყოველთვის მომწონდა ელენე ახვლედიანი და გადავწყვიტე, რომ მისი ნამუშევრები ძაფებში გამეცოცხლებინა. მის რეპროდუქციებს ქსეროქსზე ფერადად და შავ-თეთრად ვიღებდი, მერე „კაპიროვკით“ გადამქონდა ნაჭერზე. რეპროდუქცია ყოველთვის თვალთახედვის არეში მიდევს, რომ ფერები კარგად გადავიტანო. მუშაობის პროცესი შრომატევადია, ზოგიერთ ნაქარგის შესასრულებლად წლებიც კი დამჭირდა… ვცდილობდი, ერთი და იგივე დროს მემუშავა, იმიტომ რომ ფერები დღისით სხვანაირია, საღამოს შუქის ქვეშ კი სხვანაირად ჩანს, არ მინდოდა ფერთა შეხამების დარღვევა. ნელ-ნელა გამიძლიერდა ინტერესი და ასე ცნობისმოყვარედ მივყვებოდი და მივყვებოდი, მაინტერესებდა, ბოლოს რა გამოვიდოდა.
– ქარგვის დროს…
– პირველ რიგში, ვიღებ ესთეტიკურ სიამოვნებას და ცხოველურ ინტერესს, როგორი გამომივა. თუ გამოდის ლამაზი და სურათთან მიახლოებული, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ჩემი ნამუშევრები „ზემელზე“, თვითნაკეთი ნამუშევრების გამოფენაზე მიმქონდა და ჩარჩოში ვსვამდი. ბევრმა მითხრა, ჩარჩო ხიბლს უკარგავსო. რომ შეხედავ, თითქოს სურათია, თუ ახლოს არ მიხვალ და არ დააკვირდები, ვერ შენიშნავ, რომ ფერები საღებავებით კი არა, ძაფებით არის შესრულებული. მეცოდება და ვუფრთხილდები, მზე არ მოხვდეს, მერე დროთა განმავლობაში გახუნება ძაფმა იცის. ასე, თითოეული, შვილივით შეფუთული მყავს და კედელზე მიკიდია.
– რამდენად რთულია ნემსით და ძაფით ფერთა პალიტრის შექმნა?
– ნამდვილად რთულია. იცით, რატომ? რეპროდუქციას რომ უყურებ, მთავარია მიახლოებით მიამსგავსო სურათს… იქ, ყვითელი შეიძლება იყოს 5-6 სიმძლავრის, მე ის ფერები უნდა დავინახო და სიზუსტე დავიცვა. შეიძლება დაირღვეს ის სინქრონულობა და იმ სურათთან აბსოლუტურად არ იყოს იდენტური. ფაქტობრივად, ეს იგივეა, მხატვარი ნატურას რომ ხატავს, ფერებს ხედავს და თავისებურად აღიქვამს. ასეთი მსგავსი მოვლენაა…
– საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ნამუშევარი…
– არა, არ მქონდა ამის დრო და არც მიცდია. ალბათ რეპროდუქციებს უფრო ვთვლიდი ჩემთვის გაადვილებულად. ისე კი, მიფიქრია, რომ მოდი, ახლა მოვკიდებ ხელს-მეთქი და გავაკეთებ, მაგრამ იმდენი დროც აღარ დამრჩა… სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ მხედველობაზეც ძალიან მოქმედებს, თითოეული მილიმეტრი, ყოველი ძაფის ჩაყრა, ნემსის ამოღება, ერთი გვირისტი როგორ უნდა დადო პერპენდიკულარულად, დახრილად… ეს ყველაფერი დაძაბულობის შედეგად მოდის…
– მაგრამ ამ დაძაბულობაშიც გარკვეული განტვირთვაა?
– რა თქმა უნდა, განტვირთვაც არის, სიხალისეც და სიამოვნებაც. წარმოიდგინეთ, სილამაზეს ქმნით თქვენი ხელით.
– ქარგვის დროს ვის სამყაროში გადადიხართ?
– ფერების სამყაროში. მთლიანად მთელი გონება დატვირთული მაქვს, აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ რაც შეიძლება ლამაზად იგივე მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი შევუთავსო. არ იყოს გახუნებული, ცოცხალი ფერი იყოს. ამ დროს ალბათ უფრო ფერთა პალიტრაში ვარ გადაჭრილი…
– რატომ ძაფი, ასე უფრო მეტად შესაგრძნობია ნახატი?
– კი, რა თქმა უნდა. ჩარჩო, რაზეც არის ნაჭერი გადაჭიმული, როცა ძაფები ედება, ხელითაც უნდა გაასწორო, გაალამაზო, დაჭიმო. ყოველდღიურად, ქარგვის პერიოდში ნამუშევარს მაინც მტვერი ედება და ისვრება, ამიტომ სჭირდება გარეცხვა, გაშრობა და მერე ვაუთოვებ, რომ ლამაზად ერთ სიბრტყეზე „დაჯდეს“ ძაფები. ხელით რომ ვეხები, უფრო შევიგრძნობ ამას და ძალიან სასიამოვნოა. დავუშვათ სახლს ხელს რომ გადაუსვავ, თითქოს მართლა სახლია, კედლებს ჰკიდებ ხელს, ხეებია, იქ ადამიანების ფიგურებია…
– რამდენად რთული და საპასუხისმგებლო იყო ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გადატანა ნემსით და ძაფით…
– რა თქმა უნდა, რთული იყო… ასეთი სითამამე რომ გყოფნის და ასეთი ბუმბერაზი ადამიანის ხელთქმნილს რომ ეხები, იღებ შენს თავზე და აკეთებ… თუმცა, მეორე კუთხით რომ შევხედოთ, მე ხომ ეს არ გამომიმზეურებია. ამას ჩემი თვითკმაყოფილებისთვის ვაკეთებდი. თუ არ გამომივიდოდა, შემეძლო გადამედო გვერდზე და ახლიდან დამეწყო. მიუხედავად ამისა, საპასუხისმგებლოა თუნდაც იმიტომ, რომ მე მინდა მასთან 100 პროცენტით მიმსგავსებული იყოს. ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა და არა საზოგადოების წინაშე. ასე მიკიდია კედელზე და ვესიყვარულები ჩემს ნაქარგებს. ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ გავაკეთე. გლაზუნოვის „ქრისტე“, ეს უზარმაზარი სურათი ერმიტაჟშია, წითელი ანაფორით, ჯვრით მოდის, ეს არის ერთი ეპიზოდი. სხვათა შორის, ეს იყო ჩემი პირველი საწყისი ნამუშევარი. მე თვითონ გაოცებული ვარ, დღეს რომ მოვკიდო ხელი იგივე რეპროდუქციას, შეიძლება ასეთი მართლა არ გამომივიდეს. თავიდანვე ასეთ რთულს შევეჭიდე, სხვა ნამუშევრები კი უფრო გამიადვილდა.
– მხატვრობასთან შეხება…
– ყოველთვის მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. მოსამზადებელ კურსებზე დავდიოდი და 3 წლის განმავლობაში გამოყენებით ხელოვნებაზე ვაბარებდი. ეს იყო 1970-იანი წლების ბოლო, სამხატვრო აკადემია აუღებელი ციხესიმაგრე იყო. ძალიან რთული იყო ჩაბარება, ყოველთვის ნახევარი ქულა მაკლდებოდა, და ბოლოს, აღარ მეყო ნებისყოფა, რომ კიდევ მებრძოლა. მერე უკვე ჩემთვის ვხატავდი მოყვარულის დონეზე. სამწუხაროა, რომ აღარ გავყევი… დავმარცხდი ამ კუთხით…
– გამოფენა…
– არასოდეს მიფიქრია ამაზე. არ ვიცი, ხანდახან მეუბნებიან, რომ ძალიან ცუდი ნაკლი მაქვს, რადგან ამბიციური არ ვარ. მართლაც, ამ მხრივ ამბიციები არ მაქვს, რომ გამოვფინო… დაახლოებით 8 ნამუშევარია და ალბათ გამოფენისთვის საკმარისი არ არის. ადრე პატარა ხატებსაც ვაკეთებდი, მერე გავიგე, რომ კურთხევა სჭირდება და თავი დავანებე. ერთი-ორი კი შემომრჩა…
– მარტო თქვენია, თუ…
– ვერა, ვერ გავიმეტებ ნამდვილად… ამას მირჩევნია, ვინმემ მთხოვოს და მის სახელზე ახალი მოვქარგო. ესენი აღარასოდეს გამეორდება. ძალიანაც რომ მოვინდომო, მიმსგავსებულიც კი არ გამოვა. ეს ერთია და მუდმივია. როგორც ქალს, შვილები რომ ეყოლება და ყველა შვილი სხვადასხვაა, ესენიც ასეა… ასეთი ეგოიზმი მახასიათებს ამ შემთხვევაში…
– სხვა მხატვრები…
– ძირითადად, მაქვს გლაზუნოვის, კანჩალოვსკის და ახვლედიანის. ელენე ახვლედიანი განსაკუთრებით მომწონს. არა მარტო იმიტომ, რომ ქალბატონი ელენეს გამო დავიწყე… ელენეს ძველი თბილისის ხედებზე ძალიან შეყვარებული ვარ. ისე, თუ მომეწონება რეპროდუქცია, ფერების, ფორმების მიხედვით და შინაარსიდან გამომდინარე, ავტორს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
– სად უფრო მეტად მოგწონთ მუშაობა – პორტრეტზე თუ პეიზაჟზე?
– ერთადერთი ქრისტეს პორტრეტი მაქვს, დანარჩენი უფრო ბუნება, პეიზაჟები, ძველი თბილისი… მრავალფეროვნებაა და იმიტომ… მაგალითად, გადავედი სახლზე, მას უკვე სხვანაირი კონსტრუქცია უნდა, იქ ხე არის, იმ ხეს ფოთლები აქვს. მერე ქარის მომენტია, ბალახები, ადამიანის ფიგურები მოძრაობაშია… ამ დროს შემიძლია დავიწყო ერთი კუთხით და აუცილებელი არ არის, ამას გავყვე და თანამიმდევრობა დავიცვა. უცებ შეიძლება იმავე ნახატში სხვა ეპიზოდზე გადავიდე. ასე მიდის შეერთების და ერთმანეთთან დაკავშირების პროცესი. ყოფილა ასეთი შემთხვევა, შემიცვლია ფერები. მულინის ძაფები ხანდახან რეპროდუქციის ფერებს ზუსტად ვერ იმეორებს, ასეთი ფერის ძაფები ფიზიკურად არ არის. მიცდია და სხვა ფერით გამიკეთებია, ოღონდ არა კონტრასტულად…
ნინო ჯაჯანიძე