რა სურვილები აქვთ საახალწლოდ პატარებს და… თოვლის ბაბუებს
ყველა პატარა ახალ წელს თოვლის ბაბუას განსაკუთრებით ელოდება. ბავშვები წლის განმავლობაში ცდილობენ, ღირსეულად მოიქცნენ, რომ მერე ზღაპრულმა თეთრწვერიანმა ბაბუამ ჯადოსნურ ხურჯინს თავი მოხსნას და მათთვის სასურველი საჩუქარი ამოიღოს… გიორგი აფციაური ერთ-ერთი ის მსახიობია, რომელიც პატარების საახალწლო ოცნებებს რეალობად აქცევს…
– დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და ვარ მსახიობი. მყავს 5 წლის მარიამი და 3 წლის ბარბარე. მოხდა ისე, რომ ბავშვთა გასართობ ცენტრებში დავიწყე მუშაობა, რაც საკმაოდ ბევრ სფეროს მოიცავს: სახლში გამოძახებას, ცენტრში მუშაობას, რესტორნებს და ასე შემდეგ. თემატურად ერთმანეთისგან განსხვავებული პროგრამის გაძღოლა გვიწევს, პარალელურად ითვისებ სხვადასხვა გმირს. მათ შორის არის სანტაც, რომელიც ახალ წელს საკმაოდ აქტიური და შემოსავლიანია. ასე რომ, ახალი წლის დღეებში ანიმატორები კარგ ხასიათზე დავდივართ…
– რამდენი წელია, რაც თოვლის ბაბუის სამოსის და ხასიათის მორგება გიწევს?
– დაახლოებით 7 წელია სანტას ფორმას ვირგებ, თოვლის ბაბუა არ ვყოფილვარ…
– ესე იგი, დამწყები აღარ ხარ?
– არა, რა თქმა უნდა. ლაპლანდიიდან მოწვევაც მომივიდა: თქვენ გეძლევათ ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებაო. ვიზალიბერალიზაცია ლაპლანდიასა და ჩვენს სანტებს შორისაც მოხდა. აუცილებლად უნდა ჩავიდე და იქაური სანტების ცხოვრების წესს გავეცნო, ძალიან მინდა ვნახო, როგორ მზადდება საჩუქრები, რომ მერე აქაც შევქმნა პატარა ლაპლანდია, სადაც ზამთარში ბავშვები მოვლენ ხოლმე…
– რა სურვილები აქვთ ბავშვებს?
– უმეტესად დომინირებს აიპოდი, პლანშეტი… შედარებით პატარა ბავშვებში – ბეიბი ბორნის თოჯინები, ბიჭებში – რობოტები და თოფები, რასაც ინტერნეტში საბავშვო ვიდეოებით ნახულობენ, შემდეგ კი იმაზე აქვთ მოთხოვნები. ასევე ძალიან პოპულარულია „ფლეი დოჰის“ პლასტელინები…
– როცა სანტა გახდით, შვილები არ გყავდათ, თუ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება საკუთარ ოჯახში პატარების გაჩენამ?
– შეუძლებელია, ადამიანს ბავშვი არ უყვარდეს. ცენტრებში მუშაობისას იმდენ პატარასთან მაქვს ურთიერთობა, იმდენმა ბავშვმა გაიარა ჩემს თვალწინ, რომ მათთან უსიტყვო დამოკიდებულება და ურთიერთობა გამომიმუშავდა. ხშირად ყოფილა, ქუჩაში ბავშვი შემხვედრია, გამოქცეულა და ჩამხუტებია, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მითქვამს, ისინი რაღაცას გრძნობენ იმ მომენტში, მე მათთან ახლოს ვარ… რაც შეეხება იმას, შეიცვალა თუ არა ჩემმი ბავშვების შემდეგ დამოკიდებულება, ასე არ ყოფილა, უბრალოდ ჩემებს უფრო მომზადებული, მეტი ფანტაზიით და მეტი გამოცდილებით შევხვდი…
– სახლში თუ ხარ ხოლმე შენი პატარების სანტა?
– სამწუხაროა, მაგრამ ამ დროს სულ მუშაობა მიწევს. იციან, რომ მამა სანტაა, მაგრამ ნამდვილი სანტა რომ არსებობს, ამის სჯერათ… ბაღში ზეიმზე ჰყავდათ სანტა და საჩუქარი მიუტანათ, რომელიც ნამდვილმა სანტამ გამოატანა მამიკო სანტას. ცოტა გაურკვევლობაში არიან, განსაკუთრებით პატარა ბარბარე. ასე რომ, ხანდახან მეგობრები ვცდილობთ, ერთმანეთის სახლებში მივიდეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა ვერ ამოგვიცნონ… მე დაახლოებით 6 წელია, რაც ოჯახთან ერთად ახალ წელს არ შევხვედრივარ.
– რა სურვილი აქვს თვითონ სანტას…
– ამაზე მართლა არ მიფიქრია, რა მინდა, დრო არ მაქვს… თვითონ სანტას კი, რა თქმა უნდა, უნდა, რომ ყველა პატარა ბედნიერი იყოს…
მქონდეს საჩუქრების ულევი წყარო, აი ის ჯადოსნური ხურჯინი, რომ სურვილი და მიწოდება ერთი იყოს… და კიდევ ერთი სურვილი მაქვს, მხოლოდ ძვირფას ნივთებს არ მთხოვდნენ, არამედ საჭიროა, ღირებულებებზეც ფიქრობდნენ…
– შენ თუ გჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის?
– ძალიან! მე გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და დღემდე მჯერა, რომ სანტა-კლაუსი არსებობს… ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ასე იყოს. რა თქმა უნდა, რეალობა სხვა რამეა, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც უნდა დაიჯერო, რომ ბედნიერი იყო…
– როგორია ემოცია, რაც ამ დღეებში ბავშვებისგან მოდის…
– წარმოიდგინეთ, ბარსელონას ძალიან მაგარ ფანს კარზე რომ დაუკაკუნოს მესიმ და უთხრას, შეიძლება, შემოვიდეო, აი რა იქნება მისი რეაქცია. ზუსტად იგივე რეაქცია აქვთ პატარებს სანტას დანახვისას. ისინი ფსიქოლოგიურად უკვე შემზადებულები არიან ტელევიზიით თუ ჟურნალების მეშვეობით. მოულოდნელად კარზე მიადგათ მათ სანტა, დააკაკუნა და შევიდა, მთელი ამბავი აქვთ ხოლმე. როგორც კი გაეცნობი, ჩაგეხუტებიან და თვალს აღარ აშორებენ ხურჯინს… როგორც კი შენს წვერებს „ამოიკითხავენ“, რომ ნამდვილად თოვლის ბაბუ ხარ, მერე უკვე აინტერესებთ საჩუქარი, საკმარისია, მისცე საჩუქარი და სანტა აღარ ახსოვთ…
– როგორ ემშვიდობებით, გამოპარვა ხომ არ გიწევთ ხოლმე?
– არა, არ ვიპარები, ვემშვიდობები. არის კატეგორია, რომელიც მემშვიდობება ზერელედ, არიან ისეთნიც, რომლებიც ჩამეხუტებიან და მეუბნებიან, კიდევ ხომ მოხვალ, მთელი წელი კარგად რომ ვიქცეოდიო. არიან ბავშვები, კარების გაღება და პანიკა ერთია. იშვიათად, მაგრამ არის ისე, რომ პატარებს ეშინიათ. ყველას აქვს თავისი ფობია და ბავშვებსაც აქვთ უცნაური თვისებები. ასეთ დროს ძალიან უხერხულია, როდესაც მიდიხარ ოჯახში, გელოდებიან, ამ მომსახურებაში თანხას გიხდის და პატარასთან კონტაქტში ვერ შედიხარ… ასეთი უხერხული შემთხვევებიც გვაქვს ხოლმე.
– რას უსურვებ ბავშვებს 2016 წელს…
– მინდა, რომ 2016 წელს პატარებმა მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. მშვიდობა არის პირველი საწინდარი იმისთვის, რომ ბავშვები ჯანსაღად და ბედნიერად განვითარდნენ…
რა თქმა უნდა, ბავშვებს და მთელ საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ…
ნინო ჯაჯანიძე