რატომ ვერ ამთავრებენ ექიმები სწავლას და როგორ აღმოჩნდა ლაშა უჩავა ხელოვნებიდან მედიცინაში
როგორ გადაწყვიტა ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ საკუთარი პროფესიის ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირება და რაში ეხმარება მას მსახიობობა და ჟურნალისტიკა… რა რჩევას აძლევს „პერსონას“ მკითხველს ახალგაზრდა პერსონა…
– სკოლის პერიოდში ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ჩემი მომავალი პროფესია მედიცინას დაუკავშირდებოდა. მე უფრო თეატრალურში სამსახიობოზე ან ჟურნალისტიკაზე სწავლა მინდოდა… თუმცა, მერე გარკვეული მიზეზების გამო, მე-9 კლასიდან გამოვედი, გაგრძელება რომ გადავწყვიტე, უკვე სექტემბერი იყო, სკოლაში მოსწავლეებს აღარ იღებდნენ, ერთი წლის დაკარგვა არ მინდოდა და სამედიცინო კოლეჯში გადავწყვიტე საბუთების შეტანა. შემდეგ მომეწონა ეს სფერო და ასე დავრჩი… დღემდე…
– როგორ აირჩიე ენდოკრინოლოგია…
– მე-4 კურსზე გავდიოდით საგანს, დისციპლინას – ენდოკრინოლოგიას. ჩემმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ელენე გიორგაძემ შემომთავაზა, ხომ არ გავაგრძელებდი მასთან მუშაობას – თავიდან პრაქტიკებზე და მერე, თუ გადავწყვეტდი ენდოკრინოლოგიის კუთხით წასვლას, უშუალოდ თანამშრომლად დავრჩებოდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, იმიტომ რომ ამის ფუფუნება არ არის, როცა სტუდენტს სთავაზობენ გარკვეულ სამუშაოს, ანაზღაურებით. მერე იმდენად შემიყვარდა ენდოკრინოლოგია, გადავწყვიტე, რომ ამ სფეროში ვყოფილიყავი. ჩემმა ხელმძღვანელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე მქონოდა სიახლეებზე წვდომა, ასე ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო გახდა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, სტუდენტობისას ჭარბი წონა მაწუხებდა, ხელმძღვანელის რჩევები გავითვალისწინე და მაშინ 26 კილოგრამი დავიკელი, ამან კიდევ უფრო შემაყვარა ჩემი საქმე. ამიტომაც დღეს თამამად ვაძლევ შენიშვნებს პაციენტებს, იმიტომ რომ რაც ჩემს თავზე გამოვცადე, დარწმუნებული ვარ, ამას სხვაც შეძლებს. სირთულე ნამდვილად არ არის, ჯანსაღი კვების პრინციპები დავიცვათ, რომ მომავალში არა მარტო ჭარბი წონის კუთხით, არამედ სხვადასხვა დაავადების გარკვეული პრევენცია მოვახდინოთ.
– ხარ ენდოკრინოლოგი, რომელიც პაციენტებისთვის საინტერესო ენით საუბრობს. როგორ ახერხებ ამას?
– ზოგადად, როცა მეკითხებიან. როდის დაამთავრე სწავლაო, მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ სწავლა ჯერ არ დამიმთავრებია. მედიცინა ისეთი სფეროა, ყოველთვის, ყოველდღიურად და დღეში შეიძლება რამდენიმე სიახლეც კი ჰქონდეს. იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც შესწავლის დონეზე, ყველაფერი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის და, შესაბამისად, ჩვენც ექიმებს ყოველდღიურად გვიწევს ამაზე მუშაობა და სწავლა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ დაახლოებით 10-15 წლის წინ თუ შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2) წიგნებშიც კლასიკურად აღწერილი იყო, რომ 40 წლის ზემოთ ვითარდებოდა და ამ ასაკამდე არც კი განიხილებოდა, დღეს 15-20-25 წლის ასაკშიც დიაგნოზი, როგორც ასეთი შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2) გამოიყენება, იმიტომ რომ შეიცვალა დროება, შეიცვალა მეცნიერული თვალსაზრისით კვლევები და ბევრი რამ დამტკიცდა.
დღეს მედიცინა მტკიცებითი ხასიათის არის, ანუ მტკიცებით მედიცინას ეყრდნობა დღევანდელი მკურნალობაც და კვლევებიც. ასე ხდება ჩვენგან მუდმივად ამის შესწავლა და მერე უკვე ეს ინფორმაცია პაციენტებთან გადმოგვაქვს. ვცდილობთ, მათთვის უფრო გასაგებ და საინტერესო ენაზე ვისაუბროთ, ვიდრე მეტი სამედიცინო ტერმინოლოგია გამოვიყენოთ. რადგან შეიძლება რომელიმე სასიკეთო ტერმინმაც კი შეაშინოს, იმდენად ცუდად ჟღერდეს…
– დღეს ხარ ერთ-ერთი წარმატებული ენდოკრინოლოგი. წლების განმავლობაში ფიქრობდი სხვა პროფესიებზე, როგორ მოხდა შენში ასეთი მეტამორფოზა?
– ვერ გეტყვით, ალბათ მედიცინა თავიდანვე ჩემი მოწოდება იყო. თუმცა, არასწორად ვფიქრობდი. მიუხედავად ამისა, თეატრალურისთვის და ჟურნალისტიკისთვის მზადებამ გარკვეული გამოცდილება მომცა… ალბათ ამის დამსახურებაა, რომ სატელევიზიო, რადიო ან ჟურნალ-გაზეთებთან ინტერვიუს დროს ცოტა უფრო თამამად ვსაუბრობ, ვიდრე სხვა ზოგიერთი რესპონდენტი. ამან ჩემზე დადებითი გავლენა მოახდინა, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხისთვის უფრო ცნობადი ვყოფილიყავი.
თეატრალური მხარე, რა თქმა უნდა, მეხმარება – პაციენტთან ზოგჯერ გვიწევს გარკვეული მიმიკის მიღება, რომ ძალიან არ შეაშინო მაშინ, როცა რაიმე ცუდი შედეგები აქვს. თუმცა, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ხელმძღვანელის, ქალბატონი ელენე გიორგაძის დამსახურებაა. მან შემაყვარა, ზოგადად, ეს სფერო, მისგან ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ ამ ყველაფერს. როცა პაციენტს ვიღებდი, ის ყოველთვის მეხმარებოდა, რომ ბევრად უფრო კარგი თვისებები წარმომეჩინა პაციენტთან, მასწავლა მათთან სწორი ურთიერთობა და მთლიანად მედიცინა.
– წარმატებები და გეგმები…
– ახლა ნაწილობრივ დასვენების ეტაპზე ვარ… 2015 წლის თებერვალში ჩემი მოღვაწეობის ერთ–ერთი ეტაპი დავხურე, მაშინ როცა სადოქტორო დავიცავი და ხარისხი მივიღე. არაპრაქტიკულ ნაწილშიც ჩართული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტებთან მიწევს ურთიერთობა და შემდგომში ალბათ კიდევ უფრო მეტ დროს დავუთმობ ამ ნაწილსაც… გეგმები კი ყოველთვის არის ის, რომ ბევრი ვიმუშაოთ და პაციენტებს უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ, ასევე მედიცინა გახდეს მათთვის მეტად ხელმისაწვდომი. მომავალი წლის თებერვალში, ფილადელფიაში, მსოფლიო ფარისებრი ჯირკვლის ასოციაციის კონგრესი ტარდება, სადაც იოდდეფიციტის შესახებ საქართველოს მონაცემებს წარვადგენთ. ყოველთვის გაგვაქვს კონგრესებზე ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში მედიცინის კუთხით.
– რამდენად ხშირია საქართველოში ენდოკრინოლოგიური დაავადებები?
– ენდოკრინოლოგიური დაავადებები საქართველოში, და არა მარტო აქ, საკმაოდ გავრცელებულია. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის, კვების კულტურის და სხვადასხვა გარემოფაქტორის გამო ძალიან დატვირთულია ენდოკრინული დაავადებებით. ძირითადი გავრცელება მაინც არის: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვალი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ამ გავრცელებებს შორის ფარისებრს, რა თქმა უნდა, პირველი ადგილი უჭირავს ენდოკრინოლოგიაში. ვინაიდან საქართველო არის გეოგრაფიულად იოდდეფიციტურ ზონაში. შესაბამისად, იოდდეფიციტი იწვევს გარკვეულ გართულებებს, ამიტომაც სასურველია და კარგია, როდესაც გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილოთ ფარისებრი ჯირკვალის პათოლოგია. სახელმწიფო ამ კუთხით ჩართულია, კანონმდებლობით გაწერილია, რომ არაიოდიზებული მარილი საქართველოს საზღვარზე არ უნდა შემოვიდეს. თუმცა ყველამ ვერ, ან არ იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ეს იოდიზებული მარილი. იოდიზებული მარილის შემოტანის მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ჯერ კიდევ არის იოდდეფიციტის პრობლემა.
რაც შეეხება სიმსუქნეს და დიაბეტს, ორივე დაავადება ერთთამნეთთან ძალიან მჭიდროდ არის შეკავშირებული. თუ სიმსუქნე ვითარდება, დიაბეტის განვითარების რისკი 80% -ია. და ჩვენი კვების კულტურიდან და ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ანუ როდესაც არ გვაქვს მაღალი ფიზიკური აქტივობა, არ მივდევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამის გამო ეს დაავადებები, სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ძალიან წინ არის. აქედან გამომდინარე, ალბათ სასურველია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარება და მოვუწოდებთ ყველას, რომ გარკვეული ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები დავიცვათ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
– როგორ ფიქრობ, რამდენად სწორად აირჩიე პროფესიული მიმართულება?
– ვფიქრობ, რომ მიმართულება სწორად ავირჩიე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ენდოკრინოლოგიაში ნამდვილად ვერ წარმომიდგენია იგივე თეატრალურ სამყაროში და ვერც ჟურნალისტიკაში, ვინა ან რა ვიქნებოდი და რას წამოვადგენდი. ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა, როცა პაციენტი მადლიერებას გამოხატავს, თბილ სიტყვებს გეუბნება და თავადვე ამჩნევ, რამდენ დადებითს უკეთებ ამ ადამიანს. რაღაც გარკვეული პერიოდი შეგიძლია სიცოცხლის შენარჩუნებაც, ან გახანგრძლივებაც… ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, დიდი ბედნიერებაა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ დადებით ემოციებს მანიჭებს, რაც მერე მთელი კვირის და თვის განმავლობაში მიმყვება ხოლმე…
ნინო ჯაჯანიძე